ესეც ჩემი "ძალიან უბრალო სიმღერა"


"მძღომა მძღოლს დაუძახა:

- როგორა მყავხარ, ანგელოზო! 

- შენ თითონ ანგელოზო, შენა!...

ორივენი შავები იყვნენ, დიდპირები, ცხვირმოღრეცილები. გულიანად იცინოდნენ და ფოლადის კბილებს აკაშკაშებდნენ .

მეც მეცინებოდა და იმ სიცილ-სიცილში დავინახე."

.    .   .    .    .    .    .

ასე იწყება რევაზ ინანიშვილის ერთი ძალიან საყვარელი მოთხრობა სახელწოდებით "ძალიან უბრალო სიმღერა". რატომ გამახსენდა და გამოვიყენე ჩემი პოსტის შესავალად და იმიტომ, რომ ასოციაციაურად მოვიდა: რამდენიმე დღის წინ, ასე, უბრალოდ, ქუჩაში მიმავალმა უეცრად ჩემი სიბერე დავინახე. უფრო სწორად, ხანში შესულობა. სიბერე რაღაცნაირი სიტყვაა, თითქოს უძლურებასთან ასოცირდება. მე კი რაღაც სხვა ხედვა მქონდა. შეიძლება ხედვა კი არა, უბრალოდ სურვილი იყო, რომელიც რეალობად მინდოდა მიმეღო. ხოდა რახან ასე "დავინახე", უეცრად ასოციაციურად გამახსენდა ეს შესავალი, რომელიც თითქმის ზეპირად მხსომებია. მოთხრობის გმირი ასე იწყებს ამბის მოყოლას. ხოდა მოდი, ვთქვათ, რომ მეც მძღოლების გადაძახილისას დავინახე ჩემი მომავალი:

თმა ძალიან მოკლედ მაქვს შეჭრილი, ბიჭურად. ადრე მქონია ასე. და თითქმის თეთრი. ან ძალიან ქერა იყო, ან მგონი სულ თეთრი და მომეწონა. გამხდარი ვარ (ისევ), ვიტყოდი, რაღაცნაირად ხმელი მეთქი, მაგ ასაკში რომ არიან ქალები, მაგრამ მომეწონა ასეთი სიგამხდრეც. ასაკი მეტყობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ლამაზად. თხელი ტანსაცმელი მაცვია, მაგრამ ძალიან არ ცხელა. სავარაუდოდ შარვალი და გრძელ სახელოებიანი პერანგი, ორივე თავისუფლად მადგას, აი, როგორც გამხდრებს ადგას ხოლმე თავისუფალი ტანსაცმელი. სიგამხდრეზე კი არ ვაკეთებ აქცენტს, უბრალოდ სურათის დეტალურად დასანახად ვცდილობ ასე აღწერას. ან შეიძლება გრძელი გრძელი ფართხუნა კაბა, ან იუბი (სიტყვები "ქვედატანი" და "ქვედაბოლო" მძაგს.).

სახლი რაღაც გაშლილ ტერიტორიაზეა. სავარაუდოდ დიდი ეზოა. მწვანე. დიდი მწვანე ველი. დიიდი ვერანდით. ორი ვარიანტია - ან სტუმრები გავაცილეთ, ან ველოდებით. შეგრძნება მაქვს, რომ ხშირად ხდება ხოლმე ასე. მეგობრები მოდიან, ვჭამთ, ვსვამთ, ვლაპარაკობთ, შეიძლება რამეს ვთამაშობთ, ვმხიარულობთ. მერე ვაცილებთ და ორნი ვრჩებით ისევ. ერთად ვალაგებთ. საღამო როგორია იქ, არ დამინახავს, მხოლოდ ვივარაუდო, შემიძლია. თუ ყურებას განვაგრძობ, ვერანდაზე სარწეველა სავარძლებსაც დავინახავ და იქ ჩამომსხდარ ჩვენ-ს. სახლი ისეთია, ცოტა ჰოლივუდური ფილმების გავლენა იგრძნობა, მგონია. ისე - ლამაზია აშკარად. ნათელი, არა გადატვირთული. სამზარეულო დიდია. და ონკანი ფანჯარასთან არის :) ოთახებიც დიდია, მაგრამ მყუდრო. 

თუ საღამომდე გავჩერდები, ჩემ თავს, რა თქმა უნდა, ღვინის ჭიქით ხელში დავინახავ. ახლაც, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე... :)) ახლაც ჭიქა მიდგას გვერდით, დიდი ბუთქუნა, წითელი ღვინის ჭიქა. ახლაც აივანზე ვზივარ, ოღონდ ამჯერად მარტო. ის ხმა, რომელიც წესით იქაც უნდა იყოს, ახლაც მესმის - ჭრიჭინების, ან ჭრიჭინობელების ხმა. ხო, გავარკვიე, ჭრიჭინობელა ჰქვია მგონი ამ მწერს. საოცრად უხდება ზაფხულის ღამეებს და სიჩუმეს ეს ხმები. 

ხო, ახლა ის როგორია: ისიც ხმელია, ოღონდ ჩემზე მაღალი, ისიც თეთრთმიანია და ძალიან თბილი გამოხედვა აქვს და ძლიერი ხელები. ეს - რაც ზუსტად დავინახე. კიდევ - ისეთია, თითქოს ნანახი მყავს, თითქოს ზუსტად არსებობს ასეთი. მაგრამ მე რომ მაგ ასაკამდე მივალ, ის, ვინც ახლა არსებობს, ალბათ ცოცხალი აღარ იქნება. ანუ ვიღაც მსგავსად უნდა დაბერდეს იმ დროისთვის. ვიღაც ისეთი, ვისი თვალებიც სითბოთი მივსებს შიგნეულობას :)) რა საოცარი სიტყვა დავწერე, მაგრამ მართლა ასე ვიგრძენი. 

შეიძლება იმ დღეს მეგობრები კი არა, შვილები და შვილიშვილები იყვნენ. რამდენად ჩემი / ჩვენი - არ ვიცი, უფრო - შენი, ასე მგონია. თუმცა, იმ დროისთვის ჩემი-შენი ერთი იქნება. 

ამ სახლში ხშირად მოდიან ახლობლები, მეგობრები. ამ სახლში მოსვლა უყვართ. ამ სახლში მიღება უყვართ. ამ სახლში ასე ცხოვრება დაიმსახურეს. აღარსად გვეჩქარება. ეს სიმშვიდე და ბედნიერება შეგვიძლია, შევირგოთ. დადგა ეს დროც :)

.    .   .    .    .    .    .

"აი, რა დავინახე, როცა მძღოლმა მძღოლს დაუძახა:

- როგორა მყავხარ, ანგელოზოო!"


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..