დრო. რეცეპტები და აგვისტო, როგორც კვირის საღამო

 აი ასე მინდა, მთელი აგვისტო გავატარო მეთქი, მივწერე მეგობარს და ეს ფოტო ჩავუგდე.
ოღონდ წინ გაშლილი ლეპტოპი მხოლოდ არასამუშაო და მხოლოდ სიამოვნების მიზნით უნდა იყოს ჩართული. მთელი აგვისტო კი არა, ისე გადავიღალე, ალბათ ორი თვეც მშვენივრად გავატარებდი ასე. დღეს კვირაა და საერთოდ ვერ აღვიქვამ. იმიტომ, რომ დილიდან ვმუშაობდი. კვირა კი არა, რა დღეა, იმას ვერ აღვიქვამ. უბრალოდ, ჩემ თავს ვეუბნები, ცოტაც, ცისია, ცოტაც, ზუსტად 6 დღე და მორჩა, მერე მართლა ყველანაირად უნდა დავისვენო. ახლაც უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ნახევარი დღე და დარჩენილი საღამო მაინც უნდა შევირგო. არ მივეკარო საქმეს. თუმცა, სხვა, ამ ეტაპზე მთავარი საქმის გადადება მაინც არ გამოდის, ცოტა აზრზე მოვალ, ცოტა თავის ტკივილი გამივლის, ცოტა დავისვენებ და წავალ რუსთაველზე ... იმიტომ, რომ შემდეგ დღეებში ვერ წავალ. 

ისე, ზაფხული ასეთია. სულ ელოდები, ელოდები, ფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა გააკეთო / მოასწრო. ახლაც, მგონია, აი ყველაფერს მოვრჩები და მერე უნდა მოვიფიქრო, რას ვიზამ "ზაფხულში". არა და ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, აღმოვაჩენ, რომ ზაფხულიდან მხოლოდ ერთი თვეღა დარჩა - უკვე აგვისტო დაწყებულა. სადღაც ეწერა, აგვისტო კვირა საღამოსავით არისო :( მართლა ასეა, მე კიდე ვეჭიდები, ძალიან ვებღაუჭები ამ თვეს ყოველთვის, იმიტომ, რომ არასოდეს მეთმობოდა ზაფხულის გასვლა. ბავშვობიდან. ახლაც ასე ვარ. ასე მგონია, დიდ უზარმაზარ საათზე ვარ ჩამოკიდებული პატარა ბავშვივით, უფრო სწორად, ამ დიდი საათის ასევე დიდ ისარზე, ფეხები ჰაერში ქანქარებს, მოკლედ კაბა მაცვია, რომელიც უფრო მაღლა მეწევა, რადგან ასე ვკიდივარ ხელებით და ვცდილობ, ეს ისარი შევაჩერო. 

დრო. აი ყველაზე მეტად რა მჭირდება. ბევრი დრო. დღეს უკვე დღის მეორე ნახევარში სახლში დაბრუნებულმა როცა უკვე მეორედ ვიბანავე დღეს და კონდიციონერით გაგრილებულ ოთახში შემოვედი, მივხვდი, რომ დიდი ხანია, ასე უბრალოდ სახლში მშვიდად არ ვყოფილვარ, ისე, რომ არაფერი მეკეთებინოს. კვირა დღეს საკუთარ საძინებელში დიდ საწოლზე აბაზანიდან ახალ გამოსული ხალათით წამოწოლა არის ნეტარება. როგორმე უნდა მისცე თავს ამის საშუალება ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც. ხოდა მივეცი. იმაზე არ მიფიქრია, რის ფასად. მაგაზე ხვალ ვიფიქრებ, ხვალაც კიდევ ერთი ღამე დავწვები გვიან და ავდგები ადრე, მერე კიდევ ერთი - ორი დღე და ... ეგ არის. 

ხოდა უბრალოდ წამოვწექი და რაღაცეებს ვუსმენდი. მერე გავედი, გუშინ გამოძახებული და მაცივარში შენახული პიცა გავიცხელე. უფრო სწორად გასაცხელებლად შევდე და ისევ წამოვწექი იმდენი ხანი, სანამ პიცა კარცეროგენულ ნარჩენებად არ იქცა. არა, ვაჭარბებ, მთლად ეგრე არა, მაგრამ ბევრიც არ აკლდა. ისეთი უმადობა მაქვს, ვერაფერს ვჭამ. პიცაც იმიტომ გამოვიძახე გუშინ, იქნებ ეს მაინც ვჭამო მეთქი მაგრამ ორი პატარ ნაჭერი ძლივს ვჭამე. სამაგიეროდ, დღეს გამომადგა. ალბათ სიცხის ბრალია. გადაღლისაც, შეიძლება. შოკოლადიც კი არ მინდება, არც ნამცხვარი. 

