ჩემი Blueberry Nights

ღამის ხმები. ხო, ძირითადად ღამე ვ/გწერ. აი დიასახლისები ყველაფერს რომ მორჩებიან, ბავშვებსაც დააძინებენ და მერე დაღლილებს ჯერ არ უნდათ დაძინება, რომ ამ 24 საათს ცოტა დრო თავისთვისაც გამოსტყუონ, დაახლოებით ასე. ჩემთან თითქოს რა შუაშია, მაგრამ მაინც. 

ღამის ხმები აივნიდან. ღამის ხმაა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ხმაც, რომელმაც მამცნო, რომ მუშაობა დაასრულა. კლავიატურის ხმაც სხვანაირად ისმის ღამით.

ხვალ დიდი დღეა. უფრო სწორად, უკვე დღეს. არის ასეთი გამოთქმა - "ბურთი მრგვალია". ხოდა სულელურია თუ როგორიც არის, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და რომც არ მოხდეს, მაინც დიდი დღეა და შინაგანი ფორიაქი. 

ერთ-ერთ ჩათში წინასაფეხბურთო განწყობაზე იყო ლაპარაკი, ვიდეოების, სტატუსების, ფეხბურთელებისადმი მიძღვნილი ლექსების გაზიარება. ხოდა მეგობარი მწერს, შენ ადექი და ბლოგი მიუძღვენი, არ იმსახურებენო? როგორ არ იმსახურებენ, მაგრამ იმდენად მიხარია ხვალინდელი თამაში, რომ ვერაფერს ვწერ. უფრო  - ვმოქმედებ. შეიძლება ცოტა არაადეკვატურად გეჩვენოს ეს ქმედებები, მაგრამ... მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები ასე მივყვე, რომ ჩემეული ლოგიკის დაჭერა მოახერხო. 

მოცვი. რა მოცვი და სრულიად შეშლილი ვარ მოცვზე. სავარაუდოდ შარშან აღმოვაჩინე ეს სიყვარული. ხოდა ახლახანს გურიიდან ჩამოტანილი მოცვი ვიყიდე და გავყინე. თან დიდი ხანია, მინდა მოცვის კექსის გაკეთება. მაგრამ ხან არ მეცალა, ხან წყალი არ იყო. ბოლო დროს ძირითადად ეს ბოლო მიზეზი იყო. ვერ დავამთხვიე ჩემი დრო და წყალი ერთმანეთს. უწყლოდ კი ნამხვრის ცხობას შეუდგე - სიგიჟეა. არა და აჩემებული მქონდა, რომ უნდა გამომეცხო. დავძებნე რეცეპტი და რამდენიმე დღეა, ასე გახსნილია ეს რეცეპტი ბრაუზერში და ელის გამოყენებას. კარაქი კი - რამდენჯერ გამოვიღე გასადნობად და შევაბრუნე, არავინ იცის. 

ხოდა მოკლედ, დადგა ნანატრი ჟამი წყლის დაბრუნებისა. დღეს გვიან დავბრუნდი, ჯერ გაკვეთილი მქონდა, მერე ონლაინ შეხვედრაზეც იქვე დავრჩი (გოეთეში) და სანამ მოვედი, ვჭამე, უკვე გვიანი იყო. ჯერ იყო, მეგობრებს უნდა შევხვედროდი აქვე, სტრადაში. მერე გადაიდო და ბოლოს შევთანხმდით, ხვალ ჩემთან ვუყუროთ ფეხბურთს. დავრჩი სახლში და ისევ შემიღიტინა მოცვის კექსის ცხობის სურვილმა. გავხსენი რეცეპტი და შევუდექი. გაყინული მოცვი... გაყინული მოცვი პირველ წამებში უგემრიელესი იყო, მაგრამ წყალმა რამდენიმე წუთში ისე დაარბილა (უნდა გამერეცხა, სხვა გზა არ იყო, გაურეცხავი შევინახე), კანი სცილდებოდა და იმ სიმაგრის ნატამალი აღარ შერჩენოდა :( ერთი პირობა ისიც ვიფიქრე, ხომ არ გამოვიძახო მეთქი. მერე იქვე მაგიდაზე მაყვლიან კონტეინერს მოვკარი თვალი, წეღან რომ ამოვაყოლე და მოცვის კექსის იდეა მაყვლის კექსის იდეით ჩანაცვლდა. ესეც ასე, ხვალ ფეხბურთს კექსით ვხვდები! 

