Wednesday, July 21, 2010

სოლო

all inclusive
ანუ
ყველას, ვინც ოდესმე...


ხელზე შემეხე „შემთხვევით“ ხელით
თუ გაგიშტერდა ჩემს მკერდზე მზერა
მე არც გელოდი, არც ახლა გელი
რისიც მჯეროდა, იმისვე მჯერა

ხელში აგყავდი ცეკვის დროს უცებ
ხანაც უბრალოდ წყალში მაგდებდი
ხან გარიდებდი კოცნის დროს ტუჩებს
ბერძენ ქალღმერთის სახელს მარქმევდი

თითქმის გიყვარდი, თავს გარიდებდი
შენ გხიბლავდი თუ მიყვარდი თვითონ
ხან არ გიცნობდი, ხან ვერ გიტანდი
ხან შენ ფიქრობდი - გამოვა ვითომ?!

ხან გპოულობდი, ხან შენ მეძებდი
ვიკვეთებოდით ხანაც გზადაგზა
ხან ვინ ვიყავი, ხან ვინ იყავი
და სახელები გერქვა სხვადასხვა

არ იცვლებოდა ფონი გარშემო
და იცვლებოდნენ რითმები მხოლოდ
ვიმახსოვრებდი სახე(ლ)ებს, ხელებს
და ჩემს პარტიას ვმღეროდი სოლოდ

Thursday, July 15, 2010

@@@ @@@ შუქნიშანი @@@ @@@

.

@*@*@*1*@*@*@

პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი. მერე გაახსენდა საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპი: „გონზე მოსულს არაფერი ახსოვდა“. დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა. ყველაფერი. გონების დაკარგვამდე.
კადრები ნელ-ნელა ამოტივტივდა გონებაში. თითქოს ნახევრად გახელილი თვალებით უყურებდა: მშვიდად იდგა და მწვანე შუქს ელოდა, მიუხედავად ცარიელი ქუჩისა (ასეთ რეჟიმზე გადასასვლელად 1თვე არ დასჭირვებია. ჩამოსვლის დღიდანვე ისე გადაეწყო, თითქოს ამათი სისხლი ჰქონდა ძარღვებში და უბრალოდ ხანმოკლე განშორების მერე ისევ დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ ეს მხოლოდ მსგავს დეტალებში. ისე - უჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არც პირველად იყო აქ და არც უცხო იყო მისთვის ეს ყველაფერი). როგორც იქნა აინთო. შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთვის არც შეუხედავს. ვერ მოასწრო. იგრძნო, რომ წითელი ფერი გაიდღაბნა ჰაერში. მერე გაიდღაბნა მწვანე, რომელიც ჯერ კიდევ ენთო, თითქოს მის გადასვლას ელოდებოდა. მერე უცებ შავ-თეთრი გახდა ყველაფერი და...

......................................................................................................
......................................................................................................

პირველი, რაც თვალში მოხვდა, თეთრი ფერი იყო. ყველაფერი თეთრი. თითქოს მშვიდად თეთრი.

თვალები ისევ დახუჭა და კიდურები ოდნავ აამოძრავა. ოთხივე ადგილზე იყო და არც სტკიოდა. ‘პრინციპში, რატომ უნდა მომტყდომოდა ან ხელი, ან ფეხი? უბრალოდ გულის წასვლით კიდურები არ უნდა ზიანდებოდეს, ვფიქრობ. ‘ მაინც უფრო დამშვიდდა და თამამად გაახილა თვალები, რომ ამჯერად რეალობას დაბრუნებოდა და კარგად აღექვა, სად იწვა.
მოსალოდნელ რეალობაში მოულოდნელი დეტალი დახვდა. ეს მოულოდნელობა გაუნძრევლად იჯდა ფანჯარასთან დადგმულ სავარძელში და ინტერესით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. ჩაცმულობის მიხედვით აქაურ პერსონალს არ ჰგავდა. ერთი შეხედვით ადვოკატს მოგაგონებდათ, რომელიც სასწრაფოდ გამოეძახათ მდიდარი კლიენტის ინტერესების დასაცავად. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მალევე გაქრა „მოულოდნელობის“ ღიმილთან ერთად. ‘არა, ადვოკატები არც ასეთი სიმპატიურები არიან და არც ასე გულიანად გაღიმება შეუძლიათ. თან რაღაც არ მახსოვს, ვინმეს წინააღმდეგ სარჩელი მქონდეს შეტანილი ან ასეთის დაქირავების საშუალებას მაძლევდეს ჯიბე.’
ბალიშიდან წამოწევა მისასალმებლად საკმაოდ ცუდი იდეა აღმოჩნდა. თავში ისეთი ტკივილი იგრძნო, რომ აშკარად სახე შეეცვალა და უღონოდ დაესვენე ისევ უკან. ფანჯარასთან მჯდომის სახემ თითქოს მისი მიმიკა აირეკლა. ღიმილი მომენტალურად შეცვალა შეშფოთებამ. მისდა საბედნიეროდ სავარძლიდან წამოდგომა კი არა, წამოხტომაც კი უმტკივნეულოდ მოახერხა. მერე თითქოს მიხვდა, რომ ცოტა თავშეუკავებლად გამოუვიდა და ისიც უკან დაჯდა:
- ძალიან გტკივა? ექიმმა თქვა, მშვიდად უნდა იწვესო. ვერ მოვასწარი გაფრთხილება. ჩემი ბრალია... მმმ... შენობით რომ მოგმართე... არა უშავს?
ტკივილი ყრუდ კიდევ იგრძნობოდა და ამ ფონზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა მშობლიურ ენაზე წარმოთქმული ამ ყველაფრის და მარცხენა ხელზე ამავე ენაზე შესრულებული წარწერით ვერცხლის ბეჭდის აღქმას. ბოლოს იმპულსებმა გონებამდე მიაღწია, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტმა თავაზიანობა გადაწონა და პასუხის გაცემა ვერ მოახერხა. „გაუგებრობა“ თითქოს მიუხვდა გასაჭირს და გაეღიმა:
- უკაცრავად, პირადობის დამადასტურებელი რამე მოწმობა მჭირდებოდა და... მარტო სახელიც საკმარისი აღმოჩნდა, მივმხვდარიყავი, სადაური ხარ. მართალი გითხრა ვერ ვიფიქრებდი. აქაურისგან ვერ განგასხვავებდი. - და რაღაცნაირად მობოდიშებით გაუღიმა.

