დილა მარაზმ(ებ)ისა

მშვენიერია, დილიდან ხელოსნების გარემოცვაში, შემდეგ ქავთარაძის და შემდეგ ჩვეულებრივ ბაზრობაზე რომ აღმოჩნდები

კარგი, ხელოსნების და მჟონავი მილის ამბავი ახალ სახლში მალე მოგვარდა და გადაბარდა საჭირო პირს

მერე "ქავთარაძის ბაზრობა"ზე აღმოვჩნდი საშხაპე მილით/შლანგით (თუ რა ქვია) ხელში, რომელიც წყალს ასხამდა. ახალი უნდა მეყიდა. აქაც ძალიან კარგად წარიმართა ყველაფერი. ჭაღარა გამყიდველი ხელმარჯვე ოსტატიც აღმოჩნდა და თან პატიოსანი. სანამ "შემომასაღებდა" რამეს, მკითხა, რა სჭირდა შხაპს, შლანგი გამომართვა, შეამოწმა და დაადგინა, რომ არსაიდანაც არ ასხამს. მერე სავარაუდო მიზეზიც მითხრა, პატარა რეზინებიც ჩამიდო პარკში და ასე გაღიმებული გამომიშვა უკან. ეს - კარგი.

მერე დავიწყე შრომის წიგნაკზე ზრუნვა. ჩემდა გასაკვირად ერთ პატარა საკანცელარიო მაღაზიაში აღმოაჩნდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი ვერსია. რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე შევიძინე ბაზრობაზე. ახლა კი ძველს ვეძებდი, რომელიც მაშინ ფულის უქონლობის და მისი შედარებით სიძვირის გამო ვერ შევიძინე. და რად მინდა ორივე? არ ვიცი. მგონია რომ თუ დამჭირდება, შეიძლება ეს ძველი დამჭირდეს და თუ გამომივა, ორივეს შევავსებინებ ჩემს ძველ "დამქირავებლებს", რომელთა ჩამოვლაც უსაზღვროდ მეზარება. а придется... სანამ თავისუფალი ვარ. ავედი ფორმატში. დიდი საბითუმო საკანცელარიო მაღაზიაა, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. არც ერთი ვარიანტი. აბა რა, საკანცელარიო ნივთების საბითუმო მაღაზიაში რა უნდა შრომის წიგნს?! ფუ, თქვენი...

ნუ, რახან გამოსული ვარ და ფულიც თან მაქვს, წავალ ბარემ ბაზრობაზეც, თან ოდნავ უბერავს და იქნებ არ დავიხრჩო.

მეტრო - საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება მანქანის არ ქონის/ყოლის და პრინციპში ისედაც - შემთხვევაში. გრილა. ჯდები. ვიღაცის უკანალი არ გაქვს სახესთან. სივრცეა და სწრაფია.

ერთი ის არის, დელისიდან ერთი და იგივე ლიანდაგიდან ორი სხვადასხვა მიმართულებით გადის მატარებელი. სანამ აბრა იდგა და განათებული ასოები გამცნობდა მოახლოებული მატარებლის მიმართულებას, მაშინ რა მიჭირდა. ახლა აბრა რატომღაც მოხსნეს და მხოლოდ ქალის ხმა გამცნობს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას. ოღონდ ამას უნდა მოუსმინოთ:
1. მატარებელი მიდის სადგურ ვაგზლის მოედანზე
2. მატარებელი მიდის სადგურ ვაჟა-ფშაველაზე

არ ვაჭარბებ, მართლა ვერ გაარჩევ, ზუსტად ერთნაირად ისმის ორივე ვერსია და მიდი ახლა და იმკითხავე, სად მიდის მატარებელი. ხომ შეიძლება შეგეშალოს, ჩაჯდე სხვა მიმართულებით. კარგი, ეს თუ უკვე დაძრულზე აღმოაჩინე, მოგიწევს შემდეგ სადგურზე ჩამოსვლა და უკან დაბრუნება. მაგრამ უკან დაბრუნებულს შემდეგ მატარებელზეც რომ იგივე დაგემართოს და იმის შემდეგზეც და ა.შ.?! წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება. ამაზეც მიფიქრია.

