sentimental blog from silent baku

sentimental mood

უკუსვლით რომ დავიწყო, სიმბა გამახსენდა, ფრენდის პოსტმა გამახსენა, რომელიც, სავარაუდოდ დღეს საკუთარი ძაღლის ევთანაზიას დაესწრო. მე ვერ დავესწარი. ვერც ვიტირე. მანამდე ვიტირე შინაგანად, როცა ბოლოჯერ ავიყვანე ხელში და თითები ლამის ერთმანეთს შეეხო, ლამის ნეკნებში გავიდა, ისეთი ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, როცა ჩვეულებისამებრ ტახტზე ახტომას ეცადა და ვერ ახტა, გადასაფარებელს დაეკიდა საცოდავად და ჩამოვხსენი... გული მიკვდება, რომ მახსენდება. სად მიდიან ცხოველები სიკვდილის შემდეგ?...

მანამდე გოგოებმა დამირეკეს ვიდე ქოლით, თამუნას (ჭ.) დაბადების დღიდან. თითქმის ყველა ერთად, პლუს სხვებიც. თბილისში, ვერაზე მეგობართან სახლში საღამოს ყოფნის სენტიმენტები...

უფრო მანამდე, საღამოს თამუნამ (ვ.) მოიწერა გრუფში, ჩამოვედი გუშინ გერმანიიდან და რას შვებით, ახლა ვბრუნდები ჩემი დისგან და სანამ სახლში წავსულვარ, მოვალ რომელიმესთან, ან თქვენ მოდითო, მალე, თორემ მერე დამეძინებაო. იქ ერთი ჩვეულებრივი თბილისური საღამო იყო და ეს მიმოწერაც ჩვეულებრივი იყო დანარჩენებისთვის. მე ვერ ჩავერეოდი უბრალოდ. ვერ ავყვებოდი ჩვეულებისამებრ მომენტალურად და ვერ ვთხოვდი, დაიცა, არ მოდუნდე, გამოვალ მეთქი.

კიდევ უფრო მანამდე, გუშინ, ან გუშინწინ თამუნამ (გ.) მოიწერა სხვა გრუფში, დათო ჩამოდის და აღდგომამდე ჩემთან გამოდით ახლა სახლშიო. ეგონა, მეც იქ ვიყავი, ან ჩავდიოდი მაინც. 

ხო, დათო ჩადის, რა თქმა უნდა, ან უკვე ჩავიდა. და ჩვეული აღდგომისწინა "დვიჟენიები" იქნება ჩვენ წილ თბილისში. არა ძალიან ხმაურიანი, მაგრამ მაინც ბევრხალხიანი, ბევრ მეგობრიან და მეგობრების მეგობრებიანი. 

და აღდგომის კვირას გვიან გაღვიძება, ნელა და გემრიელად საუზმობა და სახლის შეგრძნება იქნებოდა.

ქალაქი რაღაც ერთბაშად დაცარიელდა დღეს. თან დაზამთრდა. ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფ.. ზამთარი, გაზაფ.. ზამთარი... რაღაცნაირი განწყობაა. არა და სულ რაღაც გუშინ ძალიან ხალისიანი და მზიან ქარიანი კვირა დღე მქონდა.


დილით მგონი სიჩუმემ გამაღვიძა. ჯერ მეგონა, ჩვეული 15 წუთიანი დადუმება იყო, როცა სამთავრობო მანქანამ უნდა ჩაიაროს და მოძრაობა ჩერდება. მერე მივხვდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. გავიხედე და silent baku დავინახე. ბაქო დიდი რბოლისთვის ემზადება. მარტო ქარის ხმა ისმის. რომელსაც უკვე შევეჩვიე...

3 თვე აქ ყოფნა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ ეტაპზე რა მომივიდა, არ ვიცი. ივნისამდე შორი მეჩვენება. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამ პერიოდში არ ვარ იქ... გავიყინე დღეს... ამის ბრალიც არის ალბათ. ნაწილობრივ.

ნიკა მაჩაიძის sentimental ადევს ფონად ამ ბლოგს. სანამ ვწერდი, რამდენჯერმე გადავახვიე. წერტილს დავსვამ და სიმღერაც დასრულდება.

#ბაქოსქრონიკები




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..