მოკვდა ალი. მორჩა კინო. წადით ახლა სახლში!

ერთ დროს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის აქტიური სტუმარი ვიყავი. მაშინ დროც მეტი მქონდა, ენერგიაც და წლები კი - ნაკლები. ძალიან მიხაროდა ამ პერიოდის მოახლოება. გაგება - რა ფილმებია, სახლში საღამოს გვიან პროგრამის ფურცვლა, დაგეგმვა და წასვლა. მარტოც კი წავსულვარ (ნუ, იქ შანსი არ იყო ნაცნობ-მეგობრები არ შემხვედროდნენ. თუნდაც იმ დღეებში ახალ გაცნობილები). იყო გახსნა-დახურვაზე მოსაწვევებით და გამოპრანჭული მისვლა და კარგ ადგილებზე დაჯდომა; ვითომ "აკრედიტაციით" შესვლა და თუ გამიმართლებდა, მთელი ფილმი სადმე ჯდომა, თუ არა და ჯერ დაცდა და მერე დაჯდომა, ან სულაც კიბიდან ყურება (ეს ყოველივე ჩემი ძმის დამსახურებით, მაშინ ამ ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი იყო); ბილეთის ყიდვა და ჩვეულებრივი მოკვდავივით შესვლა...მაშინ ვნახე პირველად პოლანსკის "პიანისტი", იოსელიანის "ორშაბათის დილა" და კალატოზიშვილის "მე, კუბა".. და ნუ კიდევ ბევრი სხვა. დღეში ხან რამდენიმე ფილმზე შესვლას ვასწრებდი, ამირანში, კინოს სახლში, ისევ ამირანში...მოკლედ, ეს რაც შეეხება იმ წლებს.



,,,, ,,,,,, ,,,,, ,,,,,,, ,,,,,,

наши дни

წელს ამ ყველაფერმა ფაქტიურად გვერდით ჩაიარა. რაზეც მინდოდა - ვერ წავედი. დღეს შევთანხმდით და დრო დავთქვით - 7 საათი. შეხვედრის ადგილი - ამირანის ფოიე. პირველი ვინც მიდის, ის ყიდულობს ბილეთს 8 საათიან ფილმზე, შედის ლიტ.კაფეში და იკავებს ადგილს. დანარჩენები მოვლენ. 7 საათი ჯერ არ იყო, რომ მივედი. სალაროს მივუახლოვდი თუ არა, სმს მომივიდა - "პირდაპირ კაფეში შემოდი, ბილეთები 8 საათიანზე აღარ არის...."
შევედი. არც კაფეში იყო ადგილები, მაგრამ ჩემს მეგობრებს უკვე მოესწროთ და დამსხდარიყვნენ. მცირე ფიქრის შემდეგ - არჩევანი იყო 8 საათიან სხვა ფილმსა და 10 საათიან ფილმს შორის - არჩევანი მეორეზე შევაჩერეთ და სანამ იქაც გაიყიდებოდა ბილეთები, სასწრაფოდ ავიღეთ და უკვე მშვიდად დავიწყეთ ჩაის სმა (დავიწყეთ და აღარასოდეს აღარ დავასრულეთ). არა და სამივეს ძალიან გვაინტერესებდა ის, გერმანული (თუ ავსტრიული?) ფილმი, განსაკუთრებით იქ მონაწილე მსახიობების გათვალისწინებით. მაგრამ არა უშავს. მაინც ვნახავ როგორმე, სადმე.
მოკლედ, საღამო ვიცოდით დიიდი გამოვიდოდა და სალაპარაკოსაც რა გამოლევდა. ერთი მინუსი ჰქონდა ამ ყველაფერს - ოფიციანტის დაჭერა იყო რთული, მერე იმის გამორკვევა, თუ რომელი ჩაი ჰქონდათ და მერე დაუსრულებლად ლოდინი ჩაის... თურმე საფერფლეების დეფიციტიც ყოფილა. წინა საღამოს უკვე გამოცდილები იყვნენ ესენი. სანამ სიგარეტთან ერთად ტუჩები და თითებიც არ ჩაეფერფლათ, საფერფლე ვერ მოიპოვეს.დღეს კი ვიღაც მოგვადგა მაგიდასთან თხოვნით - "ჩამაფერფლებინეთ, რა, ჩვენ არ გვაქვს."არც ერთს არ გაგვკვირვებია.მოკლედ, ეს არაფერი, მოგვარებადია, მით უმეტეს, თუ ბევრი დრო გაქვს და არსად გეჩქარება.ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. მაგიდები ცარიელდებოდა და სხვა ხალხით ივსებოდა. ჩვენ კი ვისხედით...
მერე ერთ-ერთ ჩვენთაგანს გაუმართლა და არ ვიცი საიდან, მაგრამ უეცრად (მორიგი გასვლიდან დაბრუნებული) ბილეთით ხელში მოგვადგა - 8 საათიანზე ვიშოვეო. ჰოი საოცრებავ!
ჩვენ დავრჩით ორნი. და განვაგრძეთ ჩაის სმა და საამო საუბნარია. ფილმებში საათს რომ აჩვენებენ, ისრები სწრაფად რომ მიდის, დრო გადის და კადრი კი იგივეა - აი ასე ვისხედით. ფონი იცვლებოდა, ხალხი ფილმზე შედიოდა, გამოდიოდა, კაფეში შემოდიოდნე, ჭამდნენ, სვამდნენ, მღეროდნენ კიდეც, გადიოდნენ... ჩვენ - ვისხედით. იყო ცნობადი (ჩემში სიმპატიის აღმძვრელი თუ 30-იანი წლების ფიზიკოსების და მაშინდელი სამეცნიერო შემეცნებითი არავისთვის საინტერესო საბჭოთა გადაცემების წამყვანების ასოციაციის გამომწვევი - არ დავაკონკრეტებ, ვინ იწვევს ჩემში ამ ასოციაციას. შეიძლება ისედაც მიხვდეთ და არ არის საჭირო ყველაფრის აქ დაწერა) და არაცნობადი სახეები, ჰასაკი - ყველანაირი.
- რამდენი ღლაპია - აღვნიშნე რაღაც მომენტში
- ესენი კი არ არიან ღლაპები, ჩვენ ვართ დიდები - იყო პასუხი. სხვა რა გზა იყო. დავეთანხმე. нехотя, მაგრამ ღიმილით. ხო, მეც "ღლაპი" ვიყავი როგორც ჩანს ერთ დროს...

