მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასაწყისი

ეს არ არის ნამდვილი
ეს არ არის ნამდვილი
ეს არ არის ნამდვილი
ეს რომც გამრავალფეროვნდეს, აქ ყოველი დღე და საღამო ახალი და საინტერესო ადამიანებითაც რომ აივსოს, მაინც არ იქნება ეს ნამდვილი. ნამდვილი იქნება მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ყველაფერს ვერ ამოავსებს (ეს ნაწილი თავისი მონაწილეებიანად ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო, მნიშვნელოვან და მზიან ნაწილად დარჩება ჩემი აქ ყოფნისა).

:":
The truth is... we were much too young  

Coop island ჩავრთე. Coop island blues. სადღაც აქ ცენტრში, სადაც ძირითადად ვმოძრაობ, რაღაც წარწერაა - scoop. ისიც კი არ ვიცი, მაღაზიაა, კაფე თუ რამე დაწესებულება. უბრალოდ თვალში მხვდება ჩამოსვლის დღიდან და ამ სიმღერის ასოციაციას მიჩენს მომენტალურად. მერე ცოტა ხანი ვღიღინებ ხოლმე. ან არც. გააჩნია ამინდს და განწყობას. დღეს, azercell-ში მორიგი სტუმრობის შემდეგ ისევ ამ გზით მომიწია წამოსვლა და ისევ გამახსენდა ეს სიმღერა. ხოდა, როგორც ჩანს, მერესთვის დაასეივა გონებამ. ჩცდ-ს ყურებას მოვრჩი, უცებ საოცრად გამიჩნდა წერის მოთხოვნილება. თან ამის ფონზე. ჩავრთე. დამთავრდა უკვე. გადაება სხვა სიმღერა.

ახლა ვიხსენებ, სად მოვისმინე პირველად, ან ვინ მომასმენინა. რატომღაც ერთ კონკრეტულ ადამიანთან მივყავარ ამ ძაფს. სავარაუდოდ მის ვოლზე გაზიარებული მოვისმინე პირველად. ამაზე გაკვრით მეწერა ერთხელ აქ - ვინ რა კვალს ტოვებს ცხოვრებაში. ზოგი უბრალოდ მუსიკას გიბრუნებს. მუსიკის ახლიდან მოსმენას გაწყებინებს. და ეს როლიც უკვე კარგია თავისთავად. ის ადამიანი კი ამასობაში, მივხვდი, რომ უკვე აღარც მახსოვს.

Youtube-მა იცის, რა სჭირდება მის მსმენელს მოც. მომენტში. შესაბამისი გადასვლა გააკეთა - Shivaree. Goodnight moon.

ძველი ქართული სიმღერაა, „გამოუვალი მდგომარეობის“  მიერ ახლად ნამღერი, სადაც ასეთი პასაჟია: „რა ძნელია სატრფოს პოვნა, დაკარგვა კი იოლია, დაკარგვა კი იოლია..“ სატრფოს კი არა, საკუთარი თავის პოვნაა ძნელი, ყველაზე ძნელი.

მუსიკას არ ვცვლი, მივენდე ვიღაცის არხს youtube-ზე ბრმად. ვიღაცის Modern Noir Songs-ს. Kovacs. My love დაიწყო.

spell checker თანამედროვე სიტყვებს მისწორებს. პრინციპში - ბარბარიზმებს. დამაინტერესა, მაგალითად „დაასეივა“ს ნაცვლად რას შემომთავაზებდა და აგერ შედეგიც: „დასაევია“, „დაასხივა“. აჰა. ოკ. დაე იყოს დაასხივა.

:":
ახალი ადამიანები ვახსენე. ჩამოვიდა გერმანელი კოლეგა, რომელსაც ვცვლიდი. პირველი ორი კვირა მის მაგივრად ვატარებდი გაკვეთილებს, პლუს ჩემ საკუთარს, კიდევ სხვისას და ა.შ. შესაბამისად, პირველ კვირაში 18, მეორეში - 16 გაკვეთილი ჩავატარე. გაკვეთილები - 1,5 საათი გრძელდება. რამდენიმე კი 2 საათიანიც იყო. არ ვწუწუნებ. უბრალოდ პირველ კვირაში თავით გადაშვება და „მოდი აქაც შედი“, „მოდი ამასაც დაელაპარაკე“ და ა.შ. „ცოტა ძაან“ ბევრი იყო. მაგრამ ასე ჯობდა. მეორე კვირიდან დარეგულირდა, უკვე ვიცოდი სად რას ვაკეთებდი, ვიცნობდი კიდეც უკვე ყველას. რაც მთავარია, საქმე სიამოვნებას მანიჭებს. ეს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არა გადამწყვეტი.

