ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

წადი, გამოიცვალე, გადაივლე, იცურავე, ამოდი, გადაივლე, გამოიცვალე... სანამ აუზზე მიხვალ, ყოველთვის გეზარება ცოტა მაინც მთელი ეს პროცედურები. მაგრამ ხელის პირველი მოსმა და ყველა ფიქრი ქრება.

გასახდელში ხმაურია. მუსიკის გამო არა, მომხმარებლების გამო. ეს ის გოგოა, ძალიან რომ ჰგავს ერთ მსახიობს და დარწმუნებული ვარ, იცის კიდეც. კი, მომწონს გარეგნულად. ტანიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ... სასტიკად მეგოიმება. გინდა სნობი მიწოდეთ და რაც გინდათ. მე ვფიქრობ, გოიმობაა, დიახ, ზუსტად და უკულტურობაა, ასეთ ადგილას, სადაც საჯარო სივრცეა და მარტო არ ხარ, ამხელა ხმაზე ილაპარაკო და იხმაურო. არა, არ მაწუხებს მე პირადად, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია ამ ქცევაზე. ეხ, იხმაურონ სადაც უნდათ, ჩავედი მე აუზზე. 

ვიცოდი, რომ შაბათს საღამოს ცოტა ხალხი დამხვდებოდა. სამიდან 1 ბილიკი შევარჩიე, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი დაცურავდა და დავიწყე... სადღაც 15 წუთის შემდეგ შუა ბილიკი სრულიად გათავისუფლდა. იქ გადავინაცვლე და ზურგზე დავწექი. ვაშა! ფანჯრები გაუწმენდიათ! ერთი სიამოვნებაა ღამის აუზში ზურგზე ცურვა და საკუთარი ანარეკლის დანახვა შუშაში. არა იმიტომ, რომ საკუთარი თავით ტკბები, უბრალოდ არის რაღაც საოცრად დამამშვიდებელი ამ რიტმული მოძრაობების ყურებაში. მუსიკა ისმის. წარმოვიდგინე, ვინმე რომ იღებდეს ამას შუშაში. კარგი ვიდეო გამოვიდოდა.

ერთი, ორი, სამი...  ბრასით (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც ) ცურვისას 24-25 და ზურგზე ცურვისას სადღაც 17-18 მოსმა მჭირდება. მუცელზე, ზურგზე, დაფით, უდაფოდ, ისევ ზურგზე... ზურგზე ცურვა ყველაზე მეტად მსიამოვნებს და კარგად გამომდის. 

გვერდზე ზოლში ვიღაც ბიჭი ჩამოვიდა, ჩემ დაფას დაწვდა და ბოლო ზოლში გადაინაცვლა. პრინციპში, რა იცოდა, მე რომ ვცურავდი მაგით 5 წუთის წინ. ის დაფა დადო და არც აუღია. რად უნდოდა, ნეტა?

ისევ ზურგზე. ისევ ჩემ ანარეკლს ვუყურებ. უცებ ვხვდები, რომ ეს მე არ ვარ. მე აგერ ეს, მეორე ვარ. ვიღაც ახალგაზრდა ქალი ჩამოსულა ამასობაში და ზუსტად ერთნაირი მოძრაობით ვცურავდით ზურგზე - ხელები ტანის გასწვრივ, მხოლოდ ფეხებით. თან ერთ სივრცეში აღმოვჩნდით ერთსა და იმავე დროს. ბოლოშიც ერთად გავედით, ფეხზე დამდგარებმა ერთმანეთს გადავხედეთ და გაგვეცინა :) ცოტა ხანი კიდევ ვიცურეთ ერთ ზოლში, რიტმულად, ისე რომ, ერთმანეთისთვის ხელი არ შეგვეშალა. მერე ისიც ავიდა. 