ხო, კიდევ ის ვიფიქრე, უნდა შევხედო სად ზის მძღოლი, მატარებლის თავში, თუ ბოლოში და ამით მივხვდები სად მიდის მეთქი. მაგრამ ესეც რთული გამოდგა. მძღოლი ბოლო მომენტში შედის კაბინაში. არსაიდან აღმოცენდება და შედის. ასე რომ ვერ ენდობი.

კიდევ ერთი ვერსია, სათადარიგო, რომელიც დღეს აღმოვაჩინე - სხვის შეცდომაზე ვისწავლე. მე მართალია ჯერ არასოდეს შემშლია და უშეცდომოდ (ალბათ ქალური ინტუიცია მშველის) ვჯდები სასურველი მიმართულებით, მაგრამ მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ხოდა დღეს, ვიღაც მამაკაცი ელდანაკრავივით გავარდა უკან, ანუ გარეთ, ვაგონიდან, როდესაც ქალის არც თუ ისე მომხიბლავმა ხმამ უკვე გარკვევით გამოაცხადა: ფრთხილად, კარები იკეტება. შემდეგი სადგური - სამედიცინო ინსტიტუტი! როგორც ჩანს ის ვაჟაზე მიდიოდა... ნუ, აღქმა და გასვლა მოასწრო.

ვაგონის ბოლო ნაწილში ჯდომა მიყვარს, გვერდზე ვაგონს რომ ესაზღვრება. ფანჯარასთან. საიდანაც მეორე ვაგონის ფანჯარა და შესაბამისად იქ მიმდინარე მოვლენებიც ჩანს. დავჯექი და ხალხს დავუწყე თვალიერება. რომელიღაც გაჩერებაზე აღმოვაჩინე რომ იმ ვაგონში კარებთან ფრიად საინტერესო ახალგაზრდა მამრი ობიექტი იდგა. საინტერესო მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით. თეთრი ფართო საროჩკის გრძელი სახელოების მაჯებზე ღილები შეხსნილი ჰქონდა. თავზე შავი საკმაოდ სქელი შლjაპა ეხურა და снисходительно უყურებდა საზოგადოებას. რაღაც მომენტში გავიფიქრე, აქვე, მეტროს სადგურებზე დიდი სარეკლამო ბანერიდან გადმოსული სერიალის გმირი ხომ არ არის მეთქი. ზუსტად მატარებლის მოსვლამდე მომხვდა თვალში კიდევ ერთხელ, რომ მხოლოდ სერიალების უზარმაზარი რეკლამებია გაკრული. მეტროს კედლიდან ბრაზილიელი ლამაზმანები და მაჩოები გიღიმიან. და ძალიან თუ მოიხიბლე, შეიძლება ისე გადააბიჯო დაშვებულ ზღვარს, რომ ლიანდაგზეც ამოჰყო თავი...

ბაზრობა. ზაფხული. ცოტნე დადიანი ჩემი მეგობარი რომ ყოფილიყო, ალბათ თავგანწირვად ჩათვლიდა ამას და თავადაც გამომყვებოდა... მგონი იმუნურმა სისტემამ შექმნა ეს მეთოდი: მივდიოდი სრულიად უტყვად და მიმიკაშეუცვლელად. მივხვდი, რომ გვერდზე არ ვიყურებოდი. მხოლოდ თვალის კუთხით ვგრძნობდი ადამიანის ან მანქანის სახით საფრთხის მოახლოებას. არც ძირს დამიხედია. პირდაპირ და ოდნავ ზევით მიმართული მზერით და სწრაფი ნაბიჯით გავიარე მთელი ტერიტორია. ამჯერად უკვე ზუსტად ვიცოდი, სად მივდიოდი და ამან დავალება გამიადვილა. წინა ჯერთან შედარებით (და ეს წინა ჯერი სულ რამდენიმე დღის წინ იყო) შრომის წიგნი - რუსული ვერსია 2 ლარით გაძვირებულიყო. არ მეგონა ასეთი სისწრაფით თუ აისახება საკანცელარიო ნივთების ფასებზე ნავთობის ფასის მერყეობა. დავიკიდე. ისიც ვიცოდი, ზოგან 5 ლარით მეტიც ღირდა. მიზანი - ყიდვა და აქედან სასწრაფოდ გაღწევა იყო. საბედნიეროდ არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისთვისაც ბაზრობაზე სიარული რაღაც საკრალურია და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მხოლოდ უკიდურესი დაჭირვების შემთხვევაში აღმოვჩნდები იქ, როცა ის, რაც მინდა, სავარაუდოდ მხოლოდ იქ იყიდება...

