☀️

ბოლომდე გამოვწურე ზაფხული, აი ღვინის ბოთლს რომ გადმოატრიალებ და ბოლო წვეთამდე ჩამოასხამ, ისე. მზისგან დამცავი კრემი და ზაფხული ფაქტობრივად ერთად დამთავრდა. ხვალ კარგად თუ ვეცდები, ბოლო წვეთებს გამოვადენ ტუბიდან. 

დღეს აუზში ცურვისას გამახსენდა, რომ ჩემი ზაფხულის წიგნი ამჯერად არ წამიკითხავს. არა და დაუძლეველი მოთხოვნილება გამიჩნდა, ყურსასმენები გამეკეთებინა და ცურვისას მომესმინა. მაგრამ ბოლომდე ვერ მოვასწრებდი. ხვალ ზაფხული მთავრდება. ამიტომ, უბრალოდ ბრედბერის აუდიოწიგნები დავძებნე და მართალია სავარაუდოდ ყველაფერი წაკითხული / მოსმენილი მაქვს, მაინც ჩავრთე ვარაუდით ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც მზე მთავარ როლს თამაშობს, მაგრამ რომელიც საკმაოდ არამსუბუქია. რაღაც მომენტში ვიფიქრე, გავწყვეტ მეთქი, რადგან მახსოვდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ მერე შევეშვი. მოკლეა. იყოს, ეს მე ვერ დამამძიმებს. ვიფიქრე. მერე კი შემდეგი მივაყოლე, ასევე ბრმად, არ მახსოვდა, რომელი მოთხრობა იყო და აი, ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ვერ ვიხსენებ, ეს მოთხრობა მართლა მოთხრობად მაქვს წაკითხული, თუ სწორედ იმ წიგნიდან აღებული ერთი პასაჟია? ხელებს უსვამ ისე, რომ არც აკვირდები, მშვიდად და ამავდროულად ძლიერად. მთელი არსებით კი იქ ხარ, იმ ადამიანებთან, ვის ისტორიასაც ისმენ. და რაღაც მომენტში ხვდები, რომ იღიმები. 

მადლიერების საოცარი გრძნობა დასდევს ამ ყველაფერს თან...

მოთხრობის სმენა და ცურვა რომ დავასრულე, მომინდა, ამ კაცზე რამე წამეკითხა, მომესმინა, მისი ხმა მომესმინა, რას ფიქრობდა, როცა ასე წერდა, ეს გამეგო. უცებ არსაიდან მოვიდა შეკითხვა: "რომ შეგეძლოთ, რომელ ცნობილ ადამიანთან ერთად ისურვებდით რამდენიმე საათის გატარებას?" თუ რაღაც მსგავსი. ხოდა ბრედბერისთან. აქამდე როგორ არ ვიცოდი ეს, რომ მასთან ვისურვებდი. ხოდა ქართულად წიგნების გარდა ფაქტობრივად არაფერი მოიპოვებოდა და აი, უეცრად ვპოულობ ირაკლი ლომოურის ლექციას ბრედბერიზე. აი სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი. მაგრამ ამასობაში მეგობრების მოსვლის დრო მოვიდა.

მათი მოსვლისთვის დავიწყე მსუბუქად მზადება. და მალე უკვე ტერასაზე ვისხედით და მსუბუქ "ბრანჩს" მივირთმევდით.

1-2 საათში კი კიდევ 2 ადამიანი შემოგვიერთდა და ეზოში გადავინაცვლეთ სადილად. 

კიდევ - ბევრი კარგი სიტყვა მოვისმინე. ბევრი სითბო მივიღე. საჩუქრებიც :)

ალაგებაც სასიამოვნო იყო. ალაგებულ დაწკრიალებულ სახლში მშვიდად დაჯდომაც და ათასჯერ ნანახ ფილმს რომ უყურებენ მშობლები, აი იმ სიტუაციაში შეერთება და სიცილიც. 

და საღამო კიდევ ერთი, აქაურობისთვის ჩვეული შინაურული სტუმრობით დასრულდა ისევ ვერანდაზე. კიდევ ერთი ჭიქა ღვინით და გემრიელი საუბრით.

კიდევ ურთიერთობებისთვის ვარ მადლობელი და იმ მომენტებისთვის, ადამიანები როცა მენდობიან. 

ლექციის მოსმენას კი ხვალ დავასრულებ, ცურვისას ... მერე წავალ თბილისში და ... მერე ნასესხებითაც დავტკბები რამდენიმე დღე. რა, მარტო ზამთარს აქვს უფლება, ისესხოს? ზაფხული რამდენიმე მზიან დღეს ასესხებს შემდოგომას. ჩემთვის.

ახლა ამ ფილმის ყურებას დავამთავრებ (Gut gegen Nordwind), რომელიც ჯერ წიგნად წავიკითხე, მერე ფილმიც აღმოვაჩინე. და ავალ დასაძინებლად. 

პ.ს. არის  ხოლმე რაღაცეები, ფაქტები, შეგრძნეები, ემოციები, რომლებსაც თან ვერ იტევ და თან მარტო შენია, თითქოს, რომ იტყვი, გაქრება, ან ვინმეს შეშურდება და არ გინდა. მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი და ეს მისი თანდაყოლილი უფლებაა. ვიცი, რომ ასეთი ფორმულირება არ არსებობს. მე დავაარსებ :)

პ.პ.ს. ამასობაში ხვალ დადგა 

Comments

Popular posts from this blog

სამი სიტყვა ცისიასათვის

ასოციაციები ... 1, 2, 3, 4 ...

სავსე მთვარისას და-წერილი