ფილმი და წიგნი. ერთმანეთთან არაფერ კავშირში მყოფნი. ანუ, სანამ კითხვა შეგიძლია

her

ბოლო ალბათ 10 დღის მანძილზე მეორედ ვუყურე ამ ფილმს. ორივეჯერ შემთხვევით გადავაწყდი რომელიღაც არხზე, უკვე დაწყებულს, ორივეჯერ დაახლოებით ერთი და იმავე ადგილიდან და ორივეჯერ ბოლომდე შევყევი..

რაღაცნაირი ემოციები მაკავშირებს ამ ფილმთან. ცოტა მიჭირს გადმოცემა, ან შესაბამისი ზედსართავი სახელების მოძებნა. თბილი. მშობლიური. მშვიდი ტალღა. წყალში ზურგზე წოლა მშვიდად, ზემოდან რომ მზე გათბობს თან და წყალი ოდნავ გარწევს. საუნდტრეკზეც ანალოგიური შეგრძნებები მაქვს. 

პირველად რომ ვუყურე, მახსოვს, განსაკუთრებულად იმოქმედა. მაშინ ავტომატურად რაღაც პარალელები გავავლე ჩემ იმ დროინდელ ცხოვრებასთნ. ასოციაციები გამოიწვია უბრალოდ. 
ახლა იმ ეტაპთან აღარაფერი მაკავშირებს, აღარც ემოციურად, მაგრამ ფილმმა ხიბლი არ დაკარგა. 

სავარაუდოდ, ყოველ ჯერზე რაღაც ახალზე მაფიქრებს, ან რაღაც ახალ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, მთავართან ერთად. დღეს, მაგალითად, ვფიქრობდი, რა მაგარი პროფესია აქვს მთავარ გმირს. ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ ადგილას და დავწერდი წერილებს სხვისი სახელით. ასეთ წერილებს. საინტერესოა, თუ მეყოფოდა ამის ნიჭი და ფანტაზია. მერე ჩემ წერილებს წიგნად გამოსცემდნენ...

წიგნი. ესეც აქვე უნდა დავწერო ალბათ. ყოველთვის საშინლად მიხარია, წიგნის კითხვის ეტაპი რომ მიბრუნდება ცხოვრებაში. ახლაც დაბრუნდა. ბაქოში პირველი ჩამოსვლისას ძალიან ბევრს ვკითხულობდი. ფილმებს თითქმის არ ვუყურებდი. ამ ჩამოსვლაზე თავიდან ფილმებზე შევჯექი. ყოველ საღამოს, თუ სახლში ვიყავი, მექანიკურად ვრთავდი ტელევიზორს და ფილმების რამოდენიმე არხიდან ერთ-ერთზე მაინც ვპოულობდი ისეთს, რომლის ყურებაც შეიძლებოდა, თუ არა და ონლაინ ვეძებდი და ვუყურებდი. 

და მერე ისევ დაბრუნდა წიგნის კითხვის წყურვილი.

ბრედბერიდან მურაკამიზე გადავერთე. ჯერ "უსმინე ქარის სიმღერას" წავიკითხე. კითხვისასვე ვგრძნობდი, როგორ მინდოდა, ამაზე დამეწერა რამე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ახლა "ნორვეგიულ ტყეზე" გადავედი. არ მეგონა, მურაკამი ასე თუ მომეწონებოდა. არ ვიცი, რატომ. ისიც არ მახსოვს, რამე უკვე მქონდა წაკითხული,  თუ არა. ხანდახან ზედიზედ კითხულობ უამრავ წიგნს, კითხულობ თითქმის განურჩევლად: რომანებს, მოთხრობებს, ნოველებს... იმდენს, რომ ბოლოს არც გახსოვს, ვინ და რა წაიკითხე. შესაძლოა, ასეთ სიაში მოყვა თავის დროზე მურაკამიც. რატომ დავჩაგრე, არ ვიცი. კობო აბე და კავაბატა კარგად მახსენდება...

მოკლედ, ეშხში შევედი. ვუსმენდი ქარის სიმღერას და იქ ვგრძნობდი თავს. ასე მშვიდად და თან სავსედ როგორ შეუძლია გადმოსცეს ფაქტობრივად არაფერი (მოვლენების განვითარების მხრივ) და თან ამდენი რაღაც. ვკითხულობდი და მშურდა მთავარი გმირის. და მთელი არსებით შემეძლო შემეგრძნო იმ ზაფხულის ყოველი დღე, რომლითაც ის ცხოვრობდა. ვგრძნობდი იმ ბევრი დროის, არაფრისკეთების და თან სისავსის ყველა წუთს. ცოტათი მშურდა არდადეგებზე მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ბიჭის. და იმ ბევრი დროის...

რაღაც ეტაპზე მარტივ ჭეშმარიტებას, ან შეიძლება ითქვას, ბანალურ რაღაცას მივხვდი: წიგნი მართლა საუკეთესო მეგობარია. მეგობარი, რომელიც ძალიან ახლობელია, რომელთან ერთადაც რაღაც პერიოდი ძალიან დიდხანს ატარებ, სულ ერთად ხართ, მაგრამ იცი, რომ დადგება დრო და უნდა გაუშვა. და საშინლად არ გინდა გაშვება. იცი, რომ მერე სხვაც მოვა, ისევ კარგი იქნება, მაგრამ მაინც გიჭირს. ამ გაშვებას / წიგნის დამთავრებას, თითქოს თავისი ხმა აქვს. და ეს ხმა გარკვეული ხანი ეხოდ რჩება შენში. მერე სიცარიელეა. და სასწრაფოდ გინდა ამოავსო. თან გეშინია, რომ ეს სულ სხვა იქნება და ვერ ჩაგინაცვლებს, გეშინია, იმედი არ გაგიცრუვდეს. მერე იწყებ და შედიხარ ისევ ახალ სამყაროში ამ მეგობართან ერთად და ისევ ეშვები ამ მორევში. ისევ მეორდება იგივე და ასე დაუსრულებლად, სანამ კითხვა შეგიძლია..

p.s. ამ ფილმსაც ვგრძნობ. უსმინე მზის და წყლის სიმღერას

Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..