ჩანაწერი კატის ბლოკნოტიდან
05.09.25
≈ 12:30
მატარებელი თბილისი-ბათუმი
ჩანაწერი კატიან ბლოკნოტში
"მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფიმატარებელი მიჰქრის ბინდებად,
ახლა იწყება წიფის გვირაბი,
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?"
წიფის გვირაბი უკან მოვიტოვეთ/ ფანჯარაში დიდად არ ვიყურებოდი. არ ვიცი, გულმა მიგრძნო, თუ რა იყო, მაგრამ ზუსტად იმ დროს გავიხედე, როცა წარწერა "წიფა" გამოჩნდა. მატარებელი იდგა. გადაღება მოვასწარი. მალევე დაიძრა.
ეს ბლოკნოტი 8 წლის წინ მაჩუქეს. ერთად ერთი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული აქამდე: "კატას 9 სიცოცხლე აქვს. მე ჯერ-ჯერობით 1 გავხარჯე". ამ ერთი სიცოცხლის გახარჯვიდან მალევე მაჩუქეს და ეს ჩანაწერიც მალევე გავაკეთე.არ ვიცი, აქამდე რატომ არ ვკიდებდი ხელს. ალბათ რამე განსაკუთრებულს ველოდი, ან მინდოდა, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული დამეწერა. ან იქნებ უბრალოდ ციფრულ ერას ისე მივეჩვიე, ისე მივეჩვიე კლავიატურაზე, პირდაპირ ბლოგზე წერას და ისე გადავეჩვიე ხელით ასოების გამოყვანას, რომ ამანაც განაპირობა.
პრინციპში, რომ დავფიქრდე, კი არის ახლა ეს წასვლა მეტ-ნაკლებად განსაკუთრებული. თუნდაც იმიტომ, რომ ლეპტოპის გარეშე მივდივარ. ძალიან დიდი ხანია, არსად წავსულვარ ლეპტოპის გარეშე. თუნდაც საქმე არ მქონოდა, საწერად მაინც მიმქონდა. ახლა დავფიქრდი - შარშან იტალიაში არ წამიღია. ხოდა არც ახლა წავიღე. და ეს ბლოკნოტი რატომ ჩავდე ბოლო მომენტში - არ ვიცი. ინტუიციამ მიკარნახა, ან ვიგრძენი, წერა მომინდებოდა.
25 წუთში ურეკში ვიქნები. იქიდან კი ალბათ 15 წუთში სასტუმროში.
ხო, რას ვამბობდი და ალბათ ესეც ცოტა განსაკუთრებული შემხთხვევაა. მთლად ბრმად არა, მაგრამ ნახევრად თვალდახუჭული მივდივარ. არც ორგანიზატორებს ვიცნობ, არც მონაწილეებს. ის კი არა, გზაში აღმოვაჩინე, რომ 10-15 კაცი კი არა, როგორც რატომღაც მეგონა, სადღაც 50 კაცი მაინც მოდის. ერთი - სასტუმრო ვიცი, უფრო სწორად სასტუმროს სახელი და მისამართი მაქვს.
ვფიქრობ, საინტერესო და ძალიან კარგი 5 მელოდება + ციფრული დეტოქსი.
ახლა ჯობს, ნელ-ნელა ავბარგდე. რამდენი ფიქრი და აზრი მიტრიალებს თავში. ყველაფერს ხომ ვერ გადმოსცემ.
ერთი, იმას დავწერ, დღეს დილით, წამის მეათასედით რომ არ მახსოვდა რეალობა ახალ გაღვიძებულს, სხვანაირად კარგი იყო ცხოვრება. ისევ იქნება.
ცხოვრება მშვენიერია.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
15.09.25
≈ 16:30
თბილისი. სახლი. ლეპტოპი
წვიმს. ცივა. არა და ჯერ 15 სექტემბერია. საშემოდგომო ტანსაცმელი კარადაში არ აღმომაჩნდა. როგორც ჩანს, სეზონურად ყველაფერი მშობლებთან გავზიდე. ჯერ არ ველოდი, ასე ადრე აციებას.
კიდევ ერთი კვირა და ჩემთვის ახალი წელი დაიწყება. კალენდარული არა. სხვანაირი. ჯერ-ჯერობით ვაძლევ თავს უფლებას, ვიყო შედარებით მოდუნებული და ძალები მოვიკრიბო. რას ველოდები? მიუხედავად სურვილებისა და გეგმებისა, მოლოდინების გარეშე გადავწყვიტე, ვიყო. გადავწყვიტე რა, ვარ თავისთავად. მინდობილი. იქნებ, იმ ჯადოსნური ხუთი დღის "ბრალია"?
იმ ხუთ დღეზე ვერაფერს დავწერ, ერთი იმას ვიტყვი, რომ წამოსვლამდე, დამშვიდობებისას ალექსანდრეს ვუთხარი, ალბათ საუკეთესო რაღაც იყო, რაც კი ჩემი თავისთვის ცხოვრებაში გამიკეთებია მეთქი.


Comments