უკანა გზაზე გამახსენდა, რომ დიდი ხანია უკვე სირბილის დაწყებას ვაპირებ. რომ ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც უნდა დამეწყო, უკვე დაიწყო. და რომ შესაბამისი შორტები ან ბრიჯები მჭირდება. მსგავსი აღჭურვილობის პირველივე დახლთან შევჩერდი. რა თქმა უნდა არაფერი მომეწონა. ის არ იყო, რაც მინდოდა. რადგან ტრუსიკის მსგავსი შორტები დავუწუნე და უფრო ბრიჯები მინდა მეთქი ვუთხარი, კაცმა ეს თავისებურად აღიქვა.
- კარგით, მოვიფიქრებ, თუ სხვა ვერაფერი ვნახე
- კაააგი, იფიქრე, უთხარი. მაინცდამაინც კოჭებამდე ხომ არ უნდა იყიდო?! ეჭვიანია, არ გაცმევს?! რა არის, კაცო?! - და თან ეღიმება გულით
- :) :) :)
არ შევწინააღმდეგებივარ. გამეცინა და წამოვედი... რაზე მეტყობოდა?!...

მივხვდი, ყველგან ერთი და იგივე იქნებოდა და წამოვედი. გამოსვლისას კიდევ სადღაც შევჩერდი, ცოტა ნორმალური ვარიანტები მეჩვენა.
- ბრიჯებს ეძებთ?
- დიახ
- აი, აქ არის. თურქული ხარისხია ყველა (როდის აქეთ გახდა თურქული ხარისხი მისასალმებელი?! ალბათ ამით უნდოდა ხაზი გაესვა, რომ არა ჩინური, არამედ თურქული!...), შესაბამისად ფასიც მეტია...
- (ფასი ვიკითხე. მართლა შთამბეჭდავი აღმოჩნდა. წავალ და Nike-ში ვიყიდი...)
- მოდელები არის. გულს არ დაგწყვეტთ. თუ არ მოეწონება (!!!!) მოდელი, მოიტანეთ და გამოგიცვლით
- ...... ..... მადლობა. მოვიფიქრებ
- დიახ, უთხარით, ჰკითხეთ როგორი უნდა და...

თურმე ამჯერად უკვე თვითონ მეუღლისთვის ვეძებდი... omg! რა გამიტრაკეს საქმე! :))) რა ვქნა, დიდი ტრაფარატი დავიკიდო გულზე წარწერით - "გათხოვილი არ ვარ!" ?

ბრიჯები, შორტები დავიკიდე. სახლში მაქვს უმოკლესი შორტი. მიყვარს. და დიახაც, ჩავიცმევ და ასე წავალ. რატომაც არა?!

გეზი პირდაპირ მეტროსკენ ავიღე. ადამიანები ისევ მოძრავ ლანდებად იქცნენ.

ხმები არ წყდება: "აბა თეიმუროვის მალამო! ფეხსაცმლის საწმენდი! პარკები! ელემენტები იაფად! რუსეთის ვიზები! ქსეროქსი 3 თეთრად! მანტო-პალტოს საწმენდები! პასტა თეიმუროვა...."
და პერიოდულად (ეს ქალი თან დამდევდა თუ რა იყო?!): "ბრეტელებიი! გოგონა ბრეტელები არ გინდათ?!... ბრეეეტელებიი! გოგონა ბრეტელები არ გინდათ?!... ბრეტე....." 'ქალბატონო! კარგად შემომხედეთ, ჯერ, რა!' - ეს ჩემთვის ჩავილაპარაკე ბოლოს...

