სანამ დილა დადგებოდეს / პირველ ჭიქა ყავამდე

დილით, სამსახურის გზაზე ჯერ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ვარ. არა, არ გეგონოთ, რამე მეტყობოდეს. უბრალოდ ვგრძნობ, რომ აზრებით და შინაგანი მდგომარეობით ჯერ აქ არ ვარ. ბოლომდე არ ვარ. ამ დროს ყველაფრის აღქმა სხვანაიარია. ვიყურები მანქანის ფანრჯიდან. შუშიდან. მინები აწეულია და გრილა. რატომ არ რთავს ყველა კონდიციონერს ამ სიცხეში? ჯიპი ჯიპი ჯიპი... ძალიან ბევრი ჯიპია, ისედაც ამ მანქანათუხვ ქალაქში.

შუქნიშანზე გვერდზე მდგომი მანქანის ფანჯარაში ვიხედები. საჭესთან ქალია. დავიძარით. კიდევ ერთი ჯიპი. კიდე გავიხედე ავტომატურად. იქაც ქალი. შემდეგი მზერა უკვე მიზანიმართული იყო. ისევ ქალი დამხვდა. ცოტა გამოვფხიზლდი. ფიქრებში იუმორი შეერია. და ცოტა ფანტასტიკა. 'ახლა რომ გავიხედო და ქუჩაში მარტო ქალები დავინახო. უეცრად ქალების ქალაქად რომ იქცეს აქაურობა.' ჩემ ფიქრზე მეღიმება და ვიშმუშნები. არც ისე სასიამოვნო პერსპექტივაა. ცოტა "ჟუტკიც" კი. ფილმი მახსენდება - "დაწნული ადამიანი". ნიკოლას კეიჯი თამაშობს. თუ სწორად მახსოვს, კუნძულია მხოლოდ ქალებით დასახლებული. ისეთი ფილმი იყო, მახსოვს, რომ დამთავრდა, ვერ მივხვდი, მომეწონა თუ არა და კარგ ფილმად ჩავთვალე თუ იდიოტიზმად. აი, ასეთი ფილმებიც არსებობს.

ხო, გზაზე კიდევ რამდენიმე ქალი შეგვხვდა საჭესთან. მაგრამ ფანტასტიკის სფეროდან აღარ იყო ეს.

ისე, რაც სწავლა დამთავრდა, ქალაქი ნაკლებად გადატვირთულია. მოძრაობას ვგულისხმობ. ნაკლებად, თორემ მაინც წარმოუდგენლად ბევრი მანქანაა. პერიოდულად ვინმე მეკითხება, რატომ არ ვყიდულობ მანქანას. და რატომ უნდა ვიყიდო, საინტერესოა. ხანდახან ვფიქრობ, ესეც ქართული მინიმალური სტანდარტის შემადგენელი ნაწილია, ჯერ კიდევ რომ მოქმედებს: უნდა ჩააბარო უმაღლესში, დაიწყო მუშაობა, იყიდო მანქანა, დაქორწინდე, გააჩინო შვილები.. ხის დარგვა და სახლის აშებენება არ არის ქართული და მაინც დამატებით მოთხოვნებში გადის, მგონია.

ხოდა მე ფეხით სიარული მიყვარს. მეტროც მიყვარს. და თუ ვინმეს უფრო მაგარი ჰგონია თავი მარტო იმის გამო, რომ მანქანით დადის და "მეტროში ბავშვობის მერე არ ჩასულა", დამეწიოს პიკის საათის დროს. როგორც ვხვდები, საჭიროება არ მაქვს მანქანის. თან დღეს, როცა ტაქსის სერვისი ასე თუ ისე კარგად მუშაობს. ტარებას ვისწავლი, კი. მინდა ვიცოდე. ისევე, როგორც ცურვა ვისწავლე არც ისე დიდი ხნის წინ. ესეც მინდოდა, რომ მცოდნოდა.

ხო, ველოსიპედი რომ მიყვარს, ეს უკვე სრულიად სამყაროს გავაგებინე მგონი. უბრალოდ, ჩვენი ქალაქის ქუჩებში და თან ყველგან (ჯერ) ალბათ ვერ გავრისკავ სიარულს. ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, გარაჟში რომ დგას, ეს უკვე გულს მითბობს.

დანიშნულების პირველ პუნქტამდე მივედით. სამსახურამდე ცოტაღა დარჩა. ფიქრებიდან თანამშრომლის ხმა მაფხიზლებს. მორჩა, დილა უკვე დადგა.


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..