"ჩვენისთანა ბედნიერი...

რა ვქნა, შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და უნდა დავწერო :))) -ისტები ალბათ გაბრაზდებიან და რა არის ეს დაცინვაო, იტვიან, მაგრამ მეცინება მართლა გულით. სასაცილოა მართლა, ოღონდ ასევე მართლა სატირალი რომ არ იყოს.

კავკასიაზე "გადამერთო" და სანამ შემდეგ არხზე გადავრთავდი, მზერა მიმეყინა ეკრანზე: წითელ ხალიჩაზე რაღაც ხდებოდა. აი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალი ხომ გინახავთ? დაწყებამდე მსახიობები რომ მოდიან და აჟიტირებული ფანები ისტერიული კივილით რომ ხვდებიან, არანაკლებ აჟიტირებული ჟურნალისტები კი წითელ ხალიჩაზე რომ მისდევენ უკან ვიტრინების საწმენდი "ღრუბელი"ს სადარი მიკროფონებით ხელში, ფეხში, პირში და ა.შ. რომ გავარჩიე, ვინ იყო ის თეთრებში ჩაცმული კაცი მათ გარემოცვაში, კინაღამ გავგორდი. არც ერთ ჰოლივუდელ მსახიობს არ ჩამოუვარდებოდა მისი ჟესტიკულაცია და ღიმილი. ხალხს თბილად, ჰაეროვანი კოცნებით და ხელების ქნევით ესალმებოდა და წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებული მიაბიჯებდა.... შალვა ნათელაშვილი!.....

სანახაობით მოხიბლულმა აღარ გადავრთე და სმს-ების კითხვაც დავიწყე. ეს არანაკლებ სახალისო აღმოჩნდა. ზუსტად ვერ მოვიყვან ტექსტებს, ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შინაარსს და არსს არ დავამახინჯებ, ვფიცავ! :)

"დავით აქუბარდია ეროვნული გმირია!" (თვალებს არ ვუჯერებ და ტექსტი გრძელდება) "მან ერი გამოაფხიზლა!"......
ახლა გულწრფელად მინდა ვიკითხო: როგორ, აი რა მეთოდით და რა მანქანებით შეიძლება დავით აქუბარდიამ ვინმე გამოაფხიზლოს?! ერზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ჯერ ერთეულებზე გეკითხებით. ეს კაცი ვინმეს თუ დააძინებს, ლეთარგიული ძილით, თანაც, თორემ გამოაფხიზლეეეებს?! რა ვიცი... ვიცი?! რა ვიცი?!


კიდევ სმს: "მიხუისტებო! წადით!" თუ რაღაც მსგავსი. ნუ, პირველი სიტყვა ზუსტად ასეთი იყო, არ შემიცვლია! ვფიცავ!

კიდევ ერთი სმს იყო გინების ტექსტით, რომელიც ცხადია სამი წერტილით იყო ჩანაცვლებული. ავტორი ალბათ ყელის კანის ორი თითით გამოწევით ითხოვდა: გთხოვთ, გაუშვითო! ნუ, გაუშვეს, მაგრამ ... -ასე. ვფიქრობ, არც ერთ ქართველს არ გაუჭირდება სიტყვა დედის შემდეგ სამი წერტილის შინაარსის მიხვედრა....

ამასობაში ჩემი ძმა რეკავს, ისიც აჟიტირებული და მეკითხება, მაესტროს თუ ვუყურებ. ნუ, პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაესტრო, კავკასია... მთავარია რუსთავზე და იმედზე არ გადართო, თორემ მექსიკის მწველ მზეს და ჭორფლიანი გარუჯული ჯეელების დამატყვევებელ მზერას ვეღარ დააღწევ თავს. ხო და კითხვა ისმის ტელეფონში - "მესია როდის გამოდის, არ იცი?!" :))))

მესია ჯერ არ ჩანს ეკრანებზე... ის ალბათ ბოლოსთვის არის შემონახული

მერე ხალხში კიდევ უფრო ცხოველი გამოფხიზლება აღინიშნება (ასე ალბათ ქართველი ჟურნალისტები მეტყველებენ) და შეძახილები - გი ა! გიიი ააა! გიიი.... მეც ვტყუვდები, და მგონია რომ მესია ხალიჩაზე გამოგოგმანდა და ძმას ვურეკავ აღფეთოვანებული, თან წაკითხული სმს-ების შინაარს ვაცნობ. მეორე მხრიდან ხან სიცილი და ხან გინება მესმის.
მაგრამ მესიამდე გზას მას ძმა ლევანი, არანაკლები მოღვაწე უთელავს. ხალხს ეტყობა აერია, ან შეიძლება მის გვერდზე ყარყარაშვილი შენიშნეს და მას ეძახდნენ?! რა ვიცი.. ვიცი?! რა ვიცი?!

