ჰანი, ამ ჰოუმ

აქაურობისთვის ცალკე ბლოგი უნდა გამეხსნა, ახლა ვხვდები. შემოვიხედე და ბოლო ნაწერები ყველა ბაქოში მაქვს გაკეთებული. ძირითადად ბაქოს ქრონიკებია. სხვები კი ჩვ.წ.აღ.-მდე ერას ეკუთვნის.
მაგრამ რაღა დროსია, იყოს, როგორც არის. ოდესმე ცხოვრების სხვა ეტაპზეც მომინდება ხოლმე წერა, იმედი მაქვს. მანამდე კი, რუბრიკა "ბაქოს ქრონიკები" გრძელდება. 

დღიურის სახე პრინციპში არასოდეს ჰქონია ამ ქრონიკებს. დეტალურად არ აღმიწერია არც ჩემი მოღვაწეობა აქ და არც რომელიმე კონკრეტული დღე. პრინციპში, არც სხვა ბლოგებში მაქვს ჩემი დღეების დეტალური აღწერა არსად: დილით ავდექი, პირი დავიბანე, კიჭები გამოვიხეხე და ა.შ.

ანტრეში ვზივარ პირველ სართულზე. ფანჯარასთან არსებულ ბარის ტიპის მაგიდასთან. ასეთი ტიპის კაფეებში ასეთ ადგილას ვამჯობინებ ჯდომას, და არა სავარძელში და ჩვეულებრივ პატარა მაგიდასთან, თუკი მარტო ვარ და მით უმეტეს, თუ ლეპტოპი მაქვს თან. რაღაც თავის ხიბლი აქვს ამ ყველაფერს.

არასოდეს მესმოდა ხალხის, რომელსაც უყვარს წამოწოლა, წოლა ზოგადად (თუ ღამე არ არის და არ გეძინება) და ბევრი ძილი. ბოლო დროს გავუგე. არ ვიცი, რატომ და რამ გამოიწვია ეს. რომ ვუფიქრდები, შარშანდელი დაახლობით ივნისიდან დავაფიქსირე ეს ცვლილება ჩემში. რადიკალური, ერთბაშად დამდგარი ცვლილება. რის მერე - ვიცი. და რატომ - არ ვიცი.

რაღაცნაირად მიდის დრო. ალბათ ჩქარა. შარშანდელი მეთქი, რომ ვახსენე, მერე დავფიქრდი. შარშანს მერე თითქოს ძალიან დიდმა ხანმა გაიარა. ალბათ იმიტომ მგონია ასე, რომ ბევრი მოვლენა მოხდა ამასობაში: ჯერ ზამთარში ბაქოში ვიყავი 1 თვე (ვერ აღვიქვამ, რომ ეს წელს იყო), მერე დავბრუნდი, მერე პარიზში ვიყავი რამდენიმე დღე. მერე სამსახურიდან წამოვედი, მერე ცოტა ხანი დროებითი უსამსახურობის ხიბლით ვტკბებოდი, მერე ისევ ბაქოში წამოვედი და რადიკალურად შევცვალე ამით ცხოვრება. 3 თვის მერე 2 თვით დავბრუნდი უკან, მერე ბევრი დავისვენე, მთაშიც ვიყავი, ორჯერ ზღვაზეც, არაფერიც ვაკეთე, ბევრი ვიკითხე. მერე ოჯახში ახალი წევრი შემოგვემატა მეორე ძმისშვილის სახით. მერე ისევ წამოვედი და მესამე დღეა აქ ვარ. არა და გუშინდელ დღეს რომ ვიხსენებ, მგონია რამდენიმე დღის წინ იყო. მოკლედ, დრო უცნაური რამეა. საინტერესოა, როგორ გავა ახლა ეს 3 თვე.

ასეთ დროს და ადგილას განსაკუთრებით მიმძაფრდება რაღაც შეგრძნებები, არსებული სიცარიელეები რატომღაც აქ განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. უფრო სწორად, ჩემთვის მეტად შესაგრძნები, თორემ თვალსაჩინო - ნაკლებად.

