სავსე მთვარისას და-წერილი
არაჩვეულებრივად მეძინა. ძალიან გემრიელად. და დაძინებამდე რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. სავსედ და ბედნიერად. და რაღაც სიმშვიდის თუ კარგის მოლოდინის შეგრძნებაც ახლდა ამას თან.
მაშინვე მინდოდა დაწერა, იმავე საღამოს, სანამ დავიძინებდი, მაგრამ დავიძინე. გემრიელად. ახლა თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, შეგრძნებების დონეზე აღვიდგინო და მოვლენების დონეზეც. არა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უფრო სწორად კი მოხდა ამ დღეს, მაგრამ არა პირადად ჩემ ცხოვრებაში.
ახლანდელ დროში რომ მოვყვე. დღეს თბილისში ვარ. გუშინაც აქ დავრჩი. ცხელა. საშინლად ცხელა. ხალხი სახლიდან არ გადის, მე კიდევ ისე მოვახერხე, რომ ამ ორ დღეში ყველაფრის მოგვარება-გაკეთება ავიკიდე. სამაგიეროდ, ამას მერე კმაყოფილების გრძნობაც სდევს თან. გუშინ შევპირდი მეგობარს, ხვალ გამოვალ მეთქი. ჩემი ნათლული, რომელიც იმდენი თვეა არ მინახავს, და რომელსაც დედამისივით აპრილში ჰქონდა დაბადების დღე, ამასობაში გაცვლითი სემესტრით მიემგზავრება საზღვარგარეთ. და სანამ მეორე დაბადების დღემაც და დაბადების დღეს ვინ დაეძებს, ლამის ქორწილის დღემაც მოაწია, რამდენიმე თვის დაგვიანებით საჩუქარი მაინც მოვასწრო და მივუტანო მეთქი. ხოდა გუშინ შვილს და დღეს დედას ვუყიდე საჩუქრები და საღამოს მივედი, როგორც იქნა.
აი ახლა, წერისას გამახსენდა, რატომ ვიძინებდი გაღიმებული - ღამე მომწერა, ძალიან ლამაზიო - საჩუქარზე. რომ მივუტანე, მაშინვე ჩაიცვა და თავის შეყვარებულთან ერთად წავიდა. როგორ მოგეწონათო, ბიჭზეც მკითხა. სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემს ეძინა და ვეღარ ვკითხეო :) მე კი ერთხელ ქუჩაში შემთხვევით გადამეყარენ და მაშინ გამაცნო, მაგრამ ასე ახლოს არ მყავდა გაცნობილი. ხოდა დახვდა ბიჭს გოგოს დედის დაქალები სახლში :)
ეტყობა ამათმა შეხმატკბილებულმა წყვილმა, საჩუქრით გამოწვეული სიხარულის გაზიარებით გამოწვეულმა სიხარულმა (ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ვინმეს საჩუქრით მართლა ახარებ), დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვამ და დღისით კიდევ არაჩვეულებრივმა ამბავმა - ახობაძის გათავისუფლებამ ერთიანად დამუხტა დღე.
ცოტა რომ გადავახვიო - საჩუქრების ყიდვის მერე მზიურის კაფეში წავედი ლეპტოპ და კიდევ ორ ჩანთააკიდებული, გზაში გავიგე ახობაძის ამბავი, მეტროში ჩავდიოდი. თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი და სიხარულით ატირებული ჩავედი კიბეზე. არავისი მომრიდებია. ძლივს სიხარულის ცრემლები გვეღირსა, სულ ერთი იყო, რას ფიქრობდა ხალხი. მერე ამ ხალს დავუწყე დაკვირვება. რამდენს აქვს ტეელფონში თავი ჩარგული. ნეტა რამდენმა გაიგო ეს ამბავი, რამდენს აინტერესებს და რამდენს - არ ...
ასეთი ამბები სულ საჯარო სივრცეში მისწრებს მეთქი, ვამბობდი. გუშინ ფილარმონიის წინ, სანამ ქალების მარშის ხალხის შეკრებას ველოდი, იტალიელ სენატორს ვუსმენდი ჯერ იტალიურად, მერე კი სუბტიტრებით და ცრემლები მომდიოდა. პრინციპში, ესეც სიხარულის, და კიდევ რაღაც ნარევი გრძნობის. ხელში ბანერი, რომელსაც ვინიავებდი, ცხვირზე - სათვალე, მეორე ხელში ტელეფონი, ცხელა, ძალიან ცხელა და დგეხარ მუზის წინ და ტირი. საინტერესოა, ვინმეს ობიექტივში თუ მოვხვდი ამ დროს.
