სხვების ცხოვრება

სახლში მოსვლა და ტანსაცმლის გახდა უნდა შეიტანონ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. რა, რითია სხვა ძეგლებზე ნაკლები? 

ხანდახან განსაკუთრებულად მძაფრად გრძნობ სახლში დაბრუნების სიხარულს და სიამოვნებას. ასე იყო დღესაც. თან ორჯერ. მაგრამ ახლა არ მინდა, იმაზე წერა, რა ხდებოდა დღეს. მთავარია, ახლა სახლში ვზივარ, ჩემ სახლში, ჩემ საყვარელ ტახტზე, ფეხები ჩემ საყვარელ დაბალ, ხის მაგიდაზე მაქვს შემოწყობილი, მუხლებზე - ლეპტოპი და ვწერ. არა და, ჯობს დავიძინო. უკვე 01:27, მე კი 11 საათზე უკვე დაწოლა მინდოდა. მაგრამ ჰა, შევყევი, შევყევი და ...

არასტანდარტული გზით დავბრუნდი საღამოს სახლში. ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე ფარდები გადაწეული ჰქონდათ და ადამიანები ჩანდნეn, უფრო სწორად, ერთი ადამიანი გამოჩნდა რამდენიმე წამით და მერე ნახევრად ჩამოფარებული ფარდის მიღმა მიიმალა. 

გამახსენდა, ბავშვობაში როგორ მიყვარდა საღამოს, მშობლებთან ერთად ხელჩაკიდებულ სახლისკენ მიმავალს სხვების ფანჯრებში შეხედვა და ფიქრი, ნეტა რა ხდება იქ. ყველა სახლიდან განსხვავებული შუქი გამოდიოდა, ეს მაშინდელი "აბაჟურების" დამსახურება იყო, ნათურებს რომ ჰქონდა ჩამოცმული. ზოგი ფანჯრიდან მოწითალო შუქი იღვრებოდა, ზოგიდან - მოცისფრო, ზოგი შუქიც უბრალოდ სინათლისფერი იყო, სტანდარტული. მაგრამ მეგონა, ცხოვრება ყველგან არასტანდარტული, განსხვავებული და საინტერესო იყო. ამდენი ადამიანი, ამდენი ცხოვრება, ამდენი ბედი ... რას აკეთებენ? განსაკუთრებით საინტერესო იყო, საღამოს რას აკეთებდნენ, როცა ყველა სახლში იყო. მახსოვს, მამაჩემი მეუბნებოდა, მეც მიყვარდა ბავშვობაში ფანჯრებში ყურება და მაინტერესებდა, რა ხდებოდაო. 

ახლა კი ... ახლა შევხედე იმ კაცს და უცებ ვიფიქრე, რომ არასტანდარტული დღეს არსად არაფერია. რომ შეიძლება, ის ტიპი ნაცნობი თუ არა, ნაცნობის ნაცნობი მაინც აღმოჩენილიყო. უკვე ყველანაირი სიტუაცია და გარემოება იცი ცხოვრებაში, ან თითქმის ყველანაირი. რა უნდა ხდებოდეს იმ ფანჯრებს მიღმა, რომ გაგაკვირვოს? ეხ, არა და, ჯობდა, ბავშვობის შთაბეჭდილება და რაღაც იდუმალება და განსაკუთრებულობა ხელუხლებელი დარჩენილიყო. 

აი, ამ ადგილამდე რომ მოვედი, მივხვდვი, რა უნდა ერქვას პოსტს - სხვების ცხოვრება. "Das Leben der Anderen".

რამდენ რაღაცას სწავლობ და იგებ ზრდასთან ერთად, მაგრამ რამდენ რაღაცას კარგავ ამავდროულად. 

ბარემ დავრჩები იქვე, იმ ბავშვობაში და კიდევ ერთ თითქმის ხელშესახებ მოგონებას გავიხსენებ: ღამეა, ვერის უბნის მელოდიები არა და ვერის უბნის ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაზე მდგარ სახლის ფანჯარასთან პატარა გოგონა ზის. ეს მე ვარ. დედაჩემი ამბობს, რომ დამწვრის სუნი დგას. მე ვინტერესდები, სად დგას დამწვრის სუნი და დაჟინებით მოვითხოვ, მაჩვენონ. მაინტერესებს, როგორ დგას. დედაჩემი ალბათ ცდილობს, ამიხსნას, რომ ეს სუნი პირდაპირი მნიშვნელობით არ "დგას", მაგრამ მე იმთავითვე ჯიუტი არ ვეშვები და დედა ალბათ ბოლოს ნანობს, რომ საერთოდ ახსენა ეს სუნი. მე კი დღემდე მახსოვს, როგორ წარმომედგინა "დამწვრის სუნი დგას": ჩვენ ქუჩაზე (ახლა იმ ქუჩას ინოლოა გურგულიას ქუჩა ჰქვია) ვიღაც ძველმანებში ჩაცმული შუა ხნის კაცი მიდის, გამხდარი, თავზე კეპივით ქუდი ახურავს და წინ მოზრდილ ურიკას მიაგორებს, აი ისეთს, ადრე სადგურებზე რომ იყო, რაღაც დიდი ბარგის გადასაზიდი. ის კაციც სწორად წარმოიდგინეთ ალბათ, სტანდარტული ურიკის გამგორებელი ჩვენი ბავშვობიდან. და იმ ურიკაზე უდევს დამწვრის სუნი, უფრო სწორად იმ ურიკაზე დგას დამწვრის სუნი და ეს კაცი მიაგორებს. აი, ასეთი ცოცხალი შეიძლება იყოს ხანდახან სურათი ბავშვობიდან. ამ წამს გავიფიქრე, ხატვა რომ მეხერხებოდეს, ამას ალბათ დავხატავდი. მაგრამ მაგის ნიჭი სამწუხაროდ არ აღმომაჩნდა :)

ჩემი ბინაც საკმაოდ დაბალ სართულზეა. საინტერესოა, როცა საღამოს ჩემგან მოყვითალო შუქი გადის, ეზოში ან სახლის გვერდზე ბილიკზე მიმავალი ხალხი თუ ინტერესდება, რა ხდება ამ სახლში ...

Comments

Popular posts from this blog

დრო. რეცეპტები და აგვისტო, როგორც კვირის საღამო

სამი სიტყვა ცისიასათვის

სავსე მთვარისას და-წერილი