......................................................................................................
......................................................................................................

კარები მოულოდნელად გაიღო, და როგორც მოსალოდნელი იყო, თეთრებში ჩაცმული ქალი შემოვიდა. ‘ახლა მკითხავს - გაიღვიძეთ?! - არ მიყვარს, თავისთავაც ცხად ფაქტებს შეკითხვის სახეს რომ აძლევენ.’ მისდა გასაოცრად ქალმა უბრალოდ გაუღიმა, თან აშკარად გახარებულმა. ეს ის ყალბი ღიმილი არ იყო, რომელიც ხან მოსწონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ღიმილი იყო და არა ბღვერა, და ხან აღიზიანებდა.

- როგორ გრძნობთ თავს?
- თავი მტკივა.
- კი, ეგ გასაგებია... - ღიმილი უცებ უცნაურმა გამომეტყველებამ შეცვალა.

ჯერ თეთრხალათიანს გადახედა ცოტა შეშფოთებულმა. მერე სავარძლისკენ გადაიტანა მზერა და... სავარძელი ცარიელი იყო. კარებში იდგა. ოდნავ გასაგონად უთხრა მეჩქარება, დავბრუნდებიო და გავიდა.





@*@*@*2*@*@*@

ოპერაცია რამდენიმე დღის შემდეგ დანიშნეს. გადადებას არც აზრი ჰქონდა და არც ღირდა. არ შეწინააღმდეგებია. ოჯახს არ გააგებინა. უწყინარი ტყული მეგობრებთან ერთად 10 დღიანი მოგზაურობის შესახებ საკმარისი აღმოჩნდა. არც მართლა სამოგზაუროდ წასული მეგობრებისთვის მოინდომა შეტყობინება - ‘ძლივს შვებულება აიღეს და ვერ ჩავამწარებ დასვენებას. კარგად ჩაივლის ყველაფერი და თან ისედაც 1 კვირაში ჩამოდიან.’ სახლი და ელემენტარული მოსაგვარებელი საკითხები აქაურობისთვის უჩვეულო სიცხეში ჯერ კიდევ ქალაქში დარჩენილ ერთ დროს „ერთ კავშირში“ მყოფი მოძმე ქვეყნიდან ჩამოსულ მეგობარს გადააბარა, მოასწრო მის გამგავზრებამდე. და დამშვიდდა.
დაზღვევა, კეთილგანწყობილი ხალხი და გარემო აღელვების საფუძველს არ აძლევდა. და რაც მთავარია... რაც მთავარია სავარძელი ფანჯარასთან ყოველ დღე დაკავებული იყო.

რამდენიმე დღიანი მოსამზადებელი პერიოდი საუკეთესო დრო გამოდგა ერთმანეთის კარგად გასაცნობად. პრინციპში, ერთმანეთის - ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო. ზედმეტ ემოციებს და გადაღლას არ ურჩევდნენ ექიმები, ამიტომ თვითონ შეკითხვებით და კომენტარებით იფარგლებოდა და ისმენდა, ისმენდა, სიამოვნებით ისმენდა რამდენიმე დღე. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც არ დაუსვამს და რომელზეც პასუხიც უკვე ყველაზე მეტად აინტერესებდა და აშინებდა, იყო - ‘როდის მთავრდება შენი მივლინება აქ?’ ისიც არ ეხებოდა ამ თემას, თითქოს ერთ-ერთი რიგითი საქმიანი ვიზიტით კი არა, განუსაზღვრელი ვადით იყო ჩამოსული და როდემდეც უნდოდა, დარჩებოდა.

პალატა მზიან მხარეს იყო და დღის ერთ მონაკვეთში მზე ისე შემოდიოდა, სავარძელში მჯდომს პირდაპირ თვალებში ურტყამდა. ის ამ დროს თვალებს ჭუტავდა სიცილით და სიცილისას პატარა ბიჭს ემსგავსებოდა. ალბათ ლოყებზე გაჩენილი ე.წ. „ямочки“ აძლევდა ამ იერს.
ასეთ დროს ოდნავ ქვევით დებდა თავს ბალიშზე, ჩასრიალდებოდა და ღიმილით აკვირდებოდა ამ სანახაობას. ასეთ დროს მზესთან ერთად ტალღას გრძნობდა ოთახში, ბედნიერების უეცრად გაჩენილ ტალღას, რომელიც თავიდან ბოლომდე გადაუვლიდა საწოლს და საოცარი სისავსის და სითბოს შეგრძნებას უტოვებდა. ‘თუ შეიძლება ადამიანი ოპერაციის წინ ბედნიერი იყოს, მე - ბედნიერი ვარ!’ მაგრამ ხმამაღლა ამის თქმას ვერ ბედავდა.

