Thursday, December 17, 2009

Прощай Берлин

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ამ დროს მკითხეს, რა გინდა ახლა ყველაზე ძალიანო (ზოგადად არა, კონკრეტულად იმ დროს იგულისხმებოდა). ვერ გავეცი პასუხი. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ძილი მინდოდა, ხოდა წავედი და დავიძინე.

აი, ახლა ვიცი, რა მინდა ყველაზე ძალიან, ამ წუთს. ხომ არის, რომ ხანდახან რაღაც თითქმის ტკივილამდე გინდა, ფიზიკურად გრძნობ, ისე. აი ასე მინდა ახლა იმ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, მაინცდამაინც არ მომეწონა მეთქი. ბერლინში.

მართლა არ გადავრეულვარ. შეიძლება ეს იმ დაძაბული რეჟიმის, სტრესის და ნერვიულობის ბრალი იყო, ზოგადად სიტუაციის. არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა აღვიქვი მისი სილამაზეც, ისიც, რაც საინტერესო იყო და ყველაფერი, რაც იმ ძალიან მცირე თავისუფალ დროში შეიძლებოდა აღმექვა. ალბათ ამ დროის სიმცირის ბრალიც იყო ყველაფერთან ერთად.

მოკლედ, აასეა თუ ისე, აი ახლა, ღამე, სახლში მომავალს, მანქანის ფანჯრიდან abwesend ყურებისას, /море причин зачем осколки берегут/ ჩუმად მყოფს, განათებული ღამის თბილისმა და ცარიელმა ქუჩებმა უცებ ძალიან მომანდომა ღამის ბერლინი. /в двух пустых городах/

ის ერთადერთი თავისუფალი საღამო გამახსენდა, რომელიც მარტომ გავატარე. თავისუფალი და მგონი ყველაზე კარგი. გამახსენდა ის ადგილები, სადაც დაძაბული დღეების მერე განტვირთვისთვის ბევრი ვიბოდიალე ფეხით. მარტო, ღამე, სრულიაც უცხო დიიიდ, უზარმაზარ ქალაქში, რომლისთვისაც უცხო ხარ.

/в двух часах между строк/

ტერიტორია სასტუმროს სიახლოვეს. ფოსტისკენ მიმავალი გზის გარკვევა. ანძა, რაღაც ქუჩები. გზის კითხვა. ფოსტა. აქედან გატანებული და გაგზავნილი პაკეტი. საღამო. ხალხი სამსახურის მერე და ფოსტის დაკეტვამდე ცდილობს მოასწროს ბოლო მოსაგვარებელი საქმე. მეც მოვაგვარე და წავიდაა...
არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი. სრულიად უმიზნოდ. მთავარი იყო, მევლო. დაკარგვის შიში არ მქონია. მდინარე და ხიდი. დიდი ხიდი. ბევრი სინათლე წყალზე და წყლის გარშემო. /в двух шагах от земли догорали огни/ ხიდზე გაჩერება, გადაყუდება და ყურება არსად. ხიდი ძალიან განიერი იყო...

სხვები მაღაზიებში მეგულებოდნენ. ალბათ ყველანი. არც მიფიქრია. არც კი გამიხედია. ასე მერჩივნა. სიარული. ჰაერი. ცივი, ბერლინის ჰაერი. ქუჩები. მარტო. მაღაზია მხოლოდ ატიპიური. ღია ბარათები - ასევე ატიპიური და არასტანდარტული და არაშაბლონური. მე ბერლინს ის სასაცილო წარწერებიანი ბარათები მახსენებს (რომლებიც დამრჩა გაჩუქების შემდეგ), და არა postkarte ბერლინის კედლის ნანგრევების ფოტოთი .
მერე საყიდლებიდან სასტუმროსკენ მიმავალ ერთ-ერთთან შემთხვევით შეხვედრა. ცხელ შოკოლადზე დაპატიჟების მიღება თბილ კაფეში. დახლთან დაყუდება და ყურება, როგორ გიმზადებენ იქვე ცხელ, შავ, სქელ ნამდვილ შოკოლადს.