მზიურში მისულს ორი მეგობარი დამხვა. ორივეს მოთავებული ჰქონდა უკვე ტირილი და პირველი, რაც ერთმანეთს ვუთხარით, გილოცავ იყო :) მერე ცალკე მაგიდას მივუჯექი. მოკლე საქმიანი ჩართვა მქონდა. მართალია, ვერ მოვაგვარეთ, რაც მინდოდა, მაგრამ მაინც მადლობელი ვიყავი დახმარების მცდელობისთვის. სრულიად აჟიტირებულმა ისე შევჭამე ბრუსკეტა, შუა გზაზე მივხვდი, რომ რაღაც სხვა გემო ჰქონდა. რაღაცეები იყო შეცვლილი. მერე დიდხანსა აღარ გავჩერებულვარ, მელოდებოდნენ და წავედი. დღეს რუსთაველზე ვეღარ გავედი. ცოტა თეთრი შურით კი შემშურდა მათი, ვინც დღესაც იქ იდგა, მაგრამ თავს მაინც მათ ნაწილად ვგრძნობდი, რადგან შორიდან მაინც ვიზიარებდი სიხარულს.
სამაგიეროდ ამ გრძელი დღის ბოლოს მეორე მეგობარს დედამისთან გავყევი, რომლისთვისაც ღამე უნდა დაეხედა. სახლში, სადაც ბავშვობის და სტუდენტობის ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული. სადაც ძალიან მიყვარდა მისვლა. სადაც კედლებზე აფიშები და ნახატები იყო ყოველთვის. ახლაც. სადაც დაბადების დღეზე უცვლელად იყო ყოველთვის უგემრიელესი ბრინჯის ღვეზელი. ენის წვერზე მადგა, თქვენი ღვეზელი როგორ მიყვარდა მეთქი, გამეხსენებინა, მაგრამ უადგილო იქნებოდა ამის თქმა ადამიანისთვის, რომელიც ადრე საოცრებებს ქმნიდა ხელებით და ახლა ამ ხელებს ვერ იმორჩილებს ... მაინც სიხარული იყო იქ მისვლა და მგონია, ცოტა მაინც გავახარე სხვაც.
მერე? მერე მოვედი სახლში. ცოტა ხანი აივანზე ვიჯექი და ვიკითხე. რამდენიმე მესიჯი გაცვვალე და რაღაცნაირად სავსემ დავიძინე. დავიძინე ძალიან მშვიდად და პატარა სიხარულებით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნებით. ვიცი, რომ ეს უნარი არ უნდა დავკარგო.
ხო, ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ მიუხეადვად დღისით ვერ მოგვარებული თასქისა, სხვა გზა მქონდა მოსაგვარებლად ნაპოვნი და ვიცოდი, ხვალ მეილს რომ დავწერ და გაგზავნას დავაჭერ ხელს, ამით ჩემი შვებულება უკვე ოფიციალურადაც და შინაგანად გათავისებულადაც დაიწყება და შემეძლება, მართლა მოვეშვა. ხო, კერძო სტუდენტები კი რჩებიან, მაგრამ ზაფხული მაინც მსუბუქია ამ მხრივ და მაინც შვებულებაში მგონია თავი. ისეთი თავისუფლების შეგრძნეაბა მაქვს უკვე, როცა ამას ვწერ... ახლა დაიწყო ჩემთვის ზაფხული. ხო, აგვისტო ხომ ჩემია და წინა ჯერზეც ხომ ვთქვი, მინდა, დიდხანს გაიწელოს.
გუშინ აგარაკზე დავბრუნდი. გუშინ საღამოსვე აღმოვჩნდი არაჩვეულებრივი ხალხის გარემოცვაში, შინაურულად. "აქ იჯდა რუსთაველი" ერქვა იმ სიტუაციას, შეიძლება ითქვას :) დღეს კი, პირველად დიდი ხნის მანძილზე, არ მახსოვდა, რა დღე იყო. და დღევანდელი დღეც არაჩვეულებრივად დამთავრდა.
Comments