სამი სიტყვა ცისიასათვის
რაზე ვაპირებ იცი, დაწერას? სიყვარულზე. ხო, სიყვარულზე. უფრო სწორად, სიტყვებზე "მე შენ მიყვარხარ". არ დაიძაბო, ვინც არ უნდა იყო შენ, არ დაიძაბო. წარსულ დროში / წარსულ ამბებზე ვყვები. ისე, რა უცნაურია, რატომ უნდა დაიძაბო, თუნდაც ახლანდელზე ვყვებოდე და თუნდაც შენ გეხებოდეს, ვინც არ უნდა იყო. წესით ხომ უნდა გვიხაროდეს, ადამიანს რომ ვუყვარვართ, და ან ვუყვარდით მაინც. ესეც რა უცნაური გამოცდილებაა, რატომ დავწერე "არ დაიძაბო?"
მართალი გითხრა, არ ვიცი, საიდან წამოვიდა, რატომ მომინდა, ამაზე დამეწერა. ზოგადად, იმდენად არ ვწერ ასეთ ამბებს, ასეთ პირადს, რომ მე თვითონ მეუცნაურა. უბრალოდ დღეს დილიდან მაქვს აკვიატებული, თავში მიტრიალებს, მწიფდება, მოლოდინის სიხარული მაქვს, რომ უნდა დავჯდე, და დავწერო. ახლა კი უკვე ღამეა. 12 საათი დაიწყო. ახალი მოსული ვარ სახლში და აივანზე ვზივარ (აგარაკზე). კალიის თუ ჭრიჭინის ხმა ის მის მარტო და შორიდან სიმღერის. ამჯერად ბავშვები მღერიან, აშკარად. ბავშვები აღარ ეთქმით ამასობაში :) და კიდევ ბურთის ხმა.
შემეძლო, კიდევ დავრჩენილიყავი იმ ხალხმრავლობაში, რომელიც ნელ-ნელა გაიფანტა, მაგრამ აი სუფრის ბოლოს ყველა სხვადასხვაგან რომ ზის მიმოფანტული, უკვე აღარ არის ხმაური, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან სასიამოვნოა, ის სტადია იყო და აი ამ სტადიაში და ამ ნოტაზე მომინდა სახლში გადმოსვლა და აივანზე დაჯდომა. ხო, წრეში ბურთიც კი ვითამაშეთ :) სიმღერაც იყო მდელოზე, ყველა თაობა იყო. ცოტა ამეტირა კიდეც, მაგრამ ეს პოსტი ამ საღამოს არ ეძღვნება და მოდი, დეტალებზე აღარ შევჩერდები და ჩემი ინსპირაციის წყაროზე გადავალ.
არ ვიცი, გაგიკვირდება თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაქვს მოსმენილი სიტყვები -
"მე შენ მიყვარხარ". აა, არა, ორჯერ. ერთხელ სკოლაში ვიყავი :) და წერილი ვიპოვე პენალში. ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს, სამაგიეროდ, პენალი მახსოვს, როგორი იყო :) მაგრამ მახსოვს, რომ ეწერა, ცისია, მიყვარხარ და მერე სახელის პირველი ასო და დანარჩენი ასოების ნაცვლად - - - (ხაზები). უნდა გამომეცნო, ვინ იყო. ამ ასოზე ორი ბიჭის სახელი იწყებოდა და ორივეს სახელის ასოების რაოდენობა ემთხვეოდა ერთმანეთს. არც კი მახსოვს, რომელ კლასში ვიყავი, ალბათ პატარა. ნუ, პატარა ამ გადმოსახედიდან. ბოლო კლასები ნამდვილად არ იყო.