12-ის ნახევარი იყო, ღუმელში რომ შევდგი. სანამ გამოცხვება, სერიალს ჩავირთავ და მივწვები მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ.... სახლი დასალაგებელია, ვიცოდი, ვერ მოვისვენებდი და სანამ კექსი ცხვებოდა, სახლის დალაგება, ყვავილების მორწყვა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის გავსება-ჩართვა მოვასწარი. ხოლო სანამ გამომცხვარი ცხელი კექსი გაგრილდებოდა, ბანაობა და მოწესრიგებაც. 

ამასობაში, რა თქმა უნდა, ძალიან გვიანია და ძალიანაც მეძინება. კექსს კარგად გაგრილება არ დავაცადე, ისე გადმოვიღე ფორმიდან, რამაც მისი მთლიანობის ოდნავ შელახვა გამოიწვია, მაგრამ ეგ არაფერი. მთავარია, გემო რა იქნება. ხო, მიქსერი რომ ჩავრთე, საკმაოფ გვიანი იყო და კი გავიფიქრე, ვინმე არ შევაწუხო მეთქი, მაგრამ ქვევით და ზევით მგონი ისევ არავინ ცხოვრობს. გვერდით კი ტყეა :)) მერე გავიხსენე, მშენებლობაზე ღამის 3 საათამდე მომუშავე მანქანებს როგორ ვუყვიროდი, რომ ხმა გადამეფარა და ბოლოს მაინც მივიყვანე საქმე ბოლომდე. შედეგს ხვალ ვნახავ. ვნახოთ, გაუმართლებთ თუ არა ხვალინდელ სტუმრებს.

ხო, იცი ვინ მომწონს? სერიალში, რომელსაც ვუყურებ, მთავარი გმირი ქალის ქმარი. პრინციპში, ისიც მთავარი გმირია, ნუ ცოტა ნაკლებად მთავარი, მაგრამ მაინც. 

რა სერიალია? :)) მეორეჯერ ვახსენებ უკვე და სახელს არ ვწერ რატომღაც. მოდი ასე ვქნათ, ყველა ბლოგში რამე მინიშნებას დავწერ, სერიალის სახელში მთავარი გმირი ქალის სახელი, უფრო სწორად გვარი ფიგურირებს. 

ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო. საათს ვუყურებ - ძალიან ცოტა ხანი გამომივა ძილი, რაც ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზაა. ხვალაც გვიან დავიძინებ და ზეგ... კარგი, ზეგ გამოვიძინებ :) მაგრამ თუ აუზმა აღადგინა მუშაობა, ვერც ზეგ. კარგი, მაზეგ იყოს :))

მოცვის კექსს რომ გავაკეთებ, ამაზე დავწერ და  "ჩემი იასამნისფერი ღამეები"  - ასე დავარქმევ მეთქი. მგონი, ამის ხათრით მომინდა გამოცხობა :)) რა და იასამნისფერი არ მიყვარს. უბრალოდ ეს ფილმი მომწონს. და რეალურად, ცოტა სხვანაირად ჰქვია ორიგინალში. ხოდა ასეც დავარქვი. მართალია კექსი მაყვლის არის, მაგრამ ღამე მაინც ასეთია. 

ხო, ყველაფერი საიდან დავიწყე: მზად ვარ დღევანდელი მატჩისთვის - სუფთა სახლით, ნაკლები საქმით და მაყვლის კექსით :) 

მორჩა, 03:03. ძილის დროა :)



Comments

Popular posts from this blog

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..

before and after party

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი