კვირა დილის განწყობა და უბრალო პოსტი საუზმის მოლოდინში




ვფიქრობ, რაზეა დამოკიდებული წერის სურვილი? განწყობაზე, მოვლენებზე, მოვლენების არ არსებობაზე თუ უბრალოდ ფანტაზიაზე? ფანტაზიაზე კი, ცხადია, როცა მწერალი ხარ და არაფრიდან ქმნი ფერს. მე კი ძირითადად უფრო ფაქტების- ან განწყობისმიერი ჩანაწერები მაქვს, აღწერა, ან უბრალოდ ნაფიქრი / ნაგრძნობი. შეთხზვით არაფერს ვთხზავ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია. ადრეულ რამდენიმე მცდელობას არ ვთვლი. 

ყველაზე ხშირად ბოლოს როდის ვწერდი? ბაქოში ყოფნის დროს, თითქმის კვირაში ერთხელ, როცა ე.წ. #ბაქოს ქრონიკებს ვწერდი, ძირითადად სტარბაქსში, ან ანტრეში და ძირითადად კვირის ბოლოს. არა და ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ყველაზე მოვლენებუხვი იყო მეთქი ის პერიოდი. კი, განსხვავებული იყო, ახალი (ბოლოს უკვე აღარ ახალი), მაგრამ დიდად მოვლენებზე არ მიწერია, უფრო განწყობას გადმოვცემდი იქიდანაც. დღიურისებრი ჩანაწერი იყო და ლაივები ტექსტად გადმოცემული. 

სავარაუდოდ კორონამ ჰქმნა თავისი. შეანელა ყველაფერი. რაღაცეები - შეაჩერა. დრო - არა. ძალიან არ მინდა, ცხოვრება კორონამდე და კორონას შემდეგ პერიოდებად დაიყოს: კ.წ. აღ.მდე და კ.წ.აღ.

ხო, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. თითებს და გონებას ისევ გაუჩნდა მოთხოვნილება წერის. და ისევ სადმე კაფეში ლეპტოპით და გვერდზე ყავით უფრო კარგად იწერება, ვიდრე სახლში.

თბილისი გვიან იღვიძებს, ძალიან გვიან. დილით მშენებლობის ხმაურმა გამაღვიძა. ისედაც გადაწეული მაქვს ფარდები ბოლომდე, რაც გაზაფხული და მზიანი ამინდები დადგა, რომ არ გავაბა ძილი და დილა შევირგო / შევიგრძნო. მაგრამ კვირას 8 საათზე რომ მშენებლობის ხმაური გაგაღვიძებს, მაინც ნამეტანია. 

კარგი, ავდექი და მივხვდი, რომ არ მინდა სახლში საუზმე, მიუხედავად იმისა, რომ  ძალიან გემრიელად შემიძლია მომზადება, ძალიან მიყვარს მშვიდი საუზმე, ნელა, რიტუალურად და განსაკუთრებით ჩემი ბრუსკეტები (მარტო მე არ მიყვარს, ვისაც გაუსინჯავს - დამერწმუნება, რომ ძალიან კარგია). მაგრამ ამ ხმაურში ვერ შევირგებდი და თან, სოციალიზაციის დაუძლეველი მოთხოვნილება მქონდა. თუნდაც მარტო წასვულიყავი სადმე, ოღონდ გარშემო ხალხი უნდა ყოფილიყო. შორს წასვლა გარკვეული მიზეზების გამო შორს ვერ წავიდოდი და დავიწყე ფიქრი - სად. ეს სად - სულ ერთი არ იყო, ცხადია. უნდა ყოფილიყო სასიამოვნო გარემო, კარგი ყავა და გემრიელი საუზე. თან - ახლოს. 

კი, ეზოშიც მაქვს 1-2 ძალიან საყვარელი კაფე, მაგრამ მე რაც მინდოდა, ისეთი საუზმისთვის არ გამოდგებოდა. პირველი, ცხადია ანტრე მომივიდა თავში. მაგრამ ეგეც არა, უფრო დიდი მინდოდა და სტრადაზე შევაჩერე არჩევანი. რაღაცნაირად ყოველთვის გამოსავალია ხოლმე სტრადა. თან აქვე, 2 ნაბიჯში, თან ტერასა, თან გემრიელი საუზმე. მაგრამ პრობლემა რაშია - თბილისი გვიან იღვიძებს. 11 საათამდე ვერ ისაუზმებ :/ ხოდა სანამ დროის გასვლას ველოდი, თან კომპანიონს ვეძებდი, თუმცა, არც ეგ იქნებოდა პრობლემა, მარტოც წავიდოდი. მაგრამ სოციალიზაცია მეგობართან/მეგობრებთან კონტაქტსაც მოიცავს კი არა, მოითხოვს. 

ხოდა გავიყვანე როგორღაც დრო და ის ის იყო, უკვე უნდა გავსულიყავი, რომ 1 კი მივიღე ერთ-ერთი მეგობრისგან. 

ვზივარ ახლა, კვირადილისეურად გაპრანჭული, გვერდზე ყავა და წყალი მიდგას და გემრიელ საუზმეს და მეგობარს ველი. თან ვწერ და დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან. 

ამასობაში საუზმე მოვიდა და დროებით (ან იქნებ ამჯერად ამით დამთავრდეს პოსტი) ვწყვეტ წერას და ვკონცენტრირდები ჭამაზე. 

და ხალხიც მოგროვდა. სოციალიზაციის და ხალხში გარევის სურვილი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია :)

პ.ს. რაღაცნაირი ცაა დღეს. ცისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. სულ მინდა, ბევრ ცას ვხედავდე. იქნებ, სახელიდან გამომდინარე მჭირს ასე? :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..