No Daisies

ბავშვობაში, როცა ავად ვხდებოდი, დედაჩემი მეუბნებოდა, მაღალი სიცხე რომ გაქვს, ბევრ ლაპარაკს იწყებ და ამით ვხვდები, რომ აგიწიაო. ამას მოჰყვებოდა შუბლზე ტუჩების შეხება და მერე თერმომეტრი. მოგვიანებით უკვე მეც ვხვდებოდი ამას :) ახლა არ ვიცი. იმდენად იშვიათად ვხდები ავად, სიცხე ბოლოს როდის მქონდა მაღალი, არც მახსოვს. ხოდა ეტყობა დრო იყო. 

***********************************************************************************

პარასკევს დილიდან ვერ ვიყავი კარგად (უფრო სწორად წინა საღამოდან), მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, ხან რას დავაბრალე, ხან რას. ჩვეულებრივ რეჟიმში ვიმუშავე, ჩვეულებრივზე მეტიც. მეორე დილას (შაბათს) იოგაზე წასვლას ვაპირებდი, მერე მუშაობას, სტომატოლოგთან წასვლას, უნივერსიტეტში გამოცდის ჩატარებას და საღამოს მთელი კვირის სამეცადინოს ერთ საღამოში მეცადინეობას. მაგრამ ბოლოს ყველაფერს რომ მოვრჩი, ამობეჭდილი ტესტები ჩანთასთან დავალაგე და ლეპტოპი დავხურე, უცებ საშინლად ამაკანკალა. ესეც გადაღლას დავაბრალე ჯერ. რა ჯიუტი ვარ :) მაგრამ მერე მივხვდი, ბოლოს და ბოლოს უნდა გამეზომა სიცხე: 38. სულ რაღაც 15 წუთში კი 38, 5 მქონდა. 

ხო, ბევრი ლაპარაკით რას მივხვდებოდი, რომ სიცხე მქონდა, ვისთან უნდა მელაპარაკა?  ჩემ ძმას მივწერე, რამე წამალი თუ გაქვს მეთქი და ჩამომიგზავნა. რამაც იმ ღამეს მშვიდად ძილის საშუალება მომცა. ბავშობაში ასეთ დროს რა ხდებოდა? ცხელი ბულიონი, ფეხების დათბუნება, გულ-მკერდის დაზელვა, საბნის ამოკეცვა, შუბლზე კოცნა და ზრუნვა. მაშინ სულ არ ფიქრობ იმაზე, რომ გადამდები ხარ. სულ არ ფიქრობ, მშობლებს არ გადავდოო. ალბათ არც ედებოდათ. ახლა? ახლა კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ დიდი ხარ - ამაზე ნერვიულობ :) 

***********************************************************************************

მეორე დილას ვუთხარი, რომ ავად ვარ. 10 წუთიანი ბრძოლა გადავიტანე ტელეფონით იმის თაობაზე, რომ მამაჩემს უნდა მოეკითხა და წავეყვანე, რომ დედაჩემს მოეხედა ჩემთვის. მე კიდევ ის მიხაროდა, კიდევ კარგი, წინა დღეს არ გნახეთ და რამე არ მოგიტანეთ მეთქი. ბოლოს კომპრომისი შედგა. მამას უნდა ფილტვები მოესმინა ჩემთვის, ამას ვერ შევეწინააღმდეგებოდი. დედაც გამოჰყვებოდა და საჭმელს მომიტანდა, გამიმზადებდა. ნიღბით და განიავებულ სახლში შემოსვლაზე დავთანხმდი :) მოვიდნენ, მომიარეს, დამაპურეს... რა მაგარია, როცა შენზე ზრუნავენ. 

სიცხემ დამიწია თუ არა, ისევ მუშაობა და მეცადინეობა განვარგძე. თან ვფიქრობდი, რაღაცით კარგად მოხდა ყველაფერი, ეს ამდენი საქმე ერთ საღამოში როგორ უნდა ჩამეტია, არ ვიცი. უბრალოდ სხვა გზა არ იყო. ხოდა კარგად მოხდა. ძალიან მშვიდად და ყველანაირი ხელის შეშლი გარეშე გავაკეთე ყველაფერი. თან ერთი რამ მქონდა თავში: დღეს ამ ყველაფერს თუ მოვრჩები, ხვალინდელი დღე, კვირა მთლიანად ჩემი იქნება და სრულიად დავისვენებ და შევირგებ ამ ავად ყოფნას მეთქი. ორგანიზმი რაღაცეებს კარგად გრძნობს. საღამოს გვიან, როგორც კი მოვრჩი მუშაობას, ვიგრძენი, სიცხე მიწევდა. ისევ ამიწია 38-მდე. მაგრამ მაინც უკეთ ვგრძნობდი თავს. თან ხვალინდელი არაფრის კეთების სიხარული თავისას შვებოდა. 