დაფის მიმთვისებელი ბიჭი ისევ პირველ ზოლში გადავიდა. დაფა დატოვა. ავიღე და ისევ გავავარჯიშე ფეხის კუნთები. ისევ დავდე. ცოტა ხანში მივხვდი, ყველა, ვინც ჩემამდე და ჩემ დროს იყო ჩამოსული, ასულა. მე კი ისევ ვცურავ შეუჩერებლად. ბიჭი ისევ დაწვდა დაფას და ამჯერად უკვე გამოიყენა. 

ერთი... ორი... სამი... რა კარგი იქნებოდა, თავში მოსული აზრები პირდაპირ ბლოგზე იწერებოდეს. როდის განვითარდება ტექნიკა ასეთ დონეზე? ამოვიდოდი აუზიდან, შევიდოდი სარელაქსაციო ზონაში, ან აქვე, სავარძელში დავწვებოდი. ზედა სართულზე დიდი გადახურული სავარძელი თავისუფალი ჩანს. გავხსნიდი დრაფტს, გადავხედავდი და დავპოსტავდი მცირე ცვლილებების შემდეგ. კარგი, რომ ავალ, მაინც მემახსოვრება და გადავიტან ბლოგზე. ერთი... ორი... სამი...

ოდესმე ნამდვილად მივა ტექნიკა მაქამდეც. ოდესმე, როცა ხელოვნური ინტელექტის შეყვარებაც დასაშვები იქნება. აი, როგორც ფილმში her. მიყვარს ეს ფილმი. ოღონდ რაღაცნაირად თავისთვის. როგორ ავხსნა... ისე არა, რომ ხშირად ვუყურო. უბრალოდ ვიცი, რომ მიყვარს და ეს ცოდნა და შეგრძნება სადღაც მაქვს შენახული, სხვა ასევე შენახულ რაღაცეებთან ერთად. და ვიცი, რომ არის იქ თავისთვის. საუნდტრეკიც მიყვარს. და ხო, დღეს ალბათ იმიტომ გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი საუბრისას ამოტივტივდა და გავიხსენეთ.

ამ კვირაში კარგი ვარჯიში გამომივიდა. დღე არ ჩამიგდია. დღეს აგერ ველოთი ჩამოვედი ჩემებთან. თუმცა რა, სანდრო ეულიდან ვაჟას მეტრომდე ველოსიპედით ჩამოსვლა არაფერია. პედლები მაქსიმუმ 3ჯერ დავატრიალე ალბათ, ისე ჩამოვქროლდი. აქედან რომ გავალ, უკვე გვიანი იქნება. შუქები არ მაქვს, ამიტომ ჯობია, გარაჟში დავტოვო და ხვალ წავიყვანო უკან. დღეს ცურვაც მეყოფა. 


იოგა... რა იყო ეს გუშინ... რაღაც განსაკუთრებული. შეიძლება, მე ვიყავი მზად მისაღებად, შეიძლება მართლა რაღაც განსაკუთრებული იყო. არის დღეები, როცა სხვანაირად ვარჯიშობ. მარტო ფიზიკურად არ ვგულისხმობ. ასეთი შეგრძნებები სულ თავიდან მქონდა, როცა დავიწყე. და ახლაც წამოვიდა. ისეთი რაღაცეები ვიგრძენი, დიდი ხანი რომ არ მიგრძვნია. ისევ დავიჭირე ჩემი თავი იმაზე, რომ გაღიმებული ვვარჯიშობდი. შავასანა ხომ საერთოდ. სად წამიღო, რთული ასახსნელია. სად აღმოვჩნდი, რა დავინახე, ვისთან ერთად ვიყავი. თვალები რომ გავახილე, კიდევ ვიღიმებოდი და სავსე ვიყავი ძალიან დიდი დადებითი მუხტით. სრულიად ლოგიკური და ალბათ დამსახურებული დაგვირგვინება იყო რაღაც პერიოდის. თითქოს რბილი, ნათელი და საოცრად სასიამოვნო ჟღერადობის აკორდი აიღეს, რომელიც თან რაღაცას ასრულებს, და თან გახსენებს, რომ რაღაც სხვა იწყება,

რაღაცნაირი პერიოდი იყო. სიტყვა რაღაცნაირი იმიტომ ვიხმარე, რომ არ ვიცი, როგორი დავარქვა. ალბათ, უხვი, მოვლენებუხვი. ცუდი რაღაცეებიც მოხდა. ანუ არასასიამოვნო. მაგრამ კარგიც მოჰყვა. სასიამოვნო. ღელვაც იყო, ნერვიულობაც, გადაღლა, გადაწვა, დაკიდება, შეგუება, გადაწყვეტილება, განახლება, განათება, სიამოვნება. ყველაფერი იყო. 

