სამი მამაკაცი და გვიანი საუზმე

რამდენი ხანია, რამის დაწერა მინდა. ხან რის, ხან რის. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა იდეა თუ იმპულსი მოდის. მაგრამ აი ახლა, როგორც იქნა მივეცი ჩემ თავს დრო და უფლება, რომ ლეპტოპი არა საქმის გასაკეთებლად, არამედ საწერად გამეხსნა, გავხსენი ბლოგი, ახალი გვერდი და .... სუფთა ფურცლის დანახვამ უცებ შემაშინა. და რა თქმა უნდა, ცისია რისი ცისიაა, რამე ციტატა რომ არ გაახსენდეს, ფილმიდან, წიგნიდან, სიმღერიდან, ლექსიდან. ხოდა აჰა - "კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი". არა და არ მახსენდება, სხვა დროს თავგზა დაებნია. ეტყობა, სანამ წინა ნაბიჯები გავიარე და ეს ფურცელი გავხსენი, რაღაცეები გაიფანტა. 

რაც იქნება - იქნება. რაც გამოვა - გამოვა. ვითომ სხვა დროს ხვანაირად ვწერ, რა :) როგორც წესი, თვითონ იწერება რაღაცეები და ხშირად, დაგეგმილს სრულიად გადავუხვევ ხოლმე. 

სანამ ამას ვწერდი, ამ მშვიდ და მყუდრო კაფეში სამი მამაკაცი შემოვიდა, აი მამაკაცი - ზუსტად ეს სიტყვა შეესაბამებოდა. არც უარყოფითს ვამბობ ამით რამეს, არც დადებითს. მაგრამ ძალიან დაარღვიეს სიმყუდროვე. მაგრამ შემოვიდნენ, შეუკვეთეს და გავიდნენ ეგრევე, გავივლითო. მე განვაგრძე წერა. აქამდე მხოლოდ მე და ერთი ბიჭი ვისხედით, გვერდ-გვერდზე მაგიდებზე. ორივეს ლეპტოპი გვაქვს გახსნილი. 

ესენი გასულები არ იყვნენ, ვიღაც ახალგაზრდა ქალებიდ და კაცები შემოლაგდნენ. თეთრებში ჩაცმულმა აქტიურმა ქალმა არც აცია, არც აცხელა, შვიდნი ვიქნებით და შეიძლება, ეს მაგიდები შევაერთოთო? მიმტანმა გოგონამ უთხრა, რომ დარეკილი და დაკავებული იყო. მართლაც სულ რაღაც 3 წუთით დაასწრეს იმ მამაკაცებმა დაკავება. იქნებ ჩვენ დავრეკეთო - ძალიან უკბილოდ გაიხუმრა იმ გოგონამ. მერე აქეთ მხარეს გამოიხედეს. ალბათ იმედი ჰქონდათ, ჩვენ ავდგებოდით და ამ ადგილებს დაიკავებდნენ, მაგრამ ამაოდ. იხმაურეს, იხმაურეს და მერე გალაგდნენ. კარი ღია დატოვეს. არა და კონდიციონერია ჩართული. გარეთ ხვატია. აშკარად "სამი მამაკაცის" შემოსვალ ჯობდა. წარმოვიდგინე, როგორ იხმაურებდა ის 7 კაცი და განსაკუთრებით ის ერთი ახალგაზრდა ქალი ამ პატარა სივრცეში, ისე, რომ არავის არ გაუწევდა ანგარიშს. 

დღეს მართლაც ძალიან აქტიურია კაფე. კარი არ იკეტება. 

აჰა, ვთქვი, ხომ სათქმელს მაინც გადავუხვევ მეთქი. ამდენი ვწერე და რა იდეებიც მქონდა, ახლოსაც არ მივსულვა. იყოს, ასე. 

ჩემსავით ბენედიქტი ჰქონდათ შეკვეთილი ამათაც. მოვიდნენ, განთავსდნენ. სხვათა შორის ამათაც უთხრა იმ გოგომ, დარეკილიაო. ცოტა ხანში კიდევ ორი ახალგაზრდა კაცი მოუსხდა მათ გვერდზე მაგიდას. აჰა, თქვენ იყავით, დარეკილი რომ გქონდათო? მერე კიდევ ორი ქალი. ისინი გარეთ გავიდნენ ამათთან საუბრის მერე. როგორც მივხვდი, სადღაც აქვე მუშაობენ და თანამშრომლები არიან. 

ტელეფონებზე ლაპარაკობდნენ, ვის რა მოდელი აქვს. მაგრამ რაღაც მომენტში ყურს ნაცნობი ფრაზა მოხვდა: არ იქნება სამართალი? - არ იქნება მშვიდობა. მერე კი ევროპაზე გადაერთნენ. ვინ როდის სად მიდის. ერთს უთხრეს, სექტემბერში თუ წახვალ, კიდე მოასწრებო. არა ბიჭო, იანვარში მაქვს სახლი დაჯავშნილი, სკიპასები და ყველაფერიო. გადაუწურეს იმედი. რაღაცნაირად ამ კაფეში, ამ დილას უცებ სრულიად ხელშესახები და რეალური გახდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე... უფ, არ იზამენ კაცო ამას. უფ, რა სისულელეა. ძალიან კარგად მახსენდება, ასე რომ ამართლებდნენ მხარდამჭერები. ყველაფერი, რაზეც ითქვა, არ იზამენ, არ მოხდებაო - მოხდა. საერთოდ არაფრის მოლოდინი და არც "არ მოლოდინი" მაქვს. არაფერი მიკვირს. ეს მდგომარეობა კი ყველაზე ცუდი მგონია. აჰა, ერთი ეს ადგილი მქონდა თავშესაფარივით, სადაც არ ვწერდი ყველაზე მთავარ პრობლემაზე და სატკივარზე, იმაზე, რითიც ალბათ 98% ვარ მოცული ბოლო ... არ ვიცი რამდენი ხანია. მოცული რა, მოცულები ვართ, ჩემ გარშემო ასევე 98%. მაინც შევეხე ...

