Tuesday, August 16, 2011

ასე ძალიან მგონი არასოდეს გამჭირვებია თბილისში (და საერთოდ, საქართველოში) დაბრუნება. I don't believe in life after... "არ ვიცი, რა უნდა დავარქვა".

ჯერ-ჯერობით ვერ ვხვდები, როგორ უნდა განვაგრძო ძველ რიტმში ცხოვრება. პრინციპში, რაც უფრო გვიან ჩამითრევს აქაურობა და რაც მეტხანს დავრჩები ჰაერში ოდნავ აწეული და ნეტარი, მით უკეთესი.

Wednesday, August 03, 2011

აგვისტოს რაფსოდია. ახლა. მერე?

მარტოობის 9 დღე-ღამე. კალიების გადაფრენა. ივლის-აგვისტოს ხვატი. ცარიელი თბილისი. სიმშვიდე. წიგნი. ტვ. გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ისე - არ ღირს.

ცოტა საქმე. უკვე ბევრი - უსაქმურობა. მოგვარებული საკითხები. აღებული ნომერი.
ყველაფრის ჯავშანი - უჯრაში. გამოუყენებელი ვიზა - პასპორტში. პასპორტი - უჯრაში. წასაღები ნივთები - კარადაში. შეზლონგზე წასაკითხი წიგნი - საწოლის გვერდზე/"ღამის მაგიდაზე". ჯერ ცარიელი ჩემოდანი - საძინებელში. კატა, რომელსაც სცხელა - სასადილო მაგიდაზე. კალია - ფარდაზე. მე - სავარძელში. სკამზე. ლოგინში. ოთახებში. ხანდახან - მე შინა და მე გარეთა. მე - მცხელა. გაფუჭებული ვენტილატორი - "ლოჯში". მაინც სიგრილე - სახლში. მე - სახლში. მხოლოდ მე და Echo/Sound Test - სკაიპში. სიმშვიდე - ჩემში.
და 6 აგვისტოს მოლოდინი.

სულ რაღაცას ელოდები ადამიანი.

ამჯერად - დასვენებას. სრულ დასვენებას ყველაფრისგან. განცხრომის 9 დღეს, რომელმაც ისე უნდა დამმუხტოს, რომ 1 წელი გამყვეს.

ყველა მიმოფანტულია. ოჯახიც. მეგობრებიც. ზოგი - აგარაკზე. ზოგი - სხვა ქალაქში. ზოგი - სხვა ქვეყანაში. ზოგიც - სხვა კონტინენტზე. მეც წავალ. 74 საათსაც გადავაგორებ. და წავალ.

მერე ყველა დაბრუნდება. მერე აგვისტოც გავა.

მერე?
Вернейший способ сдержать слово — не давать его.

ნაპოლეონმაო, და რა ვიცი...

ეს უბრალოდ იმიტომ, რომ რამე დაიწეროს აქ. ლექსზე გაჩერება არ შეიძლება

Tuesday, March 29, 2011

მოსახატი კარი

ლექსის შესავალი-წინასიტყვაობა-ანოტაცია იხ. წინა პოსტში


მიკვირდა, ვერ ვცნობდი
გვერდზეც კი გავდექი
მენახა ასეთი
არასდროს აქამდე
თითქოს მე - მე არ ვარ
მე მაინც ავდექი
და დავრჩი ბოლომდე
ჩაკეტილ კარამდე

და ხატვა მომინდა
ამ კარის მოხატვა
არ იცი! - დამცინა
წამართვა ფერები
მოასხა მიწაზე
ფანქრებიც ამტვრია
ჯიბეში გასაღებს
ჩუმად ვეფერები

იაროს, მიაროს
იხტუნოს, იყვიროს
დაადოს ბოქლომი
დალუქოს კარიბჭეს
მე მაინც გავაღებ
მე შევიპარები
მე შევალ! და ახალ
ცხოვრებას დავიწყებ

30.10.09

შესავალი

ეს, შემდეგი პოსტის (ლექსის) ერთგვარი შესავალია. უბრალოდ, ცალკე დაწერა ვამჯობინე, ასე უფრო აღქმადი იქნება, ჩავთვალე.