იდილიას მაქსიმუმ ექთანი თუ დაარღვევდა. ნემსით ან წამლით ხელში შემოსული. ამ დროს მომენტალურად უნდა მოესწრო მზერის სავარძლიდან კარზე გადატანა, რომ დროებით დამშვიდობებოდა. დროებით. აქამდე შემთხვევა არ ყოფილა, არ მობრუნებულიყო. გვიან საღამომდე, სანამ აქაური განრიგი ფხიზლად ყოფნის საშუალებას და უფლებას იძლეოდა და სანამ დერეფანში ღამის მორიგე ექიმის ფეხის ხმას გაიგებდნენ. მერე შეთქმულებივით ჩუმდებოდნენ და ფეხის ხმის მიწყნარებისთანავე მთავრდებოდა გრძელი დღე.





@*@*@*3*@*@*@

ადრე გააღვიძეს. ცოტა ხანი გაუჭირდა მიხვედრა, სად იყო. როგორც ჩანს წამალმა კარგად იმოქმედა. ძილითაც გათიშულს ეძინა, უსიზმროდ.

- რომელი საათია?
- 7-ის ნახევარი. ხომ არ ნერვიულობ?
- არ ვიცი, წამალი არ მაძლევს ემოციებში გარკვევის საშუალებას.

დუნედ გაეღიმა. ‘საინტერესოა, რას განიცდიან სიკვდილმისჯილები, დილით წასაყვანად როცა მიაკითხავენ?!... რა სულელური შედარებაა!’ ფიქრები გაიდღაბნა და ფორმები მიიღო. გეომეტრიული ფიგურების ფორმები. მერე იგრძნო, რომ იწვა ისევ. ოღონდ უკვე მოძრავ საწოლზე. ‘რა სიმპატიური ექიმია. ეს არის ასისტენტი? გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი. умереть, так с...’ ისევ გაეღიმა. ვერც კი გაბრაზდა საკუთარ ფიქრებზე.

უცებ აზრები თითქოს გაიყო და შუაში სფეროსავით რაღაც გაგორდა. ‘არ მოვა? არ მოვა დღეს? დავიჯერო ოპერაციამდე არ მოვა?’ სფერო თხელი შუშისგან იყო გაკეთებული. ოდნავ უხეში შეხება და დაიმსხვრეოდა. უცებ შეგრძნება გაუჩნდა, რომ ორივე ფეხაკრეფით მივიდა ამ დღემდე, ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით, თითქოს ეშინოდათ, ეს სფერო არ დაემსხვრიათ. ‘ალბათ ისიც გამოცდილია, იცის, რა სიფრთხილეა საჭირო. ალბათ რამდენი რაღაცის თქმა ვერ მოვასწარით... დავიჯერო არ მოვა?’ ფიქრი შუა გზაზე შეწყდა, ისე რომ, ვერც კი შეამჩნია როგორ შეიყვანეს საოპერაციოში....

......................................................................................................
......................................................................................................

დერეფნის ბოლოს კედელზე მიყუდებული ადამიანის ჩრდილი იატაკზე ირიბად დაეცა და საგორავაბელი მაგიდის გადაკვეთაზე გადატყდა...





@*@*@*4*@*@*@

ისევ ნაწყვეტი აზრები. უაზრო. ფორმები. წყურვილი. უცნაური შეგრძნებები. მერე უცებ ყველაფერი გაქრა და უსიზმროდ დაეძინა.

უკვე საღამო. ოთახში მზე არ შემოდიდოდა. არც სავარძელი იდგა. ოთახი თითქოს სხვანაირად თეთრი იყო. სხვა ოთახი. პერიოდულად ისმოდა ფრაზა „ყველაფერმა კარგად ჩაიარა“. პერიოდულად იღებოდა კარი და თეთრი, თეთრი, თეთრი... სულ ღიმილი. წამალი. ნემსი. ძილი. ღიმილი. წამალი. ნემსი. მერე ისევ მოძრავი საწოლი. ისევ ოთახი. ახლა უკვე ნაცნობი. ისევ ის თეთრი. მზე ახლა უკვე სავარძლის საზურგეს და კედელს ეცემოდა. სავარძელი ცარიელი იყო. აზრები ნელ-ნელა უფრო გამოკვეთლი და აღქმადი გახდა. წამლის დოზა - მცირე. ექიმის ვიზიტები - უფრო იშვიათი.
სავარძელი ცარიელი რჩებოდა, მეგობრების დაბრუნებამდე - 2 დღე

......................................................................................................
......................................................................................................
......................................................................................................

- არა, საშიში არაფერია. ეს გარკვეულწილად წამლებით იყო გამოწვეული და გარკვეულწილად იმით, რაც ამოაჭრეს, შესაბამისად - კერაც გაქრა.
- ხომ არ გაუგრძელდება?
- არა, არა, ოპერაციის შემდეგ აღარც ჰქონია მსგავსი არაფერი. არც სმენითი და არც მხედველობითი.
- თვითონ დარწმუნებულია, რომ ის უბრალოდ უკან გაფრინდა და წუხს, რატომ არ დაემშვიდობა. ალბათ გამოწერის მერე ჯობია, ავუხსნა, რა და როგორ იყო.
- ნამდვილად, ახლა არ ღირს ზედმეტი ემოციური გადატვირთვა. აუხსენით, რომ ეს ჰალუცინაცია აღარ განმეორდება და საერთოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
მიხარია, რომ დაბრუნდით. მაინც ძნელია, უცხო ქვეყანაში მარტო ასეთი რაღაცის გადატანა. ყველა გაოცებული და აღფრთოვანებული ვიყავით თქვენი მეგობრის ოპტიმიზმით და სითამამით. კარგი, მოგვიანებით შემოვივლი. რამე თუ დაგჭირდებათ, ზარი დარეკეთ.
- მადლობა

