Это все, что возьму я с собой...

Ночь, улица, фонарь, аптека... კი, კი, ეს ყველა დეტალი ამ გზის შემადგენელი ნაწილი იყო უკვე რამდენი წელი. რამდენჯერ გავლილი, გატკეპნილი გზა. ღამე. გრილა, თითქმის მცივა. მარტო მოვდივარ. მიყვარს ამ გზაზე სახლში გვიან დაბრუნება ფეხით. არა და ფეხით იშვიათად მიწევდა ბოლო დროს. გზა მარიკას სახლიდან ჩემს სახლამდე. დღეს ბოლოჯერ გავიარე ეს Strecke ფეხით. მარტომ. ბოლოჯერ შევიარე სახლში ასვლის წინ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ღია მაღაზიაში. პრინციპში ადრე იყო მაინც, ასე ადრე არ მოვდივარ ხოლმე როგორც წესი. მინდოდა დღეს დაძინებამდე ბოლოჯერ "ვყოფილიყავი" ამ სახლში და წამოვედი.
იცის შეჩვევა. ნივთმაც, სახლმაც, ადგილმად. კატები ხომ თან ადგილს ეჩვევიან :)))

14 1/2 წელი ერთ სახლში ვიცხოვრე. მერე 15 1/2 წელი მეორეში, ანუ აქ. ხვალიდან და რამდენი ხანი ვიცხოვრებ ახალ სახლში? კი, ის აწი სულ იქნება, უბრალოდ მე მთელი ცხოვრება, კიდევ 17 1/2 წელი, 1/2 წელი თუ რამდენი ხანი დავყოფ იქ, ეგ უკვე არ ვიცი :)

დღეს ვიხსენებდი, რა ემოციები მქონდა, იქიდან რომ გადმოვდიოდი. მაშინ პატარა ვიყავი. ძალიან განვიცადე, მახსოვს. საშინლად არ მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი უცხო არ იყო ჩემთვის, ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ და ვრჩებოდი კიდეც ხანდახან. მაინც საშინლად არ მინდოდა. მეუცხოებოდა ყველაფერი ამ მხარეს. უბანს ვიცვლიდით. სულ სხვა გარემო იყო აქ. იქ - სულ სხვა. ვერ წარმომედგინა. და უკვე გადმოსულსაც მეგონა, ან კი არ მეგონა, შეგრძნება მქონდა, რომ აქ დროებით ვართ, რომ უბრალოდ ვრჩებით გარკვეული ხნით, როგორც ხანდახან ხდებოდა ხოლმე და მერე ისევ გადავალთ ვერაზე, ჩვენს ძველ თბილისურ ეზოში, ძველ, უზომოდ მაღალჭერიან, პატარა, არც თუ ისე კომფორტულ მაგრამ მაინც ძალიან საყვარელ სახლში. მაგრამ ეჩვევი ყველაფერს ადამიანი. მით უმეტეს - უკეთეს პირობებს. თუმცა, დღემდე, როცა სიზმარში სახლს ვნახულობ, როცა სახლში ვარ, ან იქვე, სადმე, ეს სახლი და უბანი ყოველთვის ის არის, "სახლი ძველ უბანში"... დღემდე...