პერიოდულად, ალბათ უფრო ისეთ პერიოდებში, როდესაც რაღაცის კითხვას დავამთავრებ და ახალი ჯერ არ დამიწყია, არა და რაღაც მინდა, 5 წუთის საკითხავი მაინც, რომ ძილის წინ წავიკითხო და მერე თუნდაც ანთებულ სინათლეში ჩამეძინოს, ვაღებ ქვედა უჯრას და ვიქექები ბლოკნოტებში და ფურცლებში. არც ისე ძველია უკვე ეს ყველაფერი. ბევრი ძველი და ალბათ ძირითადად ყველაფერი გადავყარე. ხოდა, სადღაც უახლესი ისტორიაღა შემოინახა ერთმა უჯრამ.

და ასეთ პერიოდებში ვაწყდები ძველ ჩანაწერებს და ვკითხულობ. ხანდახან ვიხსენებ, ვახერხებ აღვიდგინო განწყობა, ხან - ვერ. ან, კი ვიხსენებ, მაგრამ მიუხედავად წლებით არც ისე დაშორებისა, მაინც მეშორება და ცოტა მეუცხოება რაღაცეები. ხან - არა. ხან უბრალოდ ვერ ვიხსენებ, რატომ დავწერე.

ამჯერად კიდევ ერთი ლექსი აღმოვაჩინე. არც ისე ძველი ყოფილა, მაგრამ სულ არ მახსოვდა, რომ დამიწერია. არც ის მახსოვს - რა დროს, რატომ, რა ეტაპი იყო... უბრალოდ შევუბერავ სულს, რომ მტვერი გადაიწმინდოს და დავდებ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ლექსი სულ არ შეესაბამება ახლა ჩემს განწყობას, განწყობას, რომელსაც მე "მზე ოქროს ჩარჩოში" ან "life, oh, life"-ს დავარქმევდი, იყოს, მაინც დავდებ, სანამ ისევ დამვიწყებია.

Saturday, March 26, 2011

Я люблю жизнь и не боюсь признаться ей в этом

:)

ჩემი აღიარება

Monday, March 21, 2011

ქართული ტელევიზია და საზოგადოება ანფასში

მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ: ეს არც საპროტესტო წერილია ვინმეს პოსტზე, არც პასუხი (მით უმეტეს, რომ პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს), არც პასუხის პასუხი და მით უმეტეს, არც რომელიმე თქვენთაგანისკენ მიმართული კრიტიკა. მეტსაც ვიტყვი: ეს არც კონკრეტული გადაცემის კრიტიკაა. ეს არის ჩემი მცირედი გამოხმაურება გარშემო ამტყდარ აჟიოტაჟზე ყველასთვის უკვე ნაცნობი თემის შესახებ და ზოგადად ჩემი შეხედულება ჩვენს სანაქებო ტელესივრცეზე.

სულ არ ვაპირებდი ამაზე დაწერას, თავში ჰაზრადაც არ მომივიდოდა, მით უმეტეს, რომ პროფილის ბოლო გადაცემა (ისევე, როგორც არს სხვა რომელიმე), მიუხედავად ამხელა აჟიოტაჟისა, არც myvideo.ge-ზე, არც tvali.ge-ზე და არც ტვ-ში განმეორებით არ მინახავს. რა ვქნა, მაინც არ დამაინტერესა, ან, იქნებ მონათხრობი/წაკითხული საკმარისზე მეტი აღმოჩნდა და შემივსო ის სიცარიელე, რომელსაც ყოველ ხუთშაბათს (ხომ არ მეშლება დღე?) ვგრძნობ და აქამდე ვერ ვაცნობიერებდი, რისგან.

მაგრამ, მოხდა ისე, რომ მაინც შემომეფიქსირა ჩემი პოზიცია/აზრი ერთი-ორგან (რა ვქნა, ყველგან ცხვირაპრეხილი გოგოს პროფილი მეჩხირებოდა თვალში. ან იქნებ უკვე ჰალუცინაციები იყო ეს?). პრინციპში, ეს შემოფიქსირება ჩემს ვოლზე ერთი მომცრო ზომის სტატუსით და სხვის ვოლზე 2 მოზრდილი ზომის კომენტარით შემოიფარგლა. და ბოლოს გადავწყვიტე, ვპოვე და პოსტად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები (ნების დამრთველი არ მჭირდებოდა თან).