მერე რაღაც ეტაპზე გამახსენდა ერთი ბიჭი და სიტუაცია: მე და ჩემი მეგობარი ვსხედვართ ერთ მერხთან. ან შესვენებაა, ან ისეთი გაკვეთილი, სადაც თავისუფლად გადავადგილდებით და რასაც გვინდა, ვაკეთებთ. სავარაუდოდ ხატვა ან რამე მსგავსი. მგონი რაღაცას ვხატავდით თუ ვლაპარაკობდით. თ ზედმეტი იყო ალბათ, მე ხატვა არ მეხერხებოდა, აი ის კი არაჩვეულებრივი მხატვარია დღეს :) ხოდა ჩვენი მერხის წინ ან უკან იჯდა ეს ბიჭი, ჩვენკენ მობრუნებული. აჰა, ესე იგი წინ იჯდა და ჩვენ მერხზე ჰქონდა თავი ჩამოყრდნობილი და მეუბნებოდა, მიყვარხარო. მე კიდე მეზიზღები მეთქი, მგონი ასე ვპასუხობდი. რა უცნაურია, საიდან ასეთი პასუხი, რატომ არ შემეძლო, უბრალოდ მიმეღო და დამეჯერებინა, ის რასაც მეუბნებოდა და კმაყოფილი ვყოფილიყავი ამით? რატომ არ შეიძლებოდა, ბიჭს ვყვარებოდი? ასეთი და კიდევ ბევრი კითხვა რჩება უპასუხოდ, უფრო სწორად, ალბათ ვიცი პასუხები, მაგრამ ახლა აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. პასუხს ვერავის მოსთხოვ. უბრალოდ უნდა მიიღო, გააანალიზო და გამოასწორო, უფრო სწორად, დღეს იგივე შეცდომები აღარ დაუშვა, აღარ მოახდენინო გავლენა რაღაცეებს, რაც არასწორად გასწავლეს ან აგიხსნეს ოდესღაც. ხოდა მერე დავაკავშირე და მივხვდი, პენალში ნაპოვნი წერილიც მისი დაწერილი იყო.
მერე? მერე არაფერი. მერე თქმით სხვას აღარავის უთქვამს ეს სიტყვები ძალიან დიდხანს. ძალიან დიდხანს, სანამ ...
ახ, მანამდე კიდევ ერთი წერილი მივიღე. ახლა გამახსენდა. ოღონდ იქ სხვა სიტყვები ეწერა. უბრალოდ ზრდასრულ ასაკში, ხელით დაწერილი და ჩანთაში ჩუმად ჩადებული წერილი მაინც აღსანიშნავია, ალბათ. ახლა ვფიქრობ, რამდენი ხნის წინ იყო. ალბათ 10 წლის წინ და გონების დიდად დაძაბვა არც დამჭირვებია, მაშინვე გამახსენდა შინაარსი "ჩემი შტერი ხარ შენ. შენ, ლამაზო." რეალურად არც შტერი ვიყავი და არც მისი. ლამაზი რომ არ უარვყავი :)) უფრო სწორად, შტერი ალბათ ვიყავი, რადგან ეს ურთიერთობა მინდოდა. ამ ურთიერთობაში ის სამი სიტყვა არ თქმულა. არც დაწერილა. არც ერთის მხრიდან. მე არ ვიცი, ვუყვარდი თუ არა. შეიძლება კი, თავისებურად. მე? არც ეს ვიცი. თუმცა ვიცი, რომ დიდი ხნის მანძილზე პირველად მქონდა ვინმესადმი რაღაც ძლიერი გრძნობა და სურვილი, ურთიერთობა გამოსულიყო. წერილზე რომ ვუთხარი, ვიპოვე მეთქი, ძალიან იცინა. თურმე ერთი კვირის ჩადებული მაინც იყო და ელოდებოდა, როდის ვიპოვიდი. მე კი, სანამ ის ჩანთა არ დავალაგე და ნივთების მეორეში გადალაგება არ გადავწყვიტე, ვერ ვნახე :) მერე? მერე არაფერი. საბედნიეროდ.
ამის მერე არც წერილი მოუწერია ვინმეს და არც ის სიტყვები უთქვამს, სანამ ...
