ჩემი თავგადასავალი ანუ სუპერ მარიოს აღსარება

ნელ-ნელა თითქმის ვრწმუნდები იმაში, რომ რაღაც ვირტუალური თამაშის გმირი ვარ. მარიო, ან სუპერ მარიო (არ დამიწყოთ ახლა, რა დროს მარიოაო. ჩემ ბავშვობაში მარიო იყო და არ მაინტერესებს ახლა რა არის და ვინ). და რაღაც დაბრკოლებების გადალახვა მიწევს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, სხვა ოთახში გადასასვლელად და საბოლოოდ მიზნის მისაღწევად.

საქმე იმაშია, რომ დიდი ხანია იგეგმება და სურვილის დონეზეა ჩემი წასვლა გერმანიაში მეგობართან, სტუმრად; და სასურველი იყო ეს წასვლა დამთხვეოდა ხელის მოწერას და ქორწილს (არაქართული გაგებით). მე - მეჯვარე (ჯერ-ჯერობით სამოქალაქო).

სხვადასსხვა მიზეზების და გამო იდებოდა და იდებოდა და მოკლედ, საბოლოოდ ჩამოვყალიბდით თითქოს, ავიღე კიდევ ერთი პასპორტი, ახალი და ჩავეწერე საელჩოში საბუთების შესატანად. ჩამწერეს დაახლოებით 1,5 თვის მერე.... შესაბამისად კიდევ გადაიდო წასვლა.

მოკლედ, 29 იანვარს შევიტანე განაცხადი ვიზაზე და ყველა საჭირო საბუთი. პრინციპში, მიუხედავად აგვისტოს მოვლენების მერე სავიზო რეჟიმის გართულებისა (თუმცა ამბობდნენ, რომ უნდა გამარტივებულიყო), მაინც მშვიდად ვიყავი, რადგან 4-ჯერ ვარ ნამყოფი ევროპაში და ვიქცეოდი წესიერად :) არაფერი დამირღვევია და მგონი, არც რეციდივისტს ვგავარ. მეტი დამაჯერებლობისთვის საელჩოში ძველი პასპორტიც შევიტანე, სადაც ავსტრიისა და გერმანიის ვიზები იყო. მათაც დაიტოვეს ულაპარაკოდ ყველაფერი.
და აი აქ დაიწყოოო (აქ მინდა ჩავამატო, რომ საერთოდ, მარტივად და უპრობლემოდ კეთდება ეს ყველაფერი 3 სამუშაო დღის ვადაში, სულ რაღაც 2 მისვლით. ერთხელ - საბუთების შეტანისას და ერთხელ ვიზის გამოტანისას)...

1. შევიტანე 29 იანვარს

2. იმავე დღეს დამირეკეს და მომთხოვეს დამატებითი საბუთი (ჩემმა სახელფასო ცნობამ არ დააკმაყოფილათ) - ამონაწერი ბანკიდან ინგლისურ ენაზე. დროის პრობლემა იყო, ერთ ფილიალში - 2 დღეო, მეორეში - ავად არის ის გოგოო... მესამეში უცბად და უპრობლემოდ გამიკეთეს და შევიტანე.
ამ საბუთის შეტანის დღეს ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონსულს ჩემთან გასაუბრება სურს.... ამან უკვე დამაეჭვა და სარკეში ჩავიხედე. არა, აშკარად ისევ ქერა ვარ, სასიამოვნო გარეგნობის და არ აღვძრავ ეჭვებს, თან როცა ასეთი ზრდილობიანი ვარ; მაგრამ როგორც ჩანს ქერა შაჰიდი ქალებიც ეგულებათ და ჩემი სანდომიანი გარეგნობის მიღმა რაღაც სხვაც დაინახეს (oни меня раскусили)