ჩურჩული შეწყდა. კარის სახელურის და მოახლოებული ნაბიჯების ხმა. თვალები არ დაუხუჭავს. ‘რისთვის მოვატყუო, თითქოს მეძინა?!’
- გესმოდა ყველაფერი?!
გაუღიმა პასუხად. Willkommen in die Realität




@*@*@*5*@*@*@

აქ ყოფნის 4 თვის მანძილზე პირველად იგრძნო თავი ასე „სხვანაირად“, „მაღლად“. ცოტა დისკომფორტი ახლდა ამ სიმაღლეს, გადაჩვეული იყო. ‘კედებიდან მაღალ ქუსლებამდე’ - სტატია ხომ არ დავწერო? არა, რად მინდოდა დღეს, რა მრჯიდა? კიდევ კარგი, არ მეჩქარება, თორემ ამ ტემპით როდის სად მივაღწევ?! მთავარია არ ჩამოვვარდე!’

შუქნიშანზე დიდხანს ენთო წითელი. შაბათი nachmittag აქ ყოველთვის წყნარი იყო. ეს ქუჩა კი თითქმის უკაცრიელი. მერე ნელ-ნელა დაიწყო გადასვლა. ფიქრებში რიცხვი ამოტივტივდა. 13. ‘ფაქტიურად მეორედ დაბადების დღე მაქვს! 3 თვის გავხდი. თან... რა უცნაურია, ზუსტად 3 თვის წინ, 13-ში, ზუსტად ამ შუქნიშანზე...’

შუამდე გადასულმა მარცხენა თვალის კუთხით წითელი ფერი შეამჩნია. თვალშისაცემად წითელი. ახლად წითელი. იდგა. ისიც იცდიდა. რატომღაც იფიქრა, რომ პორშე უნდა ყოფილიყო. არც შეუხედავს, ისე იფიქრა. მერე გადახდილი თავი შეამჩნია, მაგრამ საჭესთან მჯდომისთვის არც შეუხედავს. ვერ მოასწრო. დაინახა, რომ წითელი ფერი უცებ მის თვალების გასწვრივ აღმოჩნდა. მერე ოდნავ მაღლაც კი. თითქოს ზემოდან დაჰყურებდა ორი ფარი. და ტკივილისგან გონება დაკარგა. ერთბაშად, კადრების გაშავთეთრების გარეშე.

პირველი, რაც გონზე მალევე მოსულმა გაიფიქრა - ‘რისთვის ავბობღდი ამხელა ქუსლებზე? თუ მეგონა, ფეხის გადაბრუნება მარტო ბალერინებისთვის არის დამახასიათებელი?’ მერე მშობლიურ ენაზე მორიდების გარეშე გულიანად ამოთქვა მცირე ფრაზა და თვალები გაახილა. თვალში ძალიან ნაცნობი „ямочки“ მოხვდა. ძალიან ნაცნობი ღიმილი და ტკივილამდე ახლობელი, თითქმის მშობლიური ნაკვთები, ოდნაც გაოგნებაშერეული. ნაცნობი ხმა ცდილობდა გამოერკვია, წამოდგომა თუ შეეძლო და მოტეხილი ხომ არ ჰქონდა ფეხი. უცებ მიხვდა, რომ გაოცებისგან ტკივილს ვეღარ გრძნობდა. პირი გაეღო. პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. ‘ახლა ხელზე დავხედავ და ბეჭედი თუ დავინახე, გული წამივა, ზუსტად ვიცი. ცხოვრებაში მესამედ. ამჯერად შოკისგან.’

................ ................ ................ ................ ................. ................


გული წაუვიდა..... :)





ც.

09.07.09 - 07.07.10

Monday, July 12, 2010

fibonacci sequence 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13...

როცა ფაეტონი-მოჩვენება
ჩემი აივნის ქვეშ ჩაიქროლებს
როცა მეათასედ მეგონება
შენი დაძახება გავიგონე

როცა მეათასედ მოვტყუვდები
როცა მეათასედ გაცრუვდება
როცა დავივიწყებ ყველაფერს და
ძველი ტკივილებიც გაყუჩდება

მაშინ კიდევ ერთხელ დავინახავ
კიდევ ერთ წყვილ თვალებს გავუღიმებ
კიდევ ერთ წყვილ ბაგეს ვაკოცებ და
კიდევ ერთხელ მშვიდად წავუძინებ

მერე კიდევ ერთხელ მომბეზრდება
გაუცხოებული სარეცლები
მერე კიდევ ერთხელ აღმოჩნდება
ეს ის არ ყოფილა. გავეცლები

Sunday, July 11, 2010

კუჩხი ბედინერი 2, ანუ (ცრუ-) წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება

პროლოგის ნაცვლად. იოახიმ ლöვის მიმართვა მიხაელ ბალაკს:
"მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მწვრთნელს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი გუნდისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, არგენტინას ვებრძოდი, მეშინოდა ესპანეთის ნაკრებისა, კაშნეუბრალოდმოხვეულიც ვიყავი და გაციებულიც, მაგრამ ჩემი ბიჭებისთვის არასოდეს მიღალატნია, მიხა..."


ჩემპიონატი დასრულდა (თითქმის), უვუვუზელობის გეშინოდეთ, ხალხო!

