წერილი #9

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არსებობ. არც არსებობდი. ხან ისევ შროდინგერის კატა ხარ - თან ხარ, თან არ. ხან ისევ სხვადასხვა ხარ. მაგრამ მაინც მხოლობითში მოგმართავ, რადგან მომართვის მომენტში მაინც ის რომელიღაც კონკრეტული ერთი ხარ.

ამასობაში კინაღამ ჩემ გაჩერებას გავცდი. ავიხედე და უკვე ვაჟას ბოლოში იდგა ავტობუსი. შტოშს მინდა, მივუსწარო და ჩემი საყვარელი ყავის დესერტი თუ ექნებათ, რომელიც ხან აქვთ და ხან არ, კარგი იქნება. ისე, ეს დესერტიც თან აქვთ თან არ. ყავის კრემით და ბეზეთი რაღაც სულ აქვთ. უბრალოდ ეს რაღაც სულ სხვადასხვანაირია. რომელიმე მაინც იქნება.

დღეს სულ არ ვაპირებდი მოწერას.არ ვიყავი განწყობაზე. დილიდან მტკივა ყბა. უფრო სწორად სახის მარცხენა ნაწილი და უკვე ვეღარ ვხვდები, კონკრეტულად რა. ვფიქრობ, ამჯერად ყბის სახსარი არ არის, ან უადგილოდ გაწოლილი სიბრძნის კბილია, რომელმაც ახლა, უდროოდ გამოიღვიძა, ან ღრძილი. და სახსარი ამჯერად არ არის შუაში. ძალიან დამღლელია მუდმივი ყრუ ტკივილი. ცხოვრების ხარისხს დაბლა წევს და ხასიათზე მოქმედებს. განსაკუთრებით, როცა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისა და თავის დადებისას მძაფრდება. გუშინ ღამის 4-ის ნახევრამდე ვიჯექი საწოლში, ბოლოს უბრალოდ გავითიშე ეტყობა და სადღაც დილისკენ თვალდახუჭულმა დავხურე ლეპტოპიც. წუწუნი არ მინდოდა. არც ცუდად ყოფნა მინდა. არც ცუდ ხასიათზე. და არ მომწონს, წერილებში განწყობა რომ შეიცვალა. ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ ვხვდები, რისი ბრალია. მაგრამ გამოვასწორებ, გპირდები. ან ჩემ თავს ვპირდები. 

მანამდე კი სადმე უნდა ვიპოვო ენერგიის წყარო. მაგალითად ისევ იოგაში, როცა ჩემი ყველაზე ფავორიტი ტრენერი დაბრუნდება, შტოშის ყავის დესერტში, რომელიც დამხვდა ტირამისუს უკან მიმალული და გამახარა. კიდევ - ველოში და ხანდახან ალბათ წერილებშიც. ურთიერთობებშიც, რომლებისთვისაც დრო როგორმე უნდა დავიტოვო...

ავტობუსში დავიწყე წერა, გზაში განვაგრძე და ახლა სპარის წინ ვზივარ ეზოში სკამზე. ორი ძაღლი დასუნსულებს ჩემ ფეხებთან. ერთი ცოტა მელიას ჰგავს. ძაღლის კონკრეტული სახელი ამოტივტივდა უცებ თავში. ასოციაციურად. შენ, ერთმა კონკრეტულმა შენ იცის, რა სახელიც. მერე ის მელიისებრი პატრონს გაჰყვა უკან, ტაკოს ქიცინით, თეთრი კი თავისას შეჰყვა სპარში. რა თქმა უნდა, ორივე პატრონი რუსულენოვანი იყო...

დანარჩენს სახლში დავწერ. სულ არ ვაპირებდი მეთქი დღეს მოწერას და მაინც წამოვიდა თემები. კინოში ვიყავი და მაგაზე მინდა ორიოდ სიტყვა გითხრა. წვიმას იწყებს. ავასწრო ჯობს.

იწყებს კი არა, თურმე უკვე წვიმდა. განათებაზეღა მივხვდი. იმ მელიისებრმა ძაღლმა და მისმა პატრონმა არ ვიცი, როგორ მოასწრეს წრის დარტყმა, ჩემ ეზოში რომ შემოვედი, უკვე კორპუსის უკანა ეზოდან გამოდიოდნენ და ისევ შემეფეთნენ. დღეს დილიდან გასული ვარ. ისე მესიამოვნა ახლა სახლში დაბრუნება. ბედნიერებაა, როცა გაქვს ადგილი, სადაც დაბრუნება გიხარია. 