3. მესამედ ჩავდექი რიგში და შევაღწიე სავარაუდოდ კონსულის მოადგილესთან გასაუბრებაზე, რომელიც საკმაოდ ნორმალური და სიმპათ/ტიური ახალგაზრდა მამაკაცი აღმოჩნდა. მე საქმეში მომხიბვლელობის კანონების ცოდნა ჩავრთე (თუ რამე მახსოვდა), თარჯიმანი ამაყად გავაშვებინე და გერმანულად გავუბი საუბარი. 2 წინადადებაში აღფრთოვანებული აღნიშნავდა რა სრულყოფილად ვფლობ ენას, დაინტერესდა საიდან და სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ მაქვს გერმანულთან შეხება. მაგრამ... ჩემი გერმანულის ცოდნა და როგორც მეგობრები აღნიშნავენ სკანდინავიური გარეგნობა ეტყობა ჩემი გერმანიაში გამგზავრების დამატებითი ხელისშემშლელი ფაქტორები აღმოჩნდა... (ჩემი გერმანული როდი წააგავდა კნავილს კატისას).
რად გინდა 3 თვე რომ გიწერიაო? - ჩამეძია კონსულის თანაშემწე (?). კიდევ ერთხელ მშვიდად ავუხსენი, რომ არ ვიცი როდის მოვახერხებ შვებულების აღებას, არ ვიცი როდის ეცლება ჩემს მეგობარს და მის საქმროს, არც ის ვიცი ზუსტად, როდის მოაწერენ ხელს, და ეს ყველაფერი, ეს ყველა "არ ვიცი" უნდა გახდეს "ვიცი", დავამთხვიოთ ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ წავალ მაქსიმუმ 2-3 კვირით.
ნუ, მაშინ მოდით ასე ვქნათ, რომ დაადგენენ ისინი თარიღს ხელის მოწერისას და თქვენც დაახლოებით გეცოდინებათ როდის მიდიხართ, შემოიტანეთ საბუთი, დამადასტურებელი იმისა, რომ ხელს აწერენ და როდის (!) და ამის შემდეგ უკვე შევძლებ მოგცეთ 1 თვიანი ვიზაო.... ეს ხდება 4 თებერვალს...

არანაკლები დრო და ინსტანციები ყოფილა გასავლელი გერმანიაში. დასტური და საბუთი მათი ხელის მოწერისა დიიიდი ხნის მერე გვეღირსა. და არა მარტო დასტური! გამომიგზავნეს საბუთი, რომ ვარ მეჯვარე ამა და ამ წყვილის ამა და ამ რიცხვში ამა და ამ ადგილას. საბუთია - ქვას გახეთქავს!

4. ახლიდან ჩავეწერე რიგში და 31 მარტს (!) შევიტანე საბუთი. მეორე დღესვე დამიბარეს პასპორტისთვის

5. კიდევ ერთხელ რიგში (1 აპრილია!) და - ხელში პასპორტით, პასპორტში ვიზით, სახეზე ღიმილით და გულში იმედით, რომ ამ კონკრეტული მგზავრობისთვის აქ მოსვლა მეტად აღარ მომიწევს, ამაყად გამოვედი საელჩოდან და უკანმოუხედავად დავტოვე აღმაშენებლის ის მონაკვეთი.

გამოხდა ხანი :)

13 აპრილი. ჩვენი დრო.
ღამეა. ვზივარ კომპთან და რაღაც სტიპენდიაზე/სტაჟიორის ვაკანსიზე გერმანიაში გასაგზავნად ვსრულვყოფ ჩემს CV-ს. ხვალ ბოლო ვადაა და უნდა მოვასწრო. იმედი - მცირე, მაგრამ რომ არ ვცადო, ჩემ თავს არ ვაპატიებ. რატომღაც გადავწყვიტე უფრო გამეშიფრა და კონკრეტულად დამეწერა როდის და რა მიზნით ვიყავი წასული გერმანია-ავსტრიაში. მახსოვდა თარიღები თითქოს, მაგრამ გადამოწმება მინდოდა. გადამოწმების მიზნით გადავწყვიტე ჩამეხედა ძველ პასპორტში და უცებ... 'დაიცა, და ძველი პასპორტი საერთოდ გამომატანეს უკან, თუ დაიტოვეს? რაღაც არ მახსოვს მე 2 პასპორტი წამომეღოს უკან საელჩოდან...'
ვაღებ კარადას და იქ მხვდება ძველი პასპორტი. დავმშვიდდი. გადავშალე და თარიღები გადავამოწმე. სწორად მხსომებია თვეები და წლები. ვფურცლავ, ვფურცლავ. ღამეა. 'ხოოო, ნუ, ის 1999 მახსოვს, რა დამავიწყებს :) 2006 მარტიც მახსოვს, იმავე წლის ოქტომბერიც, ნოემბერიც... ეს რა არის?! 2009-ის მე-4 თვეს სად ვიყავი? რა ვიზაა? რაღაც არ მახსოვს. თან ვიზაა ბეჭედდაურტყმელი, ანუ გამოუყენებელი. ანუ სადღაც მივდიოდი და ვერ წავედი?!' ღამეა. მეძინება და ფიქრები უაზროდ მერევა თავში. თან ამ ბოლო დროს აშკარად ვატყობ რომ მეხსიერების პრობლემები მაქვს. გადავიწვი. ამაზე - ცალკე.
უკან ვაპირებ პასპორტის დადებას, ვერ ვიხსენებ რატომ მაქვს 2009-ის აპრილში რაღაც ვიზა, შენგენის, რატომ ვერ გამოვიყენე ეს ვიზა და რატომ ვერ წავედი შენგენის ხელშეკრულების წევრ რომელიღაც სახელმწიფოში... და უცებ! მულტფილმებში რომ ემართებათ ხოლმე, გვიან რომ ტვინავენ და უკან ბრუნდებიან - ვხვდები - 2009 წლის აპრილი ახლაა! და ვიზა ძველ პასპორტშია ჩარტყმული! ! ! პასპორტი თავის დროზე ვადაგაგრძელებულია და ახლა უკვე ვადაგასული - თებერვალში გაუვიდა ვადა, უკვე გაუქმებული და ამოჭრილი ნომრით პირველ გვერდზე. და აი, ამ პასპორტში მაქვს შენგენის ახალი ვიზა! და ახალი პასპორტი?!

