..მე ასეთ მომენტს 'ჭეშმარიტების წამს' დავარქმევდი. ან ასე: 'წამი ჭეშმარიტებისა'. მართალია, წამზე მეტ ხანს გრძელდება, მაგრამ მაინც. და დილით დგება. ადრე დილით. ნების საწინააღმდეგოდ გაღვიძებულ დილით. და ისიც არა ყოველთვის. ხანდახან.

ამ დროს ზუსტად იცი ადამიანმა, რა გინდა და რა - არა. ტირილამდე ზუსტად იცი. ეს არის 'წამი' სიზმრის სამყაროდან რეალურ სამყაროში სრულ გადმოსვლამდე. აღარ გძინავს. მაგრამ სამუშაო დღეში თავით-ფეხებამდე ჯერ არ ხარ ჩართული. ჯერ კიდევ სუფთა ხარ და ჯერ კიდევ შენ ხარ.

ეს 'წამი' ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე მერე მთელი დღის განმავლობაში არსებული რეალობა. ეს სურვილიც, რასაც იმ წამს გრძნობ, ბევრად უფრო ნამდვილი და შენია, ვიდრე დღის დარჩენილი დროის მანძილზე გაჩენილი თუ გააზრებული სურვილები.

უბრალოდ, არასოდეს ვაძლევთ მას გახანგრძლივების, რეალობად, რეალურ რეალობად ქცევის საშუალებას. ან იქნებ, ჩვენ არ გვეძლევა ამის საშუალება?! არა და რომ შეგვეძლოს იმ რეალობით ცხოვრება, მაშინ აღვიქვამდით, რა არის მართლა ბედნიერება.

მერე ჩვეულებრივ მოძრაობებს და მოქმედებებს ვიწყებთ/განვაგრძობთ. მერე თავით ვერთვებით ყოველდღიურობაში და იმაში, რასაც ამ ყოველდღიურობის ენაზე რეალობა ჰქვია. და იმ 'წამს' ისევ ხელიდან ვუშვებთ და ვკარგავთ. თუ გაგვიმართლა, გაგვიმეორდება და თავს შეგვახსენებს. გაგვახსენებს, სინამდვილეში რა გვინდა.

არა და, არსებობენ (ალბათ) ბედნიერი გამონაკლისები. მაგრამ იციან მათ ამის შესახებ?

p.s. მგონი შვებულება და აქედან შორს წასვლა მინდა :) ეს ისე. ეს არ იყო ჩემი 'ჭეშმარიტების წამი'. ეს უფრო რეალობა იყო. სტატუსის ბოლოს დამდგარი რეალობა :)

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..