ცხელი ზაფხული და ცხელი ემოციები. გრილ გარემოში და ცივი სასმელით ხელში. არ მეგონა, ამდენი ემოცია თუ მქონდა კიდევ შერჩენილი. თურმე მქონია. კარგად გამოვიზოგე. გერმანიის ყველა თამაშისთვის. ეს არ იყო მატრაკვეცობა და ტიპობა: "მე ფეხბურთს ვუყურებ,მე ჩემპიონატის საყურებლად ტერასაზე დავდივარ". ეს იყო ნამდვილი, მძაფრი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები მეგობრებთან ერთად. რომელთა დიდ ნაწილს შეიძლება ფეხებზე ეკიდა ფეხბურთი :)

მუდმივი და ყველაზე აქტიური მაყურებლები ორნი ვიყავით. მე კალოსთან ცხადია ვერ მოვალ, კალოსთან, რომელსაც ლამის 74 წლის ჩემპიონატის გოლები ახსოვს (გაუგებარია საიდან). მაგრამ ამ წელს განსაკუთრებით გამიმძაფრდა გულშემატკივრობის შეგრძნება. ალბათ ზედმეტია კიდევ ერთხელ აღნიშვნა იმის, თუ ვის ვგულშემატკივრობდით - გერმანიას. ნერვიულობ, ესე იგი ცოცხლობ! გიხარია, ესე იგი ცოცხლობ! განიცდი, ესე იგი ცოცხლობ!

ყველა ამბობდა, უცნაური და არაორდინალური ჩემპიონატია, რომ უცნაურად დაიწყო და ყველაფერია მოსალოდნელი. მერე უკვე უფროსი თაობის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ყოველ ჯერზე ასეა, სულ ასე ვამბობთ, ყველა ჩემპიონატზე. უბრალოდ მერე გვავიწყდებაო :)

ასეა თუ ისე, მაინც კარგი საყურებელი იყო. გული მწყდება, რომ უცებ, ერთბაშად დამთავრდება ხვალ ყველაფერი და ცოტა ხანში დაგვავიწყდება.

არც ვუვუზელა მიშლიდა ნერვებს და პრინციპში არც აგრესიული ფანების (ფანობა საერთოდ ეს რა არის, ნუ...) გამოხდომები. ეს უცნაური საყვირი ცხოვრების ნაწილი გახდა ამ მოკლე ხნის განმავლობაში. მგონი მომიწევს, ჩანაწერი ვიშოვო სადმე და ყოველ ღამე 22:30 ჩავირთო, თორემ დისკომფორტი შემექმნება მალე.

ცოტა ხანი ალბთ ინერციით გაგვყვება სალაპარაკოდ და გასასხსენებლად ეს საოცრად ცხელი ერთი თვე. გამახსენდება, როგორ ვავსებდი სახლში მამაჩემთან ერთად ცხრილს. როგორ ოდნავ შეშფოთებული და გაღიმებული მიყურებდა დედაჩემი. როგორ ვარჩევდი ტელეფონით ჩემს ძმასთან ლამის ყოველ გოლს. როგორ ვემზადებოდი თითქმის ყოველ საღამოს ფეხბურთის საყურებლად. როგორ მივდიოდი 17:30-იან მატჩზე და ტერასის გრილ გარემოში დიდ ტელევიზორში ვუყურებდი, მერე მოვდიოდი სახლში, ცივ შხაპს მივიღებდი და არ მეზარებოდა ისევ იქ წასვლა. ახლა უკვე გარეთ და დიდ ეკრანზე 22:30 საათიანი მატჩის საყურებლად.

გამახსენდება იქ მყოფი კომენტატორების და სპორტული ჟურნალის მფლობელის დამცინავი კომენტარები გერმანელების მიმართ. რა ქნას, ვერ მალავდა თავის დამოკიდებულებას. უცნობის გამოქომაგებაც გამახსენდება.

გამახსენდება გვერდზე მაგიდასთან მჯდომი უცხო ხანშიშესული მამაკაცი, ჩემი გულშემატკივრობით და ფეხბურთში "განსწავლულობით" მოხიბლული და კონტაქტში შემოსული (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით მისი ვინაობა).

გამახსენდება უცნობი და ცნობადი სახეები ტერასის ქოლგებს ქვეშ. მეპატრონე და მენეჯერი, მიმტანები და ბარმენები. ნაჩუქარი ვისკი და ნაყიდი fრი, რომელიც ტრადიციად იქცა. ერთი რაც არ გამახსენდება - ლუდია, რომელიც ჯერ კიდევ არ მიყვარს და ძალით შეყვარება არ მიცდია. არა და წელს მივხვდი, რა მაგრად წავიდოდა ამ ყველაფერთან.

გამახსენდება ჩვენი მეგობრის შვედი და ქართველი სტუმრები, შეფები, რომლებიც უინდიფერენტულესი სახით უყურებდნენ ნახევარფინალს. იმდენად ინდიფერენტულად, ლამის შემრცხვა ჩემი ამოძახილების და წამოყვირებების დაძაბულ მომენტებში.

სანდრო ცნობილაძე გამახსენდება თავისი ყოყმანით: ჩემპიონატის ბოლომდე ვერ გადაწყვიტა, პოდოლსკია თუ პადოსლკი, ჩავია თუ ხავი. ვერც იმ აზრს შეეგუა, რომ ბეკჰემი არ თამაშობდა და ბურთი გაუგორა ფეხებში.
დავით მინაშვილიც გამახსენდება. რვაფეხის წინასწარმეტყველაბა არ გვეყოფოდა, ნახევარფინალებში მისი ხმა რამდენიმე წამით ადრე რომ არ ყოფილიყო მახარობელი ჩვენს ეკრანებზე ჯერ არ გასული გოლებისა?!