ისიც კი გამახსენდა, ჩემი ცარიელი ოთახის თვალიერებისას, რომ ერთხელ, Pink Floyd-ის The Wall-ს ვუყურებდი, ისე ვიყავი ჩართული, რომ თავი კონცერტზე მეგონა, ავყევი, ავყევი, გავიგიჟე თავი და მერე ერთ-ერთ კედელზე წარწერით უკვდავვყავი ეს სახელი :) მერე, უკვე რემონტის დროს, ჩემმა მეგობრებმა წარწერები და ნახატები დატოვეს შიშველ კედლებზე :) ზუსტად მახსოვს, აკადემიიდან მოვიდნენ, არდადეგები იწყებოდა. უკვე 2 წლის გადმოსულები ვიყავით აქ... ასეთ რაღაცეებს ფარავს ახლა Tapete ჩემს აწ უკვე ყოფილ ოთახში :)
ახლა საქმეს ის მიადვილებს, რომ უბანს აღარ ვიცვლი. აქვე, ახლოს მივდივართ. სახლი უფრო პატარაა, მაგრამ ახალი, ბევრი რაღაცით - უკეთესი და კომფორტული. ოთახი - სულ იზოლირებული, ბევრი კარგი სიახლით... და ადგილი მიყვარს, უკვე მიყვარს. თან ბოლო წლებში ადაპტაციის საოცარი უნარი გამოვიმუშავე. რა თქმა უნდა არ ვნერვიულობ და არ განვიცდი, უკვე ერთი სული მაქვს გადავიდეთ. მაგრამ... სანამ საქმეს აკეთებ, სანამ აჟიოტაჟია, ვერ ფიქრობ. მერე უცებ ჩერდები, გადახედავ დაცარიელებულ ოთახებს, ყუთებს, კადრები გიდგება თვალწინ, შენს ოთახში გატარებული, რამდენი რაღაც უკავშირდება ამ სახლს, შენი ცხოვრების რამდენი ეტაპი, რამდენნაირი ემოცია... და მერე აგყვება სიმღერა: Это все, что останется после меня, это все, что возьму я с собой... დიდხანს არ გაგრძელდება ეს განწყობა, წამიერი იქნება, მაგრამ ერთხელ რამდენიმე წუთით ან თუნდაც წამით რომ არ იყოს, სულ რომ არ დაგაფიქროს გადასვლის წინ, ასე არ გამოვა.

გზაში კი, მარიკასგან მომავალს here with me ამეკიდა. უცებ დავფიქრდი, რომ ხვალიდან იმ სახლიდან გამოსული სხვა მიმართულებით წავალ. დრო იგივე დამჭირდება. მიმართულება - საპირისპირო. ბოლოჯერ შემოვუხვიე ეზოში. მაღაზია. უკვე სადარბაზოს ვუახლოვდები. საპირისპირო მხრიდან - მარადმთვრალი მეზობელი (ან მარადნასვამი). 'ოხ, ოღონდ ახლა ამან ვერ დამინახოს. არა და როგორ ვერ უნდა დამინახოს, რაც არ უნდა ნასვამი იყოს...' არ მქონდა მისი სენტიმენტების თავი და ზუსტად ვიცოდი რა თემას შეეხებოდა. რა თქმა უნდა ვერ ავცდი...

მერე? დღეს ბოლოჯერ დავრეკე ღამე ამ სახლის კარზე ზარი, ბოლოჯერ ვზივარ ჩემს ოთახში და ბოლოჯერ ვპოსტავ აქედან. ბოლოჯერ გავალ ღამე აივანზე მოსაწევად, ან არ გავალ

და დღეს ბოლოჯერ დავიძინებ ამ სახლში

სექტემბერი ჩემთვის ყოველთვის ახალი წლის დაწყებასთან ასოცირდებოდა. 1 იანვარი, ეს რაღაც ფორმალურია, უბრალოდ დღესასწაულია და კიდევ ერთი მიზეზი მხიარულებისთვის და ა.შ. ბევრი რაღაცისთვის. 1 სექტემბრიდან კი თითქოს იწყება რაღაც. ხოდა ახლაც ასე ხდება - სიახლეს ცხოვრებაში და ახალ წელს ახალ ადგილას ვხვდები :) ამბობენ - "перемены всегда к лучшему". მეც ასე მგონია. ხო და კიდევ ბევრი სიახლეა წინ. და წესით все к лучшему. მიხარია. ვნახოთ

Comments

Marika said…
ოოო, ეხლა ამეტირაა.
არ იცი, როგორი გულჩვილი ვარ? :))

მიყვარხარ, ცის!
ketty said…
sevdiani da sentimentaluri postia.

sentimentaluri trioleti:)

da kidev: rogori cheshmaritebaa, rom 1 sektembers ickeba axali celi!!!:)
mi staboi odnoi krovi, ti i ya!:)
© said…
მარუს, ვგიჟდები, ჩემს პოსტებზე რომ ტირიხარ ხოლმე :)))) ერთხელ გახსოვს, "ცრემლები სამსახურში" რომ გამოვიწვიე? :)))
მეც მიყვარხარ, ძალიან! :)

ქეთ! ვგიჟდები მაგ გამოთქმაზე, აკელა! :))))
Kalo said…
sentimentaluri variaciebi ciskarisgan :-)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..