ჩემთვის უჩვეულო ფოტო-სენტიმენტალური გადახვევა

სულ სხვა რაღაცის დაწერას ვაპირებდი. იმის, რაც გროვდება უკვე რამენიმე დღეა და მეტი, თავში. იმის, რომ ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია, როგორც ბოლო დროს ვგრძნობ და ამ სიმშვიდეზე და სილაღეზე, ასევე მოვლენებზე. და დავწერ კიდეც წასვლამდე.
უბრალოდ ახლა თემიდან უნდა გადავუხვიო. რაღაც типа სპეც-გამოშვება

თავი დავანებოთ იმას, სად და რამდენი ვიბოდიალე დღეს, რა ვიყიდე, სად ვიჯექი, ვის შევხვდი, ვისთან ვიყავი და ა.შ. იმას, რომ ძალიან დავიღალე დღის ბოლოს და

მოკლედ, ცოტა სენტიმენტალური პოსტი გამოვა. საერთოდ, ვთვლი, რომ თითქოს ემოციურად გავზერელდი ბოლო დროს. შეიძლება არასწორ ფორმულირებას ვაკეთებ. ანუ არ მეტირება მაგალითად ფილმებზე, რომლებზეც ტირიან, არ ვიგრუზები, არაფერზე მეშლება ნერვები. პრინციპში კი არ გავზერელდი, უბრალოდ კარგად ვარ :))))

ხოდა. დღეს "პლაშჩადკაზე" გასულს მეზობელმა ამომხედა ქვედა სართულიდან და მითხრა - დედას და მამას უთხარი, კოტე მოკვდაო. ვისაც წაკითხული გაქვთ ჩემი "ბატონო ვასო თქვენზე ამბობენ ლიფტში გაიჭედაო" - იქ მყავს ნახსენები მეზობელი, არა მოხუცი, მაგრამ მაინც ხანშიშესული, რომელიც მთელი ის დრო არ მომცილებია და მამხნევებდა "ნუ გეშინია, ბაბუ"-თი. რომელიც ყველასთვის "ბაბუ" იყო, ყველას იცნობდა. ძალიან თბილი. რამდენიმე დღის წინ შეხვედრია დედაჩემს - "თქვენს გადასვლას მე ვერ გადავიტან, ბაბუ"-ო. ნუ, ეს გადაჭარბებით, მაგრამ გული სწყდებოდა, დარწმუნებული ვარ. რამდენჯერ მახსოვს ღამე გვიან გულგახეთქილი ამოქანებული ჩვენთან - შვილიშვილი ავად ჰყავდა ხოლმე ხშირად და ჯერ ბაბუაჩემი და მერე უკვე მამაჩემი მკურნალობდა. ვიცი, ძალიან მადლიერი იყო და უყვარდა ჩვენები. ხოდა აი რა - ადამიანი, რომელსაც 7 სართული გაშორებს, რომელსაც იშვიათად ხედავ, მაგრამ თბილად გხვდება, რომელიც იცი, რომ კარგად არის განწყობილი და უკვე მერე, როცა აღარ არის, ხვდები, რომ ძალიან საყვარელი იყო და თურმე გული დაგწყვიტა. არ მეგონა, გამიკვირდა კიდეც ჩემი თავის, მაგრამ ტირილი ამივარდა...
როგორც ჩანს, მთლად არ გავქვავებულვარ (ეს ცოტა ხუმრობით)

და

საღამოს სახლში მოსულს ცოტა ხანი დაძინება მინდოდა. ვჭამე, ტელეფონი გამოვრთე და წამოვწექი. მერე აღმოჩნდა, რომ რა დროს წამოწოლა იყო... მორიგი კარადის გამოცლა და ნივთების გადაწყობა. კარადის, რომელიც ხვალ აგარაკზე მიემგზავრება... ძველი ალბომები მომხვდა ხელში. ერთი - ჩემი ძმის ბავშვიბის, რომელზეც ძალიან ბევრი ვიცინე და წარმოვიდგინე, რომ ზუსტად თავისნაირი შვილი უნდა ჰყავდეს და წინასწარ გადავირიე სიხარულით. მაშინ არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო ვერ აღვიქვამდი რა იყო ეს :)

მერე ჩემი ალბომი. ღიმილით ვათვალიერე. ბუნდოვნად მახსენდებოდა რაღაცეები და... კარგია, რა, ბავშვობა, ალბათ... უამრავი სურათი გვაქვს ბავშვობის ორივეს. ძალიან ბევრი, რადგან დედაჩემის მამა როგორც ვხვდები ძალიან დიდ სიამოვნებას განიცდიდა, ჩვენ რომ დაგვდევდა ფოტოაპარატით, თვითონ გვიღებდა, თვითონ ამჟღავნებდა და თვითონ ბეჭდავდა... ბუნდოვნად გამახსენდა თელავში სახლის სარდაფის სართულზე გაკეთებული მისი ოთახი, სადაც ეს მოწყობილობები იყო. წამლის სუნი. რაღაცნაირი შუქი. სინესტის და სიცივის სუნი და თან სიმყუდროვე. როგორ მიყვარდა იქ შესვლა...