მერე ისევ მოედანი. ისევ მარტო. ქუჩები. ქუჩები ნელ-ნელა დავიწროვდა. უფრო დაღამდა. კიდევ უფრო მეტი სიბნელე და მეტი განათება. მერე აღმოვჩნდი იქ. hackesche höfe. და დიიიდხანს, დიიდხანს დავდიოდი... როგორ ვნანობ, ფოტოაპარატი რომ არ მქონდა და ეს ყველაფერი რომ ვერ დავაფიქსირე. მგონია, ისე გადავიღებდი, განწყობას დავიჭერდი.... მერე ისევ გაფართოვდა ქუჩა. მაგრამ ისევ უმანქანო. ისევ ხალხი და ზამთრისპირის სუსხიანი და სასიამოვნო განწყობა ჰაერში. მერე ზარი აქ. 2 ზარი.... უცებ მარტო ვიგრძენი თავი ამხელა სივრცეში. მაგრამ გადაიარა. ეს მარტო ყოფნა მცირე ხნით იყო, ვიცოდი. და იმ მომენტში და იქ, ასე სჯობდა. /в двух словах от любви/


და ახლა, რას არ მივცემდი, რომ შემეძლოს აი ამ წუთას იქ ყოფნა, არასაქმიანად, დრო - ბევრი, საფიქრალი - არა, ამინდი - ცივი, მეჩქარება - არსად, არავითარი - sollen, müssen, უბრალოდ რაც მინდა, სადაც მინდა, რამდენი ხანიც მინდა, როცა მინდა... შეუზღუდავად და უმიზნოდ, მშვიდად და.... მარტო! რას არ მივცემდი...


прощай, берлин...

Saturday, December 12, 2009

Спасибо большое, я как нибудь сама... :)

дайте мне lithium!

- Вот я всегда лотерейный билет покупаю.
- Выиграла?
- А как же! Два раза по рублю


დღეს მგონი პირველად ვიყიდე ცხოვრებაში ლატარიის ბილეთი. ან შეიძლება პირველად არ მიყიდია, მაგრამ პირველად მოვიგე. ჯერ 3 ბილეთი. ანტილოპა გნუ. მერე კიდევ სამი და მოვიგე 1ლარი. იმით ავიღე კიდევ ერთი და კიდევ 1ლარი მოვიგე. ამითაც ავიღებ ბილეთს და ვერაფერსაც ვეღარ მოვიგებ.

და საერთოდ, ამ აჟიტირებასაც ალბათ ბოლო ექნება. ან პაუზა მაინც. არ გეგონოთ, რომ ლატარიის გამო ვარ ასე. აქ არ ვიცი რამდენად ჩანს, უფრო ლაივში და fb-ში იგრძნობა ბოლოდროინდელი განწყობა. აფიშირებას არ ვცდილობ. თავისით მოდის, უბრალოდ ვერ ვაკავებ ხანდახან ამ ემოციებს და რატომაც არა, რა ჯობია კარგი განწყობის გაზიარებას.
ასე თუ გაგრძელდა, ალბათ დამამშვიდებელს დამინიშნავენ, ან უბრალოდ შეეგუებიან და მეც შევეგუები იმ ფაქტს, რომ უბრალოდ ასე ვარ და კარგია.

თუმცა: Есть моменты, когда все удается. Не ужасайтесь - это пройдет! არა, не то что удается, უბრალოდ რაც გაქვს იმას რომ დაინახავ და გაიაზრებ უცებ, იმის დაფასებას რომ შეძლებ,ელემენტარული რაღაცეებით სიხარულის მიღებას რომ ისწავლი, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. take it easy. ცხოვრება არც ისე ხანგრძლივია, რომ შენ დაამძიმო და დაიმძიმო თავი. პრინციპში, carpe diem-ში იყო გადმოცემული ეს ყველაფერი და აღარ არის საჭირო აქ ლაპარაკი.

"это же... урбанизация какая-та!":)))) ეს ისე, ნაწყვეტს ვუყურებდი :)

ძილისწინა ჩანაწერი на скорую руку

აი, ამიტომ მიყვარს პარასკევი. მეორე დილით არავინ ადრე ასადგომი არ არის ((პ)არანორმალური გამონაკლისების გარდა), ყველა ეშვება, ისვენებს, კარგ ხასიათზეა და ტრიალებს ყველგან, ჰაერში, სადაც არ უნდა მიხვიდე, ეს განწყობა.