- დეიდა, დამეხმარე!
- აქეთ დამეხმარე, "შვილო"! (ეს ჩემი ჩვეული პასუხია ბოლო დროს პატარ ბავშვების ამ თხოვნაზე)

დეიდა! ჰმ! ვინ არის ამის დეიდა?!



რამდენიმე დღით ადრე:

პიკასოს გამოფენაზე შესასვლელად ბილეთებს ვყიდულობ.

- სტუდენტური, ხო?
- სტუდენტური? არა, არა! - მეღიმება. და ვფიქრობ რომ ეს "არა" საკმარისია მისახვედრად - სტუდენტი აღარ ვარ
- ა, მოსწავლის?! - ქალი აშკარად არ ხუმრობს.
- ...

ღიმილს გაოგნება ცვლის. ცოტა ხანი ასე ვუყურებ. მერე ისევ მეღიმება და
- არა, ჩვეულებრივი. დიდი ხანია მაგ ასაკიდან გამოვედი :)

ახლა გამყიდველის გაოცების ჯერია...


ამასობაში მეგობრებიც მიერთდებიან და გზაში სიცილით ვუყვები ამ დიალოგს.

და დღეს - დეიდა! მათხოვარი ბავშვების გარდა ყველა პატარად აღმიქვამს. ანუ ბევრად უმცროსად, ვიდრე ვარ. ისე, 7 წლის ბავშვისთვის კი ვარ ალბათ დეიდა, რას ვერჩი...

მეტროში ჩასული ვგრძნობ, ახლა რომ არ დავჯდე, გული წამივა. შიმშილისგან. მახსენდება, რომ გუშინ საღამოს 5 საათის მერე არაფერი მიჭამია. ახლა 1 საათია... და წინა დღესაც ასე იყო. ისევ დამეწყო 24 საათიანი კვების/უჭმელობის ფაზა. უბრალოდ არ მშია. ვერ ვჭამ. არ მინდა. მაგრამ ხანდახან ამის გამო მაქანავებს :) ახლა სახლში როგორც კი ავალ, შევჭამ - ვფიქრობ. მოაღწია მატარებელმა. სანამ კარი გაიღება, მანამდე აცხადებს ზემოთხსენებული ხმა: "ფრთხილად, კარები იკეტება! შემდეგი სადგური...." არა, გაჩერება მაინც აცადოს ახალმოსულ მატარებელს, კარის გაღება თუ არა. დახურვაზე არაფერს ვამბობ. ვინ დაამონტაჟა ასე საოცრად ეს მექანიზმი....

ვჯდები და მოპირდაპირე კედელზე რეკლამებზე მიშტერდება თვალი. მერე კითხვას ვიწყებ: "10, 11, 12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ...." მე- -ე თავსართ-ბოლოსართის არსებობის შესახებ ყურმოკვრითაც კი არ აქვთ გაგებული... ვახ, რა მარაზმში ვართ...

მეტროდან ამოსული ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს და ჭამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება ისევ აბსურდული და უაზრო მომეჩვენა :)

ეზოს მაღაზიაში ნაყინზე შევიარე. "ნუვო" - ჩემი საყვარელი ნაყინი (თუმცა უკვე ნაყინიც მკიდია). ამ ხალხმა კითხვა არ იცის?! რატომ, აი ამიხსენით რატომ წერია ყველა მაღაზიაში ნაყინის მაცივარზე დაკრულ ქაღალდზე ჩამონათვალში "ნუგო" - "ნუვო"-ს ნაცვლად?! მარაზმი...

გამოსვლისას ნაცნობი მეჩეხება კარებში. დიდი ხნის ნაცნობი. ქალი. დიდი სიყვარულით და სითბოთი რომ გხვდებიან ყოველ ჯერზე. დავასწარი, და მე მოვიკითხე ჯერ მისი ოჯახი. პასუხს პირდაპირ მოჰყვა შეკითხვა: "შენ რას შვები? კიდევ ისე დადიხარ?" (გასაგებია, ხო?!!!! ანუ, არ გათხოვილხარ კიდე?!)

.............................................................................................

ოოოოოოოოოოოოოოოო (ბეკოოოოო)

ზრდილობიანად ვუპასუხე და მალევე დავემშვიდობე....

