ჩითის კაბა

აზრზე არ ვარ, ამ კაბამ რატომ გამოიწვია ეს ასოციაციები და რატომ გამიცოცხლა ეს სურათები თავში:
ზაფხულია. არა, ზაფხულია, ცხელა, ცხელა“ არა, სასიამოვნო თბილი საღამოა, გვიანი საღამო თელავში. ჩვენ სახლში. ფანჯრები ღიაა. კარებიც. მშვიდი საღამოა, მაგრამ არა გამოყრუებული. უბანში ჯერ კიდევ მოძრაობაა. ალბათ მეც გარეთ ვარ, უბნის ბავშვებთან ერთად და მალე შემოვალ. სახლში დედა და თინა ბებია მეგულებიან. დედა შვებულებაშია და მიხარია, რომ ჩამოვიდა. მამა შაბათ-კვირას ჩამოგვაკითხავს, დაგვხედავს.
ბებო ჩაის დაადგამს და აუცილებლად გვთხოვს მე და ჩემ ძმას, კარაქიანი პური ვჭამოთ. ალბათ რომელიმე მეზობელიც შემობოდიალდება. ჩუსტებს კარებთან დატოვებს, ფეხშიშველი შემოვა და ჩამოჯდება თავისთვის მოლაპარაკე ტელევიზორის წინ. ციალა თუ შემოვიდა, უცილებლად ჩასთვლემს. სულ მგონია, რომ ძალიან სქელი კანი აქვს. სქელი და გადატკეცილი. თან მზისგან გაუხეშებული. შეიძლება მერიც შემოვიდეს. მერი ცოტას იქოთქოთებს, ბებიას რამეს შესჩივლებს. ტელევიზორი კი თავისთვის ირახრახებს. დღეში რამდენჯერ შემოივლის ვინმე თინა ბებოსთან, თვლა არ აქვს. ყველასგან იგრძნობა რაღაცნაირი რიდი. მაგრამ კარი ყველასთვის ღიაა. მე ახლა საღამოს ვხედავ. და მომწონს ეს წყნარი მიმოსვლა.
მე და ჩემი ძმა სამზარეულოში ჩაის ვსვამთ და თან ჩვენ მიერ მოგონილ რამე თამაშს ვთამაშობთ, ვფანტაზიორობთ. ზეპირსიტყვიერი თამაში დაწოლის მერეც გაგრძელდება, სანამ დედა არ გამოგვძახებს გვერდზე ოთახიდან - გეყოფათ, დაიძინეთო. მერე ცოტა ხანი კიდევ ვილაპარაკებთ უფრო დაბალ ხმაზე და ბოლოს ჩაგვეძინება.
მეორე დღე ისევ არდადეგებისაა... ზაფხულისაა და უდარდელობის. ჯერ ყველაფერი წინ რომ გაქვს და ყველაფერი კარგად რომ იქნება, აი ამისაა. არაფერი რომ გეკითხება და განაღვლებს, მთავარი საქმე - ეზოში და უბანში გართობა რომ არის და მთავარი მოთხოვნა - ჭამო და წიგნი წაიკითხო. მამა რომ ჩამოვა გკითხავს, აბა სადამდე წაიკითხეო. ჩემი  უფროსი დეიდაშვილი არ მიჯერებს, რომ ასეთი ტემპით ვკითხულობ. ასე სწრაფად როგორ შლი ფურცლებს, ეტყობა ახტებიო. არა და არ ვახტები და ვბრაზდები ამ „ბრალდებაზე“.
მაგრამ ახლა საღამოა. ახლა არც კითხვის დროა და არც სხვა ვალდებულებების. ახლა ზაფხულის საღამოა და ჰაერში მხოლოდ სიმსუბუქე და უდარდელობაა. ბავშვური უდარდელობა და ბუნდოვანი შეგრძნება იმის, რომ ყველაფერი იდეალურად არის...
აი, ეს საღამო დავინახე იმ ჩითის კაბის დანახვისას. 
 


ჩითის კაბა კი, თავის მხრივ "ვერიკო"-ში, ჩვენ გვერდზე მჯდომ სლავური წარმოშობის გოგოს ეცვა. არაფერი ამ გოგოში და საერთოდ, გვერდზე მჯდომ წყვილში არ იყო ჩემ ბავშვობასთან დამაკავშირებელი. მაგრამ ამ პატარა ნაჭრის ნაგლეჯმა მაინც გადამისროლა იქ :)


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..