უვიზო მიმოსვლა "ევროპებში გულაობა და დასვენება" ვისაც ჰგონია ... რა? არაფერი, რა უნდა ელაპარაკო? საერთოდ, ვის რაზე უნდა ელაპარაკო, გინდაც თანამოაზრეს. აღშფოთებსაც კი აღარ გამოვხატავთ მგონი ამასობაში. ხო, ამის მეშინოდა - შეგუების. არა, შეგუებულები არ ვართ, უბრალოდ ვთვლით, რომ ყველაფერი მოსალოდნელია და გაჩვეულებრივდა სრულიად წარმოუდგენელი და კატასტროფული რაღაცეები. ალბათ ფსიქიკას დამცავი მექანიზმი აქვს, რომ ბოლომდე არ ჩაწვდე და არ გაისიგრძეგანო, რა მდგომარეობაში ვართ. მეორეს მხრივ, მეტი როგორ უნდა გავისიგრძეგანოთ? ხანდახან ვფიქრობ, ეს ყველაფერი ოდესმე ხომ მორჩებდა და რა ნერვული სისტემა და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეგვრჩება? ვინ აღადგენს ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც რეალურად არ ექვემდებარება აღდგენას? ვინ დაგვიბრუნებს დაკარგულ დღეებს, თვეებს და ამასობაში წლებსაც, რომლებიც სულ სხვანაირად უნდა გვეცხოვრა. ეს არ იყო ჩვენი არჩევანი. სულ სხვანაირი ცხოვრება წარმოგვედგინა ყველას ჩვენთვის და ერთმანეთისთვის.

რაღაცნაირად დავსევდიანდი. ეს ბოლო კვირაა აგარაკზე ვიყავი. უფრო სწორად, სამშაბათიდან მგონი. მართალია, ფაქტობრივად სულ ვმუშაობდი, გუშინ იყო პირველი დღე, როცა მთელი დღე ან თომასთან ერთად ვიყავი, ან თომას სიახლოვეს ვიჯექი და ვკითხულობდი. მაგრამ მაინც ამ დატვრითულობის მიუხედავად, მივხვდი, რომ ცოტა დაისვენა გონებამ. ტელეფონი ისედაც ძალიან შეზღუდული მაქვს და იქ მით უმეტეს, თითქმის არ ვეკარებოდი. ხოდა აი ახლა, ამ თითქოსდა უწყინარი საუბრების ისე სხვათაშორის მოსმენამ უცებ ისე მომიბჯინა გული ყელში ... უმწეობის და გამოუვალი სიტუაციის შეგრძნება, იმის შეგრძნება, რომ ვერაფერს აკეთებ რეალურად და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიხარ იმას, ვინც წესით უნდა გიცავდეს, იმის შეგრძენება, რომ შენ ხმას არ აქვს ფასი, შენ არსებობასაც, შენი სახელწმიფოსთვის ... ძალიან ცუდი შეგრძნებაა. 

არის რაღაცეები, რაც მშველის, რომ ცოტა ბალანსი დავიცვა. მართლა, რა შედარებაა, ერთი ორი კვირის წინ ჯერ კიდევ ისე ვიყავი, ვფიქრობდი, როგორ გავუმკლავდე ამხელსტრესს მეთქი. მედიტაციები მშველის. ამაზე მერე დავწერ. და კიდევ იმაზე, რომ რაღაცეები ტყუილად არ ხდება. არც წიგნი გვივარდება შემთხვევით ხელში. არც სთორის დებ შემთხვევით, რომელზეც გიკომენტებენ და მერე იქიდან გადადიხარ საუბარში და მერე ეხები წიგნს, რომლის წაკითხვაც გინდა, დიდი ხანია და თურმე სახლში გქონია. და ხვდები, რომ ზუსტად ახლა უნდა დაგეწყო ამის კითხვა. 

ლეპტოპი ჯდება. ამასობაში მამაქაცებმა ის ქარდიც ახსენეს - "მე გავთხოვდი იმიტომ, რომ შენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა გინდოდა" - შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ. 

უნდა დავხურო და გავიდე. უნიში ვარ საქმეზე მისასვლელი, ჩემ საყვარელ ავსტრიულ ბიბლიოთეკაში. 

შემდეგ პოსტსაც მალე მოვაყოლებ, იმედია.   

პ.ს. სათაური პოსტის დასრულების შემდეგ დავწერე. სულ ასე ვაკეთებ, მგონი. სამი მამაკაცი და ... ჩვილი აკვანში გამახსენდა, ფილმი იყო ასეთი. მაგრამ სხვანაირად დავასრულე, ჩვილი აქ არაფერ შუაში იყო. ამასობაში ყველა გალაგდა და მარტო დავრჩი. დავემშვიდობები მეც ამ გოგონას, რომლის სახელიც რატომ არ ვიცი აქამდე, არ ვიცი. ხო და კიდევ - ორი რუსი ბიჭი რომ შემოლაგდა და რუსულად მოითხოვეს კაპუჩინო, ინგლისურად უპასუხა მან. შეიძლება იმდენად ახალგაზრდაა, რუსული არც იცის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც დასაფასებელია :) 


Comments

Popular posts from this blog

ჩამოსასხმელი ზაფხული

ერთი მგზავრობის ისტორია ;) :)

before and after party