იტალიელების ცრემლები გამახსენდება და მარადონას მის ფიგურასთან საოცრად შეუსაბამო ჩაცმულობა. განას წაგება გამახსენდება, არადამსახურებული და მიკ ჯაგერის კმაყოფილი სახე ტრიბუნაზე. ყველა გავარდნილი გუნდი გულით მეცოდებოდა, ყველა, ვინც თამაშობდა და არ დადიოდა სტადიონზე პეპლების საჭერით ხელში.
საერთოდ, მაგარი საყურებელია თამაშის შემდგომი ემოციები. ორივე გუნდის. და ერთმანეთთან დამოკიდებულების გამოხატვა - მილოცვა თუ... მისამძიმრება(? ცოტა არასწორი ნათქვამია). მწვრთნელების სიხარული და გულში ჩახუტება ბიჭებისა. კიდევ - სტადიონზე ორი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების ურთიერთობა ფეხბურთს მიღმა. წაქცეულის აყენება და წაქცეულის ცემა... წაქცეულს რომ არ ურტყამენ, ეს ზოგისთვის უცნობი აღმოჩნდა...

ყველა მეგობარი გამახსენდება, ვისთან ერთადაც ერთ მატჩს მაინც ვუყურე. ყველას ვერ ჩამოგთვლით მაგრამ ჩათვალეთ, რომ მოგიხსენიეთ :) ისინიც, რომლებიც სატელეფონო ხაზზე იყვნენ ჩემთვის მნიშვნელოვანი თამაშების დროს. ისინიც, რომლებიც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრობის მიუხედავად, ერთობით აღიარებდნენ ჩემი ფავორიტების უპირატესობას და წლევანდელ განსაკუთრებით კარგ "ფორმაში ყოფნას".

ნახევარფინალის (გერმანია-ესპანეთი) წაგების შემდეგ მომენტალურად აწკრიალებული მობილური და მამაჩემის ფრაზა: 'სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო?!' და მეორე დღეს ჩემს წითელ კაბაზე მისი რეაქცია გამახსენდება: 'რა არის, ვერ გავიგე, არ გრცხვენია? შავი თუ არა ნაცრისფერი მაინც ჩაგეცვა რამდენიმე დღე! ეს წითელი რა არის?!' - ყველაფერი დაცინვის გარეშე, მსუბუქი ირონიით თქმული, სამხრეთ ამერიკული ლამაზი ფეხბურთის მოყვარულის მიერ, რომელმაც წელს გერმანია სათანადოდ დააფასა და ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა, მაგრამ ვაგლახ, მამაჩემის ნათქვამი როდი ჰგავდა წინასწარმეტყველებას რვაფეხისას...

კიდევ ლინკები გამახსენდება, ჩემს ვოლზე დადებული, სრულიად გალაქტიკაში გავრცელებული და Jogi-ს შემარცხვენელი... მაინც ბოლომდე ვირწმუნებ, რომ მონტაჟი იყო, იმიტომ რომ ჩემს თვალში Löwი დახვეწილი და (იმედია ყურში ცუდად არ მოგხვდებათ) светский ჩანდა ბოლომდე.


გამახსენდება, რომ არც ერთი გავარდნილი გუნისთვის არ დამიცინია და არც ნიშნისმოგებით მიმიმართავს მათი გულშემატკივრებისთვის. ერთადერთი, რაც ვთქვი, არგენტინამ თუ წააგო ერთ სიმღერას მივუძღვნი მეთქი და დავდე კიდეც - "Don't cry for me Argentina". დავიჯერო ამისთვის დავისაჯეთ?...

გარკვეულ დრომდე ყველა ჩვენი ხუმრობა და კომენტარი გამახსენდება. ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი (fb-ზე).


Berliner Philharmoniker-ების მიერ დაკრული Berliner Luft გამახსენდება, საყვირების პარტიას ვუვუზელებით რომ ასრულებდნენ. აი ეს ვერსია. დააჭირეთ და მოისმინეთ. როგორ მიყვარს, ასე რომ ხუმრობენ და ცანცარებენ კლასიკოსები :)

თემატური fb სტატუსები და კომენტარები გამახსენდება. უნდა ვპოვო და პოსტად გარდავთქვა, საქმე ვქმნა საჭოჭმანები. ან აქვე ჩავრთო, ისტორიის პარაგრაფებს ბოლოში დოკუმენტები რომ ჰქონდა ხოლმე დართული, აი ისეთი სახით.

აი რვაფეხა კი უბრალოდ არასოდეს დამავიწყდება. ახალი ტალღა, რომელმაც მოიცვა სრულიად საფეხბურთო სამყარო. რვაფეხა, რომლის არსებობის შესახებაც საკმაოდ გვიან, გადამწყვეტი ნახევარფინალის წინ შევიტყე და ფეხებს... კი არა ყურებს არ დავუჯერე.

განვიხილო ვერსიები? ან ჩამოვთვალო მაინც?
რვაფეხა მოსყიდულია! ჩემპიონატი გაყიდულია! რვაფეხას რაღაცას უყრიან! რვაფეხა დაკლეს და შეჭამეს ნაცისტებმა! რვაფეხა შეცვალეს! რვაფეხა ცოცხალია! რვაფეხა ბრუნდება! წინასწარმეტყველი რვაფეხას შურისძიება! несгибаемая нога осьминога!...

ვფიქრობ, კინოინდუსტრიისთვის საკმაოდ კარგი საკბილოა ეს რვაფეხა. შევთავაზებდი "კუჩხი ბედინერი 2"-ის გადაღებას. მთავარ როლში თავისთავად პაული იქნებოდა დამტკიცებული. თუ უარი არ თქვა ამხელა ემოციური დატვირთვის შემდეგ. ან იქნებ ვარსკვავური დაავადება შეეყარა ამასობაში, თავში აუვარდა, ან ფეხში, ეს პოპულარობა.