გამოხდა ხანი. და უეცრად, გაიღო შუშის კარი და გამოჩნდა იგი.... ჩვენი ფრთოსანი მეგობარი. რომელსაც, როგორც ჩანს გულმა ვერ გაუძლო, რომ არ ვენახეთ და შემოიარა მცირეოდენი ხნით, შებუდებამდე.
განვაგრძეთ чаепитие აწ ისევ სამმა. აი, Алиса в стране чудес-ში რომ არის, მუდმივად ჩაის სმის დრო რომ აქვთ საათზე, ისე ვიყავით დაახლოებით.

და აი, ჩამოჰკრა ზარმა! არა, არავითარი ზარი არ ყოფილა. დარწმუნებულები, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა ფილმი დროზე (წინა დღის გამოცდილება გამიზიარეს), დაგვიანებით შევედით მცირე დარბაზში. ჩვენს ადგილზე უბილეთოდ განთავსებულები ავაყენეთ და განვთავსდით (ხო, ფრინველი მის ახალშემოსულ მეგობარს შევატოვეთ. საკენკს კენკავდა, როცა ჩვენ ორნი მოვდიოდით).
დაიწყო თურქულ-ფრანგულ(და მგონი -იტალიურ)ი ფილმი. მოქმედება - თურქეთში. სუბტიტრები - ეკრანის ქვემოთ პატარა ეკრანზე - ქართულად. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ... სანამ პროექტორი არ გაფუჭდა. უცებ მივხვდით ყველა ერთბაშად, რომ ფილმში ლაპარაკს განაგრძობდნენ მათ მშობლიურ ენაზე, და ჩვენ კი არაფერი გვესმოდა. სუბტიტრები აღარ ჩანდა. ჩვენ ორნი მესამე რიგში ვისხედით. პირველ რიგში, ცენტრში, თითქმის ჩვენს წინ მაგიდაზე ლეპტოპით იჯდა სავარაუდოდ ენის მცოდნე სუბტიტრების გამშვები.
ხალხი საკმაოდ მალე აღელდა. გაისმა წამოძახილები: " - სუბტიტრები არ ჩანს, დაუძახეთ ვინმეს!" პასუხი მშიდი იყო " - დავურეკე უკვე და მოვლენ." მართალია დარბაზი მცირეა, მაგრამ ეს ისე მშვიდად და დაბალ ხმაზე იყო ნათქვამი, ეჭვი მაქვს ბოლო რიგში მსხდომნი ვერ გაიგებდნენ. გაუგებრობა გარკვეული ხანი გაგრძელდა. არა და დიალოგი მიდიოდა სწორედ იმ დროს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცოტა თუ გადავიხრებოდით წინ, ლეპტოპში ტექსტს დავინახავდით. ასე რომ, ცოტა მეტი მაინც გვესმოდა, ვიდრე სხვებს. მერე როგორც იქნა მოვიდა ვიღაც ყრმა, легким движением руки გამოასწორა ხარვეზი და აფორიაქებული დარბაზიც ჩაწყნარდა....

