14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

Spree-დალეულის დღიური.
 ბერლინი, მიუნხენი, -> ვენა

29.09.23
ბერლინი
როგორია ბერლინი? მეექვსე დღეა აქ ვარ და დღეს საღამოს, როცა უკვე ყველაზე მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ნელ-ნელა მივხვდი, რომ აი ახლა დავიწყე ბერლინის კარგად შეგრძნება. აქ 2 დღით არ უნდა ჩამოხვიდე. და პრინციპში, უბრალოდ ტურისტად ჩამოსვლაც არ კმარა, მგონი. აი მე ალბათ იდეალური ბალანსი გამომივიდა ყოველდღიური საქმიანი ცხოვრების, ბერლინის ყოველდღიურობის თუნდაც ნაწილობრივ აღქმის და ტურისტულად ბოდიალისაც.

01.10.23
მიუნხენი
სანამ ბერლინზე რამეს დავწერდი, უფრო სწორად წერის გაგრძელებას შევძლებდი, ამასობაში წამოვედი კიდეც, ჩავედი მიუნხენში, ერთი სრული დღე დავყავი იქ და ახლა უკვე ვზივარ ვენისკენ, უფრო სწორად ბუდაპეშტისკენ მიმავალ მატარებელში, მაგრამ მე ვენაში ჩამოვდივარ. 

კარგია, რომ ადგილი დავჯავშნე ბილეთის ყიდვისას, სხვა შემთხვევაში მეც ფეხზე დგომა მომიწევდა გასასვლელში, როგორ აი ამათ. როგორც იმ ბიჭსაც, გვერდზე რომ მეჯდა. ვერ დავჯავშნე საიტიდან, გაჭედაო, შემომჩივლა, როცა განვთავსდი. ცოტა ხანი ამაზე ვისაუბრეთ და მერე ფანჯრისკენ - პლატფორმის მხარეს რომ მივტრიალდი, დავინახე, როგორ იდგა თამთა, იცინოდა და ხელს მიქნევდა. ცოტა ხანში სმს მომივიდა ვოთსაფზე, ისე იყავი იმ ტიპით დაკავებული, დაგავიწყდი ეგრევე და ველოდებოდი, როდის გამომხედავდი, რომ ხელი დამექნიაო :)))))))))))
 
ნელ-ნელა მიბრუნდება შეგრძნება, ან უფრო კარგად მიჯდება, რომ ich gehöre dazu, ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და კარგად ვგრძნობ აქ თავს. აშკარად ხშირად უნდა ვიარო ამიერიდან ევროპაში.

მიუნხენი მაინც რაღაც სხვანაირია. სულ სხვა არომატი აქვს. და გემოც. ერთ დღეში  შეიძლება ისე დაიმუხტო, იმდენი დადებითი ემოცია მიიღო და ისიამოვნო.

ბერლინი
და ზოგადად, მთლიანად ხომ იმაზე ბევრად უკეთესი თრიფი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, წასვლამდე იმას ვფიქრობდი ზუსტად, როდესაც სულ არ ელოდები, რომ კარგი იქნება და ამ დროს ძალიან კარგი აღმოჩნდება, იქნებ ასე გამოვიდეს მეთქი. ასე ბევრად მაგარია. წასვლამდე ერთი სული მქონდა, შაბათი მოსულიყო და მიუნხენში წავსულიყავი, მერე კი ვენაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ წინა პერიოდიც მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. სემინარმა მოსალოდნელს გადააჭარბა. და ხუთშაბათი საღამოდან მოყოლებული კი, სხვა ბერლინი, სხვა ხალხი და განსხვავებული და ძალიან კარგი 2 საღამო გამომივიდა. 

სამყარო პატარაა. არა მარტო შენი ქვეყანა, სამყარო. ხუთშაბათს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე ჩემი ბერლინში მცხოვრებ სტუდენტს და მის რამდენიმე ქართველ მეგობარს შევხვდი. რომელთაგან ერთ-ერთიც ძალიან ახლობელი აღმოჩნდა. მეორე საღამოს უკვე ცალკე შევხვდი ამ ოჯახს და არაჩვეულრბრივი საღამო გავატარეთ. და სხვა ბერლინის ნახვამ კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი, აქ კიდევ ერთხელ ჩასვლის და მაქსიმალურად ბევრის აღმოჩენის. 

