წერილი #11

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ნახე, მთელი კვირაა არ მომიწერია. ახლა ვფიქრობდი, ბოლო 2 წერილს მაინც გადავხედო, რა იცის და რა არა მეთქი. 

უკუღმა რომ დავიწყო, ანუ ბოლოდან? უფრო სწორად, ალბათ არაფერსაც არ დავიწყებ. გავხსენი და ვიფიქრე, ისევ დავხურო მეთქი. არა და პერიოდულად იყო რაღაცეები, რომ მინდოდა, უცებ მომეყოლა, გამეზიარებინა. არაფერი განსაკუთრებული, რაღაც დეტალები ყოველდღიურობიდან, რომლებიც განწყობას ქმნის. მაგრამ, როგორც ყოველთვის - ან მაშინვე, ან არასდროს, მერე კარგავს ხოლმე ელფერს. ეტყობა არ ვარ წერის განწყობაზე. 

დღეს საღამოსკენ სახლში რომ დავბრუნდი, მივხვდი, ვსო, აღარც ვარჯიშზე წავალ დღეს, არც არავინ მინდა მოვიდეს. ჩემთვის მინდა მშვიდად ვივახშმო, არც ვიმუშაო, არც ვიმეცადინო, უბრალოდ სერიალს ვუყურო, მოვდუნდე, ღვინო მოვწრუპო. მოკლედ, არაფრის კეთებით ვისიამოვნო. და ასეც ვქენი, არაფერს შეუშლია ამაში ხელი. 

გუშინ საღამოს დავამთავრე კიდევ ერთი აუდიო წიგნი. იმ დღეს მითხრა ერთმა მეგობარმა, ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, აუდიოწიგნების მოსმენა არ ითვლება წიგნის კითხვადო. ვერ ჩავეკითხე კარგად, რატომ, რაღაც სხვა თემაზე გადაერთნენ. არა და რატმო არ ითვლება? აუდიოწიგნები რომ არა, დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ვეღარ წავიკითხავდი წიგნებს. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ვუსმენ და მართლა ბევრი წიგნი "წავიკითხე" ასე. 

როგორ ვარ? კარგად. აა, ყბის სახსარი? ხო... დღეს მეხუთე დღეა, ხო, ზუსტად ვიცი, მეხუთე დღეა, რომ არ მტკივა. თითქმის საერთოდ აღარ გამხსენებია. თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ ვიყავი კონსულტაციაზე და კიდევ ერთხელ ცოტა დავითრგუნე იმით, რომ რეალურად არ ვიცი საბოლოოდ, რა მაწუხებდა ის ერთი კვირა თუ 10 დღე. იმით, რომ 3-4 პრობლემა ერთად არის და გამორიცხვის მეთოდით მაინც ამ სახსრამდე მივდივარ. და რეალურად ვერ ვხვდები, რა უნდა ვქნა. მაგრამ მოდი, არ გვინდა ახლა ამაზე. რაღაც იდეები და გეგმები მაქვს და რამე იქნება. მამაჩემმა შემომიარა საღამოს სახლშ დაბრუნებულს, დედაჩემის გამოტანებული სადილი მომიტანა წითექლუდასავით. ხოდა, შენ ხომ იცი, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობსო, მითხრა. ხოდა მეც დავიჯერე. მამა ამას რომ გეტყვის, უნდა დაიჯერო და დამშვიდდე.

კვირას წინანდლის ფესტივალზე ვიყავით. აღარც მახსოვს, როდის იყიდეს მეგობრებმა ბილეთები. ისე, რომ ფაქტობრივად მე არც მიმიღია გადაწყვეტილება. კი, რამდენი წელია მინდა სულ წასვლა და ვერასდროს ვახერხებდი. და ამჯერად, აი უცებ ბილეთებს ვყიდულობთ და წამოდიო და მეც, შუა მუშაობაში, ისე რომ დიდად არც დავფიქრებულვარ, არც თარიღი მიკითხავს და არც ის, ვინ უკრავდა, კაი ხო მეთქი და განვაგრძე მუშაობა. მერე გავიდა დრო, მოახლოვდა წასვლის დრო. მე კი აი ეს მტკივნეული პერიოდი მქონდა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენდა გავლენას. ბოლო დღემდე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავიდოდი, იმიტომ რომ არანაირი სურვილი და ხალისი არ მქონდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ :) ზუსტად წინა დღიდან გამიარა და ნელ-ნელა შეგრძნება გამიჩნდა, რომ დავუბრუნდი საზოგადოებას. და რომ ისევ შემეძლო სოციალიზაცია. ასე რომ, წავედი და არ ვინანე. მეორე საღამოს კი ჩემივე ინიციატივით დიდი ხნის უნახავი რამდენიმე მეგობარი შევკრიბე ჩემთან. მესამე საღამოსაც. დღეს კი ისევ პაუზა დამჭირდა :)

ასე მგონია, ზამთარია. არ მინდა ზამთარი. არა, მცივანა არ ვარ, კი იცის ყველამ, ან თითქმის ყველამ. პირიქით, იმ დღეს მე რომ შორტებში ვიჯექი, ჩემ სტუმრებს პლედები ჰქონდათ მოხვეული და მერეღა მივხვდი, რომ კარი მაინც უნდა დამეკეტა. მაგრამ მაინც არ შემიძლი ზამთარი. მცივა ახლა. ბოლო 2 ღამეა, დახურულ კარში ვიძნინებ. ჩემ ოთახში რომ შეხვიდე, მართლა ცივა. კი, მსიამოვნებს სუფთა ჰაერზე დაძინება, მაგრამ ზამთრის მოახლოება განწყობაზე მოქმედებს მაინც. ამიტომ დღეს ვეცადე რამე დადებითი მეპოვა ამაში და ზამთრული საღამო მოვიწყე, მყუდრო. არაფერი ვაკეთე, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა. პლუს ორი ვიდეო ზარისა, აქედან ერთი - ოჯახთან ვენაში. 

ხო, რამდენიმე დღეა, მინდა ის ჩემი ახალი სიყვარული - ნამცხვარი "ყავის მარცვლები" გავაკეთო. და ვერ მოვახერხე. ხოდა ახლა სანამ ვლაპარაკობდი, კარაქი რბილდებოდა. მერე არ დავიზარე და დავიწყე კეთება ნეთფლიქსის ფონზე. შაქრის პუდრი არ მქონია. არ დავიზარე. ეზოში სამი სასუსრსათო მაღაზიაა. არც ერთს ჰქონდა. ფრესკოში მომიწია ჩასვლა. მაინც ვიშოვე. უი, ამასობაში 1 დაწყებულა, მე კი ჯერ კიდევ მაცივარში მიდევს ცომი, რომელიც 20 წუთის წინ უნდა გამომეღო. ავდგე, მივხედო, თორემ ისევ გვიან დაძინება მომიწევს, რაც ძალიან აღარ მომწონს. ძალიან ვცდილობ, 12-მდე დავიძინო. ძალით არა, უბრალოდ ძალიან მეძინება. ახლაც... 

ხოდა ისევ

ღამე მშვიდობის

 p.s. ფოტო ისე, უბრალოდ, სხვა პოსტის ფოტო რომ არ დაედოს. კამერის მიღმა გემალები :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..