ვინაიდან და რადგანაც ზოგჯერ სხვისი ნაწერის ტონს მცდარად/არასწორად აღიქვამენ ადამიანები, იქნება ეს ჩათი, წერილი, პოსტი თუ ა.შ. (რას იზამ, რაც არ უნდა ეცადო, ხანდახან მაინც არ გამოდის ნაწერში ზუსტად დააფიქსირო ჟღერადობა და ტემბრი), საჭიროდ ვთვლი, აქვე ავიღო კამერტონი და გავაჟღერო: პოსტი დაწერილია ღიმილით, აღელვებისა და ნერვების შლის გარეშე, მშვიდად და რა თქმა უნდა არა ხმამაღლა ("ბოლო სტრიქონი ნამეტანი ხმამაღლაა დაწერილიო", მერე რომ არ მითხრათ).

მიწოდეთ თუნდაც ინდიფერენტული, რა ვქნა, მომკალით და არ შემიძლია ჩემი ემოციები და ნერვები ქართულ ტელეწამყვანებს და ტელეშოუებს შევალიო. მაგრამ ეს სირაქლემას პოზიციას როდი ნიშნავს.

ვაღიარებ, ჩემი სიმშვიდის დარღვევა იმედის არხმა მოახერხა, ერთხელ! იმიტირებული ქრონიკით! მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს ეს გადაცემა და ყველაფერი პოსტ ფაქტუმ შევიტყე, ამას არ შეუშლია ხელი გამჩენოდა პროტესტის გრძნობა, პიკისთვის მიეღწია აღშფოთებას და დამეწერა პოსტი.
აი, რა არ უნდა შეერჩინათ მათთვის, მე თუ მკითხავთ. ზედმეტად მალე მიეცა დავიწყებას ის გენიალური გადაცემა თავისი არც თუ ისე ხელწამოსაკრავი შედეგებით და "შერჩათ ხახვივით" ყოველივე... თუ დაგაინტერესებთ, აი ხსენებული პოსტიც: "გაიღიმეთ, ფარული ს...ობაა!"

ო, არა! კიდევ ერთი სულისშემძვრელი და თმის ყალყზე დამაყენებელი გადაცემა გამახსენდა. нужно им отдать должное! (მაპატიეთ ამ რუსულენოვანი გადახვევისთვის, მაგრამ ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა და საუკეთესოდ ამით გამოიხატებოდა). მოკლედ, ვერ დავუკარგავთ, რაც შეუძლიათ-შეუძლიათ! ეს იყო "თბილისი ლაივ-ის დაჯილდოება". ამაზე ლაპარაკით დიდად არ შეგაწყენთ თავს. თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, კალოს პოსტს გაეცნოთ. მე ბევრს ვერაფერს დავამატებ. ჩემი სათქმელიც ითქვა იქ და ალბათ ბევრი სხვისაც. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ გადაცემას ერთად ვუყურეთ მე, კალომ და კიდევ ერთმა მეგობარმა. და აი მაშინ მივხვდი, რომ პულტი და მისი ფუნქციები - გადართვა/გამორთვა არ ჭრის ზოგჯერ... პულტთან შეხება ჩვენს ძალებს აღემატებოდა.

