კიდევ ერთხელ სუპერ მარიოს შესახებ

სუპერ მარიო გაფერმკრთალდა. ბრძოლების შედეგად. ბევრი ბრძოლის შედეგად გაფერმკრთალდა. კი, დიდი ნაწილი საკუთარ თავთან ბრძოლა იყო შეიძლება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იმარჯვებს, მაგრამ ჭრილობებს ხომ იღებს ბრძოლებში? ხოდა ამაშია საქმე. ამიტომაც ფერმკრთალდება.

არა და სულით პაციფისტია სუპერ მარიო. და კატა ლეოპოლდის მსოფლმხედველობას იზიარებს: "Ребята, давайте жить дружно!" მაგრამ რად გინდა... კიდევ, ლენონისას: All ... is saying is give peace a chance. მაგრამ, რად გინდა... ამ თამაშში სხვანაირად არ მოსულა, როგორც ჩანს.

იზრდება პერიოდულად, იღებს ახალ ძალებს, ისევ მკვეთრი ფერი ეძლევა და ისევ ძველებურად განაგრძობს თამაშს. ხანდახან უცნაური საუნდტრეკი აქვს, ატიპიური, t.a.T.u-სეული: Я продолжаю простые движения. ხოდა განაგრძობს. მერე ისევ ფერმკრთალდება. მერე ისევ ძლიერდება. გრენდაიზერ, გაძლიერდი!.. ხო, რა მოხდა? დიახაც, ჰგავს აბსურდის თეატრს ეს თამაში. ახლა მიხვდით?

რამდენჯერ უნდა მოიყოლოს ხელი ამ კარებში? ხან ნელა, დიიდი ხანი და მძიმედ იხურება კარი, ხან – მოულოდნელად და ძლიერად, უუf. შედეგი ერთია და ცივი წყლისთვის ხელის შეშვერა დიდად არ შველის ამ შემთხვევაში. აქ უკვე ტომი და ჯერისეული სიუჟეტი ირთვება. ტომი რაღაცას რომ იტკენს, სახეზე წითლდება ტკივილისგან, მაგრამ ითმენს და არ ყვირის. მერე ან გარეთ გადის და იქ ყვირის, ან რაღაც მსგავსს აკეთებს (ბოთლში რომ იცინის, ბოთლი გარეთ გააქვს და იქ ხდის თავს – ეს გამახსენდა უცებ).

გზადაგზა სუპერ მარიო ხვდება, რომ რაღაცეები ეცნობა. თავიდან ფიქრობს – ეს ალბათ იმიტომ, რომ დედამიწა მრგვალია. მერე ხვდება, ეს უბრალოდ déjà vu-ა. ან თამაშია ალბათ მრგვალი და მოვლენები თუ ისტორია განმეორებადია. გარკვეული ცვლილებებით, ცხადია. მაგალითად გმირების ცვლილებებით. დეკორაციის ცვლილებებით. შეცდომებიც განმეორებადია.

მერე სარკე ხვდება გზად სუპერ მარიოს. ჩაიხედავს და მიხვდება, რომ გაზრდილა. ძალიან. ასაკს არ გულისხმობს. სხვა რაღაცას დაინახავს სუპერ მარიო. უფრო ღრმად. ემოციურად გაზრდილ სუპერ მარიოს დაინახავს. ვერ ხვდება, მოეწონოს, თუ არა.

ხმა კადრს მიღმა, ან ფონად
– რაში ვარო რა თქვი?
– სიცარიელეში...
– სიცარიელეში... ძალიან კარგი

ხანდახან სუპერ მარიოს აღარ უნდა, იყოს სუპერ. უნდა, უბრალოდ მარიო გახდეს. ან უბრალოდ მარია. მერე უცებ ჰოლივუდური ფილმიდან ახსენდება ფრაზა: "крем-брюле не может стать желе". აქაც déjà vu აქვს. ეს ხომ იყო? მერე ხვდება, რომ რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ჰოლივუდური ფილმების გმირების устами глаголит истина.

ხმა კადრს მიღმა, ან ფონად
- Ну, щас вы скажете, что вы не такая.
— Нет, не скажу. Но и завтракать не поеду. Я уж своё отзавтракала.
— Не рано ли?
- ......

აღმოაჩინე შენში ახალი მარიო! არა, სუპერ მარიოს მთვლემარე უნარ–ჩვევები/თვისებები.

სუპერ მარიოს არ უყვარს, მის საქმეში რომ ერევიან, მაგრამ უყვარს, როცა მასზე ფიქრობენ და გვერდში უდგებიან. სწორად. უყვარს, როცა ამას გრძნობს, თუნდაც ვერ ხედავდეს.

ხანდახან სუპერ მარიო ქეჩოში წავლებულ ხელს გრძნობს. ეს ხელი არ ატრიალებს. უბრალოდ წამით აჩერებს და დაფიქრების საშუალებას აძლევს. ამ დროს მარიოს გადასადგმელად აწეული ფეხი ჰაერში უშეშდება და ცოტა ხანში მიმართულებას იცვლის. სუპერ მარიო მშვიდად არის.
სუპერ მარიოს სუპერ მეგობრები ჰყავს.

სუპერ მარიო ჯიუტია, მაგრამ დამთმობი. მშვიდია, მაგრამ გიჟი. სუპერ მარიო ძლიერია, მაგრამ სუსტი. ცივია, მაგრამ თბილი. ემოციებს არ გამოხატავს, მაგრამ მგრძნობიარეა. სუპერ მარიო ჭკვიანია, მაგრამ სულელი. სუპერ მარიო(ც) ადამიანია.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..