გადავატრიალე ყველა შესაძლო და შეუძლებელი უჯრა, თარო, ჩანთა, მეხსიერების ყველა მომუშავე თუ დასარესტარტებელი უჯრედი.... ნერვიულობისგან იმასაც კი ვეღარ ვიხსენებ, მართლა ერთი პასპორტი გამოვიტანე საელჩოდან თუ ორი... მერე უკვე მეცინება. ღამეა. გვიანია. არ შემიძლია ეს ვინმეს არ გავუზიარო ახლავე. ვურეკავ დათოს. ვუყვები. ის თავის მხრივ სხვა მეგობრებს. ვურეკავ თამთას, რომელსაც მივყვები მეჯვარედ, და რომელიც თავის თითქმის მეუღლესთან ერთად აქ არის ქორწილის წინ ჩამოსული. მერე ვმშვიდდები და ვწვები. წიგნსაც კი ვკითხულობ.

"იმ ღამეს არ ეძინა ბებიას, იმ ღამეს არ ეძინა ილიკოს, იმ ღამეს არ მეძინე მე. ეძინა მხოლოდ ილარიონს, მშვიდი და უშფოთველი ძილით...."
ეს ლირიული გადახვევა

მეორე დღეს ოჯახსაც ვუმხელ. კითხვები. ლოგიკური სვლა. ბოლოს ვხვდები, რომ პასპორტი ნამდვილად საელჩოშია. იმ მილიონი საბუთის, გასაუბრებების და როგორც იქნა ამ ყველაფერის დასრულების შემდეგ ვიზის მიღების სიხარულმა დამავიწყა მეორე პასპორტი. ზუსტად მახსოვდა ის, რომ უნდა გადამემოწმებინა თარიღები, სახელი და გვარი. რაც იქვე გავაკეთე და ამ ყველაფრის სისწორეში დარწმუნებული მშვიდად წამოვედი. თან პასპორტი ვიზის გვერდზე გადაშლილი მომაწოდეს, შიგნით ფურცლით, სადაც ეწერა, როცა დავბრუნდები, უნდა გამოვცხადდე საელჩოში და დავენახო, რომ ჩამოვედი.... (არა, არის ჩემში რაღაც ტერორისტის)

დავრეკე. ჯერ შეშფოთდნენ, უი, შეგვეშალაო?! მაგრამ რომ გაიგეს, ახალი პასპორტი მე არ მქონდა და დაიკარგა, ეს არ მოეწონათ - რატომ აქამდე არ მოიკითხეთო, აქეთ მომედავნენ. აქამდე - არ დამჭირვებია. ნორმალურ ვითარებაში არ დამაქვს თან საზღვარგარეთის პასპორტი ყოველ დღე, პირადობის მოწმობაც საკმარისია. მოკლედ, მოვძებნით და დავრეკავთო.
არ დარეკეს. მერე - აღარ იღებდნენ ყურმილს. დრო კი გადიოდა. აღდგომა და დასვენების დღეები ახლოვდებოდა, ბილეთი დაჯავშნილი მქონდა და საყიდელი. თუ ვერ იპოვიდნენ - პასპორტი ახლიდან გასაკეთებელი, ვიზაზე ახლიდან შესატანი, ახლიდან გამოსატანი. ეს ყოველ დღე არ ხდება, ასე რომ დიდი შანსი იყო, ვეღარ მომესწრო.... იმ დღეს ვინერვიულე. მეორე დღესაც, როდესაც დილით დავრეკე, და კიდევ არ იყო მოძებნილი. მაინც მოდით 2-3 საათამდეო.