ზუსტად მახსოვს, "შუა ქალაქში" დამთავრდა და შევრჩით ყავასთან, სიგარეტთან და სასუსნავებთან ერთად ეკრანის წინ. ტელევიზორი და კომპ ხელს უშლის კომუნიკაციას, მე ასე ვთვლი და კონკრეტულად რამის ყურება თუ არ გვინდა ერთად, ცისფერ ეკრანს ყოველთვის შავს ვამჯობინებ. მაგრამ მივუშვით თავის ნებაზე და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... ერთს გეტყვით: მთელი გადაცემის განმავლობაში ვისხედით ჩუმად. სახე არ გვედო არც ერთს. რეკლამების დროს (სადღაც მეორე-მესამე რგოლზე) გონზე მოვდიოდით, ერთმანეთს არ ვიცი რა ჰქვია გამომეტყველებით გადავხედავდით და მაქსიმუმ გვეთხოვა: მიჩქმიტე, გამაღვიძე! მითხარი, რომ ეს მესიზმრება! აი, ასე ვუყურეთ ბოლომდე (ალბათ Народ должен знать своих героев! პრინციპით), მერე ცოტა ხანი კიდევ ჩუმად ვისხედით, მერე სავარაუდოდ რამდენიმე ტკბილი სიტყვა გავიმეტეთ და შოკირებულები დავიშალეთ... იმ საღამოს, ვფიქრობ ბევრ დასჭირდებოდა პრეპარატი "ცერუკალი".

საიდან დავიწყე და სად გადავუხვიე... მაგრამ შეუძლებელია, არ შევხებოდი ამ თემებს. ამასობაში კი, მგონი, ძაფი გამიწყდა. ამიტომ, მოდი პირდაპირ გადმოვიტან აქ სოც.ქსელში უკვე მზარ-მზარეულ ჩემს სტატუსსა და კომენტარებს. მაშ ასე! ფაქტი. მოვლენა/სტატუსი. კომენტარი:



სტატუსი ჩემი ვოლიდამ:

ბლოგერები პოსტავდნენ და მაია ასათიანი იცინოდაო
© მე/ც.
განვმარტავ: ეს ყველაფერი (რაც ბოლო დროს და განსაკუთრებით ბოლო დღეებში ხდება აქ) არა ბეგლარა მეწისქვილის წისქვილზე, არამედ მაია ასათიანის პროფილზე ასხამს წყალს დიდი ჭავლით. я так думаю! :)


იქვე ჩემივე კომენტარი:
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისი საღი აზრი არ უნდა გამოთქვას. რა თქმა უნდა, უნდა გამოთქვას, ვისაც სურს და რა ფორმითაც სურს ("ხმლით, ხანჯლით თუ კისერზე წურბლით", ეს მისი საქმეა). მთავარია, დასაშვები იყოს ეს ფორმა და ასე თუ ისე მისაღები. პროტესტის ჩემეული ფორმა - არ ყურებაში გამოიხატება. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და არავის ვახვევ თავს. სხვის დასაბუთებულ გადაწყვეტილებასაც სრულიად ადეკვატურად შევხვდები და გავიგებ.


იტყვის ალბათ ზოგიერთი, არც მწვადს წვავს და არც შამფურსო. ვაი, რომ შამფურიც დაჟანგებულია და სამწვადე კი - უვარგისი. ასე რომ არც დასაწვავ-დასაკარგია რაიმე, სამწუხაროდ.


განვაგრძობ. ჩემი ორი კომენტარი სხვისი (ლაშარელას) ვოლიდამ:

იცი რა სჭირს ამ საზოგადოებას? ბულიმია. რაც მოსწონს, იმას ჭამს და მერე მიდის და გულს ირევს, იმიტომ რომ მერე ამაზე წუხს, წუხს, რომ კიდევ ერთხელ გახდა სიგოიმის, ქაჯობის და უგემოვნობის ზეიმის თანაზიარი. მაგრამ მერე ისევ შივდება და ისევ უყურებს. ხოდა ვთვლი, რომ რაც შია ხალხს, ის მიეწოდება საკვებად

შენ რატომ უყურე და არ გადართე, ეგ გასაგებია, სათაურიდანაც გავიგე და ისედაც ვიცი. მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომელიც ყოველ ხუთშაბათს აკრიტიკებს და მაინც ყოველ ხუთშაბათს გულისფანცქალით ელის მორიგ მარაზმს, რომლის რეკლამა უკვე ნანახი აქვს და იცის, რა ელის. მერე უყურებს, მერე გულს ირევს და ერთი კვირა შიმშილობს. ან ერთი კვირა არა, სხვა მარაზმებიც ხომ გადის სხვა არხებზე, უბრალოდ ყველას დღე არ მახსოვს/არ ვიცი. ასე რომ მაინც ამ აზრზე ვარ - რაზეც არის მოთხოვნილება, ის გადის ეთერში წლებია და რაზეც არ იყო, ის დაიხურა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ.


