""განწყობის თეორიის" ჩემეული ვერსია, ანუ არა ბანანა თევზის ამინდი

სელინჯერს აქვს ერთი ასეთი მოთხრობა - ბანანა თევზის ამინდი. ახლა რომ მკითხოთ, რაზეა მოთხრობაო, არაფერი გამახსენდება. სათაური მახსოვს მხოლოდ და ასოციაციურად გამახსენდა, როგორც ვიცი ხოლმე. ამინდმა გამახსენა. ბანანა თევზის არ ვიცი, და სრული რელაქსაციის და სიმწვანესთან, სილურჯესთან (ცას ვგულისხმობ) და სიმშვიდესთან შერწყმის ამინდია. ნირვანაში ყოფნის ამინდია :) ყოველ შემთხვევაში - აქ. 

ხმები, რომლებიც დილიდან მესმის - ჩიტების ხმებია და ბუნების. საღამოს ამას ზარების წკარუნი და აქა-იქ ძროხების ღმუილი (ღმუის, ხომ, ძროხა?) ემატება. იშვიათად - მათ გამოკიდებული ძაღლის ყეფა. 


ცა არის იმდენი, იმდენი, გგონია, რომ დაასეივო, 1 თვე გეყოფა, რომც არ გამოიზოგო. რა მჭირს ამ ცაზე? ქალქში მცხოვრები ადამიანის სინდრომია ეს? მალტაში დამემართა ან რომში, ზუსტად არ მახსოვს. პირველი რაც "აღმომხდა" - ცა, რამდენი ცაა მეთქი! იმიტომ, რომ თბილისში ცას და ჰორიზონტს ფაქტობრივად ვერ ხედავ. 

ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის დასეივება. თუმცა, რაღაცნაირად ასეც ხდება. გადიხარ ქალაქიდან ასეთ ადგილას, იტენები და მერე გყოფნის ელემენტები გარკვეული ხანი. თუ თბილისშიც დაერთო დადებითი ემოციები და საინტერესო ამბები - დიდხანს გაქაჩავ დურასელის კურდღელივით. თუ არა, გახვალ მერე ისევ სადმე და დაიტენები. თუმცა, ამ ნაცრისფერი და ჩაკეტილი ზამთრის მერე ჩემი აივანი, სავარძელი და მზეც მყოფნის ძალების და განწყობის უცებ აღსადგენად. იმ დღეს ვამბობდი, ან ვფიქრობდი - არ მახსოვს - ადამიანი ასე დამოკიდებული იყოს მზეზე, იშვიათად მინახავს მეთქი. ალბათ ოდესმე გერმანიაში გადასვლაზე თუ დავფიქრდები და რამე შემაფერხებს - მზის ნაკლებობა იქნება. და ალბათ უფრო მზიან ქვეყნებზე უნდა ვიფიქრო. თუნდაც მხოლოდ 1 სეზონიან (მუდმივად ზაფხულიან) ქვეყნებზე. 

სურნელების დაკონსერვება უნდა შეიძლებოდეს განწყობებთან ერთად. დავწერე კიდეც გუშინ, ჩემმა ძმამ ჩაქაფულისთვის მწვანილები მოიტანა და ისეთი სურნელი დადგა სამზარეულოში, მომინდა, გადამეღო და გამეზიარებინა სხვებისთვისაც.  მერე მივხვდი, რომ აბსურდში გადავიჭერი და გავჩერდი :))

ახლა ვუსმენ, ვუსმენ და მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მელოდიაა. ეს ყველაფერი რომ ჩაწერო ერთად, კოსმოსში გაშვებულ ჩაკრულოს თუ არა, გაშვების პრეტენდენტ "კაწიუშას" ხომ ნამდვილად აჯობებს. ხოდა მოასმენინეთ ეს ხმები კოსმოსს და უცხოპლანეტელებთან ომი აღარ იქნება :D


N.B. ბანანა თევზი არა, მაგრამ ბანანი კი მოხვდა  ფოტოზე. ოღონდ ჩემი არ არის, "ჩამიდეს" :D არ მიყვარს მე.


სამაგიეროდ ძროხები მოხვდნენ ფოტომასალაში, რომლებიც ფოტოს გადაღებამდე უდრტვინველად იდგნენ შუა გზაზე და მიყურებდნენ დაჟინებული მზერებით.


პ.ს. ეს ორ-ორი სათაური ვერ მოვიშალე :)




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..