ხო, რაზე ვლაპარაკობდი და დროზე. ცოტა შორიდან დავიწყებ. გამოცდებს რომ მოვრჩი და გამოვედი ვერაზე, მეგობარს დავურეკე, რომელიც იქვე ცხოვრობს, სანამ სახლში წავალ, ხომ არ გამოხვალ აქვე, ყავა დავლიოთ მეთქი. კარგია, რომ დამთანხმდა, იმდენი ხანი არ მყავდა ნანახი და კიდევ ისე გავიდოდა დრო, ისევ ვერ დავემთხვეოდით. ხოდა იქვე ძალიან საყვარელ კაფე თუ რესტორანში დავსხედით ცოტა ხნით და უკანა გზაზე უეცრად "არია" აღმოვაჩინეთ. დიდი ხანია, მინდა შესვლაო და მეც რამდენი ხანია, მინდოდა მეთქი. ხოდა შევედით. გამახსენდა, რომ ოდესღაც რაღაც რეცეპტი მქონდა შენახული, რომელსაც ან ბურატა და ან სტრაჩატელა სჭირდებოდა. ისიც მახსოვს, რომ მაშინ დავძებნე, სად შეიძლებოდა მეყიდა და არიას მივაგენი, ცხადია. მაშინ არ გამომიძახია და გადავდე ამ რეცეპტის ათვსიება. ხოდა ახლა გამახსენდა, და მოდი ვცდი მეთქი. ოღონდ ვერაფრით გავიხსენე, რისი რეცეპტი იყო და რომელი ყველი სჭირდებოდა. ავდექი და სტრაჩატელა ვიყიდე. 

ხოდა ახლა წამოწოლილმა, მოვნახე დრო, რომ დამეძებნა ის რეცეპტი. როგორო, იკითხავთ. როგორ და გინდა ფეისბუქზე და გინდა ინსტაგრამზე უამრავი რეცეპტი მაქვს დასეივებული, ან საკუთარი თავისთვის გაგზავნილი, რომელთა ცდაც მინდა. ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. რეალურად ბურატათი აღმოჩნდა, მაგრამ არა უშავს. მერე? ხოდა აი, მივედი მთავარ სათქმელამდე. ვათვალიერებდი ამ რეცეპტებს და უცებ მივხვდი, რა მინდა მართლა - იმდენი დრო მინდა მქონდეს, რომ ყველა ამ რეცეპტს დავუთმო თითო დღეს. ყველაფერი ვცადო, ოღონდ მშვიდად, აჩქარების გარეშე, როცა რომელი მომინდება. არა, მართლა ყოველ დღე კი არა, სტრესის გარეშე. სიამოვნებით. და ყველა ჯერზე მოვიწვიო ვინმე, იქნება ეს ოჯახის წევრები, თუ მეგობრები, სხვადასხვა წრიდან და სხავდასვა ოდენობის. მართლა მინდა და გამახსენდა, რომ ეს სურვილი ახალი არ არის. ოდესღაც რაღაც კულინარიული წიგნი ვიყიდე, მაშინ ჯერ კიდევ იმ ბინაში ვცხოვრობდი, ვაჟაზე. ვიყიდე თუ მაჩუქეს? არც მახსოვს. ისიც კი არ მახსვოვს, სად არის ეს წიგნი. ხოდა მაშინაც იგივე მინდოდა. და რა გამოვიდა? მაშინაც გადამიდია ეს სურვილი. 

დრო. ბევრი თავისუფალი დრო მინდა. დიდი შემოსავალი, ცოტა მუშაობა და ბევრი თავისუფალი დრო, რომელსაც ზუსტად ისე გამოვიყენებ, როგორც მენდომება, როგორც მესიამოვნება. 

ძალიან დაჩქარდა დრო, ძალიან. აი, უკვე 9 ხდება. ნახევარი საათი მაქვს დაახლოებით იმისთვის, რომ ენერგია მოვიკრიბო, თავის ტკივილი გავიყუჩო და გავემზადო გასასვლელად. ხო, კიდევ ეს მინდა, დრო რომ მექნება, რუსთაველზე გასვლაზე არ მეფიქრებოდეს. მშვიდი სინდისით შემეძლოს ამ დროის ჩემთვის ასე კარგად გამოყენება, გემრიელობების გაკეთება, სტუმრების მიღება, იქით-აქეთ სიარული და მხიარულება. ეს  ყველაფერი როცა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. კი, ესეც იქნება. უბრალოდ დრო ... დრო მიდის ამასობაში ....

პ.ს. სათაური დავწერე ახლა და უცებ მივხვდი, ისედაც კვირის საღამოა 

Comments

Popular posts from this blog

before and after party

ჩამოსასხმელი ზაფხული

ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)