***********************************************************************************

დადგა ხვალ (კვირა). გამოვიძინე. ორი დღეა გამოძინებული ვარ. ყველანაირად კარგად აისახება ეს. სახეზეც, განწყობაზეც, ორგანიზმზეც. როგორმე უნდა მოვახერხო, ეს ამბავი დავარეგულირო. რაღაც ეტაპზე მივხვდი, იმდენად გადაჩვეული ვარ სრულიად თავისუფალ დღეს, თავიდან ვერ ვხდებოდი, რა უნდა მეკეთებინა :) სახლი დავალაგე, თუნდაც იმიტომ, რომ მტვერი არ მეყლაპაა და ისედაც ძლივს რომ ვსუნთქავ, ეს არ გამემწვავებინა. ვიბანავე, ვისაუზმე, ვისადილე, ვივახშმე, ვიჩეთავე, ვიდეოქოლით ვისაუბრე, 3 ფილმს ვუყურე. კი, რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ხანდახან გადასარევია, სახლში იყო, არსად წახვიდე და არაფერი აკეთო. დასვენების კულტურა დავკარგე როგორც ჩანს, და ისევ უნდა დავიბრუნო. არა და იყო დრო, ვამბობდი, გადასარევი "დამსვენებელი" გამოვალ მეთქი. 

***********************************************************************************

რა თქმა უნდა, მესამე დღეა მახსენდება მეგ რაიანი და სცენები ფილმიდან "you've got mail", სცენები, სადაც ქეთლინ კელი ავად არის და ჯო ფოქსი სანახავად მიდის გვირილებით. კი, ძალიან შაბლონური თუ სტერეოტიპული თუ არ ვიცი, როგორია ამის გახსენება გაციების დროს, მაგრამ რა ვქნა :) ბლოგი რომ გავხსენი, შემეჩეხა ამაზე პოსტი, მომისწრია უკვე დაწერა :) მაგრამ ახლა იმას ვფიქრობდი, რა ხდება ქეთლინის სახლში - ყველგან მიმოფანტული ქაღალდის ცხვირსახოცები, თვითონ პიჟამოზე მოცმული პლაშით დადის... :)) მერე ჩემ სახლს გადავხედე - ავად მყოფი ადამიანის სახლს არც გუშინ ჰგავდა და დღეს - მით უმეტეს :)) ავად ყოფინისასაც კარგად ხომ უნდა გრძნობდე თავს. ხოდა როგორ გარემოშიც გრძნობ თავს კარგად, ისე უნდა იყო :) ხო, თან zewa დამიმთავრდა და სამზარეულოს ქაღალდი მისრულებს მის ფუნქციას. 

***********************************************************************************

დაწოლას ვწელავ მაქსიმალურად. რომ დავწვე და არ დამეძინოს? და თან, მინდა მაქსიმალურად გვიან შევისხურო წამალი, რომ სუნთქვის საშუალება მომეცეს და დავიძინო. არა, სუნთქვა კი არ მიჭირს, უფრო სწორად მიჭირს, იმიტომ რომ გაგუდული ვარ :) 

***********************************************************************************

ხვალ უკვე ორშაბათია. საბედნიეროდ დიდი შუალედებით მაქვს გაკვეთილები. ვეცდები, მე არ მომიწიოს ბევრი ლაპარაკი. პრინციპში, ყველაფერს იმას თუ გავითვალისწინებ, რასაც ახლა ვსწავლობ, ჩემი მონაწილეობა გაკვეთილის მსვლელობისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი... ხოდა გავითვალისწინებ :))

***********************************************************************************


აშკარად მეოთხე ფილმის ჩართვა მომიწევს უკვე დაწოლილს. ავარჩევ რამეს. დაე იყოს ფონად

***********************************************************************************

პ.ს. რჩევა: ვირუსი თუ შეგეყრებათ (და აშკარად დადის ქალაქში) ბეეეერვი სითხე მიიღეთ. ვფიქრობ, მაგან მომცა ენერგია და გამომიყვანა ასე მალე მდგომარეობიდან. პარასკევიდან დაწყებული (როცა ჯერ კიდევ ერ ვუტყდებოდი თავს ავად ყოფნაში) იმდენი მალინიანი ჩაი, ალუბლის წვენი და უბრალოდ ჩაი მაქვს მიღებული, ალბათ მთელი ზამთრის სეზონი მეყოფოდა. უმადობასაც არ დაემორჩილოთ. საერთოდ არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ვჭამდი. 

vs

                                                 

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..