Прощай Берлин

რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით ამ დროს მკითხეს, რა გინდა ახლა ყველაზე ძალიანო (ზოგადად არა, კონკრეტულად იმ დროს იგულისხმებოდა). ვერ გავეცი პასუხი. როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ძილი მინდოდა, ხოდა წავედი და დავიძინე.

აი, ახლა ვიცი, რა მინდა ყველაზე ძალიან, ამ წუთს. ხომ არის, რომ ხანდახან რაღაც თითქმის ტკივილამდე გინდა, ფიზიკურად გრძნობ, ისე. აი ასე მინდა ახლა იმ ქალაქში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, მაინცდამაინც არ მომეწონა მეთქი. ბერლინში.

მართლა არ გადავრეულვარ. შეიძლება ეს იმ დაძაბული რეჟიმის, სტრესის და ნერვიულობის ბრალი იყო, ზოგადად სიტუაციის. არ ვიცი. კი, რა თქმა უნდა აღვიქვი მისი სილამაზეც, ისიც, რაც საინტერესო იყო და ყველაფერი, რაც იმ ძალიან მცირე თავისუფალ დროში შეიძლებოდა აღმექვა. ალბათ ამ დროის სიმცირის ბრალიც იყო ყველაფერთან ერთად.

მოკლედ, აასეა თუ ისე, აი ახლა, ღამე, სახლში მომავალს, მანქანის ფანჯრიდან abwesend ყურებისას, /море причин зачем осколки берегут/ ჩუმად მყოფს, განათებული ღამის თბილისმა და ცარიელმა ქუჩებმა უცებ ძალიან მომანდომა ღამის ბერლინი. /в двух пустых городах/

ის ერთადერთი თავისუფალი საღამო გამახსენდა, რომელიც მარტომ გავატარე. თავისუფალი და მგონი ყველაზე კარგი. გამახსენდა ის ადგილები, სადაც დაძაბული დღეების მერე განტვირთვისთვის ბევრი ვიბოდიალე ფეხით. მარტო, ღამე, სრულიაც უცხო დიიიდ, უზარმაზარ ქალაქში, რომლისთვისაც უცხო ხარ.

/в двух часах между строк/

ტერიტორია სასტუმროს სიახლოვეს. ფოსტისკენ მიმავალი გზის გარკვევა. ანძა, რაღაც ქუჩები. გზის კითხვა. ფოსტა. აქედან გატანებული და გაგზავნილი პაკეტი. საღამო. ხალხი სამსახურის მერე და ფოსტის დაკეტვამდე ცდილობს მოასწროს ბოლო მოსაგვარებელი საქმე. მეც მოვაგვარე და წავიდაა...
არც კი ვიცოდი, სად მივდიოდი. სრულიად უმიზნოდ. მთავარი იყო, მევლო. დაკარგვის შიში არ მქონია. მდინარე და ხიდი. დიდი ხიდი. ბევრი სინათლე წყალზე და წყლის გარშემო. /в двух шагах от земли догорали огни/ ხიდზე გაჩერება, გადაყუდება და ყურება არსად. ხიდი ძალიან განიერი იყო...

სხვები მაღაზიებში მეგულებოდნენ. ალბათ ყველანი. არც მიფიქრია. არც კი გამიხედია. ასე მერჩივნა. სიარული. ჰაერი. ცივი, ბერლინის ჰაერი. ქუჩები. მარტო. მაღაზია მხოლოდ ატიპიური. ღია ბარათები - ასევე ატიპიური და არასტანდარტული და არაშაბლონური. მე ბერლინს ის სასაცილო წარწერებიანი ბარათები მახსენებს (რომლებიც დამრჩა გაჩუქების შემდეგ), და არა postkarte ბერლინის კედლის ნანგრევების ფოტოთი .
მერე საყიდლებიდან სასტუმროსკენ მიმავალ ერთ-ერთთან შემთხვევით შეხვედრა. ცხელ შოკოლადზე დაპატიჟების მიღება თბილ კაფეში. დახლთან დაყუდება და ყურება, როგორ გიმზადებენ იქვე ცხელ, შავ, სქელ ნამდვილ შოკოლადს.

მერე ისევ მოედანი. ისევ მარტო. ქუჩები. ქუჩები ნელ-ნელა დავიწროვდა. უფრო დაღამდა. კიდევ უფრო მეტი სიბნელე და მეტი განათება. მერე აღმოვჩნდი იქ. hackesche höfe. და დიიიდხანს, დიიდხანს დავდიოდი... როგორ ვნანობ, ფოტოაპარატი რომ არ მქონდა და ეს ყველაფერი რომ ვერ დავაფიქსირე. მგონია, ისე გადავიღებდი, განწყობას დავიჭერდი.... მერე ისევ გაფართოვდა ქუჩა. მაგრამ ისევ უმანქანო. ისევ ხალხი და ზამთრისპირის სუსხიანი და სასიამოვნო განწყობა ჰაერში. მერე ზარი აქ. 2 ზარი.... უცებ მარტო ვიგრძენი თავი ამხელა სივრცეში. მაგრამ გადაიარა. ეს მარტო ყოფნა მცირე ხნით იყო, ვიცოდი. და იმ მომენტში და იქ, ასე სჯობდა. /в двух словах от любви/


და ახლა, რას არ მივცემდი, რომ შემეძლოს აი ამ წუთას იქ ყოფნა, არასაქმიანად, დრო - ბევრი, საფიქრალი - არა, ამინდი - ცივი, მეჩქარება - არსად, არავითარი - sollen, müssen, უბრალოდ რაც მინდა, სადაც მინდა, რამდენი ხანიც მინდა, როცა მინდა... შეუზღუდავად და უმიზნოდ, მშვიდად და.... მარტო! რას არ მივცემდი...


прощай, берлин...

Comments

ვკითხულობდი პოსტს და სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, მანამდე დაახლოებით ის გავიფიქრე რაც შენც გიწერია: ”არავითარი - sollen, müssen, უბრალოდ რაც მინდა, სადაც მინდა, რამდენი ხანიც მინდა, როცა მინდა...”
Lisa said…
არანორმალურად მაგძნობინე ბერლინში ბერლინი.ეგარის.
მართლა ეგეთი. -11შიც ძალიან თბილი და ძალიან შენი.
© said…
რა კარგია :)

:)
babisa said…
chven da chveni survilei.. xshirad sawinaagmdego napirebze :))

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..