ახლა მოვიდა დასვენების დრო. შეიძლება მთლად ჭეშმარიტი დასვენების არა, მაგრამ მაინც დასვენების. ვგრძნობ, რომ უკვე დავიწყე მოდუნება, გონებაც იწმინდება. 

უკაცრავად, ვიკეტებით... აუზის პირას ქალი დგას და ხელით გვანიშნებს, რომ კლუბი იკეტება. საათს ვუყურებ გაკვირვებული. სულ არ გამიკვირდება, რამე ამრეოდა. ბოლო დროს იმდენჯერ ავურიე დრო სხვადასხვა სიტუაციაში. არა და ეს სრულიად არადამახასიათებელია ჩემთვის. იმდენად არადამახასაიათებელი, რომ უკვე შეშფოთებული ვიყავი. მაგრამ ხო, სტრესის და გადაღლის ბრალი იყო. ესეც დარეგულირდება. ხო, მოკლედ, მალევე მივხვდი, დღეს შაბათია და შაბათ-კვირას კლუბი მხოლოდ 10 საათამდე მუშაობს. მაინც კარგ დროს მოვსულვარ. 40 წუთი შეუჩერებლად ცურვა მოვასწარი. კმაყოფილი ვარ. ფიზიკურადაც და შინაგანადაც კარგად ვგრძნობ თავს. ეგ არის, სავარძელში ჩაწოლა და იქ წერა ვერ მოვასწარი. არა უშავს, სახლში გადავიტან, რაც და როგორც მემახსოვრება. 

ამოვდივარ. რა კარგია, რომ არ დამეზარა და მოვედი. და 1-2 სავარაოდო შეხვედრაც რომ არ შედგა, ესეც კარგად მოხდა. მაშინ აქ ხომ აღარ მოვიდოდი. ახლა არც გადავლება მეზარება, არც თმის გაშრობა. მაინც ცოტა ხალხია. ზაფხულია. შაბათია. ქალაქი გაიცალა. კარგია, პრინციპში. ჩვენ კლასებზეც 1-2 კაციღა დავრჩით "ჩვენები", მუდმივი მოვარჯიშეები. ალბათ სექტემბრიდან მოხდება ე.წ. "რეუნიონ". 

ქალების გასახდელს ბოლო ვტოვებ. უკვე საღამოს ცვლის მენეჯერია შემოსული და კარადებს ამოწმებს, ვინმეს რამე ხომ არ დარჩა. ვემშვიდობები და გამოვდივარ. მისაღებში იმასაც ვადგენ, რომ ზაფხულში ალბათ 2 კვირით დაიხურება აუზი. აქაც ვემშვიდობებით ერთმანეთს და გარეთ უკვე საკმაოდ ძლიერ ნიავინ ღამეში გამოვაბიჯებ. მეტროთი ჯობია, წავიდე, ავტობუსის ლოდინს. თან მეტროდან უფრო ახლოს არის სახლი. ერთი... ორი... სამი...  