თითქმის სადარბაზომდე მისულმა დავინახე კიდევ ერთი უბნ... ეზოელი. ამჯერად ბიჭი. 'აუ ახლა ამანაც რომ რამე მკითხოს, მართლა გავაფრენ ან სიცილით გავგორდები მიწაზე.' მერე უცებ მივხვდი, რომ ბ-ოს შეიძლება სცოდნოდა, რომ გადავდივართ და ამის შესახებ ეკითხა ან გულის დაწყვეტა გამოეხატა (როგორც ყველას, ვინც კი მხვდება ბოლო 7 კვირაა ეზოში თუ შემოგარენში. მგონი ამიტომ არ გავდივარ სახლიდან ღამემდე. მერე ნაკლები შანსია ვინმე შემხვდეს. თუმცა ესეც არ ჭრის: ამას წინათ 2 საათზე სახლში დაბრუნებულს დამემგზავრა მეზობელი, რომელმაც ასევე მოასწრო 8 სართულის მანძილზე ამ თემის განვითარება...). მაგრამ ბ-ოს მობილურზე დაურეკეს ამ დროს და მხოლოდ თავაზიანი ღიმილით და მისალმებით შემოიფარგლა.

მისია თითქმის შესრულებულია! თითქმის სახლში ვარ! სადარბაზოს სულ რაღაც 5 ნაბიჯი მაშორებს. ახლა უკვე ლიფტს მაშორებს 10 საფეხური და... ლიფტის კარი იღება და გამოდის მეზობელი, ხანშიშესული ქალი, რომლის ლაპარაკის უნარიც და ხანგრძლივობაც საარაკოა. მისი სტუმრობის მერე ბებიაჩემს როგორც წესი წნევა უწევს მაღლა, ისე იღლება. 'დამერხა'... ლ-ს როგორც ჩანს ეჩქარებოდა. ჩემდა გასაკვირად როგორც ჩანს არ იცოდა ბინის შესახებ (არა და იმ კატეგორიას მიეკუთვნება, 10 სართულიანი და 8 სადარბაზოიანი სახლის ყველა მაცხოვრებელზე ყველაფერი რომ იციან). ეხ, ლ. ბებია, დაბერდი... ცოტა ხანს მესაუბრა. სამსახურზე (!) მკითხა და ასევე ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე ამოწურა ეს თემაც და ოპტიმისტურ-გამამხნევებელ ნოტაზე დამემშვიდობა....

развязка:

შხაპის შლანგი (?) აღარ ასხამს წყალს. ისე მოვიქეცი, როგორც კეთილმა გამყიდველმა დამარიგა და ახლა ვლოცავ.

ისევ აღარ მშია, რა თქმა უნდა. შხაპის დამაგრების შემდეგ მაშინვე კომპს მივუჯექი, რომ ივლისის სიცხით გაჯერებული შთაბეჭდილებები და გზადაგზა თავში ჩამოყალიბებული პოსტი გაგრილებამდე გადმომეტანა ბლოგზე. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ვინმეს ეყოფა ნებისყოფა ამხელა პოსტის ბოლომდე წაკითხვისა. პატარა პოსტუკებად ხომ არ უნდა დამეყო, ასე ხომ არ ჯობდა?! :)))

ახლა მალე წყალი დაწყდება. ასე რომ ჯობია შევვარდე და მერე... მერე მაინც ვჭამო. სანამ მოლას ვირის ბედი გამიზიარებია...


p.s. საკუთარი რეკორდი მოვხსენი, მგონი. ეს რამხელა პოსტი გამომსვლია... :) თუ წაიკითხავთ, კომენტარიც დამიტოვეთ, რა. თუნდაც - "წავიკითხე". უბრალოდ მაინტერესებს, ვინმე თუ შეეჭიდება და ჩავა ბოლოში და ვინ იქნება ის თავდადებული :)