ხო, კინო. უფრო სწორად ფილმი - ოპენჰაიმერზე ვიყავი. და უცებ სადღაც შუა ფილმში, ანუ სადღაც 1.5 საათის მერე გამანათა, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერილის ერთ-ერთი საყვარელი რომანის მთავარი გმირის პროტოტიპი სავარაუდოდ ოპენჰაიმერი იყო. არ ვიცი, მიხვდი თუ არ. იქნებ კი - კურტ ვონეგუტის "კატის აკვანს" ვგულისხმობ. პატარა მოკვლევა ჩავატარე გუგლში, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ მივიღე. ვარაუდის დონეზე კი, ის იგულისხმება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი კონკრეტული პასაჟი მაქვს ამ წიგნიდან თავში ჩარჩენილი ძალიან მყარად. როცა შვილი თავისი ბავშვობის ერთ ეპიზოდს იხსენებს - მამა, რომელიც ფაქტობრივად არასოდეს ეკონტაქტებოდათ და რა თქმა უნდა არც ეთამაშებოდათ, ერთ მშვენიერ დღეს რატომღაც თავისი კაბინეტიდან გამოდის, მასთან ხალიჩაზე ჯდება და მისი მატარებლით იწყებს თამაშს. ბიჭი აღწერს, რამდენად ახლოს იყო მამის სახე, როგორ მკვეთრად ხედავდა  მის ნაკვთებს. ხომ არ გადავიკითხო, დავფიქრდი. წიგნი, რომელსაც ძალიან აქტიურად ვუსმენდი და ხან ვკითხულობდი, რატომღაც დაპაუზებული მაქვს რამდენიმე დღეა. დავასრულებ, და მერე დავიწყებ ამას. 

ხო, ფილმს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ 3 საათიანი იყო, არც ერთი წუთი არ მომბეზრებია, არ მომემძინარა, სქროლვა არ დამიწყია, მხოლოდ რამდენიმე მესიჯი, რომლებიც იმ წუთას მნიშვნელოვანი იყო ორივე მხარისთვის. მოკლედ, ფილმმა გაამართლა და წიგნის გადაკითხვის სურვილიც აღმიძრა. 

ამ წერილებს რომ არ ვასაჯაროებდე, ან ბლოგზე მაინც რომ არ ვდებდე, ალბათ უფრო მეტ დეტალს დავწერდი ხოლმე. მაგალითად იმას, თუ სად და როგორ იწერება ახლა წერილის დასასრული. მაგრამ შენს გარდა კიდევ არ ვიცი, ვინ და რამდენი კითხულობს. მხოლოდ ის შემიძლია განვსაზღვრო, ვინ არ წაიკითავს. შენ კი კითხულობ? გააჩნია, შენ ვინ ხარ. კი და არა. 

შროდინგერის კატის წერილები ხომ არ დავარქვა საერთოდ? :)) არა, ერქვას უმისამართო წერილები, ან უბრალოდ წერილები. შროდინგერს თეგში ჩავამატებ :)

ხო, რაღაცეები ეტყობა ერთმანეთს დაემთხვა, რაღაცეები დაგროვდა, რაღაცეებზე გვიანი რეაქცია მაქვს. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ესეც გაივლის, რადგან ყველაფერი გადის. რეალურად კი, წერა აშკარად თერაპიულია, რაღაცისგან იცლები და თავს უკეთ გრძნობ. წერა, როგორც გაზიარების მეთოდი. 

წავედი ახლა, ყავის დესერტი მელის. მკიდია, 200-500 გრამის მომატება-არ მომატება, თუ ამ წუთას ეს მაბედნიერებს, ხვალ დავიკლებ, თუ დამჭირდა. ან იქნებ აღარც მინდა ჭამა? ძალიან მეძინება, იქნებ არც წამოვდგე და უბრალოდ დავხურო ლეპტოპი და გამოვიძინო. ვნახოთ.

ღამე მშვიდობის

პ.ს. ეს სურათი არ მახსოვს, საიდან მაქვს. ახლა ერთი 10 წუთი მაინც ვეძებე საკუთარ ფოტოებში ფბ-ზე. მივაგენი, მერე დავსერჩე და აქამდე თურმე სულ ტყუილად მეგონა "კატის აკვანის" ერთ-ერთი გამოშვების ქავერი. ეკუთვნის ვინმე Bernard "Hap" Kliban-s, კარიკატურისტს. არა და როგორ დამშვენდებოდა ყდას. მოკლედ, ამ პოსტის დასურათება ეს იყოს :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..