ჩემს დილეტანტურ ცოდნას, მრავალი ქართულ თუ არაქართული სემინარიდან სადღაც მეხსიერების სიღრმეში შემორჩენილ ფრაზებს მოვიშველიებ და ვიტყვი: თუ სწორად მახსოვს, კარგი კაცი სულ უნდა მუშ... მაპატიეთ! თუ სწორად მახსოვს, ბაზარზე არის მოთხოვნა და მიწოდება. შეიძლება ქართულად არასწორად ჩამოვაყალიბე. გერმანულად უკეთ გამომივა: Angebot und Nachfrage. მიხვდებით, მაინც, ასე მგონია/მწამს.
არ ვიცი, ჯერ რომელი გაჩნდა, კვერცხი თუ ქათამი. არც ის ვიცი, ჯერ მოთხოვნა გაჩნდა პროდუქციაზე, თუ ჯერ მიაწოდეს, შეაჩეჩეს, მოატყუეს და დააჯერეს, ეს გჭირდებაო და მერე გაჩნდა მოთხოვნა. ისიც არ ვიცი, ამის შესახებ დუმს თუ არა ისტორია და მეცნიერება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, ჯერ მოთხოვნა იყო და მერე შესაბამისი შეთავაზება.
ასე რომ, ჩვენმა ტელევიზიამ კარგად იცის, რაც არის გაყიდვადი და რაზედაც არის მოთხოვნა. ქმნის და ყიდის. ეყიდება და შე... თუ გინდა.

ამიტომ, პრობლემა არა უშუალოდ წამყვანებშია, არამედ საზოგადოებაში. რაც, პრინციპში, ტრაგედიაა... გმირებიანად. ამ პრობლემასთან ბრძოლა, რამდენად ქარის წისქვილებთან ბრძოლაა, ეს არ ვიცი, სადაო საკითხია. ხოდა ვიდაოთ. ვიდაოთ გემოვნებაზე. მაგრამ ვის უნდა ედაო? ამ თემაზე ვინც პროტესტს გამოთქვამს, ყველა ერთ აზრზე ვართ, ყველას გულს ურევს ეს იაფფასიანი შოუები. სხვანაირად ვერც იქნება. აბა რა ვქნათ? ერთმანეთს ვედაოთ?

რჩება საზოგადოების ის დიიიიდი ნაწილი, რომელიც მაინც ელის ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს... და ა.შ. საყვარელ გადაცემას.
უკეთესი მიაწოდეთ, ალტერნატივა შექმენით, აღზარდეთ მაყურებელიო, იტყვიან. კი, მიაწოდეს კიდეც უკეთესი. საუკეთესო, რაც მე იმედის არხზე მახსოვს, იყო "ღამის შოუ". ოღონდ ის, ძველი, დახვეწილი.... მიყვარდა გულით! და სად არის? - დაიხურა. რატომ? - რეიტინგი არ ჰქონდა! რატომ? - არ უყურებდა მასა... ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. იყო სხვა გადაცემებიც და სხვა არხებიც. ზოგი არხიდან გააქციეს და ზოგი ქვეყნიდან (მშობლიურ ენაზე დაწერილი წიგნები და შექმნილი გადაცემები არ იძლეოდა ნორმალური არსებობის საშუალებას). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.