სიგარეტის ბოლით, ხმაურით და მუსიკის ჰანგებით მეტი რომ არ შეიძლება ისე გაჯერებულ ჰაერშიც კი. მერე გამოხვალ გარეთ და ზამთრის ყინვა შვებად მოგეჩვენება. ყველაფერი 'გისწორდება'.

განსაკუთრებით კარგია, როცა მრავალფეროვანი საღამო გამოდის, სხვაგან და სულ სხვა ჰანგებით დაწყებული და სხვაგან და სხვანაირად + მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ხალხით დამთავრებული. როცა არსად გეჩქარება და საღამო გრძელია.

ხვალ გამონაკლისად ადრე რომ ხარ ასადგომი, ესეც კი არ გთრგუნავს და "რატომ მიდიხართ?!" სიტყვებით "გამოტირებულ" მეგობრებს ბოლო სიტყვას უტოვებ: ყოველ პარასკევს, აქ, ამავე დროს. Место встречи изменить нельзя (ნუ, ცხადია შუალედში ბევრი სხვა შეხვედრაა, მაგრამ მაინც)!

:)

Saturday, December 05, 2009

მოკვდა ალი. მორჩა კინო. წადით ახლა სახლში!

ერთ დროს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის აქტიური სტუმარი ვიყავი. მაშინ დროც მეტი მქონდა, ენერგიაც და წლები კი - ნაკლები. ძალიან მიხაროდა ამ პერიოდის მოახლოება. გაგება - რა ფილმებია, სახლში საღამოს გვიან პროგრამის ფურცვლა, დაგეგმვა და წასვლა. მარტოც კი წავსულვარ (ნუ, იქ შანსი არ იყო ნაცნობ-მეგობრები არ შემხვედროდნენ. თუნდაც იმ დღეებში ახალ გაცნობილები). იყო გახსნა-დახურვაზე მოსაწვევებით და გამოპრანჭული მისვლა და კარგ ადგილებზე დაჯდომა; ვითომ "აკრედიტაციით" შესვლა და თუ გამიმართლებდა, მთელი ფილმი სადმე ჯდომა, თუ არა და ჯერ დაცდა და მერე დაჯდომა, ან სულაც კიბიდან ყურება (ეს ყოველივე ჩემი ძმის დამსახურებით, მაშინ ამ ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი იყო); ბილეთის ყიდვა და ჩვეულებრივი მოკვდავივით შესვლა...მაშინ ვნახე პირველად პოლანსკის "პიანისტი", იოსელიანის "ორშაბათის დილა" და კალატოზიშვილის "მე, კუბა".. და ნუ კიდევ ბევრი სხვა. დღეში ხან რამდენიმე ფილმზე შესვლას ვასწრებდი, ამირანში, კინოს სახლში, ისევ ამირანში...მოკლედ, ეს რაც შეეხება იმ წლებს.