ნელ-ნელა შევეგუე შეგრძნებას, რომ ისეთი დატვირთული აღარ ვარ, რომ შემიძლია, შაბათს ნახევარი დღე და კვირას მთელი დღე, რაც მინდა ის ვაკეთო. ცოტა უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ ვხვდები, რომ მაბედნიერებს. თავი ოდნავ სველი მაქვს. არა უშავს. ამოვდივარ ზურგჩანთამოკიდებული. ვარსკვლავები ჩანს. არა და ცურვისას არ ჩანდა. სამაგიეროდ ახლა ჩანს. დიდი ხანია, არ დამინახავს. უეცრად საოცარი სიცხადით ვრგძნობ მონატრებას. რა უცნაურია, სრულიად რა შუაშია, ან გაუგებარმა ნიუანსმა შეიძლება მოგანატროს ადამიანი. აი ცამ. და ერთად ერთმა ვარსკვლავმა ცაზე. შეიძლება უცებ მოგინდეს, რომ დაურეკო, მისწერო, მოგწეროს, რამე უთხრა, ისე, უბრალოდ დაელაპარაკო, ისე უბრალოდ გაიცინოთ, გაიხუმროთ, მასხარებივით მოიქცეთ. არაფერი. ისე უბრალოდ. მაგრამ არა. აღარ.

ერთი.. ორი... სამი... ეზოშიც ხომ არ გამევლო? რაღაც ენერგიაზე ვარ. არა, ავალ, უბერავს საკმაოდ და თმაც ცოტა სველი მაქვს. აივანზე დავჯდები და დავწერ, სანამ თავშია დრაფტი. 

ამ პეჩენიის, თუ ნამცხვრის ვიდეო რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი. რაღაც რილსი იყო სავარაუდოდ. გადავიგზავნე და რამდენიმე დღეში მოვიცალე და გავაკეთე. პირველ ჯერზე რატომღაც საჭიროზე 2-3 წუთით მეტ ხანს დავტოვე ღუმელში. კი, ძალიან გემრიელი გამოვიდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ზუსტად 12 წუთი და სულ სხვა გამოვიდოდა. გუშინ ღამე ისევ გავაკეთე... ასეთი გემრიელი მგონი აქამდე არაფერი გამიკეთებია. ან ახლა ვარ ამის განწყობაზე. ტექსტურიან ვიზუალიან გემოიანად საოცარია. უბრალოდ, ცოტა გამოდის და უცებ იჭმევა. ასეთი ტემპით თუ განვაგრძე ამის ცხობა და ჭამა... 

არა, მეტი არ მოვიმატებ. მაგრამ ალბათ არც უნდა გავხდე. ალბათ არა, ვიცი, რომ არ უნდა გავხდე. მეც ვიცი და დამარწმუნეს კიდეც. არა და წინა კვირაში საერთოდ არ მქონდა მადა. ვჭამდი უბრალოდ იმიტომ, რომ მეჭამა. ახლა ვჭამ გემოს ჩატანებით. ნამცხვარი "ყავის მარცვალი" სულ ერთი ცალიღა დარჩა. დღისით მშობლები მესტუმრენ ყავაზე და ნამცხვარზე. მათ მაინც შეხვდათ, კიდევ კარგი. სუბიექტური რომ არ ვიყო, მათი მხრიდანაც აღფრთოვანება გამოიწვია. და პირველ ჯერზე გაკეთებულმაც - რამდენიმე მეგობრის მოწონება დაიმსახურა. 

ოდესმე თუ ჩემ საკონდიტროს ან კაფეს გავხსნი, ეს იქნება სიმბოლო და პირველი, რასაც გამოვაცხობ და რაც მუდმივად იდება დიდ შუშის ქილაში ყავის მარცვლებივით. ახლა კი... ახლა უხდება ჩემი ხის დაფას და მომწონს, რომ მიიმრთმევენ და მიქებენ :)

ამასობაში ღამის 1 საათიც ხდება. დროა, დავთმო პუფი და საწოლში გადავინაცვლო. ვერ ვიტყვი, არ მეთმობა მეთქი, რადგან უზომოდ მიყვარს ჩემი დიდი,  უგემრიელესი ხის საწოლი :) კი, ღამის 1 საათია და უკვე ყველაფერი კარგად არის.

პ.ს. სათაურზე პოსტის ბოლოში გასული დავფიქრდი. ყავის მარცვლები მიტრიალებდა თავში სულ რამდენიმე წამით და ასოციაციურად გადაკეთდა ნაცნობი სტრიქონი პოსტის სათაურად. ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება... :)




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..