dolce far niente

გუშინდლიდან ვაპირებ დაწერას, გუშინ დილიდან, მას მერე, რაც წიგნი დავამთავრე. იმ წამსვე უნდა დამეწყო. ასეთ რაღაცას თუ გადადებ, შემდეგ ემოცია იკარგება და უნდა ელოდო, როდის დაბრუნდება. ან არ დაბრუნდება. 
და არის ასე თავში არაერთი დრაფტი, რომლებიც ალბათ მუდმივარ დრაფტად დარჩება.

უბრალოდ ახლა ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, სულ ერთია - რა. ხანდახან უბრლაოდ თითებს უნდებათ წერა, უფრო სწორად - ბეჭვდა. ხელით წერა მიჭირს :) გადაჩვეული ვარ, ამდენის ხელით წერას ალბათ ვერც მოვახერხებ.

იშვიათი გამონაკლისი ბედნიერი სამი დღეა. დღესასწაული აქვთ აქ და ჩვენი სკოლაც ისვენებს (თითქმის არც ერთ დღესასწაულზე არ დაუსვენიათ, ამიტომ, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ მართლა არ უნდა მემუშავა შემდეგი 3 დღე. ჯიმ კერი ტომარამოკიდებული რომ გაუჩინარდება, დაახლოებით ასე გამოვსქურე ხუთშაბათს საღამოს, თითქოს მეშინოდა, ვინმეს არ მივებრუნებინე და არ ეთქვა, არა, შენ უნდა იმუშავოო :) ისე, ადრევე რომ მცოდნოდა, ადრევე რომ მომფიქრებოდა და მეზრუნა, ახლა მანდ ვიქნებოდი, თბილისში... მხოლოდ გუშინ საღამოს მომივიდა ეს თავში აზრად. მეგობართან სასტუმროს ნომერში საწოლზე წამოწოლილი, გვერდზე ყავით და ხელში ანტრეს ბეზეთი ვუყურებდი, როგორ ალაგებდა ჩემოდანს და უცებ ძალიან შემომაწვა წამოსვლის სურვილი, უცებ ვერ მივხვდი, რატომ ვრჩებოდი აქ. და მექანიკურად დავიწყე ბილეთების ძებნა. ბილეთი იმავე საღამოს, რა თქმა უნდა, აღარ იყო. მეორე დღეს კი უკვე აზრი ეკარებოდა.

გუშინ ერთ მეგობართან გაგზავნილ ხმოვან მესიჯზე პასუხად მივიღე: "ცისია, ისე მენატრები, შენი ხმა რომ მესმის, მაჟრიალებს" :) რა მაგარი შეგრძნებაა, ასე რომ ენატრები საყვარელ ადამიანებს.

მერე ისიც გავიაზრე, რომ სულ რაღაც 1 კვირის წინ იყვნენ ჩემი მშობლები ჩამოსულები. ჩამოვიდნენ, შემახსენეს ვისი გორის ვარ და წავიდნენ მეთქი, ვიცინოდი :) ეს კიდევ ცალკე აღსანიშნავი ძალიან პოზიტიურ weekend იყო :)

ხოდა მეც მალე ჩამოვდივარ მაინც, ასე რომ, შევეშვი ძებნას, როგორც იქნა, აღვიქვი, რომ ვისვენებ, რომ კარგია და შემიძლია მოვდუნდე და შევირგო ეს ყველაფერი აქ. და დავიწყე შერგება.

დღეს დასვენების მეორე დღეა. ბოლო ორი ღამე, ძილის წინ ფარდებს ბოლომდე ვაფარებ ორივე ოთახში, რომ დილით მზის შუქმა არ შემოაღწიოს. საძინებელში ფანჯარასაც კი ვკეტავ, რომ დილით მანქანების ხმაურმა არ დამიფრთხოს ძილი და სამზარეულოში დატოვებული ფანჯრიდან შემოსული ღამის ჰაერით ვსუნთქავ დილამდე. მაღვიძარა 3 დღით გამორთულია, შეტყობინებებსაც კი ხმას ვუთიშავ და სრულ მოდუნებას ვეძლევი. კარგია გაღვიძება, როცა ორგანიზმს უნდა, მაშინ.