ივლისში თბილისში რომ დავბრუნდი, გარკვეული ხანი გარეთ გასვლისას ყურში უცნაურად მხვდებოდა ქართული ლაპარაკი. იმდენად მივეჩვიე გარშემო რამე უცხო ენას - ან სრულიად გაუგებარ და ან ნაცნობ, მაგრამ მაინც უცხო ენას, რომ ცოტა მეუცნაურებოდა, ყველა ქართულად რომ ლაპარაკობდა. მერე შევეჩვიე და მეამა. ახლა, უკვე მესამედ ჩამოსულმა უკვე ყველაფერი ვიცი, უცხო პრინციპში აღარაფერია, შეჩვეული ვარ და უბრალოდ ვცხოვრობ აქ (ეს შეგრძნება უკვე მეორედ ჩამოსულსაც მქონდა აქ ყოფნის მეორე ნახევარში. ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს, და არა სტუმრად. არ ვფიქრობდი, ახლა რითი დავკავდე, სად წავიდე, ვინ ვნახო, რა გავაკეთო, რომ თავი შევიქციო. უბრალოდ აქ ვცხოვრობდი ჩვეულებრივად და ეს საკითხები აღარ მაწუხებდა). ხოდა ამ არაუცხო გარემოში დღეს გარეთ გამოსულს რატომღაც ისევ ახლიდან მეუცხოვა ეს ხალხი. ორი დღეა ინტენსიურ ტრენინგზე ვარ დილიდან საღამომდე. გარეთ გავდივარ, შესაბამისად და ხალხსაც ვეკონტაქტები, მაგრამ ქალაქში ბოდიალი აქამდე არ დამიწყია. დღეს ადრე გავთავისუფლდი, ავიკიდე ლეპტოპი, ჯერ მეგობარი ვნახე, მერე დავშორდი და აქ მოვედი. ხოდა მთელი საღამო ქუჩაში მოსიარულე ეს ხალხი და ეს უცხო ენებზე საუბრები რატომღაც ძალიან უცხოდ მხვდებოდა ყურში. ცოტა ხანი მჭირდება ალბათ ისევ ახლიდან შესაჩვევად. საღამოს არსებულ 2 შემოთავაზებას ვხვდები, რომ დავაიგნორებ. ამ ეტაპზე არ მაქვს სურვილი ამ გარკვეული აქტივობების. და საერთოდ, შეიძლება არც ისე დიდი ხანია, მაგრამ მთავარია მივედი იქამდე, რომ რაც გინდა და გსიამოვნებს, ის უნდა გააკეთო და არას თქმაც უნდა შეგეძლოს და შენი პირად სივრცეში შემოჭრის და სურვილების კონტროლის საშუალება არავის მისცე. არ გინდა - არ არის აუცილებელი. ისედაც ბევრი must არის ცხოვრებაში, ზედმეტი რომ არ აიკიდო.

ჩემ თავს მშვიდად ვაძლევ დროს და საშუალებას, ნელ-ნელა გავიხსნა მარილივით. აუფ, რა შედარება გავაკეთე.


ანტრეს ფანჯრებს რომ შეხედო და რამე შესაფერისი მუსიკა ჩართო, იფიქრებ რომ ახალი წელია. ან სულ აქვთ ეს ნათურები და ან ახალი წლის შემდეგ არ მოუხსნიათ.

პერსონალი მგონი შეცვალეს. რაღაც პერიოდის მერე უკვე მცნობდნენ აქ და მოკითხვას და მადლობებს ვცვლიდით ხოლმე. საჩუქრად ნამცხვარიც კი მიმიღია. ახლა აღვადგენ ისევ აქ სიარულს და ისევ დავამახსოვრებ თავს. 

სწავლის ხიბლი
მარტო ყოფნი ხიბლი
მოლოდინის ხიბლი
სიახლეების ხიბლი
და ა.შ.

აისბერგის დიდი ნაწილი ხომ წყლის ქვეშ არის? არის. ჩვენც ასე ვართ. რეალურად რას ვაჩვენებთ ზედაპირზე? მხოლოდ მცირე ნაწილს :)

#ბაქოსქრონიკები

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..