სანამ სრულიად მოულოდნელად არ მოვისმინე ადამიანისგან, რომლისგანაც ალბათ ყველაზე მეტად მინდოდა ამის მოსმენა. უი, კი არ მოვისმინე, წავიკითხე. ხო, მომწერა. ადამიანმა, რომელთან ერთადაც ძალიან მინდოდა ყოფნა. მომწერა იმ დროს, როცა უკვე ერთად აღარც ვიყავით და ვიცოდით, რომ აღარც ვიქნებოდით. ზუსტად მახსოვს, სად ვიჯექი. ზუსტად მახსოვს, რომ გული გადამიქანდა. სუნთქვა შემეკრა. ცოტაც, და ვიტირებდი. უბრალოდ მარტო არ ვიყავი იმ დროს სახლში და თავი უნდა შემეკავებინა. და უნდა როგორმე გამეაზრებინა თავს დამტყდარი ეს ამბავი. მიუხედავად ყველაფრისა, რომ ძალიან ძვირფასი აღმოჩნდა. მერე მახსოვს, ეს სიტყვები თითქოს სადღაც სათუთად შევინახე და ჩავკეტე. და არ ვაღებდი იმ კარს. არ ვიხედებოდი. თითქოს, ხშირად რომ შემეხედა და მენახა, გაფერმკრთალდებოდა, ან რამე დააკლდებოდა. თითქოს მივივიწყე. ჩეთშიც კი არ შევდიოდი გადასაკითხად. აი ასე შენახული მქონდა და ასე ვატარებდი. არც არავის ვეუბნებოდი. თითქოს მარტო ჩემი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. მგონი, ვერ გადმოვცემ, რას ნიშნავს ასეთი რაღაცის მოსმენა და თან ასეთ დროს. მე რა ვქენი, რა ვუპასუხე? არაფერი. ვერაფერი. რატომ? არ ვიცი, რატომ. ალბათ შემეშინდა. სიტყვების შემეშინდა. ან საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული. ან ვფიქრობდი, რომ უკვე დაგვიანებული იყო. ან შემეშინდა, რადგან ვფიქრობ, ასეთ სიტყვებს რაღაც პასუხისმგებლობა ახლავს თან და ამისი მეშინოდა. ან იქნებ გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ არ ვუთხარი. მერე კი ოდესღაც ვუთხარი, ოღონდ პირდაპირ მაინც არ. აი რაღაცნაირად ქარაგმულად. ალბათ ისევ მეშინოდა. და თან, მაშინაც აღარ ჰქონდა ალბათ უკვე აზრი.
მერე? მერე არაფერი. არც მანამდე. ეს იყო და ეს. რატომ იყო ერთი? არაერთ ურთიერთობაში... არ ვუყვარდი სხვას? არ ვიცი. მე არ მიყვარდა? პრინციპში, არც ეს ვიცი. ერთხელ ალბათ კი. ამ გადმოსახედიდან ცოტა ავადმყოფური იყო ეს სიყვარული, მაგრამ მაშინ როგორც აღვიქვამდი, მიყვარდა. და არ მითქვამს, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, მეგონა, თავისთავადი იყო. და მეორეც, მაშინაც მეშინოდა. მაშინ ალბათ პასუხის.
მერე? მერე იყო კი, ემოცია. გრძნობაც. მაგრამ აი იმ ამბამდე ალბათ სიყვარული აღარ იყო.
სიტყვების სროლა არ მიყვარს. სიტყვას ძალა აქვს, წონაც. ან დაგამძიმებს, ან აგამსუბუქებს, ფრთებს შეგასხამს. მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან სიტყვებს დიდი ძალა აქვს. კარგად უნდა დაფიქრდე, სანამ იტყვი? ალბათ არც ეს არის სწორი. ასეთი სიტყვები უცებ მოდის, გულიდან. ან დიდხანს იკავებ და მერე ამოხეთქავს. ხანდახან, როცა უკვე დაგვიანებულია. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. არ დაგენანოთ ამის თქმა ადამიანებისთვის, თუ მართლა გრძნობთ.
და მას მერე? არც მას მერე მომისმენია :) და საერთოდ, ისე, გამოდის, რომ მოსმენით "მე შენ მიყვარხარ" აი იმ სკოლის მერხის მერე აღარ გამიგია.
პ,ს, გუშინ საღამოს დავასრულე წიგნის კითხვა. "სიყვარულის 40 წესი". იქნებ ამანაც იქონია გავლენა, თუნდაც ქვეცნობიერად და ამიტომ მომინდა ამის დაწერა? ამ წიგნზეც მინდოდა, დამეწერა. ამაზე - მერე.
Comments