მაგრამ ეს არ იყო დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! გარკვეული ხნის შემდეგ იგივე განმეორდა. შეძახილები უფრო ხმამაღალი და იმპერატიული გახდა: "მაშინ გააჩერეთ ფილმი! წაგვიკითხეთ ტექსტი ხმამაღლა!" და ა.შ. ჩვენ ლეპტოპში კითხვას განვაგრძობდით... უცებ კარი გაიღო (პრინციპში, ღია კარში მიმდინარეობდა ფილმი თავიდანვე - კარი საოცარი სიხშირით იღებოდა და ხან ვიღაც გადიოდა და ხან შემოდიოდა) და შემოვიდა ბილეთების მიხედვით ადგილებზე დამკვალიანებელი გოგო და სავარაუდოდ - დაცვა ან ვინმე თანამშრომელთაგანი საკმაოდ არახმადაბალი ტექსტით: "ტელეფონი დაკარგა?! აბა, ვინ დაკარგა მობილური?"- და ამ სიტყვებით უკანა რიგებისკენ გაემართა.
ამასობაში ხარვეზი ისევ აღმოფხვრეს და ხარვეზის აღმომფხვრელმა დარბაზი ისევ დატოვა. "არ უნდა გაგეშვათ ის ბიჭი!" - გაისმა უკანა რიგებიდან.

ფილმში კი მოვლენები თავისი გზით მიდიოდა და ვითარდებოდა.მობილურის ძებნის ფაქტზე არავის გაუმახვილებია დიდად ყურადღება, სავარაუდოდ თვით დაზარალებულსაც ისმაილის (ერთ-ერთი მთავარი გმირის) ბედი უფრო აღელვებდა, ვიდრე საკუთარი ტელეფონის და ძლივს ისევ აღდგენილი სუბტიტრები წაკითხვა და ფილმის ყურება ამჯობინა ბნელ ოთახში შავი კატ... რა შუაშია, მობილური ძებნას.
ისევ ჩაწყნდარდა დარბაზი, მაგრამ ისევ დროებით. სუბტიტრები მალე ისევ გაქრა... ეს უკვე საერთო მხიარულების მიზეზი გახდა. რამდენიმე ადამიანმდა უხმოდ დატოვა იქაურობა. დარჩენილებმა კი კომენტარები და შეძახილები განაახლეს."შეაჩერეთ ფილმი! წაგვიკითხეთ ხმამაღლა ტექსტი!" სულ ველოდებოდი, ვინმე დაიძახებდა - "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივააარ!" მაგრამ არავინ დაიძახა.ბოლო რეპლიკის პასუხად უცებ წინა რიგებიდან გაისმა: "გრიპი მაქვს და ვერ წავკითხავო!" - ეს, როგორც ჩანს ახლობელი გამოესარჩლა მესუბტიტრეს. იმედია ღორის გრიპი არ ჰქონდა. "წაიკითხეთ, ჩვენ მაინც გავიგებთ რამეს, პირველ 3 რიგში მსხდომნი" - გააქტიურდა ვიღაც.
ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებოდა ამ ყველაფერს ლეპტოპთან მჯდომი, თავიც კი არ მიუბრუნებია უკან. ძალიან მინდოდა წამომეძახა: "რაო, ვალიკო, რა მინდაო?!" მაგრამ თავი შევიკავე. "ვალიკოს" ხმა მაინც არ ჰქონდა, როგორც ჩანს, ასე რომ ვერ გამცემდა პასუხს: "რა უნდა უნდოდეს, ვერ ხედავ, ცეკვავს ადამიანი!"
როგორც იქნა პროექტორი კვლავ შეაკეთეს და ფილმის დარჩენილი ნაწილი უხარვეზოდ წავიდა. არა, ცოტა არ იყო დარჩენილი, საკმაოდ გრძელი ფილმი იყო და ეს ყველაფერი ავაზის დღეს კი არა და პირველ ნახევარში და საკმაოდ მალე მოხდა. მერე დავინახე, ერთ-ერთი თანამშრომელი (სახეზე ვცნობდი უბრალოდ, ჩემი ძმის საქმის გამგრძელებელი) როგორ შემოვიდა და დაჯდა კარებთან კიბეზე, თუ რამე, იქვე რომ ყოფილიყო და მესუბტიტრე მოსალოდნელ ჩაქოლვისგან გადაერჩინა პრობლემის დროულად და დარეკვის გარეშე მოგვარებით. მაგრამ ხარვეზებს ადგილი აღარ ჰქონია.
ფილმი კარგი იყო ნამდვილად. არა მსუბუქი. პირიქით. საკმაოდ დამგრუზველი და რეალისტური. ჰოლივუდურ ფერებს და კადრებს მიჩვეულებს თვალს გვჭრიდა უსახური გარემო და არც თუ ისე ლამაზი სახეები. კმაყოფილები დავრჩით, საბოლოო ჯამში. ღირდა ბოლომდე დარჩენა და ყურება...