6. კიდევ ერთხელ რიგში.... შევედი. ის, ვინც ჩემი საბუთები "დაალაგა", გასული იყო. კიდევ ერხთხელ ჩაიწერეს ჩემი ნომერი და დღეს აუცილებლად დაგირეკავთო. ძველი პასპორტი ისევ დაიტოვეს. ახლა უკვე მე მომეჩვენა საეჭვოდ. ისევ ავნერვიულდი. კიდევ უფრო მეტად ვერ ესწრებოდა ვერაფერი.

ყველაზე მეტად ამ ყველაფერზე მგონი ქრისტიანმა იხალისა, თამთას მეგობარმა (ანუ ქმარმა, ანუ საქმრომ). კაიფის თემა მიეცა, და პერიოდულად, როცა მეც მეცინებოდა, მართლა ვხალისობდით. მაგრამ უკვე не до смеха მქონდა საქმე.

წამოვედი. თანამშრომლების ნაწილს შევუერთდი სასადილოში. ცუდ ხასიათზე ვიყავი უკვე. ძლივს ვჭამე და სიგარეტზე რომ გადავედი.... დამირეკეს! პასპორტი იპოვეს! სასადილოში "აააალელუიაა" გაისმა... ყველა მილოცავდა, ორივე სართულზე. ჩემი თუ სხვისი თანამშრომლები, სასადილოს მომსახურე პერსონალი თუ სასადილოსვე ეზოში მობორიალე ცხოველები.
და საელჩოდან ზარი - რა მითხრეს?! ნუ, ბოდიში მოიხადეს და ისე, სხვა დროს მაინც უფრო ყურადღებით იყავით თქვენც, ისეთი საგიჟეთია ჩვენთანო....
მე კი მეგონა, გერმანიის საელჩოს თვალდახუჭული უნდა ენდობოდე.
მეორე დღეს დამიბარეს ვიზის წამოსაღებად

7. კიდევ ერთხელ რიგში. კიდევ ერთხელ გავხსენი ჩანთა. საბედნიეროდ ეს რიგები დიდი არ არის, გარკვეულ საათებშია და მალე შევდიოდი ძალიან. რიგში ერთადერთი ვიყავი, რომელმაც ზუსტად ვიცოდი - ვიზა მაქვს! :) ეს აშკარა უპირატესობას მანიჭებდა სხვა მომლოდინეებთან მიმართებაში :)

ვიზა ახლა უკვე ჩემს ახალ პასპორტშია. ნუ - ძველშიც :) მაგრამ იქ - გაუქმებულ-გადახაზული. ყველაზე კარგი ის არის, რომ საბედნიეროდ, იმ ვაკანსიის წყალობით დამჭირდა პასპორტი, გადმოვიღე და შემთხვევით აღმოვაჩინე ეს შეცდომა, თორემ ისე დიდი შანსი იყო, აეროპორტში, ბილეთით ხელში კონტროლის ფანჯარასთან აღმომეჩინა/აღმოეჩინათ ეს. მაშინ მართლა გავგიჟდებოდი, უკან რომ მომიწევდა შუაღამისას გაუქმებული ბილეთით და ასეთივე პასპორტით ხელში, მეორე ხელში ჩემოდნით გამობრუნება :) Ende gut, alles gut

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის :) დაბრკოლებები არ დასრულებულა!

ბილეთი, როგორც გითხარით დავჯავშნე საკმაოდ დროულად, გამიმართლა და საკმაოდ ადამიანურ ფასად. თურქეთის გავლით, მართალია, და მათივე ავიახაზით, მაგრამ... შორი გზიდან მოიარე გერმანიაში მშვიდობით ჩადიო, უთქვამთ! ამ მხრივ მაინც ვიყავი მშვიდად. თან ოპერატორი საკმაოდ კარგი ქალი აღმოჩნდა. დამეხმარა. პრობლემები არ შეუქმნია და 48 საათში ერთხელ მიჯავშნიდა (გადაჯავშნა ხდება) ბილეთს. უნდა ამეღო კიდეც უკვე, რომ ეს პასპორტისა და ვიზის პრობლემა გამოხტა.

