წერილი #10

                                                          ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ხო, რამდენიმე დღეა არ მომიწერია. ერთი იმიტომ, რომ წერა. ჩემთვის სიამოვნებაა და არ მინდა, სიამოვნება ვალდებულებად იქცეს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა. რატომ არ მქონდა, ზუსტად არ ვიცი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ რამდენიმე მიზეზი, რომლებზე შეჩერებასაც აქ არ ვაპირებ. თუ გეგონა, უბრალოდ არაფერი მქონდა სათქმელი ან მოსაყოლი, ცდები. ყოველთვის არის რამე მოსაყოლი ან გასაზიარებელი. უბრალოდ, მთლად დღიურის სახეც არ მინდა ჰქონდეს და ყველაფერს ვყვებოდე, რაც ხდება. 

მოკლედ, ასეა თუ ისე, დღეს ალბათ დილის, უფრო სწორად უკვე დღის წერილი გამოვა.

ამ ამ წუთას მივხვდი, რა მინდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. აი ასე ჯდომა კვირაში რამდენჯერმე, სრულიად მშვიდი სინდისით და აუჩქარებლად საუზმე ანტრეში, ან სადმე სხვაგან. ამ ერთი თითქოს მარტივი და უბრალო სურვილის უკან კი რამდენი რამდენ წინაპირობას მოითხოვს რეალურად. მე პირდაპირ შედეგზე გელაპარაკები. და კიდევ - ბევრი საინტერესო მოგზაურობა. ასევე მშვიდი სინდისით და აუჩქარებლად, ყველა წამს რომ ირგებ, ისე. 

და კიდევ, გუშინ მივხვდი, რომ რაღაცამ უეცრად 2017 წელი მომაგონდა. რამე განსაკუთრებული არ ხდებოდა იმ წელს. ნუ, თუ არ ჩავთვლით ავარიას, სასწაულებრივ გადარჩენას, მხოლოდ ფეხის მოტეხას და 6 კვირა გიფსით, ჩოჩიალათი და შემდეგ კასტილებით სიარულს. ხო, და არ გამხსენებია, ახლა მომივიდა თავში, 2017 რომ დავწერე. რეალურად კი რა ხდებოდა - ის, რომ მაშინ მივაღწიე რაღაც პიკს, როცა ვგრძნობდი, რომ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვლილიყო, რომ ასე უბრალოდ არ შეიძლებოდა გაგრძელება. არა და რეალურად ყველაფერი კარგად იყო. უბრალოდ მაშინ დადგა ცვლილებების ეტაპი და აი მაშინ, ასევე სასწაულებრივად მოევლინა შანსი ბაქოში წასვლის და ჩემ ძირითად პროფესიაში დაბრუნების. მგონი არც კი დავფიქრებულვარ, ისე გადავეშვი თავით და სულ ცოტა ხანში ვფიქრობდი, ღმერთო, რით დავიმსახურე ასეთი შანსი მეთქი. ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ რადიკალური ცვლილებით.

ხოდა ახლაც ვატყობ, რომ ისევ ის ქარი უბერავს. მაშინ თუ უბნების და ცოტა გაუცნობიერებელ დონეზე მქონდა ის სურვილი, რომელიც თვითონ დაკონკრეტება, ხორცი შეისხა და ისე მომევლინა შესაძლებლობად, ახლა უკვე მიზნის, ან ძალიან კონკრეტული სურვილის სახე აქვს უკვე რამდენიმე წელია. უბრალოდ თითქოს სადღაც შენახულის, და არ ვიცი, კასპერივით არის, თუ რეალურად ხორცს ისხამს ამასობაში. მე კი ჩემი მხრივ დაწყებული მაქვს ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ აქამდე მაინც თეორიად რატომ მეჩვენებოდა? გუშინ გავაცნობიერე, რომ მართლა მინდა და ეს მარტო სიტყვები არ არის. რომ მართლა დადგა ისევ დრო, რომ თითქოს ისევ არ მყოფნის სივრცე და სუნთქვა. კარგია, როცა მიზეზს პოულობ. მერე შეგიძლია უკვე მოქმედება. ხოდა დროა, ისევ სასწაულებრივად, თუ ჩემი ჩარევით მომეცეს ახალი შანსი და გზა, სადაც ახლიდან დავიწყებ თავისუფლად სუნთქვას. ერთად ერთი, რასაც ვერ შევცლი და რასაც სინანულით ვუყურებ - დროა. დრო არ მემორჩილება მხოლოდ.

ახლა ანტრეში ვზივარ, ნუცუბიძეზე. შიგნით ისე უბერავდა კონდიციონერი, გარეთ გამოვედი და მართალია მანქანების ხმაურში, მაგრამ მაინც ნაძვებით შემორტყმულ ადგილას დავჯექი. რაც ჩამოვედი, ვერ მოვაბი თავი ვარჯიშის კარგად დაწყებას. სულ 3 ვიყავი ალბათ. და არაერთხელ ჩავეწერე და გავაუქმე. დღეს გადავწყვიტე, რომ მორჩა, დავიწყებ. იოგაზე მივედი, მიუხედავად იმისა, რომ საბა არ დაბრუნებულა, გავრისკე და ისევ მის შემცვლელ ინსტრუქტორთან ჩავეწერე,
რომელიც არ მოვიდა. ნახევარი საათი ლაპარაკში გავატარ მთელი ზაფხულის უნახავმა ორმა წევრმა, მერე კი ავკრიფეთ ნივთები და აუზზე ჩავედით. გამიმართლა დღესაც. უმეტესობა აქვს აერობიკაზე იყო მისული და საცურაო ხაზებში ბევრი არ დაცურავდა. ნახევარი საათი ვაპირებდი გაჩერებას. ნახევარი საათი 40 წუთში, შემდეგ 45, 50 და ბოლოს 1 საათში გადაიზარდა. ზუსტად 1 საათი ვიცურავე თითქმის შეუსვენებლად, ისე, რომ არ დავღლილვარ და თავიდან ბოლომდე სიამოვნება მივიღე. ახლა კი დამწვარი კალორიები სასწრაფოდ შევავსე კრუასანით და ყავით. ვიცი, რომ მალე იშვიათობა იქნება ამდენი თავისუფალი დრო, იშვიათობა კი არა, სანატრელი. ხოდა ვსარგებლობ ახლა და ვირგებ.


გარეთ გამოსულს, რა თქმა უნდა ფისო მომიცუცქდა. ბევრჯერ მინახავს აქ და დამიპურებია კიდეც. ჯერ მიყურა, მერე კი მაგიდაზე შემომიწყო წინა თათები. თავხეეო მეთქი, სიცილით ვუთხარი და ჯერ პარმეზანის, შემდეგ კი სალამის რამდენიმე ნაჭერი ვუწილადე. მოგეხსენება ჩემი დამოკიდებულება კატებისადმი (და თუ არ მოგეხსენება, ესე იგი საერთოდ არ მიცნობ), გულგრილად რა თქმა უნდა ვერ ვიჯდებოდი. თუმცა, ბოლო დროს ქუჩის და უცხო კატების მოფერებას ვერიდები.

ამასობაში 2+ის ნახევარი გამხდარა. არ გეგონოს, საქმე არ მაქვს. სამეცადინო მაქვს უამრავი. გუშინ პირველი დღე იყო, როცა, როგორც იქნა დავუდე გული და დავიწყე. ხოდა წავალ ახლაც, ჩავუჯდები, სანამ ენერგიული ვარ.

ამჯერად ღამე მშვიდობის ვერ გეტყვი. ამიტომ

ბედნიერი დღე

 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..