მერე თვითონ პაპაც გამოჩნდა კადრში (ხო, დედის მამას პაპას ვეძახდი. ასე მქონდა განაწილებული. მამის მამა - ბაბუა და დედის მამა - პაპა. და ვერავინ გადამათქმევინებდა :) ). მე 1 წლის ვხდები და დღე დღეზე ავიდგამ ფეხს (ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე გავიარე 1 წლისამ). აუზზე ვდგავარ. აუზი გვქონდა, მრგვალი. პაპას წელზე უკიდია ხელი და ღიმილით დამყურებს. მე ვიცინი, როგორც ყველა ფოტოზე (საერთოდ, ალბომის პირველივე ფოტოდან - სადაც 2 თვის ვარ - ბოლო ფოტომდე ყველგან ვიცინი, ვიპრანჭები ან ვპოზიორობ კამერის წინ. ერთი სერიოზული სურათი არ მაქვს მგონი. გაღიმებულიც კი არ, სულ გაცინებული :) ).
მამამ დახედა ფოტოს. გაჩუმდა. მერე -
- რა კაცი იყო დათო! შენ არ იცი, რა კაცი იყო!
(ხმა გაებზარა, შევატყე. ასე სიძეს სიმამრი ყვარებოდა, მართლა არ მინახავს...)
- გახსოვს შენ?
- ბუნდოვნად. რაღაც კადრები...
- რა უცნაურია, არა და არ იყავი პატარა
- ხო, 8 წლის ვიყავი... რაღაც კადრები მახსენდება, მისი ჩვევები...
(და მახსენდება - თელავი. სახლი. ზაფხული. რაღაცაზე გაბუტული ვარ და ნამტირალევი. ვზივარ გაბუსხული. შემოდის პაპა და ცდილობს გამამხიარულოს. მივყევარ ტელევიზორთან - "ნახე, რა გაჩვენო, ფოკუსი!" მე ეჭვის თვალით ვუყურებ. ტელევიზორს რთავს. ეკრანი ქრება ნელ-ნელა, ბოლო ნათელი წერტილიც რომ პატარავდება, პაპა ჩემს მკლავს იღებს და ეკრანთან მიაქვს. ქერა ბუსუსები ელექტროვდება და ყალყზე დგება. მე გაოცებული ვუყურებ ხან ჩემს ხელს და ხან პაპას. მავიწყდება, რაზე ვტიროდი...
სასეირნოდ მივყავარ. ისევ ზაფხულია, მე შემაღლებულ ადგილას მინდა სიარული და ვძვრები, მაგრამ ეს მარცხით მთავრდება და მუხლიდან სისხლი მომდის. პაპა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს, ქაღალდს აცლის და მუხლზე მადებს. სისხლი ჩერდება. მე ისევ ვკიდებ ხელს და ბედნიერი და ამაყი ვაგრძლებ გზას ერეკლეს ძეგლისკენ...)
- იცი რატომ არ გახსოვს კარგად? - ერთად რომ არ ვცხოვრობდით
(ხო, მარტო არდადეგებზე, მარტო შვებულებების დროს...)

და მერე დამრჩა საოცარი დანაკლისის შეგრძნება, რომელიც დღემდე მომყვება. სულ, სულ ვფიქრობდი, რომ პაპას დიდხანს რომ ეცოცხლა, სხვანაირად კარგი ურთიერთობა გვექნებოდა. ვფიქრობდი, რომ შეიძლება მოეყოლა კიდეც ჩემთვის ის რაღაცეები თავისი ცხოვრებიდან, რაზეც ასე ძალიან არ უყვარდა ლაპარაკი; იმ მძიმე წლებზე, რომლებმაც განაპირობა მისი ადრეული სიკვდილი. შეიძლება ტყვეობის ამბებიც მოეყოლა, გადასახლებისაც და კიდევ... კიდევ ის, რომ გერმანული ენა უყვარდა ყველაფრის მიუხედავად, რომ ზეპირად იცოდა სიმღერები მაშინდელი ფილმებიდან. ვიცი, რომ საოცრად დახვეწილი და ძალიან საინტერესო იყო. რომ ძალიან მენატრება ხანდახან და ძალიან მწყდება გული რომ ვერ მოვასწარი ურთიერთობა დიდხანს...

და ალბომის ბოლოს ძველი დეპეშები აღმოვაჩინე. დაბადების დღის მოლოცვები. ერთ-ერთი მისგან იყო. გავოცდი, როგორ შეიძლება ერთ წინადადებიანი დეპეშა ასეთი თბილი იყოს! ჯერ თავისთავად დეპეშა. მერე ის, რომ წერ ბავშვს, რომელიც ალბათ ისე პატარაა, ვერც კი გაიგებს, რომ დეპეშით მიულოცეს. და თან - 1 წინადადება. ან.. ან იქნებ იმიტომ, რომ მერე, ამდენი წლის შემდეგ მეპოვა, მენახა და ავტირებულიყავი ბოლო სიტყვების მერე "....ჩემო ბაცაცო. შენი პაპა"... ზუსტად ისეთს ვისურვებდი ჩემს ცხოვრებას, როგორსაც ამ რამდენიმე სიტყვაში მწერს და მისურვებს.
დეპეშა მშობლებს აღარ წავაკითხე...

