წერილი N...

ახლა რომ არ დავწერო და მეცადინეობა დავიწყო, ვერც იმას მოვასწრებ (მაქსიმუმ ნახევარ საათში უნდა იოგაზე წავიდე) და ეს განწყობაც დამეკარგება, შესაბამისად ამასაც ვეღარ დავწერ. ამიტომ, თეფში გადავდგი, ყავა მოვიდგი და უცებ დავწერ, რაც თავში მომივა. თითები ხომ, როგორც წესი, თვითონ კრეფენ სათქმელს, ხანდახან მგონია, ჩემგან დამოუკიდებლადაც კი. 

დღეს დილით დაბრუნდა. აი უცებ, არსაიდან გაჩნდა ისევ ის, ბედნიერების უეცარი შეგრძნება, უეცარი გააზრება, რომ უპს, ბედნიერი ხარ. შეიძლება სულაც არ იყო უეცარი და რაღაცეების გა(და)აზრების ახლა დამდგარი შედეგია, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, დაბრუნდა. და გამახსენდა, როგორი იყო ამ შეგრძნებით გაღვიძება, როგორი იყო, შენ ოთახში რომ იღვიძებ, გარშემო ყველაფერი მოგწონს, თვალებს რომ ახელ, მაშინვე გეღიმება, ნელა მოიცმევ ხალათს (ხო, მიყვარს ხალათი დილით) და გამობოდიალდები აქეთ ოთახში, სადაც მზე კიდევ უფრო ცოცხალს და ბედნიერს ხდის ოთახის ნათელ ფერებს. ფერები შეიძლება ბედნიერი იყოს? ბედნიერი ყვითელი, მაგალითად. კი, კამერონ დიასი ამბობს ერთ ფილმში - სარეკლამო რგოლს იღებენ -  ეს წითელი არ მინდა, ბედნიერი წითელი მინდაო. თუ საშობაო წითელიო? ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი რაღაც ასეთს  ამბობს. ხოდა თუ მე ასე აღვიქვამ, ესე იგი, არსებობს. 

ხოდა დღეს არც თუ ისე მზიანი დღეა და მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მზე ჩემი კარგი მეგობარია და მზედამოკიდებული ვარ, მაინც შემომეპარა ეს შეგრძნება. მაღვიძარის დარეკვამდე გამეღვიძა. ტელეფონის წკაპუნმა გამაღვიძა. იმდენი ნოთიფიქეიშენი იყო, არ ვიცი, რომლის ხმა იყო იმ წამს, რა მნიშვნელობა აქვს. პრინციპში, ალბათ უკვე სიფხიზლის ფაზაში გადავდიოდი, თორემ ერთი პატარა დაწკაპუნება ნამდვილად ვერ გამაღვიძებდა. ეგ კი არა, გარედან უროს ხმა რომ შემოდის, ეგ არ მოქმედებს ხოლმე. ხოდა ცოტა ხანი ვიწექი კიდევ, რადგან ადრე იყო, ნოთიფიქეიშენებიც ვნახე. მერე მივხვდი, რომ პირველ ვარჯიშზე წასვლა მეზარებოდა (დღეს ორ ვარჯიშზე ვიყავი ჩაწერილი). აი ძალიან ცხადად გავიაზრე. ამიტომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გავაუქმე და მხოლოდ იოგა დავტოვე. იოგას არ ვაცდენ, რაც არ უნდა ხდებოდეს. უფრო სწორად, უბრალოდ ისე არასოდეს ვაცდენ. რადგან ესეც ბედნიერებაში წვლილის შემტანი ერთ-ერთი აქტივობაა. მერე ავდექი და მივხვდი, ჯერ საკმარისი დრო მაქვს ყველაფრისთვის. წასვლამდე მსუბუქად საუზმესაც კი მოვასწრებ, რასაც, როგორც წესი არ ვაკეთებ და პირველი ჭამა სახლში მოსულს მიწევს ხოლმე. უბრალოდ ახლა რატომღაც შიმშილის გრძნობაც გაჩნდა საიდანღაც. ხოდა ავდექი, საწოლი ავალაგე, ოთახს თვალი მოვავლე და უცებ ვიგრძენი, რომ ისევ ბედნიერი ვარ. ალბათ იკითხავ, აქამდე არ იყავი ბედნიერიო? არ გეგეონოს, უმადური ვარ. ყველასთვის და ყველაფრისთვის, რაც და ვინც კი გამაჩნია, მადლობელი ვარ სამყაროსიც და მისი შემოქმედისაც, მაგრამ მახსოვს, იყო დრო, დილით ამ მადლიერების გრძნობით და ღიმილით ვიღვიძებდი. და ახლა ეს მომენტები სადღაც ჩაკარგულიყო. გარდა ამისა, გარკვეულმა მოვლენებმა ჩაკარგა კი არა, რაღაც პერიოდით ისე გააძევა და ისე დაიკავა სულ სხვა ემოციებმა მათი ადგილი, რომ უკვე მეგონა, სულ ასე დარჩებოდა... მაგრამ მოვლენათა ნაწილი დაიძლია (ნაწილობრივ მაინც) და ნაწილი გადავიაზრე. ხანდახან სრულიად შემთხვევითმა საუბარმა, სრულიად პრაგმატულმა, თითქოს არაფრით განსაკუთრებულმა კომუნიკაციამ შეიძლება ისე დაძრას რაღაცეები, ისე მიგახვედროს, რა გინდა/არ გინდა, რომ მერე ამ ყველაფერმა გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს შენ ცხოვრებაზე და აგერ, საბოლოო ჯამში მიხვდე, რომ ბედნიერი ხარ. და ეს, უნდა ვაღიარო, ეს ყველაფერი ნაწილობრივ იმით არის გამოწვეული, რომ უბრალოდ მიდგომა და ხედვა შევცვალე რაღაც მოვლენებისადმი. ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ შემეცვალა და ამან, როგორც მივხვდი, შვება მომიტანა.