მაინც როგორია ბერლინი? ერთ-ერთი დავალების ფარგლებში ინტერვიუ უნდა აგვეღო ბერლინში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან. ჩემ ჯგუფს ფოტოგრაფი ხვდა წილად. ბრმად არჩევის მეთოდით ფურცელს რომ ვიღებდით, ვფიქრობდი, იქნებ ფოტოგრაფი შემხვდეს მეთქი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩამოთვლილთაგან რატომღაც ძალიან დამაინტერესა მასთან შეხვედრამ. არა და პროფესიის გარდა არაფერი ვიცოდი. ხოდა გამიმართლა. და ინტუიციამაც გაამართლა. საინტერესოს გარდა, იმდენად მოვიხიბლე ამ ტიპით, რომ შემდეგი  დღეები პერიოდულად მახსენდებოდა და ყოველ გახსენებაზე მეღიმებოდა და რაღაც უცნაური სასიამოვნო შეგრძნება მეუფლებოდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ან მეტი გამბედაობა მქონოდა, კიდევ მივიდოდი და დიდხანს ვეკონტაქტებოდი, ან უბრალოდ მოვუსმენდი, როგორ ყვება ამბებს, თავის თავზე, ბერლინზე ეს არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიანა ახალგაზრდულ და fit ფორმაში მყოფი კაცი... ჩეთში მივწერე მეგობრებს - ახალი ქრაში მყავს მეთქი :) და აი, დავიჭირე ჩემი თავი იმაზე, რომ ახლაც მეღიმება მის გახსენებაზე :)

მიუნხენი 
აქ ახლა ოქტობერფესტის ბოლო დღეებია. ქუჩაში იმდენი ადამიანი დადის ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი. ყველანაირი "თრახთით".

ამ წამს მატარებელდში ასე ჩაცმულმა ახალგაზრდა მხიარულმა ბიჭმა ჩამიარა, ლუდს ყიდის, ზომიერად ხმაურობს, გამხიარულებს, ხუმრობს და იცინის. თან გვამშვიდებს, ბოლოჯერ ჩამოვივლიო. ლუდი არ მიყვარს... თუმცა, გამისინჯავს აქ, რა თქმა უნდა და ავსტრიაში. მაინც არ მიყვარს :) 



ბერლინი
ახ, ფოტოგრაფზე რატომ გადავედი პირდაპირ ბერლინის აღწერიდან? იმიტომ, რომ ერთ-ერთი შეკითხვა ეს გვქონდა: დაახასიათეთ ბერლინი სამ სიტყვაში. და ვფიქრობ, ძალიან ზუსტად დაახასიათა: ხმაურიანი, ჭუჭყიანი, ლამაზი. მართლა ასეთია. მე დავამატებდი კიდევ - თავისუფალი, ოღონდ მართლა ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით, ბერლინში ჰაერია. ბერლინში სუნთქავ. ბერლინი უჭრელესია. ყველას და ყველაფერს შეხვდები, არაფერი გიკვირს. ყველა იპოვის თავის ადგილს. და თავის საყვარელ ადგილსაც. ასეთი მრავალფეროვანი და ჭრელი არაფერი მახსენდება ამ წუთას. 

ამ პოსტის წერა რომ დავიწყე, ზუსტად იმ ქართველ ოჯახს ველოდებოდი და რომელიღაც კაფის წინ ვიჯექი სკამზე,, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. კაფე ჭეშმარიტი კაფე იყო, მხოლოდ ყავას და ფუნთუშებს რომ  მიირთმევ, ისეთი. შესაბამისად, საღამოს უკვე დახურული იყო. ვიჯექი და თან ხალხს ვუყურებდი. კი არავის ჩაცმულობა არ გამკვირვებია, არც ქუსლებიანი კაცების და არც ბომჟების. მაგრამ ეს იყო ყველაზე სახალისო, რაც მანამდე ვნახე: ხანში შესული კაცი სავარაუდოდ მეფის ფორმაში იყო გამოწყობილი, თავზე კვერთხი ეფარა, ხელში მეფის ჯოხი ეჭირა (რა ჰქვია?) და გვერდზე ძაღლი მიჰყვებოდა. ტოგა, მოსასხამი თუ გადასაცმელი ასევე მეფისებრი ჰქონდა. ძალიან ჩვეულებრივად, მშვიდად მიაბიჯებდა. იმდენად საინტერესო და კარგი სანსახავი იყო, ვერ მოვითმინე, წამოვხტი და ავეკიდე. გერმანიაში კი არა, თბილისშიც ვერიდები ფოტოების ისე გადაღებას, რომ სხვა ხალხი მოხვდეს კადრში. იქნებ არ უნდათ, ვიღაცის ფოტოზე აღიბეჭდონ. მაგრამ არ შემეძლო, ეს არ გადამეღო.