ხო, ერთი მნიშვნელოვანი სმს გამომრჩა - "ხალხო, რატომ ვერ ხედავთ მიშას კეთილ საქმეებს?!"
ეს უკვე კულმინაცია იყო.....
აი რატოოომ?! (ისევ ყურმილი მიჭირავს ხელში და ისევ ღვიძლ ძმას ვეკითხები) რატომ აფრენს ყველა -ისტი ასე?! პასუხი - "-ისტი რომ ხარ, აქ უკვე დამთავრებულია საქმე! სულ ერთია, ვისისტი ხარ!" და მეც ვეთანხმები...

სანამ მე აქ ვზივარ, გვერდზე ოთახიდან ძველი ქართული სიმღერების, სამშობლოს სიყვარულით ერთ დროს მართლა გამსჭვალული სიმღერების ჰანგები და ძახილი "გიიივიიი" მესმის; თან თითქოს ზურგით ვგრძნობ, როგორ აფრიალებენ ტრიბუნებზე სამფეროვან დროშას.... რომელიც ჩემთვის სისხლთან ასოცირდება...

ჩვენ ისტორიაში ალბათ შევალთ როგორც ყველაზე მეტი დროშის, ჰიმნის, "ეროვნული გმირების", მიტინგების, ისტორიულ-ისტერიული მოვლენების და ყველაზე დიდხანს ქუჩის გადაკეტვის პრაქტიკის მქონე ქვეყანა. გინესების წიგნშიც ხომ არ შევიდეთ, ბარემ?! რაღაც ხეირი მაინც იყოს ამ ყველაფრიდან...

ამასობაში, როგორც ახლა გავიგე, მიშა თურმე რომელიღაც სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეებს ხვდებოდა და უყვებოდა რომელიღაც ცივილიზებულ ქვეყანაში პირველად მოხვედრისას მიღებულ წარუშლელ შთაბეჭდილებებს - როგორ გაოცდა, შუქნიშანზე წითელი რომ ენთო, მანქანები არ ჩანდნენ და ხალხი მაინც არ გადადიოდა, სამან მათთვის მწვანე არ აინთო... და როგორი ხუთოსანი ბიჭი იყო სკოლაში...

ვფიქრობ, შეიძლება რაიმე თეატრალური პრემიაც კი დავიმსახუროთ, თუ ოდესმე აბსურდის ჟანრის საუკეთესო წარმომადგენელთა დაჯილდოება შედგება...

"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ..." მრავალჟამიერი და ხავილი მესმის.... კივილი, ისტერია... გია მოვიდა აშკარად....

წავედი



....განა არის სადმე ერი?!"

Comments

Tiko said…
მართლაც რომ ძალიან დიდი სირცხვილია რაც ჩევნს ქვეყანაში ხდება... და ბოლო არ ჩანს.
ketketa said…
დღეს გაზეთების პირველ გვერდებზე მუხლებზე დაცემული და ზეცისკენ ხელაპყრობილი გრეჩიხა წამებული იყო გამოჭიმული. სტადიონზე.
გამოვშტერდი.
"ჩვენ დიდი ქაქში ვართ, სერ" – ამონარიდი ჰოლივუდის ფილმების ქართული გახმოვანების მარგალიტებიდან.
Anonymous said…
giorgi brtskinvale da tsminda sulis gardamosvla gamogrchat romelic aidzulebs adamianebs gobeze gadaxtnen
Kalo said…
ეს ანონიმურად წერა რა უბედურებაა.
ცისია, დამშვიდდი გენიცალე, შენი გაგიჟებაღა აკლია ჩვენს ქვეყანას რააა :-):-):-)
ისე, დიდი სიამოვნებით დავაპატიმრებდი მიშიკოს და თავისსავე აშენებულ კამერაში მოვათავსებდი თავისი ამფსონებიანად. აი ასე. :-)
Keti said…
"მან ერი გამოაფხიზლა" :))))
კაცი, რომელსაც ეძინა, აფხიზლებდა :))))
Kalo said…
This comment has been removed by a blog administrator.
© said…
This comment has been removed by the author.
© said…
:))))

გმადლობთ გამოხმაურებებისთვის :)

მშვიდად ვარ, კალერ, გენიცალე, რა მეტყობა გაგიჟების?! :)


ამ პოსტს მინდა გითხრათ რომ სიცილით ვწერდი (იმედია არ ჩამქოლავენ ამისთვის :)))) ) ესემესებმა გამამხიარულა განსაკუთრებით

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..