ვიცი, რომ გაუგებარი შეიძლება იყოს ეს ზემო აბზაცი, რა მოვლენა, რა კომუნიკაცია, რა ხედვა. არ ვიცი, სხვა თვალით როგორ იკითხება. მაგრამ თუ ზოგადად მაინც მისახვედრია ჩემი აზრების მიმართულება,ეს უკვე კარგია. 

რაც უფრო ვიზრდებით, უფრო კარგად ვსწავლობთ უარის თქმას, არას თქმას იმაზე, რაც ნამდვილად არ გვინდა. და რაც მართლა არ გვინდა, იმის ძალით კეთებას კარგი შედეგები არ მოაქვს. შესაბამისად, ხანდახან სულ ელემენტარულმა თანხმობამ ან უარმა შეიძლება ისე განსაზღვროს პეპლის ეფექტით  შენი შემდგომი მდგომარეობა, რომ ვერც კი მიხვდე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც გვინდა. უფრო ალბათ იმას ნიშნავს, რომ რაც ნამდვილად არ გვინდა, იმას არ ვაძალებთ თავს. მოკლედ, აღარ ჩავუღრმავდები, ვფიქრობ, გასაგები უნდა იყოს. თუ აზროვნებ, თუ ინტელექტი გაქვს, მარტივად მიხვდები. 

ამასობაში 10.17 გამხდარა. ცოტა უნდა ავჩქარდე, "დავმრგვალდე" ( 😁 ), თორემ დამაგვიანდება. ამას მიხვდი? ;) 