,,,, ,,,,,, ,,,,, ,,,,,,, ,,,,,,

наши дни

წელს ამ ყველაფერმა ფაქტიურად გვერდით ჩაიარა. რაზეც მინდოდა - ვერ წავედი. დღეს შევთანხმდით და დრო დავთქვით - 7 საათი. შეხვედრის ადგილი - ამირანის ფოიე. პირველი ვინც მიდის, ის ყიდულობს ბილეთს 8 საათიან ფილმზე, შედის ლიტ.კაფეში და იკავებს ადგილს. დანარჩენები მოვლენ. 7 საათი ჯერ არ იყო, რომ მივედი. სალაროს მივუახლოვდი თუ არა, სმს მომივიდა - "პირდაპირ კაფეში შემოდი, ბილეთები 8 საათიანზე აღარ არის...."
შევედი. არც კაფეში იყო ადგილები, მაგრამ ჩემს მეგობრებს უკვე მოესწროთ და დამსხდარიყვნენ. მცირე ფიქრის შემდეგ - არჩევანი იყო 8 საათიან სხვა ფილმსა და 10 საათიან ფილმს შორის - არჩევანი მეორეზე შევაჩერეთ და სანამ იქაც გაიყიდებოდა ბილეთები, სასწრაფოდ ავიღეთ და უკვე მშვიდად დავიწყეთ ჩაის სმა (დავიწყეთ და აღარასოდეს აღარ დავასრულეთ). არა და სამივეს ძალიან გვაინტერესებდა ის, გერმანული (თუ ავსტრიული?) ფილმი, განსაკუთრებით იქ მონაწილე მსახიობების გათვალისწინებით. მაგრამ არა უშავს. მაინც ვნახავ როგორმე, სადმე.
მოკლედ, საღამო ვიცოდით დიიდი გამოვიდოდა და სალაპარაკოსაც რა გამოლევდა. ერთი მინუსი ჰქონდა ამ ყველაფერს - ოფიციანტის დაჭერა იყო რთული, მერე იმის გამორკვევა, თუ რომელი ჩაი ჰქონდათ და მერე დაუსრულებლად ლოდინი ჩაის... თურმე საფერფლეების დეფიციტიც ყოფილა. წინა საღამოს უკვე გამოცდილები იყვნენ ესენი. სანამ სიგარეტთან ერთად ტუჩები და თითებიც არ ჩაეფერფლათ, საფერფლე ვერ მოიპოვეს.დღეს კი ვიღაც მოგვადგა მაგიდასთან თხოვნით - "ჩამაფერფლებინეთ, რა, ჩვენ არ გვაქვს."არც ერთს არ გაგვკვირვებია.მოკლედ, ეს არაფერი, მოგვარებადია, მით უმეტეს, თუ ბევრი დრო გაქვს და არსად გეჩქარება.ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. მაგიდები ცარიელდებოდა და სხვა ხალხით ივსებოდა. ჩვენ კი ვისხედით...
მერე ერთ-ერთ ჩვენთაგანს გაუმართლა და არ ვიცი საიდან, მაგრამ უეცრად (მორიგი გასვლიდან დაბრუნებული) ბილეთით ხელში მოგვადგა - 8 საათიანზე ვიშოვეო. ჰოი საოცრებავ!
ჩვენ დავრჩით ორნი. და განვაგრძეთ ჩაის სმა და საამო საუბნარია. ფილმებში საათს რომ აჩვენებენ, ისრები სწრაფად რომ მიდის, დრო გადის და კადრი კი იგივეა - აი ასე ვისხედით. ფონი იცვლებოდა, ხალხი ფილმზე შედიოდა, გამოდიოდა, კაფეში შემოდიოდნე, ჭამდნენ, სვამდნენ, მღეროდნენ კიდეც, გადიოდნენ... ჩვენ - ვისხედით. იყო ცნობადი (ჩემში სიმპატიის აღმძვრელი თუ 30-იანი წლების ფიზიკოსების და მაშინდელი სამეცნიერო შემეცნებითი არავისთვის საინტერესო საბჭოთა გადაცემების წამყვანების ასოციაციის გამომწვევი - არ დავაკონკრეტებ, ვინ იწვევს ჩემში ამ ასოციაციას. შეიძლება ისედაც მიხვდეთ და არ არის საჭირო ყველაფრის აქ დაწერა) და არაცნობადი სახეები, ჰასაკი - ყველანაირი.
- რამდენი ღლაპია - აღვნიშნე რაღაც მომენტში
- ესენი კი არ არიან ღლაპები, ჩვენ ვართ დიდები - იყო პასუხი. სხვა რა გზა იყო. დავეთანხმე. нехотя, მაგრამ ღიმილით. ხო, მეც "ღლაპი" ვიყავი როგორც ჩანს ერთ დროს...

გამოხდა ხანი. და უეცრად, გაიღო შუშის კარი და გამოჩნდა იგი.... ჩვენი ფრთოსანი მეგობარი. რომელსაც, როგორც ჩანს გულმა ვერ გაუძლო, რომ არ ვენახეთ და შემოიარა მცირეოდენი ხნით, შებუდებამდე.
განვაგრძეთ чаепитие აწ ისევ სამმა. აი, Алиса в стране чудес-ში რომ არის, მუდმივად ჩაის სმის დრო რომ აქვთ საათზე, ისე ვიყავით დაახლოებით.