ჯერ კიდევ სარეკლამო კომპანიაში, მედიაში მუშაობისას მახსოვს, რა ხდებოდა. უშუალოდ ამ სფეროში ვიყავი ჩაბმული და რეიტინგებს ჩემი თვალით ვხედავდი. ისიც მახსოვს, რა სისწრაფით ივსებოდა რუსთავი ორის ბადის გახსნისთანავე "პროფილი"ს სარეკლამო ბლოკები (მაშინ -ნკას, -კას, -კოს და ა.შ შოუები ჯერ არ იყო ამ ოდენობით), განმეორებითი ჩვენებისაც კი. ისიც მახსოვს, სად უნდოდა ყველა კლიენტს რეკლამის განთავსება... იმიტომ რომ ეს მისი წარმატების საწინდარი იყო. "შენ ახლა მთელი საქართველო გიყურებს! არ გეშინია?! - არა!" დიახ, არ ეშინოდათ, უხაროდათ, იმიტომ რომ ამ გადაცემის სარეკლამო ბლოკში მოხვედრა მართლა სრულიად საქართველოს დაფარვას ნიშნავდა.

რა ვქნათ, იქნებ people meter-ები ამოვიღოთ ხმარებიდან, ან ამოვიღოთ იმ ოჯახებიდან, სადაც მსგავს გადაცემებს უყურებენ და სხვებს დავურიგოთ, მათ, ვინც გადართავს, გამორთავს, ან დაამტვრევს ნერვებმოშლილი...?

მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ ამით და არც იმას ვამბობ, რომ ყველა, ვინც ხანდახან მაინც უყურებს ასეთ გადაცემებს, უინტელექტოა ან სხვა ინტერესი არ გააჩნია. მესმის, რომ ზოგს მართლა სხვა ალტერნატივა არ აქვს. მესმის, რომ ბევრი ხანშიშესულია, ბევრი დიასახლისი, ბევრს არხების არჩევანი არ აქვს. და ამ უბადრუკ ტელევიზიაში კი მართლა მეტი არაფერია საყურებელი. ტელევიზორი კი დგას სახლში და იმისთვის გიყიდია, რომ ჩართო და ინფორმაციის გარდა სხვა რაღაცითაც გაახარო თვალი/ყური. ხოდა ათასში ერთხელ რამე კარგი რომ გამოერევა, კი გადართავს ეს ხალხი, მაგრამ იმდენიც არ გადართავს, რომ უკეთესი გადაცემის რეიტინგმა გადაწონოს ამ შოუების რეიტინგი. ხოდა იხურება მერე ისევ ის გადაცემა. რჩება ისევ მდარე შოუები ეკრანზე და შეწუხებული ხალხი კი შეწუხებული სახეებით და ალტერნატივის გარეშე ისევ პულტით ხელში - სავარძელში...

არ ვიცი სად არის გამოსავალი. ცოტანი ვართ, ცოოტა. საზოგადოების გემოვნების დახვეწას წლები კი არა, ალბათ ათ და ასწლეულები დასჭირდება. და არ მგონია, ეს ტელევიზიამ მოახერხოს, მიუხედავად პრეტენზიისა. ტელევიზია რომ საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენას ახდენს, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ ტელევიზია ინფორმაციის მიწოდების და ცნობიერების ჩამოყალიბების ერთადერთი წყარო არ არის. თუმცა, საქართველოში, ალბათ სოციალური პირობებიდან გამომდინარე, ბევრისთვის იქნებ ერთდერთიც... მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი განმანათლებლის ფუნქციას ვერ დავაკისრებთ. ამით არც ვამართლებ და არ ვიცავ მათ. დიახაც, მეტი მოეთხოვებათ, მაგრამ ვინ უნდა მოსთხოვოს? ისევ საზოგადოებამ. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაინც.

არა და ვაი, რომ ე.წ. ებომონდი და საზოგადოების უგემოვნო ნაწილი დიდად არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. უბრალოდ პირველნი იგივეს, რაც მეორეს სჭირს, უმატებს საკმაზს სახელწოდებით "ქაჯობა", ფუთავს ბრჭყვიალა ქაღალდში, აწებებს სტიკერს წარწერით "ელიტა" და ცდილობს ასე შემოგასაღოს.

მოკლედ, ვილაპარაკებთ, გავაპროტესტებტ სიტყვით, საქმით და რითიც შეგვიძლია, მოვიოხებთ გულს დროებით, ამოვთქვამთ სათქმელს, ერთ აზრზე ვიქნებით და მაინც ვიდავებთ, და ბოლოს მაინც გულდაწყვეტილნი ვიტყვით: არაფერი გვეშველება...