ამასობაში მზეც გამოსულა. უჩვეულოდ თბილი ნოემბერია. თბილი არა, ცხელი, ვიტყოდი. როგორც ფბ, ასევე გუგლის ფოტოების მემორი ყოველდღიურად მამცნობს, რომ წელიწადის ამ დროს, წინა წლებში საკმაოდ თბილად ჩაცმული დავდიოდი. ეს იმ ფონზე, რომ ზოგადად თბილად ჩაცმა არ მიყვარს. ანუ ციოდა. ციოდა იმდენად, რომ დუტის ქურთუკი მეცვა წინა წლებში. ახლა რა მაცვია გარეთ გასვლისას? მოკლე სახელოებიანი მაისური და თან მიმაქვს ხოლმე თხელი ქურთუკი. აი სახლში კი არ ცხელა. ხანდახან გრილა კიდეც. როცა გარეთ განსაკუთრებით იწევს ზევით ტემპერატურა, ვცდილობ კარიც და ფანჯარაც ღია მქონდეს, რომ იქიდან შემოვიდეს სითბო. არ მიყვარს, სახლში რომ ცივა, ეს დისკომფორტს მიქმნის, მიუხედადვა იმისა, რომ მცივანა არ ვარ. მირჩევნია, ცხელოდეს, ოღონდ ჰაერი ტრიალდებდეს და მე თხლად მეცვას. ამიტომ ოქტომბერში გათბობაც კი მქონდა ჩართული რამდენიმე დღე. მაშინ მართლა ციოდა და დამჯდარ მდგომარეობაში ხელები მიცივდებოდა.

10:22. გაიქეცი ლოლა, გაიქეცი. არა, მთლად გასაქცევადა არ მაქვს საქმე, უბრალოდ მინდოდა, ფეხით წავსულიყავი ვარჯიშზე. მაგრამ არა უშავს, თუ ვერ მოვასწრებ, მეტროთი უცებ მივალ. 

ხო, სახლი რომ დაწკრიალებულია, დილით სუფთა, მილაგებულ ოთახში რომ ვიღვიძებ და ასეთივეში გამოვდივარ, ამასაც შეაქვს წვლილი ჩემ განწყობაში. ვიცი, ჩემი ეს თვისება ზოგისთვის შეიძლება მიუღებელი ან გაუგებარია, მაგრამ ჩემ განწყობაზე მოქმედებს და ხანდახან ასახავს კიდეც ჩემი სახლის მდგომარეობა. 

კიდევ ძალიან კარგია ცხოვრება ტკივილის გარეშე. რამე აღმატებულს არ ვამბობ, ფიზიკურ ტკივილს ვგულისხმობ. არც ამის განვრცობას ვაპირებ. უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ და რაც არ უნდა არასერიოზულად და ღიმილით მიმეღო ადრე ფრაზა, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია, ახლა სრულიად სერიოზულად ვიმეორებ: ჯანმრთელობის ფასი მართლა ცოტა რამ არის. და არაფერს უნდა შევწიროთ ის. მით უმეტეს, სტრესს. ძირს სტრესი, რომელიც ანგრევს ორგანიზმს, ჯანმრთელობას და შეიძლება ცხოვრება, ან ცხოვრების ეტაპი დაგინგრიოს. ასე რომ, რაზეც შეიძლება, არ ინერვიულო, სადაც შეიძლება სტრესი მოიხსნა, სადაც შეგიძლია რამე შეიმსუბუქო, უნდა მოახერხო ეს. რადგან შენ უფრო მნიშვნელოვანი ხარ, შენი მენტალური და ფიზიკური კარგად ყოფნა ჯაჭვურად აისახება შენი ცხოვრების ხარისხზე. 

რამდენი თემა გავშალე. კი არა და შევეხე და არ გავშალე :)) 

10:29. ახლა კი მართლა წასვლის დროა. 

ბედნიერი დღე!

პ.ს. წერილად არ დავიწყე, მაგრამ ბოლოს მიხვდი, რომ მაინც წერილის სახე ჰქონდა თითქოს. ასე რომ, დაე იყოს წერილი N... 

პ.პ.ს. რომელიმე შემდეგ წერილში მოგიყვები, რამხელა ძალა აქვს რეკლამას, როგორ მიყვარდა ყოველთვის კარგი რეკლამა. როგორ აღმიძრა გერმანულის სახელმძღვანელოში შეხვედრილმა Ritter Sport-ის ფოტომ შოკოლადის, თან კონკრეტული Ritter Sport-ის ყიდვის და ჭამის სურვილი, და როგორ ზომბივით წავედი და ვიყიდე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჭამა გარკვეულ სირთულეებთან იყო ჩემთვის დაკავშირებული, და როგორ გამაბედნიერა ამან მაინც :) 

მოკლედ, კიდევ ერთხელ, ბედნიერი დღე. გავიქეცი :))




Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..