ახლა კიდევ ერთხე დავხედავ ფოტოს, სადაც 2 თვის ვარ, მჭიდროდ გახვეული "პილიონკებში", თითქმის გაკოჭილი, უცნაური ფორმის (ალბათ მაშინ იყო ასეთები) სოსკით, მარტო სახე მიჩანს და საოცრად კმაყოფილი ვიცინი :) დავხედავ და მერე დავიძინებ.

Comments

საოცრად მართალი...
ალბათ, როცა განმარტოვდები, - მაშინ საფიქრალი...
გავთბი...
Kalo said…
ბაბუები, როგორ მენატრება მეც ორივე. და საერთოდ, რა საშინელებაა რაა. ადამიანები, რომლებიც ასე გიყვარდა, გაქრნენ :-(
© said…
საშინლად, მტკივნეული...
და რაც დრო გადის და უფრო აზრზე მოდიხარ და უფრო მეტი იცი, უფრო მეტად ხვდები, რას ნიშნავს ურთიერთობა და ადამიანი, რომელიც გიყვარს და როგორ უნდა გაუფრთხილდე... :(
Kalo said…
ცუდი ისაა, რომ ამ ყველაფერს ძალიან გვიან ხვდები
© said…
კი, ცუდია, ნამდვილად და ზოგჯერ გამოუსწორებლად გვიანიც არის. და ის რაღაცეები, რაც შეიძლება გვიან მივხვდი, მაფიქრებს ხოლმე უკვე არსებულზე და ვხვდები, რომ ახლა რაც არის, უნდა იმას მოვუფრთხილდე.
რაღაცეებს ცოტა მარტივად ვუყურებთ, იმ შეგრძნებით, რომ "ეს ხომ ცხადია, ნუ ეს ადამიანები ისედაც ხომ სულ შენს გვერდით არიან და ხომ ცხადია, რომ გიყვარს. მერეც დაუთმობ დროს. მოესწრება". არა და არ არის ასე. და შეიძლება დროის დათმობა, სითბოს გამოხატვა, ყურადღების მიქცევა და სიყვარულის ჩვენება, რაც შეიძლება ხანდახან ან "არ შეგეძლოს", ან გეზარებოდეს, ან გეხამუშებოდეს ან იფიქრო რომ არ არის საჭირო და ან უბრალოდ გადადო, მერე ძალიან გვიანი იყოს და მერე ინანო.
იცი რამდენ რაღაცას ვნანობ?!
Kalo said…
მე მუდმივად სინანულის განცდაში ვარ :-(
© said…
მართლა? :( სადღაც ალბათ კარგია,ანუ თავისთავად ეგ გრძნობა რომ გაქვს ადამიანს და შეგიძლია სინანული, ეგ არის კარგი. როცა სერიოზული ვარ და დრო მაქვს საფიქრალად, მაშინ - მეც. და დრო ბევრი მაქვს ბოლო დროს :) მაგრამ მაინც ვისურვებდი, სანანებლად მაინც არ გაგვიხდეს ბევრი რაღაც. და კიდე - სიუხეშე, რაც ხანდახან შეიძლება მახასიათებს, ვიცი რომ ვიღაცეების გულის ტკენის მიზეზიც ყოფილა და ამასაც ვნანობ.

ხანდახან - გითითებენ, ხან - გამოცდილებით ხვდები, ხან - ინტუიციით.

მარტივი არ არის, ნამდვილად. ძნელია, სწორად ცხოვრება, დამეთანხმები.
Katiée.Ge said…
არ შემიძლია ბოლომდე ვერ ჩავედი, რაღაცა დავიგრუზე...
Kate said…
"ხო, დედის მამას პაპას ვეძახდი. ასე მქონდა განაწილებული. მამის მამა - ბაბუა და დედის მამა - პაპა. და ვერავინ გადამათქმევინებდა :) "
მეც ეგრე ვეძახდი.

საერთოდ ბებია და ბაბუა ეს რაღაც არვიცი როგორ ვთქვა,საოცრად საყვარელი ადამიანთა ოთხეულია.

ძალიან თბილი პოსტია.
მეც მაქვს ბებიაჩემზე ეგეთი პოსტი დაწერილი, თუმცა ბებიაჩემი ჯერ ცოცხალია. ის ერთიღა დამრჩა.
nastasia said…
heeh,rogor miyvars bavshvobis suniani ambebis kitxva...

da eg raracnair sentimenalur-nostalgiur-danakliisgrznobian-kikinebiani gancyoba...

:))))
© said…
კიკინებიანი განწყობააა :))) მომეწონა :)

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..