გადაიდო ბილეთის ყიდვა, არ ვიცოდი, რა იქნებოდა. მერე - დასვენების დღეები დაემთხვა და სამშაბათს სამსახურში მისულს ახლიდან რომ უნდა გადაეჯავშნა ჩემი ბილეთი და იმავე დღეს რომ უნდა მეყიდა... ადგილი აღარ დახვდა უკანა რეისზე. ასეთი რამ თითქმის არ ხდებაო! გაოცებული იძახდა ქალი. სტამბული - თბილისის რეისზე ადგილის არ არსებობა არ არსებობს. მაგრამ, როგორც ხედავთ, ასე მარტივად არ არის. ანუ იმ დროს, როცა მე მაწყობს, იმ დღეს და იმ საათზე არ გამოდისო.
ერთი ვარიანტი იყო, 3 რიცხვში დილით (ანუ ქორწილის ახალგაზრდული party-ს შემდეგ პირდაპირ აეროპორტში) უნდა წამოვსულიყავი, რაც თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა... და მეორე - საუკეთესო ვარიანტი და ერთადერთი გამოსავალი - მეორე დილით გათენებისას. არა და მე მანამდე საუკეთესო ვარიანტი მქონდა - 3-ში საღამოს.... კარგით, მაშინ ავიღებ მეორე დილით მეთქი.

მივედი დღეს დილით, უკვე ფულით ხელში და.... ინტერნეტი არ არის, რაღაც პრობლემაა, არც ტელეფონებია, სისტემაში ვერ შევდივარ რომ ვნახო რა ხდებაო.... იქვე დავჯექი და სიცილი ამიტყდა...

მერე მთელი დღე ელოდნენ ინტერნეტს... არ იყო. საღამოს საიდანღაც შევიდა სისტემაში, ის ადგილი ისევ არ იყო, ინტერნეტი რამდენიმე დღე არ ექნებოდათ... (უკომენტაროდ). სხვა სააგენტო, სხვისი ნომერი მომცა და გადამამისამართა, გადაჯავშნა და ისინი გააფრთხილა...

ხვალ დილით მივდივარ იმ სხვა სააგენტოში ბილეთის ასაღებად (?!). და იცით როდის მივფრინავ?! ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ მაქვს ამის ილუზია - ხვალვე :) ხვალ ღამე, ანუ ზეგ გათენებისას :) ასეთი last minute მგონი არც არსებობს. იქნებ ჯობდეს, ბარემ პირდაპირ აეროპორტში მივიდე, გაფრენის წინ, და შემთხვევით ერთი ადგილი ხომ არ გაქვთ, მიუნხენამდე გამაყოლეთ მეთქი, ვუთხრა?!

არა და წეღან ვეუბნებოდი მეგობრებს - ხომ არიან ტიპები, სულ რაღაც რომ ემართებათ, სულ რაღაცაში რომ ეხვევიან? არიან. და მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი

ახლა კი ცხოველი ინტერესით ვადევნებ თვალყურს ჩემ ცხოვრებაში მოვლენების განვითარებას, თითქოს გვერდიდან ვუყურებ და მაინტერესებს, რა მოხდება კიდევ?! ან ძალიან მაგარი "პაეზდკა" გექნება, ან პირიქითო, ისეთი რაღაცეები ხდებაო, ასე მეუბნებიან მეგობრები.
მეც ასე ვფიქრობ. უფრო სწორად, არაფერსაც არ ვფიქრობ. ჯერ-ჯერობით კიდევ ვერ აღვიქვამ. ჩემოდანიც, რომელიც მაქვს და რომლითაც დავდიოდი ყველგან, აღმოჩნდა, რომ არ გამომადგება - ნახატი, რომელიც მიმაქვს საჩუქრად, არ ეტევა. ასე რომ ჩემოდანიც კი ამ საღამოს ვიშოვე...

და მერე, ამ ყველაფრის მერე, მაინც წავედი მეგობრებთან, ფარული სტრესის მოსახსნელად, გასახალისებლად, იმისათვის, რომ ისევ მეცინა... მაინც ვერ აღვიქვამ, რომ ხვალ მივდივარ... იმედი მაინც მაქვს, და იმის იმედი, რომ კარგი იქნება. თითქმის 2 წელი ხდება არ დამისვენია. შარშანდელ ზაფხულს დასვენება არ ერქვა... ეს დასტრესვა იყო. და საერთოდ, საკმაოდ რთული და მძიმე 1,5 წელი მქონდა, ბევრი მძიმე მოვლენით დატვირთული, რომლებიც გამოძახილს ჰპოვებს დროდადრო აშკარად და სხვადასხვანაირად ვლინდება. პერიოდულად ვაწყდები გზადაგზა რაღაცეებს და ნელ-ნელა ვხვდები, რომ იმ მოვლენების შედეგებია, დაგვიანებული. ალბათ თავშეკავებული ადამიანების შემთხვევაში განსაკუთრებით ხდება ეს - მერე გამოვლინება სხვადასხვა ფორმით....