უკან გავყევი. მის საპირისპიროდ ბიჭი მოდიოდა, რომელიც უცებ შესაბამისი ჟესტით გაიწია გვერდზე, თავი დაუხარა, ხელებითაც რაღაც მოძრაობა გააკეთა - მიბრძანდით თქვენო აღმატებულებავო და მიაყოლა: Царь?! очень приятно, Царь! :D რა თქმა უნდა, გამეცინა. მოდი და არ გაგეცინოს :)

ძალიან კარგი სემინარის, ჩვენი ფანტასტიური მასწავლებლის, საკმაოდ საინტერესო კულტურული პროგრამის, საშინელ უბანში განთავსებული არა ნაკლებ ცუდი სასტუმროს და 2-2 კაცად შესახლების შესახებ არაფერს დავწერ, ანუ დეტალურად იმ კვირის აღწერას არ ვაპირებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ - ღირდა! მთლიანობაში ძალიან კარგი იყო ყველაფერი. ერთი რამ კიდევ ბერლინისთვის დამახასიათებელი - ძალიან საინტერესო ადგილები, რომლებსაც ნელ-ნელა თანამედროვე მშენებლობები და ინვესტორები აითვისენებ. ახლა კი მაგალითად ერთ-ერთ მათგანში ე.წ. პიანო-სალონია გახსნილი - ავტობუსების ყოფილ დეპოში.

რაღაცით მოძრაობის თეატრის კულისებში რომ მუსიკალური საღამოები ეწყობოდა ხოლმე (ან იქნებ ახლაც ეწყობა), ის გამახსენდა. ალტერნატიულის და კლასიკურის საინტერესო ნაზავი იყო. შოპენი და ლისტი ავტობუსების ყოფილ დეპოში. ასევე საკმაოდ საინტერესო ტიპის მიერ შესრულებული. იქვე ველქამ დრინქები. და ეზოში, სანამ შენობაში შეხვიდოდი, იქვე ვიღაც ტიპი დაზგაზე მუშაობდა. ასეთია ბერლინი.

მიუნხენი 
თამთა დამხვდა სადგურზე. პირველი ვაგონიდან გასასვლელამდე სანამ მივედი, მთელი მატარებელი ჩამოიცალა და უკვე ეგონა, რომ ავცდი :) სახლში მისულებმა ცოტა ვჭამეთ, ოჯახის სხვა წევრებსაც ვეკონტაქტე და მერე დიდხანს ვისხედით აივანზე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდით ყავასთან ერთად. როგორ მიყვარს ეს აივანი, ბოლოს 9 წლის წინ ვიჯექი აქ, ორი კვირით ჩასული. დილით აქ ვსაუზმობდი ხოლმე და თან მწვანე ეზოს გადავყურებდი, სადაც კურდღლები და ციყვები დარბოდნენ. კი, ციყვი დღესაც ვნახე. 

საღამო უკვე გაწერილი იყო, ანუ იტალიური რესტორანი დაჯავშნილი და იქ მცხოვრებ რამდენიმე ქართველ გოგოსთან შეთანხმებული, რომლებსაც ჯერ კიდევ თამთას და ქრისტიანის ქორწილის დროიდან ვიცნობდი.