ხო, რას ვამბობდი, გერმანელი ტიპი ჩამოვიდა მეთქი. მოთელვის და არასამსახურეობრივ გარემოში უკეთ გაცნობის მიზნით დღეს ყავაზე წასვლა დავგეგმეთ. მოკლედ, ბოლოს გამოვიდა, რომ საუზმეზე დამპატიჟა თურქულ კაფეში. ბევრი ჩაი დავლიე და ბევრიც ვილაპარაკეთ. თუ დავბრუნდი აქ, კარგად წარმომიდგენია ეს თანამშრომლობა. ესეც მნიშვნელოვანია.

მაგრამ სწორად ამ ლანჩმა, თუ საუზმემ მაფიქრებინა მერე, რომ როგორ კარგიც არ უნდა იყოს, ვერ იქნება ეს ნამდვილი. არ ვიცი, რატომ ვფიქრობ ასე. სხვებიც არიან აქ, გერმანულენოვანები, რომლებიც მეგობრობენ, იკრიბებიან, აქტივობები აქვთ. თუ გადმოვედი ცოტა ხანგრძლივად, გავიცნობ მათაც და აქაც ვინტეგრირდები, სავარაუდოდ. მაგრამ სწორედ ეს, რასაც ვისმენდი, წარმომედგინა, რომ არ არის ის, რაც ჩემთვის ნამდვილია. არა და როგორ გამოვექეცი იმას, რაც ასე მქონდა მობეზრებული. როგორ გამოვიქეცი ახლის და მრავალფეროვნების ძიებაში. სიხარულით. აბა რა მჭირს?!
თუ წამოვედი ხანგრძლივად, ეს ყველაფერი უკვე ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი გახდება ყოველდღიურობის, ცხოვრებაც ჩვეული ტემპით წავა და იმაზე ფიქრის დრო აღარ დამრჩება, ეს ნამდვილია თუ imitation of life. მერე ვეღარ გავარჩევ. ან იქნებ ახლა ვცდები?


:":
ხო, დღეს ამინდშიც გამიმართლა და გრაფიკშიც. ამ კვირიდან შემიმსუბუქდა დატვირთვა. შეიძლება ზედმეტადაც კი. დღეს პირველი დღე იყო სრულიად თავისუფალი. და ქართულ-გერმანულ-თურქული საუზმის მერე, პირველად დღის განმავლობაში შევძელი ქალაქში დღისით მშვიდად მებოდიალა და მეთვალიერებინა. ძველ ქალაქში ისე გეკიდებიან ადგილობრივები, როგორც ნიკულინის გმირს ეკიდება “Цигель! Цигель ай-лю-лю!” ძახილით მსუბუქი ყოფაქცევის დიაცი. სწორედ ამ ადგილის ნახვას გთავაზობენ, შირვანის შაჰების მუზეუმში წაყვანას, ძველი ქალაქის დათვალიერებას. ქერა თმა, რუკზაკი და ნახევრად სპორტული ჩაცმულობა მომენტალურად გყიდის, რომ ტურისტი ხარ. თუმცა, გამოდის, რომ ტურისტზე მეტი ვარ - შენ ხარ ბაქოში ტურისტზე მეტი (გერმანელმაც, დღეს დანახვისთანავე აღნიშნა, ნამდვილი ტურისტივით გამოიყურებიო, და მერე, სანამ კაფემდე მივაღწევდით, ძველი ქალაქის გავლისას ყოველ ნაბიჯზე რესტორანში რომ გვეპატიჟებოდნენ - მარტო როცა ვარ მაშინ კი არ მეპატიჟებიან, შენთან ერთად რომ ვარ ახლა იმიტომ გვეძახიანო, გაეცინა). საინტერესოა ისე, სადაური ვგონივარ ამ ხალხს? მოკლედ, თავაზიანი ღიმილით გავისტუმრე ყველა უარით. ერთთან შევყოვდნი მხოლოდ ცოტა ხნით. საქართველოში ვმსახურობდიო. ბევრი ილაპარაკა, ბოლოს რომ გავაგებინე, მეჩქარება მეთქი, რუკა მომცა და იმ იმედით დამემშვიდობა, რომ ამ დღეებში დრო როცა მექნება, გავივლი იმ ადგილას, ასლანს ვიკითხავ და ბაქოს ღირსშესანიშნაობებს მაჩვენებს. ეხ, ასლან, ის კი არ იცი, რომ ყველანაირი დახმარების გარეშე ვნახე უკვე ძველი ქალაქიც, გალავანიც, შაჰების სასახლეც, ნიკულინის წაქცევის ადგილიც და ფოტოებიც გადავიღე. ხო, და კიდევ აზერსელში 4ჯერ (!) მისვლაც მოვასწარი. შუალედში - ერთხელ ტელეფონის ხელოსანთანაც ვიყავი, ორჯერ სახლში შემოვიარე და სალონში მანიკურიც გავიკეთე. და ეს ყველაფერი - საღამომდე.  





