დროოო გადის ძალიან ნელა ... ხან - ჩქარა
სერიალებში ყველაფერი მარტივად არის. ფილმებშიც. ნუ, მთლად ყველაფერი არა და ფილმს და სერიალსაც გააჩნია, მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ, ის ყველაფერი მარტივი ჩანს ასე ეკრანიდან. სირთულეებსაც რა მარტივად უმკლავდებიან გმირები, ურთიერთობებიც როგორ მარტივად ეწყობა. გამოივლიან ქარტეხილებს, კონფლიქტებს, დაშორდებიან, გამოიცვლიან 1-2 სხვა ურთიერთობას და ბოლოს მაინც პოულობენ გზას ერთმანეთისკენ.
განსაკუთრებით ისეთ სერიალებში, პატარა ქალაქებში რომ ხდება მოქმედება, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ეხმარება. ყველა კეთილია და მხარში მდგომი. ვინც არ არის კეთილი, ისიც კეთილშობილდება ბოლოს.
და დროც თითქოს მეტი აქვთ ყველას. საქმისთვისაც, თავისთვისაც და ერთმანეთისთვისაც. თითქოს იქ უფრო ნელა გადის დრო, ან დღე-ღამეში მეტი საათია. ყველაფერს მშვიდად ასწრებენ და ახერხებენ. არსაც ჩქარობენ. იქნებ მართლა მეტი საათია ციფერბლატზე ასეთ ადგილებში?
ხვდები, ხომ, როგორ სერიალებზე ვლაპარაკობ? ერთი ოდესღაც გადაღებული და დღემდე პოპულარული სერიალის გადამღერებაზე. პერსონაჟებიც კი რომ ერთმანეთს ჰგავს, ისეთზე. მარტივზე, დიდად ტვინის განძრევა რომ არ გჭირდება და როცა უყურებ, იმ პერიოდში თითქოს შენც იმ ქალაქში ცხოვრობ, მათ გვერდზე, მათი ცხოვრებით.
ასეთ სერიალებს მხოლოოდ იმ დროს უყურებ, როცა ან ძალიან გადაღლილი ხარ, ან როცა წინ ახალი, გამოწვევებით სავსე წელი გელის და ჯერ კიდევ ეჭიდები ზაფხულს და შენელებულ ტემპს, კერ კიდევ იზი გოინგ მოდუსში ხარ, როცა როგორც იქნა, დაიჯერე და აღიქვი, რომ ეს შენ გეკუთვნის და .... უპს, გავიდა ზაფხული.
როგორ არის დრო დაჩქარებული. კი, ვიცი, რომ დროის აღქმა ინდივიდუალურია და ზოგადად, დრო ჩვენი მოგონილია, მაგრამ რაც არ უნდა თქვა, დაჩქარდა, აჩქარდა ტემპი. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, ზაფხული თითქმის გავიდა. კიდევ ერთხელ რაღაც დამთავრდა.
და რაღაც იწყება. გუშინ მივწერე მეგობარს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მგონი ახალი სამუშაო წლის დაწყება მიხარია მეთქი. კი, რაღაცეები წინასწარ მაფორიაქებს და მინდა, ეს მომეხსნას და ზუსტად ისე წავიდეს ყველაფერი, როგორც მინდა, ისე რომ დრო მქონდეს! დრო. მაინც აქაცმდე მიდის ყველაფერი. და არ ვაკეთო ის, რაც არ მენდომება.
დრო, დრო ... სანამ ვარჯიშს დავიწყებდე ოფიციალურად, ჩემი დილის რუტინა შევიმუშავე, სადაც მედიტაციასთან ერთად იოგას ცენტრალური ადგილი უკავია. და ისევ - ამ ყველაფრისთვის უნდა მქონდეს დრო. 21 დღე სჭირდება ადამიანს ჩვევის გამოსამუშავებლადო. არ ვიცი, რამდენად დადასტურებულია მეცნიერულად, მაგრამ ალბათ 3 კვირა თუ აკეთებ რაღაცას, მართლა გადაგივა ჩვევაში.
დღეს მომიწია რუტინის დარღვევა. დღეს სხვანაირი დილა იყო ... არ ვიცი, მიყვარს თუ არა გაცილება. აქვს თავისი ხიბლი, აი იმ სევდას და მოწყენილობას, გაცილებას რომ ახლავს თან და ცრემლებს, რომლებსაც იკავებთ და თან ვერ იკავებთ, ამღვრეული თვალები მაინც თავისას რომ ამბობს, იმ ჩახუტებას და სიტყვებს, ხან უსიტყვობას, იმიტომ, რომ სიტყვები არც არის საჭირო, იმიტომ რომ თუ ხმას ამოიღებ, შეიძლება თავი ვეღარ შეიკავო და მარტო აწყლიანებული თვალები არ გეყოს. არის რაღაცეები, რაც გინდა, რომ მუდმივად იყოს, უფრო სწორად, მუდმივად განმეორდეს. თუნდაც ასეთი მომენტები.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რამეზეა, პირველი სიტყვების გამო ამ პოსტის საუნდტრეკია: დროო გადის ძალიან ნეელა, შენს გულში ცივა, ჩემსაში ცხელა (არა-კი)
Comments