ასე რომ, იმედი მაქვს, ეს 9-10 დღიანი გარემოს გამოცვლა ცოტა მაინც დამეხმარება რომ ცოტა კიდე "გავქაჩო", რომ "срыв" არ დამემართოს :) და დროებით მაინც აღმადგენინებს ძალებს. ზაფხულამდე მაინც...

ისე, თუ ზეგ კურიერის დილის გამოშვებაში მოისმინეთ, რომ Turkish Airlines-ის თვითფრინავი ჩამოვარდა სადმე, იცოდეთ, მე - იქ ვიჯდებოდი აუცილებლად! :)))))

p.s. იმის თქმა დამავიწყდა, სულ ახლახანს ზუსტად ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაჯდა "შეცდომით" თბილისის ნაცვლად ვაზიანის აეროპორტში :))))

საინტერესოა ჩამიყვანს თუ არა დანიშნულების ადგილას და როგორ

თვალი ადევნეთ მოვლენათა შემდგომ განვითარებას ჩემ ბლოგზე.

თქვენთან იყო ც - მარიო

(დიდი პოსტისთვის ბოდიშს არ ვიხდი. ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოსტია და თუ არ გინდოდათ, რას კითხულობდით?!).

p.p.s. ამ ყველაფერს ფონად "მარიო"ს მუსიკა ადევს, ახლაც, როცა ამ სტრიქონს ვწერ... ნუ, ახლაც, ამას რომ ვწერდი, მუსიკა ყურებში მედგა. ხვალ ბილეთს თუ ავიღებ - ერთი სიცოცხლე მომემატება და ახალ "ლეველზე" გადავალ

Comments

Keti said…
უფ, ჩავედი ბოლოში და ამოვისუნთქე :)
ვეჭვობ, თავგადასავლები გზაშიც გელის :)))
კეთილი მგზავრობა!!!
© said…
ხო, სავარაუდოდ თავგადასავლები კიდევ ელის ელისს :)))

ოღონდ იმედია ცუდი - არ! :) ნუ გზაში და ადგილზე კარგ თავგადასავლებზე უარს არ ვიტყვი :)

მადლობა, ქეთ! :)
Tiko said…
ელიიიიის, ეს რა რეები გადაგიტანიაა :)))) კიდევ კარგი რომ ვიზა ჩაგირტყეს და მიდიხარ :)

ბედნიერი მგზავრობა :)

კაგი დრო ატარეეე :)
© said…
აბა თიკოო :)))

მადლობააა :)
Mother Gong said…
ყველაზე მაგარია, როდესაც გამგზავრების დილას ყიდულობ ბილეთს, სასწრაფოდ ლაგდები და საღამოს მიფრინავ. დაცდილი მეთოდია, უკვე მერამდენე წელია ეგრე დავფრინავ. ოღონდ 1 მინუსი აქვს, დედების ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად. წელს ახალი წლის ღამეს (31 დეკემბერს) 23:30ზე დამინახა დედაჩემმა ზურგჩანთააკიდებული და :)))))
S.P. said…
არაუშავს გამივლია მსგავს ტრუბებში და ვიცი ეგ ამბები, მთავარია არ ინერვიულო, ეს ყველაფერი ხო სახალისოა, წახლავ, ვერ წახვალ, ჩარჩები...

ამით ხო ცხოვ რება არ მთავრდება, ეს მხოლოდ მოგონებებია ეეელის....
Marika said…
ელის,дорогая, ты добралась? :)
დაწერე ორიოდ სიტყვა ბლოღზე, ნაროდ ტრებუეტ.
იმედია, კაააააააააააარგად გრძნობ თავს მანდ. Feel Good Vibes!!
целую
© said…
megobrebo! zalian kargad chaiara kvelaferma da dacvrilebit mere davcer. da saertod zalian kargia da kargad aris kvelaferi

gkocnit da gamovchndebi!
კატიე said…
მდააა
იშვიათი ისტორიაა :D

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..