მზე, გარფილდი და შვებულება

თითებს მოთხოვნილება აქვთ, წერონ. როგორც წესი, ასე ხდება. გავხსნი ლეპტოპს, თითებს შევახებ კლავიატურას, და მერე თვითონ დარბიან, თვითონ პოულობენ საჭირო ასოებს და კლავიშებს. 

დღეს ფანტასტიური ამინდი იყო. ასეთ ამინდში მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. არა, მგონია, რომ ყველაფერი უკვე კარგად არის და მომავალში საერთოდ - ფანტასტიურად იქნება. ბევრჯერ მითქვამს და ალბათ დამიწერია კიდეც - მზის ელემენტები მაქვს, მზეზე ვიტენები. 

31 დეკემბრიდან გადავწყვიტე, მართლა შვებულება მომეწყო, დამესვენა კარგად. ხოდა ჯერ აგარაკზე, ოჯახთან ერთად შევხვდი ახალ წელს და გავხსენი "შვებულება". თბილისს გარეთ, სადაც კოვიდის არსებობა საერთოდ არ მახსოვდა, ჰაერზე პირბადის გარეშე სიარულის ხიბლი გავიხსენე და მოდუნება

                                 

            
მერე კი ჩამოვედი და აქ, ჩემ სახლში მინდოდა შემერგო ეს თავისუფლება და dolce far niente. რა ვაკეთე? დავისვენე, გამოვიძინე, ფეხით და სპორტულად  ვიარე ბევრი, კილომეტრები ვკეცე და ბევრი, ბევრი ტკბილი ვჭამე და ბევრიც კალორია დავწვი, 1-2 ფილმი (მუშაობის პერიოდში მგონი ბევრად მეტს ვუყურებ) ვნახე, 2 წიგნი წავიკითხე, და რამდენიმე მეგობრის ნახვაც მოვახერხე.

მოგეხსენებათ, რა პერიოდი გვიდგას. სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება ჯერ-ჯერობით დაპაუზებული გვაქვს, არა და სოციალიზაციის გარეშე რთულია. ადამიანი ხომ სოციალური ცხოველია. (ცხოველი? :) ) ხოდა ასე, ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სკვერ-სკვერ ვნახულობ ალაგ-ალაგ მეგობრებს, დისტანციით და პირბადით, ზოგს შემთხვევითაც კი ვხვდები ქუჩაში. 

დღესაც ერთ-ერთ მათგანთან ვიყავი შეთანხმებული, ვიცოდით, კარგი ამინდი იქნებოდა და შენ ეზოში მოვალო. ხოდა (აქ მცირე გადახვევა) დღეს კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე ჩემი ეზო, უფრო სწორად უბანი, უფრო სწორად - არ ვიცი, რა ქვია, ალბათ კომპლექსი, რომელშიც ვცხოვრობ. ისე ვათვალიერებინებ ხოლმე ჩემ მეგობრებს ეზოს, თითქოს მართლა ჩემი ყოფილიყოს ყველაფერი. ამაყი ვარ, ასეთი ლამაზი და ევროპული რომ არის აქაურობა. მართლა Stück Europa და ისე მსიამოვნებს ეს და ყოველ ჯერზე მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და სისრულეში მოვიყვანე (და ყოველ ჯერზე ვლოცავ გულში იმათ, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში წვლილი შეიტანეს).

მოკლედ, მცირე ექსკურსიის და მზეში ბოდიალის მერე ავიღეთ ცხელი შოკოლადი და ყავა და დავსხედით სკამებზე, მზეში. ბაკურიანში მეგონა თავი, სიცივეში რომ გთბილა და მზეს ეფიცხები (არა და არც ვსრიალებ და შესაბამისად, ბაკურიანშიც არაზამთრის სეზონზე დავდივარ, მაგრამ შეგრძნება რატომღაც კარგად ვიცი). იქვე კატა მიმოდიოდა, წითური კატა, ჩვენი ეზოს კატა - გარფილდი. თავიდან აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, მერე კი თავის სამფლობელოში განთავსდა და ფილოსოფოსის სიმშვიდით გვისმენდა თვალებმინაბული (ეს "ფილოსოფოსის სიმშვიდით" კატაზე მე არ მითქვამს პირველად. და ვერ ვიხსენებ, ვისგან ვიცი).

რა მინდოდა მეთქვა? პრინციპში, არც არაფერი. რაღაც, კარგი დღე იყო (კვირაც), დამუხტული, დამმუხტავი და ვიფიქრე, რომ კარგად მთავრდება შვებულება, კარგ ნოტაზე. წესით, შემდეგ ასეთ პაუზამდე უნდა მეყოს აკრეფილი ძალები და ალაგ-ალაგ კი მზეც იქნება, შაბათ-კვირებიც და დროებით თუნდაც გარეთ და პირბადით, მაგრამ მაინც - კონტაქტებიც :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..