ყავის მერე გადავივლე, დავრესტარტდი, ქრისტიანმა ბავშვები გადაიბარა და  ჩვენ უკვე ახალი შემართებით გავედით ქალაქში, ვიბოდიალეთ, ვილაპარაკეთ, იზარამდე ჩავედით და ბოლოს რესტორანში შევიკრიბეთ და უზარმაზარი გემრიელი პორციებით და იტალიური ღვინით ვივახშმეთ. 




სახლში დაბრუნებულები უკვე ქრისტიანს ვუზიარებდით მიღებულ ინფორმაციას და შთაბეჭდილებებს. ქრისტიანი ბოლოს რომ მიხვდა, ჩვენ არ მოვრჩებოდით ლაპარაკს, ღამე მშვიდობის გვისურვა და დაგვტოვა, რომ გული გვეჯერა ურთიერთობით. და მართლაც, ღამის 4 საათამდე ისევ გაუჩერებლად ვლაპარაკობდით და ვყვებოდით ყველაფერს, რაც ჩეთში თუ ზარებით არ / ვერ მოიყოლება, არ გახსენდება, ყველაფერს, მნიშვნელოვანს და უმნიშვნელოს :)

დღეს ალბათ პირველად გავიღვიძე ასე გვიან ბოლო 1 კვირის მანძილზე. 11-ის ნახევრამდე მეძინა. მერე მშვიდად ვისაუზმეთ აივანზე და სადგურზე წამოვედით ტრამით. რაც ასევე კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან გზად მზით გადაჩახჩახებული მიუნხენი, კაფეებში გარეთ მსხდარი ხალხი, ოქტობერფესტზე მიმავალი უამრავი ადამიანი და უბრალოდ მიუნხენი ვათვალიერე. ძალიან თვალში საცემია გარეგნული სხვაობა. ყოველ შემთხვევაში - უცხო თვალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თამთა ამბობს, არ აქცევენ ჩაცმას ყურადღებასო, და კი, არ აქცევენ ისე, როგორც მაგალითად ჩვენთან, მაინც თვალში გხვდება, რომ აქ ლამაზად გამოიყურებიან. ან მოვლილად, ან კოხტად. რანაირი სიტყვაა, კოხტად :)

საათს დავხედე. 2,5 საათი დამრჩენია სულ რაღაც. მიუნხენისკენ მიმავალ გზაზე მეძინებოდა. წინა ღამეს გვიან დავიძინე და დილით 7-ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი. პერიოდულად მთვლემდა მატარებელში. სანამ ფხიზლად ვიყავი, დავალებები გავაკეთე, რომლებისთვისაც ამ კვირაში არა მარტო მე, ვერც ერთმა ჯგუფელმა ვერ მოვიცალეთ. მერე უკვე წერის თავი აღარ მქონდა. სამაგიეროდ ახლა, მშვიდი სინდისით, ფხიზელი გონებით, გამოძინებული, დამუხტული და რაც მთავარია - გარანტირებული სკამით მივდივარ ვენისკენ და თან ვქმნი გერმანულ დღიურს.

ახ, გერმანულზე გამახსენდა. დღეს დილით თამთა თურმე ალექსანდრეს (10 წლის) ეუბნება, აქედან ცისია ვენაში მიდის, თავის ძმასთანო. და ალექსანდრეს პასუხი: macht sie eine Weltreise? / მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს? :)) თბილისი-ბერლინი-მიუნხენი-ვენა-თბილისი... :)) პრინციპში, თითქმის. 14 დღე დედამიწის არა და დას. ევროპის გარშემო :)) კი, ჩემთვის, 2020-ის (კორონას წელთაღრიცხვის დასაწყისის) მერე თვითმფრინავში  რომ არ მქონდა ფეხი დადგმული, ლამის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის ტოლფასია ეს 2 კვირიანი მოგზაურობა :)

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მოგზაურობაზე უკეთესს ვერაფერს აკეთებ ადამიანი (ვგულისხმობ საკუთარი თავისთვის, განტვირთვისთვის, სიამოვნებისთვის), მთავარია დრო, და ფინანსური საშუალება. უნდა მოვახერხო, და ამიერიდან ხშირად ვიარო აქეთ. მერე გარკვეული ხანი მაინც გყოფნის დატენვა ელემენტების. ასე მოწყვეტილი იქაურ ყოველდღიურობას და ასე განიავებული, დიდი ხანია არ ვყოფილვარ :) 