,,,,,,,,, ,,,,,,,,, ,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,

შუაღამისას თბილისში უკვე საკმაოდ ცივა. მაგრამ დარბაზიდან გამოსულებს მაინც ძალიან გვესიამოვნა სუფთა (?) ჰაერი. სუპერმარკეტამდე ფეხით ჩავისეირნეთ, თან ფილმს "ვარჩევდით". სუპერმარკეტში....... დენი არ იყო. ორივემ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ საოცარი და უცნაური საღამოა (თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა დეტალი არ დამიწერია). მობილურის შუქზე ვაკვირდებოდით თაროებს და უცებ რაღაც მრგვალი და დიდი სინათლე დაეცა შოკოლადების განყოფილებას. ეს სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონა იყო. თავიდან მეგონა თავზე მეშახტის ქუდი ეხურა თავისი ფანრით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თუმცა ფანარი იმდენად დიდი იყო, მეშახტის ხელის ფანრად ნამდვილად გამოდგებოდა. да будет свет! და იქმნა... მოკლედ, უშუქობის მიუხედავად მიზანი ნაწილობრივ მიღწეულ იქნა და გამოვედით. ცივილიზებული ადამიანებივით მოვიქეცით, მიუხედავად ღამის 12 საათისა შუქნიშანს ხელი მივაჭირეთ და ჩვენს გზას დაველოდეთ. რა, რა და აი ტაქსი კი არასოდეს იქნება პრობლემა ამ ქალაქში, როგორც ჩანს. ორი "კები" ზედიზედ "დავიჭირეთ" და კმაყოფილები და ინფორმაციებითა და ემოციებით დატვირთულები გავუდექით ჩვენ-ჩვენს გზას სახლებისკენ.

Comments

საინტერესოდ გაგიტარებია საღამო, მე კი პოსტის კითხვით ვისიამოვნე. :)
პოსტზე არაფერს ვიტყვი. ჯერ კიდევ როდის (ორი პოსტის წინ :))) ) აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ბევრს წერ, უფრო საინტერესოა :) და მოკლე ჩანაწერები სასტიკი უკმარისობის შეგრძნებას მიტოვებს :) ფანტასტიური იყო :)

საღამო... რა გითხრა... ალბათ ამ არეულ-დარეულობაშიც არის თავისი ხიბლი, ექსტრიმის შეგრძნება და რაღაც ნონკომფორმისტული, მაგრამ მე მომიტევეთ და მაინც მირჩევნია, ბილეთები მშვიდად ავიღო, ჩემი ადგილიდან ვიღაცის აგდება არ დამჭირდეს, ფილმს ხარვეზებიათ და დაკარგული მობილურის ძებნის ფონზე არ ვუყურო, ლიტ.კაფეში მიმტანმა ნახევარი საათი არ მალოდინოს და ისეთი სახით არ მოიტანოს ყავა, თითქოს მისი მიმტანობა ჩემი ბრალია, ღამით შუქჩამქრალ სუპერმარკეტში არ მომიწიოს შოკოლადის ძებნა... დავბედრი ალბათ და იმიტომ.
Toma said…
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი tu arsebobda arc ki vicodi :D :D :D
© said…
ჯორჯ პაიკი, კაპუჩინო :) :) ძალიან ძალიან დიდი მადლობა! :) ძალიან მიხარია, ჩემი პოსტებით სიამოვნებას როცა იღებენ :) საინტერესო საღამო იყო ნამდვილად და ამ პატარა ხარვეზებს დისკომფორტი არ შეუქმნიათ, პირიქით, უფრო გაგვახალისეს და აგერ, პოსტიც კი შთამაგონეს, ხომ ხედავთ, თორემ ჩვეულებრივად რომ ჩაევლო ყველაფერს, ამხელა რაღაცას კი არ დავწერდი :) :)

Tomushka კი, არსებობს და თან საკმაოდ დიდი ხანია და საკმაოდ საინტერესო და კარგია :)
Keti said…
ცის, იმედი მაქვს, ხვალამდე ნახავ ჩემს ბოლო პოსტს... :)

აქ კი, ისე კარგად მოყევი. სახალისო იყო, კადრებით. ფილმში რომ ფილმის ამბავს მოჰყვნენ, ისე :)
Marika said…
"ფილმებში საათს რომ აჩვენებენ, ისრები სწრაფად რომ მიდის, დრო გადის და კადრი კი იგივეა - აი ასე ვისხედით."

აი, ეს მიყვარს, რა, ამეების წერა რო იცი ხოლმე :))

და ის იყო ძაან მაგარი: ჩამაფერფლებინეთ რა, ჩვენ არ გვაქვს :)))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..