მარტოობის 28 დღე. მესამე კვირის დასასრული

წიგნის დასრულების ფობია. არსებობს ასეთი? იარსებებს ალბათ. ლიბროფინიშფობია ერქმევა, ან რამე მსგავსი 😊

ბოლო დროს ძირითადად ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობ. კი, მიყვარს წიგნის სუნიც, წიგნის ხელში შეგრძნებაც, მაგრამ ძალიან მივეჩვიე ქინდლს. 

იმას, რასაც ახლა ვკითხულობ, რეალურად დიდი ხანი მოვუნდი, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შევწყვიტე უბრალოდ კითხვა. თავიდან - კარგად წავიდა. მერე არ ვიცი, დრო აღარ მქონდა თუ უბრალოდ ცოტა ხნით ინტერესი დამეკარგა, ან იმ პერიოდში კითხვა არ მინდოდა, მოკლედ, რაღაც პერიოდი, აღარ ვკითხულობდი. და ახლა ისევ დავიწყე. დავიწყე და ვეღარ ვწყდები. და უცებ, როცა გავიაზრე, რომ სავარაუდოდ მალე დავამთავრებ, შიშმა შემიპყრო. შიშითვე გავაპარე თვალი მარჯვენა კუთხეში, სადაც პროცენტებით არის აღნიშნული, რამდენი დარჩა წიგნის ასრულებამდე და ცივი წყალი გადამესხა...  93% წამიკითხავს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საყვარელი მეგობარია ჩამოსული და რაღა დარჩა მის წასვლამდე. ცოტაც და დამტოვებს. სერიოზულად შემეშინდა იმ სიცარიელის, რომელსაც წიგნის დამთავრების შემდეგ ველოდები.

ეს პირველად არ ხდება, უბრალოდ პირველად გავაცნობიერე ასე კარგად. როცა წიგნი მითრევს და თითქმის თავაუღებლად ვკითხულობ, მაშინ ყველაზე მეტად არ მინდა ხოლმე მისი დასრულება. მეშინია იმ სიტუაციებთან და ადამიანებთან განშორება, ვინც იქ არის. არ მიყვარს წიგნის შემდგომი სიცარიელე. და ძალიან ხშირად, იმისათვის რომ ეს სიცარიელე დიდხანს არ გაგრძელდეს, მომენტალურად გადავდივარ რაღაც ახალზე. არა და თან ხომ ვიცი, იქ სულ სხვა რამე მხვდება, ის სულ სხვა წიგნია, სულ სხვა განწყობაა და ვერ ჩამინაცვლებს. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც შველის.

ყველაფერი ჩანაცვლებადია საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს. 

რაც შეეხება აქაურობას - კარგი რაღაცეები საბოლოო ჯამში ზემდეტი ძალისხმევის გარეშე ხდება ალბათ, თან უცბად.
ინტეგრირება კარგად მიდის. სამმაგი თამაშია, ან სამმაგი ცხოვრება. ან იქნებ ოთხმაგიც - ცოტა ქართული, ცოტა აქაური და ცოტაც - გერმანული. + ონლაინ ცოტა მაქაურიც, რაც მენატრება :)

ჩემ გზაზე ბოლო დროს ახალი და კარგი ადამიანების გამოჩენა/გადაკვეთა მიხარია. რაც რთული და ძალიან შორეული მომავლის ამბავი მეგონა, ის მალევე დაიწყო, მარტივად და თავისთავად. უბრალოდ, ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან, ან იქნებ ზედმეტად ფრთხილიც ვარ. 

ცოტა გაუგებარი პოსტია შეიძლება, ცნობიერების ნაკადივით :))) მაგრამ არა უშავს. 

პ.ს. ძალიან, ძალიან იშვიათად მინდება სიგარეტი. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა ვსვამ და ისიც არა ყოველთვის. კარგია, რომ არ ვყიდულობ :) სამაგიეროდ, შოკოლადით ვანაცვლებ :)) და იმედია, დამრგვალებული არ ჩავალ თბილისში. თუმცა, ფეხით დავდივარ სულ. 

პ.პ.ს. მომავალში, თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ახლა ვხედავ, მაშინ სპორტული აქტივობაც იქნება, გართობაც, დასვენებაც, ახალი ხალხიც და ა.შ.

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..