არა, ვერ დავიჯერებ რომ გერმანელები ამაზე წავიდოდნენ და უმწეო ცხოველის წინააღმდეგ დიდი ბაბუების მიერ გენეტიკურად თუ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული წამების მეთოდებს გამოიყენებდნენ, თან დასძახოდნენ: ბალაკსამც შაეწირები! ესეც ფილმის სიუჟეტს ან ფინალს ემსგავსება: კლოზე პირისპირ ხვდება რვაფეხას, მაგრამ ვერ იმეტებს მოსაკლავად. რისთვისაც მას გუნდიდან მოიკვეთენ. განრისხებული გერმანელები თვითონ გადაწყვეტენ შურისძიებას. თან კლოზეს დაჰყვირიან: მოჰკალ, მარჯვენა არ მოსჭერ, უკან მისდევდი მა რადა?... რთულია მარჯვენა მოაჭრა რვაფეხას, დილემის წინაშე დგები, რომელია ის მარჯვენა, რომელიც უნდა მოჰკვეთო?!
რვაფეხა ღირსეულად იტანს წამებას. არ შაიწირვის სულძაღლი (სულსპრუტი)...
ვნახოთ, ბოლო პროგნოზი რამდენად გამართლდება. თუმცა, ეს პროგნოზი არაცალსახა აღმოჩნდა. ორივე ვერსია გაჟღერდა. ჩირქს ცხებენ პაულის უმწიკვლო სახელს!

საუკეთესო ფეხბურთელი? ვფიქრობ, კასილასს დაასახელებენ, თუ ფინალში რამე სასწაული არ მოახდინა და თავი არ შეირცხვინა. და დამსახურებულადაც. აი ამ ბიჭის გამო ვაფასებ მარტო ესპანეთის ნაკრებს!



ეპილოგის ნაცვლად:

ერთ-ერთი მატჩის შემდეგ დავწერე: რად მოველ ქალად, რატომ არ მოველ ბიჭადა?! მაგარ ფეხბურთელად რომელიმე მაგარ ქვეყანაში! ვითამაშებდი ასევე მაგარ საკლუბო გუნდში და ვიქნებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაგარი და "ჯიგრიანი" ( :) ) თავდამსხმელი, ან თუნდაც მცველი! და აი ეს ჩემი ემოციები უფრო სწორად იქნებოდა მიმართული!

ხო...

გერმანია ფინალში თუ გავიდა, აუცილებლად დავიხატავ სახეზე თუნდაც პატარა დროშას, და ისე მოვალ მეთქი საგულშემატკივროდ, დავიქადნე... არ მომიწია... და მთელი ჩემპიონატის მანძილზე იმას ვფიქრობდი, ალბათ რა ბედნიერებაა, საკუთარ ეროვნულ ნაკრებს რომ გულშემატკივრობ, რა ემოციაა და რამხელა სიხარულია მეთქი ალბათ. მე გერმანიაზე ვინერვიულე ასე, მართლა ვინერვიულე ყველა გადამწყვეტი თამაშის წინ. თამაშის დროს პერიოდულად ვქვავდებოდი დაძაბულობისგან. გერმანიას... და რა იქნება ოდესმე, თუნდაც უკვე არსად სიარულის თავი რომ არ მექნება და სახლში სავარძლიდან მომიწევს ყურება, თუნდაც მაშინ მომიწიოს საქართველოს გულშემატკივრობა...

ეღირსება კი, ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა?!...

Friday, July 09, 2010

W = We Were the First!!!

ეს დაუწერელი კანონია. მერე მარკეტინგში უკვე მაგალითებით გაფორმებული და ნაწილობრივ დაწერილ კანონად ქცეული. ეს დაახლოებით მგლური კანონს ეფუძნება: შეჭამე, თორემ შეგჭამენ -ს. ეს უხეშად ნათქვამი. უფრო მარტივად და დღევანდელობასთან მორგებულად კი:


როდესაც რაღაცას გაიფიქრებ - თქვი! მაშინვე, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იყვირე! თან დააყოლე, რომ ეს - შენ მოგივიდა თავში პირველს, შენი აზრია, შენი! თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც პასუხი გაქვს შეკითხვაზე - თქვი! რაც არ უნდა დაურწმუნებელი იყო. მერე როგორც წესი, სხვა აჟღერებს იგივე პასუხს და აღმოჩნდება, რომ სწორი ყოფილხარ. თქვი, თორემ მერე ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც რაღაც იცი, აუცილებლად თქვი, რომ იცი, შეგიძლია, კარგად შეგიძლია, რა თქმა უნდა შეძლებ, რა თქმა უნდა გამოგივა! ცოტა ეჭვიც რომ გეპარებოდეს, მაინც ჯობია ასე თქვა. გონება თუ გაქვს და ინტელექტი, რაც იცი, იმას გააკეთებ და დახვეწ ბოლოს და ბოლოს.

როცა არ იცი მაშინაც თქვი, რომ იცი, აზრზე რომ არ ხარ, მაშინაც კომპეტენტური და ჭკვიანური სახით მშვიდად თქვი, რომ კი, კაცო, ექსპერტი ხარ ამ დარგში, შეგიძლია, უფ, რა უნდა ამას. თუ გჭირდება, უნდა ხელი აიღო ნამუსზე და თქვა - ვიცი, შემიძლია. (ამ პუნქტში გადავაჭარბე ცოტა. აი ეს მე არ მევასება!!!! თავდაჯერებული კი, უნდა იყო ოღონდ არა უგუნურებამდე მისული და არა უსაფუძვლოდ. რის აზრზეც არ ხარ, არ უნდა იძახო იმაზე, რომ იცი და შეძლებ ამბიციების და თუნდაც მატერიალური მხარის გულისთვის. ელემენტარულად იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მივა - ვერ შეძლებ. აი იმ რუსული ფილმის გმირივით მოგივა, "შურიკა"-ს რომ გაურბის და ბოლოს იმასვე გადაეყრება, მშენებლობაზე. ფილმი - Напарник. გმირი - Верзила. და ყველა შესასრულებელ სამუშაოზე ნაბიჯი წინ და ფრაზა - Я! Я! Я!)