და კიდევ - როცა დაჩექინებაც "გკიდია", ფოტოების ატვირთვაც, ლაიქებიც და seen-ებიც, გადაღებითაც კი ცოტას იღებ, ჩასვლიდან მეხუთე დღეს ერთ ელემენტარულ ფოტოს რომ დადებ, სადაც შეიძლება აღიქმეოდეს, სად იმყოფები, აი მაშინ ხარ მართლა კარგად, მართლა მოწყვეტილი ყოველდღიურობას და მაშინ ირგებ ბოლომდე "აქ.და ახლა"-ს. ჩემთვის - ასეა ☺️

ვენისკენ
ამასობაში ზალცბურგშიც ჩამოვსულვართ. ზალცბურგიც ძალიან საყვარელია. მაგრამ ამჯერად აღარ წამოვალ ალბათ, 2-ჯერ ყოფნა საკმარისია ჯერ-ჯერობით. 
ახლა უკვე შემდეგი 1 კვირა მიხარია. სამეცადინო მექნება, მაგრამ ცოტა. გაკვეთილებიც - სულ რამდენიმე და შეიძლება ვთქვა, რომ თითქმის შვებულება გამომივა. და ერთი სული მაქვს, ბავშვებს როდის ჩავეხუტები :)

დათუნამ იცის, რომ საღამოს ჩავდივარ. რომ განვთავსდი, მივწერე, ვზივარ მეთქი უკვე. და მომდის გაოცებული მესიჯი: თვითმფრინავში??????? :))) არა და ბილეთიც გაგზავნილი მქონდა, დროც იცის, როდის ჩავდივარ და დარწმუნებული ვარ, ისიც ნათქვამი მქონდა, რომ მატარებლით მოვდიოდი. თეორიული შანსი იყო, რომ აეროპორტში წასულიყო დასახვედრად :)))

აჰა, ბევრი მიდიოდა ზალცბურგში, როგორც ჩანს. გასავლელი ხალხით გაივსო. სამაგიეროდ, ბევრი თუ არ ამოვიდა, ისინი მოახერხებენ დაჯდომას, ვინც აქამდე ფეხზე იდგა. 

ამინდში რომ გამიმართლა, ამაზეც უნდა ვთქვა. ბერლინში 24-27 გრადუსი იყო მთელი კვირა. ცხელოდა ისე, როგორც ზაფხულში. და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი ამით. მიუნხენში რაღაც ეტაპზე პროგნოზირებული წვიმაც გადაიდოდა იქაც ფანტასტიური ამინდი დამხვდა. ვენაში აქამდე შორტებით დადიოდნენ და იმედი მაქვს, ახლაც ასევე თუ არა, დაახლოებით ასე მაინც გაგრძელდება, სანამ იქ ვიქნები :) 

ამასობაში ხალხი ჩავიდა. გასასვლელიც თითქმის დაიცალა. გავხედე, სულ რამდენიმე ადამიანიღა დგას. მათ შორის ის ბიჭიც, ონლაინ რომ ვერ მოახერხა ადგილის დაჯავშნა. ლუდის გამყიდველმა გოგო-ბიჭმა კიდევე ერთხელ ჩაიარა ხმაურით. ბრეცელი აღარ მაქვს, მხოლოდ ლუდი მაქვსო, გვატყობინებდა ეს ბიჭი. და მეც გამახსენდა, რომ სამაგიეროდ მე მაქვს, ყავის გარდა კარაქიანი ბრეცელიც ვიყიდე სადგურზე, გზაში რომ მომშივდეს, შევჭამ მეთქი. და ამის გახსენებამაც ძალიან გამახარა :) ახლა წერას მოვრჩები, დავხურავ ლეპტოპს და შევჭამ. თან ავსტრიის ხედებით დავტკბები.  მერე კი რამეს წავიკითხავ, ან ფილმს ვუყურებ, ან ისევ იმას, რაც გარეთ "გადის", ფანჯარაში :)

პ.ს. დედა, მამა, ბედნიერი ვარ და ვრჩებიიი... :) 

Comments

Popular posts from this blog

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..