ასოციაციები ... 1, 2, 3, 4 ...
ჯერ მზემ გამაღვიძა. მზის სხივები პირდაპირ სახეში მეცემოდა. ისეთი სასიამოვნო იყო, არა და არსად მეჩქარებოდა და საათს რომ დავხედე, ჯერ საკმაოდ ადრე იყო კვირა დილისთვის. ამიტომ ავდექი, წყალი დავლიე, ფარდები ჩამოვაფარე და ისევ დავწექი. ცოტა ვიფიქრე, ცოტა რაღაცეები გავაანალიზე და ცოტაც წავთვლიმე. მაგრამ ღრმად აღარ დამიძინია. თუმცა, ამის გამო მზეზე ვერ გავბრაზდები. მზე ხომ ჩემი ენერგიის წყაროა, ჩემი ბატარეის დამტენი.
ეზოდან ძაღლის ყეფა ისმის. მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ხმაც ისმის, მაგრამ მე ძაღლის ყეფაზე ვაჩერებ ყურადღებას. ასოციაციურად მახსენდება სხვა ხმა, უფრო სწორად სხვა ძაღლის ყეფა. ეს ყეფა უკვე რამდენჯერმე შევამჩნიე რუსთაველზე. დგახარ ასე შენთვის და სადღაც უკნიდან ან გვერდიდან, ოღონდ ცოტა შორიდან გესმის მოგუდულად ძაღლის ყეფა. თითქოს რეალურად იმ ქუჩაზე კი არ დგას, არამედ საიდანღაც მოდის ეს ყეფა. ამ ხმაზე ასოციაციურად, ყოველ ჯერზე მახსენდება Jay-Jay Johanson-ის სიმღერა Everything I own, რომელიც ასე იწყება, ძაღლის ყეფის შორეული ხმით, ასეთივე მოგუდულით. ამ სიმღერაზე ასოციაციურად მახსენდება ტოსკანაში გადაღებული ჩემი ფოტო- და ვიდეომასალით აწყობილი რილსი, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელსაც სწორად ეს სიმღერა დავადე ფონად. ამ რილსზე კი შენ მახსენდები ყოველ ჯერზე. აზრზე არ ვარ, რატომ. უფრო სწორად, იქნებ ვარ, იქნებ ცოტათი ვხვდები, რატომაც. ასე რომ, გამოდის, რუსთაველზე დგომას და შენ შორის ხანდახან რაღაც კავშირია. კავშირი უკავშირობაში. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთად არასოდეს ვმდგარვართ. მეტიც, არც კი გაგვივლია. რა უცნაური რამეა ტვინი. საიდან რას დალინკავს.
სამაგიეროდ. შენთან ერთად ვმდგარვარ. თან არაერთხელ. პრინციპში, ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ეს. თუნდაც ცოტა ხნით. ვმდგარვართ გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებული, ხელგადახვეული. უფრო სწორად, ხელი ალბათ შენ გქონდა გადახვეული. ვმდგავართ მარტო და სხვებთან ერთად. დღესაც ვდგავართ, ოღონდ ცალ-ცალკე და სხვებთან ერთად. რა უცნაურია, მხოლოდ კარგად მახსენდება ჩვენი ურთიერთობა. ან იქნებ არც არის უცნაური. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოკლე ხანში გავბრაზებულვარ კიდეც და მწყენია კიდეც. იქნებ იმიტომ, რომ აპრიორი ვიცოდი, მხოლოდ დროებითი იყო ეს ურთიერთობა, არა და, თეორიულად ხელის შემშლელი თითქოს არაფერი უნდა ყოფილიყო. მაინც ვიცოდი ზუსტად. ვიცოდი, რომ ეს ურთიერთობა იმ ერთ არდადეგებს, უფრო სწორად შვებულებას გაქაჩავდა. მერე მე ჩემი გზით წავიდოდი, ანუ დავბრუნდებოდი იქ, სადაც მაშინ ვცხოვრობდი და საიდანაც ჩამოსვლისთანავე, ლამის ტრაპიდან პირდაპირ რუსთაველზე წამოვედი. მაგრამ ეს სხვა თემაა. ხოდა შეიძლება ამ ცოდნამ გახადა უფრო მსუბუქი ყველაფერი. ორი ფრაზა მახსენდება, შეიძლება არა ზუსტად, მაგრამ დაახლოებით: რა კარგი ბიჭი ვიქნებოდი, ხომ, ასეთი მექალთანე რომ არ ვიყო? და რა კარგად ვერთობოდით ხომ ერთად, რამდენს ვიცინოდით?! ორივეში დაგეთანხმე :) და კიდევ ჩამრჩა, ცხადია კადრები და სიცილის მომენტები, მაგრამ ეს უკვე ზედმეტად ინტიმურია აქ გასაზიარებლად. არა, ისეთ ინტიმურს არ ვგულისხმობ, რაც ახლა შეიძლება მკითხველმა იფიქრა. ინტიმური იმდენად, რომ შენ გინდა დაგრჩეს და ფართო საზოგადოებისთვის გასაზიარებლად გენანება. სამაგიეროდ, მახსენდება და მეღიმება :)
არც შენთან ერთად ვმდგარვარ რუსთაველზე. ახლა დავფიქრდი, დავიჯერო, არ მოგვისწრო ამ პერიოდმა? სავარაუდოდ არ. ფიზიკურად ერთად ყოფნის პერიოდს არ დაემთხვა. თუმცა, ვფიქრობ, ვიდგებოდით ერთად. აქ რომ იყო, ალბათ ახლაც ვიდგებოდით. შეიძლება ძაღლის ყეფაზე მაინც მქონოდა ის ასოციაცია. შეიძლება შენი ხელის ჩაკიდებაზე სხვა ხელის ჩაკიდებაც გამხსენებოდა, მაგრამ ამას არ ექნებოდა მნიშვნელობა.