და აი, ჩამოჰკრა ზარმა! არა, არავითარი ზარი არ ყოფილა. დარწმუნებულები, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა ფილმი დროზე (წინა დღის გამოცდილება გამიზიარეს), დაგვიანებით შევედით მცირე დარბაზში. ჩვენს ადგილზე უბილეთოდ განთავსებულები ავაყენეთ და განვთავსდით (ხო, ფრინველი მის ახალშემოსულ მეგობარს შევატოვეთ. საკენკს კენკავდა, როცა ჩვენ ორნი მოვდიოდით).
დაიწყო თურქულ-ფრანგულ(და მგონი -იტალიურ)ი ფილმი. მოქმედება - თურქეთში. სუბტიტრები - ეკრანის ქვემოთ პატარა ეკრანზე - ქართულად. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ... სანამ პროექტორი არ გაფუჭდა. უცებ მივხვდით ყველა ერთბაშად, რომ ფილმში ლაპარაკს განაგრძობდნენ მათ მშობლიურ ენაზე, და ჩვენ კი არაფერი გვესმოდა. სუბტიტრები აღარ ჩანდა. ჩვენ ორნი მესამე რიგში ვისხედით. პირველ რიგში, ცენტრში, თითქმის ჩვენს წინ მაგიდაზე ლეპტოპით იჯდა სავარაუდოდ ენის მცოდნე სუბტიტრების გამშვები.
ხალხი საკმაოდ მალე აღელდა. გაისმა წამოძახილები: " - სუბტიტრები არ ჩანს, დაუძახეთ ვინმეს!" პასუხი მშიდი იყო " - დავურეკე უკვე და მოვლენ." მართალია დარბაზი მცირეა, მაგრამ ეს ისე მშვიდად და დაბალ ხმაზე იყო ნათქვამი, ეჭვი მაქვს ბოლო რიგში მსხდომნი ვერ გაიგებდნენ. გაუგებრობა გარკვეული ხანი გაგრძელდა. არა და დიალოგი მიდიოდა სწორედ იმ დროს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცოტა თუ გადავიხრებოდით წინ, ლეპტოპში ტექსტს დავინახავდით. ასე რომ, ცოტა მეტი მაინც გვესმოდა, ვიდრე სხვებს. მერე როგორც იქნა მოვიდა ვიღაც ყრმა, легким движением руки გამოასწორა ხარვეზი და აფორიაქებული დარბაზიც ჩაწყნარდა....

მაგრამ ეს არ იყო დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! გარკვეული ხნის შემდეგ იგივე განმეორდა. შეძახილები უფრო ხმამაღალი და იმპერატიული გახდა: "მაშინ გააჩერეთ ფილმი! წაგვიკითხეთ ტექსტი ხმამაღლა!" და ა.შ. ჩვენ ლეპტოპში კითხვას განვაგრძობდით... უცებ კარი გაიღო (პრინციპში, ღია კარში მიმდინარეობდა ფილმი თავიდანვე - კარი საოცარი სიხშირით იღებოდა და ხან ვიღაც გადიოდა და ხან შემოდიოდა) და შემოვიდა ბილეთების მიხედვით ადგილებზე დამკვალიანებელი გოგო და სავარაუდოდ - დაცვა ან ვინმე თანამშრომელთაგანი საკმაოდ არახმადაბალი ტექსტით: "ტელეფონი დაკარგა?! აბა, ვინ დაკარგა მობილური?"- და ამ სიტყვებით უკანა რიგებისკენ გაემართა.
ამასობაში ხარვეზი ისევ აღმოფხვრეს და ხარვეზის აღმომფხვრელმა დარბაზი ისევ დატოვა. "არ უნდა გაგეშვათ ის ბიჭი!" - გაისმა უკანა რიგებიდან.

