წერილი #8

ეს იქნება წერილები, რომლებიც არ გაიგზავნება.

დღეს აი ისე უბრალოდ ქუჩაში მიმავალს რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში, თუ რაღაც ასოციაციები, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ვიფიქრე - ყველაფრის გაზიარება მინდა, ყველაფრის მოყოლა. ასე ზეპირსიტყვიერად ვის ელაპარაკები ადამიანი ყველაფერზე, აი სულ ყველაფერზე, რაც თავში მოგდის, ხედავ, გრძნობ. ნუ ბევრ რამეზე კი, გარკვეულ ადამიანებს, მაგრამ თავში გავლებულ ყველა დეტალზე და ხან სისულელეზეც? მოკლედ, მგონი გაზიარების კარგ გზას მივაგენი ამ ეტაპისთვის :)

გუშინ ვეღარ დავჯექი დასაწერად. ისეთი საღამო იყო, რომ… ჰმ, არ ვიცი, როგორი საღამო იყო. მოკლედ, ფიზიკურადაც და ემოციურადაც ვერ გადმოვერთვებოდი წერაზე. დავიღალე, ოღონდ სასიამოვნოდ და დავიძინე. დეტალები რომ არ მოგიყვე?

გუშინ დავფიქრდი, მეც არ მიყვარს დამშვიდობება? აი ისე, მთელი ამბებით და ცრემლებით და აჩუყებებით. არ ვიცი. ვერ მივხვდი. მაგრამ ხანდახან შეიძლება მართლა ჯობს, უბრალოდ ისე გამოემშვიდობო ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, და არა ისე, რომ რ იცი, კიდევ როდის შეხვდებით. ზოგადად, ეს ზაფხული (კატეგორიულად არ ვიმჩნევ, რომ ზაფხული მორჩა და უკვე შემოდგომაა. ისევ ზაფხულის მოუდზე ვარ ნაწილობრივ და ჩემი ხის კალენდარზეც არ შემიცვლია თარიღი. ჯიუტად 31 აგვისტო დგას), დამშვიდობების ზაფხული იყო თითქოს. ზოგი დიდი ხნით, ზოგი ცოტა ხნით, ზოგი გაურკვეველი ვადით და ზოგიც დაუმშვიდობებლად დამშვიდობებული. 

და გარდა ამისა, გუშინ ვლაპარაკობდით, არ იყო კარგი ზაფხული... ბევრი სხვადასხვა მოვლენის გამო. ბერვი შეიძლება არ, მაგრამ მოვლენის მასშტაბურობა იყო ისეთი... ისეთ თემებს შევეხეთ, რომ ჩაუღრმავდე, შეიძლება ძალიან დამძიმდე და უიმედობა გაგიჩნდეს. არა და მერე ფიქრობ, უნდა შეხედო მეორე მხარეს და მადლობელი იყო ყოველი დღისთვის, წუთისთვის, რომელიც შენთვის დგას, დილისთვის, რომელიც გაგითენდა. არ ვიცი, მომავლით ცხოვრება რამდენად აზრიანია. დღეს უნდა იცხოვრო. და კარგი მომავლის - გჯეროდეს. 

რა უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც მომიწია მუშაობა, მაინც ისე მიხარია ხოლმე შაბათი, თითქოს სხვა დღეებში სამსახურში ვიყო წასასვლელი და ამ დღეს უბრლაოდ სახლიდან ცოტა ხანი მუშაობა მიწევდეს. მაინც რაღაც სხვა განწყობა აქვს შაბათს, არ ვიცი, რატომ. დღეს დილით იდეაში იოგაზე მინდოდა წასვლა, მაგრამ გუშინ ჩაწერა დამავიწყდა, სამაგიეროდ დილითვე დავუნიშნე გაკვეთილი მოსწავლეს. მერე სითი მოლში შევხვდი მეგობარს, დაბადების დღის კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე, ყავა დავლიე, ვილაპარაკეთ, მერე მოვბრუნდი, კიდევ გაკვეთილი და... ახლა უდიდეს სიამოვნებას ვიღებ იმით, რომ შემიძლია უბრალოდ არაფერი ვაკეთო. არაფერი ვაკეთოში კი წიგნის კითხვა, წერა, ან თუნდაც სერიალის ყურება შედის. 

სახლში ახალი მცენარეები მყავს. მგონი არ მითქვამს. ავსტრიაში ხომ არ წაიღებდნენ ჩემები ამ მცენარეებს :) ხოდა კი ავდივარ ხოლმე და ვუვლი, მაგრამ როცა გააქირავებენ, მერე მდგმურების იმედად ვერ დავტოვებდით ამდენ ლამაზ მცენარეს. ხოდა მე რაც შემეძლო, ჩამოვზიდე, ნაწილი მშობლებმა წაიღეს. მოკლედ, გუშინ ვხუმრობდი, მცენარეები ვიშვილე მეთქი :) მინი ორანჟერეა მოვაწყე ამ პატარა ბინაში :)) მაგრამ ისე, რომ ლამაზად გადანაწილდა, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შემოიტანა და გალამაზდა. შემოსასვლელში ასევე დაბადების დღეზე ნაჩუქარი უსაყვარლესი ნახატი - პინგვინები დავკიდე და რომ შემოდიხარ, ძალიან ლამაზი კუთხე გხვდება თვალში.
საძინებელსაც ძალიან მოუხდა მცენარეების კუთხის სადგამი და სიმწვანე. აა, ხო,  ეს მინდოდა კიდევ მეთქვა - როცა ავდიოდი ხოლმე მოსარწყავად, ველაპარაკებოდი მცენარეებს. არ დამცინო :) აპრობირებული პრაქტიკაა, პირველი არ ვარ, ვინც ამას აკეთებს :)) ჩემებსაც ველაპარაკები, განსაკუთრებით, თუ რაღაც პერიოდი დატოვება მომიწია და დავბრუნდი. თბილად ველაპარაკები :))

კიდე? კიდე მინდოდა რაღაცეების თქმა, მოყოლა, მაგრამ ეტყობა გამომვარდა თავიდან. ალბათ იმ წუთას უნდა ჩავინიშნო ხოლმე, როცა მინდება მოყოლა. რაღაცნაირ განწყობაზე ვარ. არ ვიცი, როგორზე. ხან აჩუყებული, ხან - ცოტა აღელვებული ამ ახალი წლის დაწყებით და იმაზე ფიქრით, ხომ კარგად ჩავამთავრებ ყველაფერს, ხან ცოტა მოწყენილი, ხან პირიქით, ხანაც - უბრალოდ ოთახიდან ოთახში გავდივარ და უეცრად ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ აი აქ ცხოვრების უფლება და საშუალება მაქვს და ყველათი და ყველაფრით, რაც დღეს მაქვს. 

ხვალ დილით ალბათ სუფთა ჰაერზე სპორტით დავკავდები :) ანუ ლისზე ან კუს ტბაზე ვივლი ფეხით. ისედაც ვცდილობ, რეჟიმში ჩავჯდე ისევ და ადრე დავიძინო. რაც ეს დავიწყე, თავის ტკივილებიც მომეხსნა. ახლა კიდევ ერთი მიზეზი მექნება ადრე დაძინების. ხო, ჯერ კი ადრეა, 11 დაიწყო, ჯერ არ ვწვები, მაგრამ მაინც

ღამე მშვიდობის

პ.ს. ეს ფისო კლავიატურაზე ზის, ან წევს და მიყურებს, როგორ ვწერ. ერთი ასეთი კარგად დავაბინავე, კარგ ხელში ჩავარდა ;) ეს კი - მე შევიფარე. 



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..