ის ყველაფერი, რაც იყო, ჩვენ გვქმნის და გვაყალიბებს ისეთებად, როგორებიც ვართ. დღეს. უცებ წარმოვიდგინე, რომ ყველა მოგონება ძაფია, საქსოვი ძაფი, რომლითაც უხილავი ხელით გქსოვენ. მტკიცე ძაფია. ვიღაცამ რომ გამოქაჩოს და დაარღვიოს, ჩამოიშლები. ყველა ახალი დღე და წამი კი ახალი ფერის ძაფია, ახალი ხაზი, რომელიც მალე ახალ "სახეს" მოგემს, აი იმას, "უზორს" რომ ვეძახდით.
იცი, ხანდახან საწოლში გარდიგარდმო წოლა მიყვარს. და კიდევ, უკუღმა ძილი. ანუ თავით ფეხების მხარეს და პირიქით, ფეხებით ბალიშის მხარეს. იშვიათად, მაგრამ მომინდება ხოლმე ასე დაწოლა და თუ მომინდა, განსაკუთრებით გემრიელად მძინავს მაშინ. არ ვიცი, რა ფენომენია ეს. ზამთარში არა, მხოლოდ ზაფხულში და ალბათ ადრეულ შემოდგომაზე. არ ვიცი, რამდენად გემახსოვრება, მაგრამ ერთხელ, ოდესღაც, აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს ერთი რამ გვჩვევია: როდესაც ღამე სადმე სხვაგან ვრჩებით, ადრე გვეღვიძება თავისით, დიდხანს ვერ გვძინავს. არა და სახლში, როგორც წესი, ჩვენით ადრე არ გვეღვიძება. არ ვიცი, შენთან როგორ არის ახლა ეს, მაგრამ მე ისევ არ მეღვიძება ადრე ჩემით. აი, მზის სხივების თვალებში შემოჭყიტებას თუ არ ჩავთვლით. სხვაგან? არ ვიცი. ადრე მიყვარდა სხვაგან დარჩენა, უფრო სწორად უფრო მარტივად ვრჩებოდი. და მეგობრებთან დარჩენაც მიყვარდა. ახლა კი ჩემ სახლში დარჩენას, ჩემ ოთახში და ჩემ საწოლში გაღვიძებას არაფერი მირჩევნია. თითქმის ყოველ დილით ვგრძნობ მადლიერებას იმისთვის, რომ აქ გავიღვიძე, ამ საწოლში, ამ სახლში. მადლიერების შეგრძნება კარგი რამეა.
ფაქტობრივად მთელი პოსტი თავში დავწერე. ღრმად აღარ დამეძინა, მაგრამ ჯერ ადგომაც არ მინდოდა. არც ტელეფონს მინდოდა, დავწვდომოდი და დილა ასე დამეწყო. სამაგიეროდ, ძაღლის ყეფამ და პირველმა ასოციაციამ რამდენი რამე წამოიღო. და დაიწერა გონებაში პოსტი. მერე ვიფიქრე, რაღას გადავდო მეთქი და იქვე, საწოლის ბოლოსთან მდგარ ბენჩზე დატოვებულ ლეპტოპს დავწვდი და გავხსენი. უკუღმა გადმოვწექი და წერას შევუდექი.
ამისთვისაც მადლიერი ვარ, იმისთვის, რომ - როგორც მე მგონია - წერის უნარი მაქვს. ახლა ფარდებს გადავწევ, სხივებს ისევ შემოვუშვებ და კიდევ ერთხელ ვიქნები მადლიერი მზიანი კვირა დღისთვის.
გარედან ისევ შემოდის მშენებლობის და მშენებლების ხმები. არა შემაწუხებლად, მაგრამ თუ მივაქცევ ყურადღებას, მესმის. და ესეც ასოციაციას და ღიმილს იწვევს. ასოციაცია კი შენი ფრაზაა, რომელიც ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად სხვებისთვის გაუგებარი იქნება, ამოუხსნელი, რა შუაშია ამ მშენებლობაზე მომუშავეებთან LOVE IS LOVE :)
Comments