ფილმში კი მოვლენები თავისი გზით მიდიოდა და ვითარდებოდა.მობილურის ძებნის ფაქტზე არავის გაუმახვილებია დიდად ყურადღება, სავარაუდოდ თვით დაზარალებულსაც ისმაილის (ერთ-ერთი მთავარი გმირის) ბედი უფრო აღელვებდა, ვიდრე საკუთარი ტელეფონის და ძლივს ისევ აღდგენილი სუბტიტრები წაკითხვა და ფილმის ყურება ამჯობინა ბნელ ოთახში შავი კატ... რა შუაშია, მობილური ძებნას.
ისევ ჩაწყნდარდა დარბაზი, მაგრამ ისევ დროებით. სუბტიტრები მალე ისევ გაქრა... ეს უკვე საერთო მხიარულების მიზეზი გახდა. რამდენიმე ადამიანმდა უხმოდ დატოვა იქაურობა. დარჩენილებმა კი კომენტარები და შეძახილები განაახლეს."შეაჩერეთ ფილმი! წაგვიკითხეთ ხმამაღლა ტექსტი!" სულ ველოდებოდი, ვინმე დაიძახებდა - "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივააარ!" მაგრამ არავინ დაიძახა.ბოლო რეპლიკის პასუხად უცებ წინა რიგებიდან გაისმა: "გრიპი მაქვს და ვერ წავკითხავო!" - ეს, როგორც ჩანს ახლობელი გამოესარჩლა მესუბტიტრეს. იმედია ღორის გრიპი არ ჰქონდა. "წაიკითხეთ, ჩვენ მაინც გავიგებთ რამეს, პირველ 3 რიგში მსხდომნი" - გააქტიურდა ვიღაც.
ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა ამ ყველაფერს ლეპტოპთან მჯდომი, თავიც კი არ მიუბრუნებია უკან. ძალიან მინდოდა წამომეძახა: "რაო, ვალიკო, რა მინდაო?!" მაგრამ თავი შევიკავე. "ვალიკოს" ხმა მაინც არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ასე რომ ვერ გამცემდა პასუხს: "რა უნდა უნდოდეს, ვერ ხედავ, ცეკვავს ადამიანი!"
როგორც იქნა პროექტორი კვლავ შეაკეთეს და ფილმის დარჩენილი ნაწილი უხარვეზოდ წავიდა. არა, ცოტა არ იყო დარჩენილი, საკმაოდ გრძელი ფილმი იყო და ეს ყველაფერი ავაზის დღეს კი არა და პირველ ნახევარში და საკმაოდ მალე მოხდა. მერე დავინახე, ერთ-ერთი თანამშრომელი (სახეზე ვცნობდი უბრალოდ, ჩემი ძმის საქმის გამგრძელებელი) როგორ შემოვიდა და დაჯდა კარებთან კიბეზე, თუ რამე, იქვე რომ ყოფილიყო და მესუბტიტრე მოსალოდნელ ჩაქოლვისგან გადაერჩინა პრობლემის დროულად და დარეკვის გარეშე მოგვარებით. მაგრამ ხარვეზებს ადგილი აღარ ჰქონია.
ფილმი კარგი იყო ნამდვილად. არა მსუბუქი. პირიქით. საკმაოდ დამგრუზველი და რეალისტური. ჰოლივუდურ ფერებს და კადრებს მიჩვეულებს თვალს გვჭრიდა უსახური გარემო და არც თუ ისე ლამაზი სახეები. კმაყოფილები დავრჩით, საბოლოო ჯამში. ღირდა ბოლომდე დარჩენა და ყურება...




,,,,,,,,, ,,,,,,,,, ,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,

შუაღამისას თბილისში უკვე საკმაოდ ცივა. მაგრამ დარბაზიდან გამოსულებს მაინც ძალიან გვესიამოვნა სუფთა (?) ჰაერი. სუპერმარკეტამდე ფეხით ჩავისეირნეთ, თან ფილმს "ვარჩევდით". სუპერმარკეტში....... დენი არ იყო. ორივემ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ საოცარი და უცნაური საღამოა (თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა დეტალი არ დამიწერია). მობილურის შუქზე ვაკვირდებოდით თაროებს და უცებ რაღაც მრგვალი და დიდი სინათლე დაეცა შოკოლადების განყოფილებას. ეს სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონა იყო. თავიდან მეგონა თავზე მეშახტის ქუდი ეხურა თავისი ფანრით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუმცა ფანარი იმდენად დიდი იყო, მეშახტის ხელის ფანრად ნამდვილად გამოდგებოდა. да будет свет! და იქმნა... მოკლედ, უშუქობის მიუხედავად მიზანი ნაწილობრივ მიღწეულ იქნა და გამოვედით. ცივილიზებული ადამიანებივით მოვიქეცით, მიუხედავად ღამის 12 საათისა შუქნიშანს ხელი მივაჭირეთ და ჩვენს გზას დაველოდეთ. რა, რა და აი ტაქსი კი არასოდეს იქნება პრობლემა ამ ქალაქში, როგორც ჩანს. ორი "კები" ზედიზედ "დავიჭირეთ" და კმაყოფილები და ინფორმაციებითა და ემოციებით დატვირთულები გავუდექით ჩვენ-ჩვენს გზას სახლებისკენ.