წერილი #13

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

 მეცამეტე წერილი მინდა დავწერო ახალი ლეპტოპიდან. ხო, დღეს ვიყიდე ახალი ლეპტოპი. ახალი მეორადი ლეპტოპი :) ახლა ძველში ყველაფრის დალაგება, წაშლა, აქ გადმოტანა... ძალიან მეზარება, მაგრამ უნდა გავაკეთო ამ შაბათ-კვირას. მიხარია. გერმანიაში ამას წავიღებ უკვე. 

ხო, ეს მეთორმეტე წერილია რიგით, მაგრამ რადგან მინდა, აქ დაწერილი პირველი წერილი მეცამეტე იყოს, რიგობითობას გადავახტები. 

თან ჩართული მაქვს აუდიო წიგნი. რაღაც საოცრად ბანალური, ბულვარული რომანის დონის. წინა წიგნი რომ დავამთავრე, უბრალოდ რამე მინდოდა დამეწყო, სადღაც მივდიოდი და გზაში ყოველთვის მინდა ხოლმე, რამეს ვუსმინო. ხოდა პირველი რაც მომხვდა ხელში, ჩავრთე. და რა ირონიაა, ან დამთხვევა - წერილებს წერს ორი მთავარი პერსონაჟი ერთმანეთს. ოღონდ ანონიმურად. ნუ მთლად ანონიმურად არ გამოდის, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. უბრალოდ დამთხვევაა. განსხვავება ის არის, რომ მე ცალმხრივად და უმისამართოდ ვწერ. ნაწილობრივ უადრესატოდაც. ხანდახან ადრესატიანად, ხან ადრესატებიანად. 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე სადღაც რაღაც გამისხლტა ხელიდან, გამეპარა, ან გამივარდა. და შესაბამისად გადალაგდა მერე კუბიკები თუ ლეგო. ხო, ადრე ფაზლზე ვწერდი, მაგრამ ამჯერად უფრო ლეგოა. ხოდა უნდა გავიხსენო, დავაბრუნო, ვიპოვო, რომ ისევ აღვადგინო ის წყობა, რომელიც მინდა. და კიდევ, ვხვდები, რომ ლეგოს ერთი ნაწილი ხელს ან ნერვებს მიშლის. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ არ უნდა ამეღო? არა და ისეთი დიდი ნაწილია... და მოითხოვს ბოლომდე აშენებას. იქნებ დავტოვო, სადამდეც არის აშენებული და არ მივიყვანო ბოლომდე. ისევ ძველ ლეგოებს თუ ფაზლს მივუბრუნდე? ხანდახან ვფიქრობ, ეს რომ არ იყოს, სრულ ბედნიერებას და ჰარმონიას მივაღწევდი. ან იქნებ იმიტომ მგონია, რომ ბევრი დრო მიაქვს მის აწყობას და მე აღარ მყოფნის ამის ძალა? და მგონი სურვილიც. მაგრამ როდიდან არ მყოფნის? მართლა არ მყოფნის, თუ ეს გარკვეული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ამბავია თუ კავშირი? კი, გარკვეული მოვლენები გარკვეულ დროს ერთმანეთს დაემთხვა, გადაეფარა, იმოქმედა და ხელი შეუშალა ლეგოს კარგად აწყობას. ახლა მიწევს ამის გამოსწორება და იმაზე ფიქრი, მართლა აღარ მინდა, თუ მეშინია?

ვიცი, ვერაფერს გაიგებ ამ ბოდვიდან. ვერც ვერავინ გაიგებს. მაგრამ მე ხომ იმიტომ ვწერ ხშირად, რომ მინდა ვწერო. თუმცა, ხანდახან მაინც დაუძლეველი სურვილი მაქვს გაზიარების და რაღაცეების მოყოლის. მოკლედ, ასეა თუ ისე, მაინც მომწონს წერილების ფორმატის მიგნება. 

დღეს ისევ ვფიქრობდი იმაზე, თავში რაღაც რომ მომივდა, აზრი, ან ასოციაცია, ან ფიქრი და გაზიარება მინდა, იმ წამს პირდაპირ გონებიდან ბლოგზე დრაფტად დაწერის საშუალება უნდა იყოს მეთქი. აი გაიფიქრებ და აქ დაიდრაფტება. მაგრამ მერე მივხვდი, მე ხომ განსაკუთრებით ის მომწონს, კლავიატურაზე რომ დარბიან თითები. წერის მომენტი მომწონს. ალბათ გასული საუკუნის 30-იან (?) წლებში რომ მეცხოვრა, კარგი სტენოგრაფისტი დადგებოდა ჩემგან. ისე, სასამართლოზე აღარ იწერენ სტენოგრაფისტები მთელ სხდომას?

ამ წერილების მონახაზები ხანდახან თავში კეთდება. აი რამეს ვაკეთებ, სადმე მივდივარ, ან ვვარჯიშობ და უცებ იწერება თავში. მაგრამ მერე თუ ის განწყობა აღარ მაქვს, იქვე რჩება და გარკვეული ხნის მერე იშლება. ხოდა მახსოვს, გარკვეული პერიოდის წინ სიყვარულზე დაწერასაც კი ვაპირებდი. ალბათ პირველად ამ ბლოგის ისტორიაში. მაგრამ როგორც ხედავ, ჯერ არ დამიწერია. თუ ისევ წამოვიდა ის ფიქრები და განწყობა, იქნებ რომელიმე წერილში დავწერო კიდეც. დაინტერესდი? :)

თავში ორი სათაური ამოტივტივდა: "დაგვიანებული ყვავილები" და "გატეხილი ყვავილები". ჩემი ასოციაციები უბრალოდ. არ მგონია, ვინმემ დაიჭიროს რამე კავშირი არც წინა აბზაცთან და არც იმასთან, ახლა რა ასოციაციაც წამომივიდა კიდევ: "თარგმანში დაკარგულნი". თუმცა, რა ვიცი. იქნებ ვინმემ დაიჭიროს კიდეც. საინტერესოა, ამ სამიდან რომელი გაქვს ნანახი და რომელი მოგწონს. პირველი ფილმის რამდენიმე კადრს შევხედე ახლა და კიდევ სხვა ასოციაცია წამოვიდა. მაგრამ იმას აღარ დავწერ. თორემ მერე უკვე ჩემთვისაც დაკონკრეტდება წერილის ადრესატი. ან ამ წერილის ბოლო ნაწილის. 

ხვალ შაბათია, მაგრამ ვმუშაობ. მეტს, ვიდრე დღეს. მაგრამ დილით ვარჯიშსაც მოვახერხებ შუალედში. და იმედი მაქვს, ნაშუადღევს გავთავისუფლდები კიდეც. 

ახლა კი განვაგრძობ წიგნის სმენას და ამ ფონზე დავიძინებ. ხო, 00:13.

ღამე მშვიდობის

პ.ს. დღის ფოტო არ მაქვს. ამიტომ აგერ სპონტანურად გადავიღე წერის პროცესი :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..