მთვარე უკვე ამოსულა (?)

დილიდან მინდოდა ტკბილი. არა, დილიდან არ მინდოდა. დილიდან წერა მინდოდა მგონი. უბრალოდ, ახლა მოვიცალე დღის სხვადასხვა ეტაპზე თავში მოსული ფიქრების თუ ემოციების გადმოსაცემად. 

დილა/შუადღე:

ვასაძე, ბედნიერებას ძებნა მართლა არ სჭირდება. ბედნიერება ხშირად უბრალო დეტალებშია, აი ასეთ ელემენტარულ დეტალებში: ბედნიერებაა, როცა გაქვს შესაძლებლობა, დილით წახვიდე ვარჯიშზე, ისიამოვნო იოგას კლასით, მერე კიდე არასაქმიან საქმეზე, მერე მოხვიდე სახლში და წინასწარ გიხაროდეს, რომ ახლა ძალიან გემრიელ რამეს მოიმზადებ და მშვიდად ისიამოვნებ გვიანი საუზმით. 

ბედნიერებაა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბედნიერებაა, როცა დამშვიდობებისას გეტყვიან,  მადლობა, რომ ასეთი კარგი იყავიო (იყავი იმიტომ, რომ სულ 1 სემესტრი მოგვიწია მუშაობა). 

საღამო:

შაკიკის პირველი ნიშნების მიუხედავად, მაინც წავედი ივენთზე. მერე, უკვე სახლში დაბრუნებულს, ჩემი თავი მახსენდებოდა ადრეული ახალგაზრდობის ეტაპზე. ყველგან რომ უნდა წავსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად, თითქოს მეშინოდა, რამეს არ გამოვკლებოდი. ხოდა დღესაც წავედი. ხმაურიან ნაწილს თავი ავარიდე და შიგნით ვისხედით. ხალხმრავალ ნაწილს და ნაცნობ სახეებს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს. შაკიკის შეტევისას ლაპარაკი მინელდება. ხოდა ლაპარაკის თავი დიდად არ მქონდა. რომ ვჭამე, კი ცოტა მეშველა და გარშემომყოფებთან ცოტა მაინც შევძელი კომუნიკაცია.

მაგრამ შაკიკი ასე არ განებებს თავს. იქიდან წამოსულს გამახსენდა, რომ მთელი დღე არა, მაგრამ საღამოდან მოყოლებული რამე ტკბილი მინდა ძალიან. არა, რამე არა. სულ ერთი არ იყო. რამე კარგი დესერტი მინდოდა. საათს დავხედე და მივხვდი, რომ ჩვენ ეზოში არსებული საუკეთესო საცხობები დახურული იქნებოდა. მაინც ვცადე ბედი - ტყუილად. ბოლოს სპარიდან ამოვიყოლე რაღაც, თავის მოსატყუებლად. 

გვიანი საღამო / ღამე:

ბედნიერებაა, როცა დაღლილი და უფრო გაძლიერებული თავის ტკივილით როგორც იქნა სახლში მოხვალ, ზედმეტს გაიხდი, გემრიელად ჩაიცმევ, ჩაის დაისხამ და სითბოში და სიჩუმეში შენთვის წყნარად ჩაეშვები სავარძელში. ბედნიერებაა, აბა რა, ამის საშუალება რომ გაქვს.

კი, ყველაფერს ვაფასებ, რაც მაქვს სამყაროსგან. ყოველ დღეს, ყველაფერს! ხო, ახალი მთვარის ამბავიც შეიძლება იყოს ეს შაკიკი. და კიდევ - სურვილები ჩაიფიქრეთ დღესო. კაი :) პირველი სურვილია, ამ ტკივილმა გაიაროს. დანარჩენზე ნელ-ნელა ჩამოვყალიბდები, უკვე დღის განმავლობაში და საღამოს, მთვარე როცა ამოვა :)


პ.ს. ბოლო სიტყვებზე ლექსიდან გამახსენდა ნაწყვეტი, უბრალოდ ზუსტად ვერ ვიხსენებ, ვისია ლექსი. ტარიელ ჭანტურიასი?

"..მთვარეს შეყვარებული ლიმონივით გამოწურავს, 

ბიჭო, შეყვარებულო, მთვარე უკვე ამოსულა" 

:)




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..