დღის ბოლოს კურტკის მარჯვენა ჯიბე აზერსელის რიგის ნომრებით მქონდა სავსე. სახსოვრად ხომ არ შემენახა? ტელეფონების ორი ხელოსნის, ჩემი გამჭრიახობის და სუულ ცოტა აზერსელიც ოპერატორების დახმარებით დღის ბოლოს პრობლემა გადაიჭრა. ბარათის დუბლიკატი გამიკეთეს და ახლა ისევ მაქვს ნომერიც და ინტერნეტიც.


:":
რაღაცნაირად ტრადიციასავით ჩამომიყალიბდა, საღამოს თუ გავედი სადმე, ბოლო პუნქტი სტარბაქსი მაქვს. იმიტომ არა, რომ დახამებული და შეშლილი ვარ, აქაო და ასეთი ყავა არსად გამისინჯავს მეთქი. კი, ყავა კარგია, ჩაიც, მაგრამ ძირითადი მიზეზი - გარემოა. კონკრეტულად ამ სტარბაქსის გარემო მომეწონა პირველივე დღიდან (ჩამოსვლის დღესვე, მოსაღამოვებულისკენ, სანამ ძველით ახალი წლის შესახვედრად უფრო მასშტაბურ შეხვედრაზე გადავინაცვლებდით, ქალაქში ქარში სიარულით გაყინული მე და ჩემი მეგობარი, რომელიც იმ დღეებში სამსახურეობრივად იმყოფებოდა ბაქოში, ცხელი ყავით გასათბობად შევედით და მივხვდი, რომ აქ კიდევ ბევრჯერ შემოვიდოდი). კარგად ვზივარ. კარგად ვწერ. კარგად ვკითხულობ აქ და თუ დამჭირდა, კარგადაც ვიმუშავებ. განსაკუთრებით ფანჯარასთან გრძელი ბარის მაგიდა მაქვს ამოჩემებული, მაღალი სკამებით. რბილ სავარძლებს ეს ადგილი მირჩევნია. არის ამაში რაღაც ევროპული. 

:":
ლეპტოპში - ჩცდ, ჭიქაში - წითელი ღვინო, მაგიდაზე - საჭრელი დაფა, დაფაზე - დანა და ხახვი, გაზზე - ქვაბი და ტაფა, ქვაბში და ტაფაში კი - შემდეგი დღეების სადილი მზადდება. ამაშიც არის რაღაც. რასაც ვეძებდი.



და ამ ყველაფერში არის ის, რაც ძალიან მინდოდა. შესაბამისად - ეს ყველაფერი კარგია. უბრალოდ არ ვიცი, რამდენი ხანი მინდა ეს. რამდენად დიდხანს მინდა. 


:":
მეთვრამეტე დღეს wicked game-თი ვასრულებ. არანამდვილით. ქავერით.


პ.ს. მგონი ჩვენ ცხოვრებასაც აქვს ქავერ ვერსიები


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..