ჟამები სიყვარულის დროს

ვიცოდი, რომ ოდესმე დავწერდი ამა(თ)ზე.

და ვწერ.

სავარაუდოდ, ორ პოსტს ვაერთიანებ, სხვადასხვა დროს თავში დრაფტებად დაბადებულებს.

არსებობს სიყვარული, რომელიც თავს გაკარგვინებს და სიყვარული, როცა თავს პოულობ.

პირველში არის რაღაც ავადმყოფური და ბრმა, უპირობო. არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ის. მაგრამ ძლიერი არის. იმ პერიოდში დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილია. მერე, თუ "არ გაგიმართლა" (თუმცა, მე უფრო ვიტყოდი - თუ "გაგიმართლა") და ისე არ დასრულდა, როგორც მაშინ გინდოდა, დროსთან ერთად თავისუფლდები მისგან და... საკუთარ თავს პოულობ. ან აღმოაჩენ. ნელ-ნელა იცილებ იმ გარსს, რომელიც შენ თვითონ შემოიხვიე, ფეხებიდან იძრობ ბორკილებით მობმულ მძიმე გირებს, მხრებიდან - მძიმე მოსასხამს, თვალებიდან - ფარდას და პირველ რიგში რასაც ხედავ, ეს - შენ ხარ. შენ თვითონ. ძალიან მაგარია საკუთარი თავის დაბრუნება / პოვნა. მერე უკვე თავისი გზით მიდის ყველაფერი, თავისით ვითარდება.

მეორე შემთხვევაში - და ეს აუცილებლად მეორეა (და არამც და არამც პირველი) - ზოგადად უკვე ნაპოვნი გყავს საკუთარი თავი, გათავისუფლებული ხარ. აქ თავს უკვე ურთიერთობაში პოულობ. აღმოაჩენ, როგორი ხარ სინამდვილეში საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. როგორი ხარ ნამდვილი. რა შეგძლებია. რამხელა ძალა გქონია. ან რაში ხარ უძლური სინამდვილეში. აღმოაჩენ შენ ნამდვილ სურვილებს. ეს აღარ არის ბრმა. თუნდაც რომ თვალს ხუჭავდე რამეზე, იცი, რაზეც ხუჭავ. ყველაფერი ცხადია და რასაც აკეთებ, აკეთებ შეგნებულად. აუცილებლად მეორეა მეთქი დავწერე. ეს იმიტომ, რომ უკვე გამოცდილი ხარ და გათავისუფლებული. აქ სიმძიმეს აღარ მოიკიდებ. აქ თავს არ დაკარგავ. აქ მშვიდი ხარ. შეიძლება ზემდეტად მშვიდიც. და ზედმეტად არაბრმაც. შეიძლება, არც თვლიდე, რომ ეს სიყვარულია, შეიძლება არც არქმევდე ამ სახელს. ალბათ მართალიც იქნები. მაგრამ ამ რაღაც მეორეს მაინც ამ თემაში ვაერთიანებ, იმიტომ რომ სხვა სახელს მაინც ვერ ვპოულობ. გრძნობა თუ არა, რაღაც მსგავსი ემოცია მაინც არის. ცოტა უფრო მეტი, ვიდრე სხვა შუალედური, გარდამავალი თუ წამიერი ურთიერთობებისას. ყველაზე მეტად მაინც იმ პირველთან დგას ახლოს.

ჰოდა იყო ჟამი თავის დაკარგვისა და ჟამი თავის პოვნისა. კიდევ იყო სხვა ჟამებიც. უჟამობებიც.

სხვა ჟამები (არასიყვარული):
იყვნენ ისინიც, ვინც არაფერი, სულ არაფერი დატოვა. სიცარიელეც კი არ დატოვა. ისეთიც, უბრალოდ ღიმილი რომ დაგიტოვა შემთხვევით გახსენებისას. და კიდევ ისეთი, ცოტა უფრო სხვანაირად რომ აღმოგაჩენინა თავი, ცოტა უფრო მეტად გაგაღიმა და თავდაჯერებულობაც ერთი საფეხურით უფრო აგიწია, და რაც მთავარია - ღიმილთან ერთად მუსიკა დაგიტოვა. მუსიკის სმენა დაგაწყებინა თავიდან. რომ მიხვდი, მუსიკას დიდი ხანია ისე აღარ უსმენ, როგორც უსმენდი და ეს დაგიბრუნა. ეს კარგია :)


და ვფიქრობ, კიდევ არსებობს ერთი ჟამი, რომელიც ჯერ არ ვიცი, როგორია :)



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..