Comments

ნაიკ said…
წავიკითხე ცის :)
tata said…
თავდადებულისა რა გითხრა, მაგრამ, აი, მზით გადავსებული ქუჩებისა და მოკონტურებული ფიგურებისაგან, მეც - შებეზრებები დამეწყო...არადა, მთელი წელი მზის მოლოდინში გავატარე...
ჰო, კიდევ, - მგონი ასე სჯობს, მრავალმხრივობა სიახლეებში,
(გარემოსა და ადგილის გამოცვლას ვგულისხმობ)...
დილის მარაზმებისა კი....აბა რა გითხრა, ალბათ, ყველგან, სადაც მახვილი თვალი სწვდება, ანდაც - დახუჭულობა არ/ვერდანახვის სიმბოლოდ...
© said…
ტატაა! გაერკვიე ანუ მაინც ბოლომდე! ყოჩაღ და მადლობა! :)

ნაიკ! ბღავოოო! მცოდნე ბრავო! :)
Lisa said…
წავიკითხე... მოვწიე... ყავა მივაყოლე... :D
© said…
ვაა, კარგია, კარგი, მომწონს! :)
Anonymous said…
დელისის მეტროსი მე სერიოზულად მეშინია. ერთი იმიტომ, რომ კიდეები არ აქვს, ნუ, როგორც რუსთაველს და თავისუფლებას და ა.შ. და შესაბამისად ყველა ჩემი კოშმარული სიზმრის მთავარი გმირია, მეორე კი სწორედ ამ ბოლო დროს უგზო-უკვლოდ გამქრალი მონიტორია და ხმა, რომელსაც ვერც მე ვარჩევ. გამოსავალი: ის მატარებელი, რომელიც ვაჟაზე მიდის, ცარიელია, ვაგზალზე მიმავალს კი ვაჟადან ხალხი მოჰყვება ხოლმე :) ხომ ასეა? მგონი კი.

პ.ს. მიმაწერეთ ცოტნე დადიანების იმ სიას, პოსტებს ბოლომდე რომ კითხულობენ :)
© said…
კი, კი, მასეა და მაგ ვერსიის მიწერა დამავიწყდა. ეგ ყველაზე უსაფრთხო გამოსავალია.
თუმცა, ხანდახან ხდება ისეც, რომ ცარიელი მოდის და მიდის სადგურზე. ანუ ვაჟადან ხალხი არ მოჰყვება, ეგრეც ხდება. ამიტომ ალბათობა შეცდომის არ დაშვების მხოლოდ 99% :)

მეგობრებო, თქვენს რიგებს კიდევ ერთი ცოტნე შემოუერთდა!

დაწინაურდა ერთი ბილეთი... :))))
© said…
პ.ს. ხო, კიდევ დანამდვილებით ვიცი ერთი, რომელმაც წაიკითხა და მერე ხარხარით დამირეკა და სატელეფონო კომენტარი გამიკეთა
და კიდევ ერთი , რომელმაც ჩემს თვალწინ დაიწყო კითხვა გუშინ და და ბოლომდე არ ჩასულა ჯერ, რამდენადაც ვიცი :)))
Anonymous said…
მე კიდევ დიდი პოსტი რომ დავინახე, გემრიელად მოვკალათდი პირიქით, აი ისე საყვარელი ადამინის მეილი რომ მოგდის და ჯერ იმას რომ აკვირდები რამდენი KG-ა :-))) ძალიან კარგად წერ და ძალიან მომწონს შენი წერის მანერა და შენეული დაკვირვებები, ხშირად წერე რაა :-)))
© said…
დიდი მადლობა, anonym :)
მეც მინდა, ხშირად ვწერო, მაგრამ სამწუხაროდ მუზა როცა უნდა მაშინ მოდის :) და ხანდახან დიდ შუალდებესაც მაკეთებინებს. თუმცა ხანდახან - თავს იგიჟებს...
გააჩნია ეტაპს ცხოვრებაში და სულიერ მდგომარეობას და მიმდინარე მოვლენებს. ne vso tak prosto :)

და ისე, რომელი ხარ? :) ნაცნობი თუ უცნობი? :)