როდესაც რაღაცას ვერ გაიგებ - იკითხე. რამდენად სულელურადაც არ უნდა მოგეჩვენოს შეკითხვა. ეს შენ მოგეჩვნება სულელურად, სინამდვილეში არსში გარკვევაში დაგეხმარება. ჯობს არც თუ ისე ჭკვიანური შეკითხვა დასვა და გაიგო პასუხი, ვიდრე ჭკვიანური სახით იჯდე და ვერაფერი გაიგო!


როდესაც რაღაცას ამბობ, თქვი ხმამაღლა, ბოლო ხმაზე! იყვირე! თან დაამატე, რომ შენ, შენ ამბობ ამას, შენი ნათქვამია! რომ პირველად - შენ თქვი! ბრძნული, უბრალო თუ სახუმარო, სულ ერთია. ხმამაღლა თქვი, თორემ მხოლოდ შენს გვერდით მდგომი (მჯდომი, მყოფი) გაიგებს მხოლოდ და მერე დიდი შანსია, თვითონ თქვას უკვე შენზე ბევრად ხმამაღლა, თუნდაც ოდნავი ვარიაციით და ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ მაინც შენი ნათქვამი.იტყვის და მერე უკვე "მის ხუმრობაზე" იცინებს ყველა, მის ხუმრობას აიტაცებენ, მისი ნათქვამი მოედება სხვებს. იმისი, ვინც "შეზე პირველი იტყვის" (ხმამაღლა). თქვი ხმამაღლა, თორემ ვიღაც დაგასწრებს!


როდესაც რაღაცის დაწერა გინდა, დაწერე მალე, ნუ გადადებ, თორემ მერე სხვა დაწერს!


როდესაც რაღაცას დაწერ, გაახმოვანე! იყვირე! ხმამაღლა თქვი, რომ შენ ეს დაწერე! რომ ეს შენ დაწერე! რომ შენ, შენ დაწერე პირველმა! შენია! იყვირე, აჩვენე, სახეზე ააფარე ყველას, პროკლამაციების სახით გადმოაყარე ქალაქს! თქვი ხმამაღლა, შეატყობინე, თორემ მერე სხვაც დაწერს და იმის ნაწერს აიტაცებენ, ის მოედება ყველას ელვის სისწრაფით და შენი, უკვე დიიიდი ხნის წინ იგივე თემაზე დაწერილი, (არ აქვს მნიშვნელობა, უკეთესი თუ უარესი), არავის ეცოდინება! თქვი, თორემ დაგასწრებენ!


ყველამ იცის ვინ აღმოაჩინა ამერიკა. ცხადია. არც ღირს ამ რიტორიკული შეკითხვის დასმა. პასუხი, ან პასუხების 99% იქნება კოლუმბი! და რამდენს სმენია ვიკინგების შესახებ იმავე კონტექსტში? იმ ტომის წარმომადგენლების, რომლებმაც კოლუმბზე ადრე დადგეს ფეხი ამ მიწაზე? შეიძლება ბევრს, მაგრამ პასუხი მაინც კოლუმბია. კოლუმბს ხმის უფრო მაღალი ტემბრი ჰქონდა ვიდრე თუნდაც Bjarne Herjolfsson-ს, წითურ ერიკს ან მის ვაჟს - Leiff Eriksson-ს...


პ.ს. ალბათ გაჩნდება კითხვები, რამ აგაღელვა, რა მოხდაო? მოდი, აქვე გავცემ პასუხს. როგორც იქნა რაღაცის დაწერა მომინდა, როგორც ყოველთვის მშვიდად და ღიმილით ვზივარ ამ დროს კომპთან, თუ ოდნავ მაინც აღელვებული - მხოლოდ იმით, რომ ვწერ და მიხარია (მიხარია, რომ fb-ს თუნდაც ყველაზე გრძელ სტატუსზე უფრო გრძელი პოსტი დავწერე როგორც იქნა, ამდენი ხნის მანძილზე. მე, ჩემი ტილო-პოსტებია ავტორმა. სადამდე მიმიყვანა fb-მ...)
არაფერი მომხდარა. უბრალოდ აზრები შევაგროვე თავში გაფანტული დროის მანძილზე და გადმომაქვს. შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები იყოს ეს "რჩევები", შეიძლება - მიუღებელი. შეიძლება ისედაც ცხადზე ვწერე, უბრალოდ ჩემი გაფორმებით და მიდგომით.


მოკლედ: შეიძლება ზედმეტად მშვიდი ხარ, შეიძლება გკიდია მასა, გვერდით მყოფების აზრიც საკმარისია შენთვის, შეიძლება გგონია ამ "ყვირილისთვის" ისტერიულობაა საჭირო, რაც შენში არ არის, შეიძლება ფიქრობ - რქები გჭირდება და ხის/რკინის შუბლი? დაიკიდე :) ან ყველა ეს "რჩევა" დაიკიდე და განაგრძე, ისე როგორც გისწორდება... :)



p.p.s. de
W - wie Wikinger oder - Wir waren die Ersten!