(ბუდუ წერდა ხოლმე როგორც anonym, ტექნიკური პრობლემისდა გამო. ოღონდ ამჯერად მგონია რომ ბუდუ - არ ხარ.)
Anonymous said…
რა უცნაურია, საერთოდ არ გიცნობ ვინ ხარ, შემთხვევით წავაწყდი შენს ბლოგს და ვკითხულობ როცა დრო მაქვს. იცი როგორ აუ ნეტა დღეს რა მოხდა? ან დღეს რა ნახა განსაკუთრებული ან რა განიცადა, ხშირად ემთხვევა ჩემს დღეებს და მომწონს შენ როგორ აღიქვამ ამ სამყაროს :-))) და მერე ძალიან ლაღად რომ წერ. აუ შენ არ ვიცი ვინ ბუდუს გულისხმობ, თუმცა მე,ც :-)) ბუდუ ვარ ოღონდ უმლაუტით :-)))
Anonymous said…
არ გეწყინოს სამსახურიდან რომ წამოხვედი გამიხარდა აუ რა კარგია ახლა ხშირად დაწერსთქო :-)))))
T said…
gisurveb nacnobi agmochndes da ara sheni gulmokluli fani (K...) ;))...dilit sheni adgilsamkopeli kvelam icis da gagecnoba kus tbaze sxvanairad...texti :ona begala po trapee! dalee poshla po parkuu, ne uslishav shorox...:D :D :D :D nu danarcheni shenc ici :D :D
რა კარგი იყო...
უნდა გიხაროდეს, მოსწავლე რომ ეგონე... თუ არა? მე უკვე ქალბატონოს მეძახიან :D
© said…
Sophie, უნდა მიხაროდეს, რა თქმა უნდა და მიხარია კიდეც :) ქალბატონს ჯერ არ მეძახიან და როგორც ვხვდები, კიდევ კაი ხანს არ დამიძახებენ :) ესეც მიხარია :)

T. აუტანელი ხარ, რააააა(ჰ) :))))) შენ არ იცი, დღეს ქუჩაში ვის შევეჩეხე - " ჩემს გულმოკლულ fანს, K-ს..." დეტალები - სკაიპში :))))) რა წინასწარმეტყველური კომენტარი გქონდა, რააა :)))

Anonym, ვააა.... :)
მიხარია (თვალყურს რომ ადევნებ, რომ გაინტერესებს და რომ მოგწონს) :)
Kalo said…
მეც ნინო თავდადებული აღმოვჩნდი :-):-)
ყოჩაღ ქალბატონო, კარგად გიმუშავია :-) მაიძულე ბოლომდე წამეკითხა და გამეგო როგორ დასრულდა შენი უთავბოლო დღე :-):-):-)
ketty said…
me,c cavikitxe:))
shesanishnavia.
me mivdivar dges "detski mirshi" da ertgvari momzadeba gamomivida:)
maka said…
Pusaaa tavdadebuli ar vici da didi siamovnebit ki cavikitxe bolomde!!! tan sul tvalcin medga qavtaradzisa da vagzlis moednis surati :))) auuu ragac mgonia utvalavi clis cin iko maset marshutebs rom davdiodi :) ra dro iko!!. erti ra mainteresebs, deliss isev delisi qvia? da au meore saxeli damavickda :)
s.p. said…
შენა და, ელიავაზე მეც ვიყავი შლანგით...
და მეტრო მომენატრა, დილას ვარჯიშიც მინდა (მეზარება) და

ახლა მალე წყალი დაწყდება. – ეს რო ყოველდღიურობაა ისევ....

90 იანების საქართველო..

ასე მგონია საბურთალოზე ყოველთვის დაყდება, ისე საბურთალო რა საბურთალოა...

თუ არ დაწყდა და აბაზანაში თუ არ აგუბებ....
© said…
11 თავდადებული! :)))

მაკუშა, დელისს ერთი პერიოდი გოცირიძე ერქვა, მაგრამ მიუღებლობა დაემართა ხალხს და ისევ დელისი დაარქვეს :)))

s.p. სხვათა შორის, იქ სადაც გადმოვედით ახლა, არ წყდება :))) ჩემდა გასაკვირად და აბაზანაში წყალს არ ვაგუბებდით არც იქ და არც აქ :))) ასე რომ "ნაღდი საბურთალოელი" არ ვყოფილვარ მე, ვერ გავამართლე :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..