შაბათია. დღის 3 საათი ხდება. კატისებრი სიზანტით მოვწესრიგდი დილით (ანუ შუადღისას), ავკრიფე ტექნიკა, ფრანგული კაბა ჩავიცვი (ეს მნიშვნელოვანი დეტალია 😄 ) და გამოვედი დღის ბაქოში. დღეს ძალიან არ ცხელა. შეიძლება სიარული. მოვედი ფრანგულ კაფეში (Paris Bistro), სადაც ძალიან კარგი საუზმე აქვთ. კარგია, ის, რაც მინდოდა, "ბრანჩი"ს მენიუში უწერიათ. თუმცა, ვის ეკითხება, 2 საათზე ვისაუზმებ თუ ვივახშმებ მე :) 

მაგიდები და სკამები ფრანგული სტილით დgას, ყველაფერი ქუჩას გაჰყურებს. უფრო სწორად ბაღს, სადაც კაფე დგას. არის მაგიდები გარეთ, თითქმის ბაღში, ასევე შემინულ სივრცეში, რომელიც ახლა ნახევრად ღიაა და შიგნით, სრლიად დახურულ სივრცეში. შუაში ვზივარ - შემინულ ღია სივრცეში. სანამ საუზმეს ველოდი, ერთ-ერთი მონატრებული მეგობარი შემომეხმიანა თბილისიდან. ვემესიჯე, სიცილისა და იუმორის შაბათისეული დოზა მივიღე, მერე გემრიელად ვისაუზმე "ბენედიქტით" და ახლა ყავით და წერით ვტკბები. 

სადღაც გვერდიდან სიგარის სუნი მომდის და მსიამოვნებს. რატომღაც ძალიან მომწონს სიგარის სუნი (რასაც ვერ ვიტყვი სიგარეტზე).

ჩემ გვერდით მჯდარმა ევროპელმა თეთრი ღვინო შეუკვეთა. კარგი იდეაა, აქ სიცხეში შუადღისას შემოსვლა, ცივი თეთრი ღვინის წრუპვა და არაფრის კეთება სიმწვანის ფონზე. ოღონდ მშიერი არ უნდა იყო. ამათთვის ხომ შაბათი-კვირა არ არსებობს, 7 საათზე დგებიან მაინც და 9 საათზე ნახევარი დღე გავლილი აქვთ :)

ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, მე კი განწყობა არ მაქვს ჯერ. ვერ აღვიქვამ. ფბ-მ დაიწყო მემორიების ამოყრა. შემდეგი 1 თვე ჩემი ყველა მემორი დატვირთული იქნება პოსტებით ფეხბურთზე, ფოტოებით, ემოციებით. ეს პირველად არ მემართება - ემოციური გასადავება ფეხბურთის მიმართ. მაგრამ მერე ყოველთვის ბრუნდება ხოლმე და ვერთვები თავით ფეხებამდე, კალენდრის გაკვრით დაწყებული საყვარელი გუნდის გულშემატკივრობისას სერიოზული ნერვიულობით დამთავრებული. მართლა საოცარი რამეა. მინდა, ამჯერადაც დაბრუნდეს, თუმცა, რატომღაც იმედი არ მაქვს. 

ხო, კიდევ რუჯი მივიღე. მართლა სასწაული კვირა იყო. ხუთშაბათი მსუბუქი დღე მაქვს, შაბათის სამუშაო დღეობას მინეიტრალებს. მთელი დღე თავისუფალი ვარ საღამომდე და საღამოს მხოლოდ 1 გაკეთილი მაქვს. ხოდა ამჯერად არ ვიზარმაცე, ვისარგებლე გარემოებებით და სასტუმრო ჰაიატის ვერანდაზე გავატარე მთელი დღე, ჩემი მეგობრის წყალობით (როცა შენ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს მივლინებით ისეთი სიხშირით უწევს შენ ქალაქში ჩამოსვლა, რომ ფაქტობრივად აქ ცხოვრობს, როგორც შენ, ეს ცალკე საკითხია. როგორც წეღან მიმოწერისას აღნიშნა ზემოთაღნიშნულმა მონატრებულმა მეგობარმა - "ყველაზე კარგი, რაც შეიძლება დაგემართოს" :) ). როგორ მომნატრებია ცურვა. დახურულ აუზშიც ვიცურავე, ღიაშიც (სადაც წყლის ტემპერატურა დაახლოებით ოკეანისას უტოლდებოდა) და კარგი რუჯიც მივიღე. 

ბევრი ველოსიპედი(სტი) დადის აქ. ბრტყელი ქალაქია, ცენტრში მით უმეტეს, თავისუფლად შეიძლება ველოსიპედით გადაადგილება, იმხელა ქუჩები, ბულვარი და ფეხით მოსიარულეთა ზონებია. თუმცა, ამდენი ველოსიპედისტის არსებობის მიუხედავად, ბილიკები ჯერ არ აქვთ. ერთ-ერთი პირველი რაც გავარკვიე აქ ჩამოსულმა, სად შეიძლებოდა მექირავებინა ველოსიპედი. რამდენიმე პუნქტი ვიცი უკვე. აქედან ერთი - ჩემგთან ძალიან ახლოს, ბულვარში. და ვერ ვხვდები, რატომ არ ვსარგებლობ ამით... უფრო სწორად, მგონი უკვე ვხვდები. ქვეცნობიერად შიში მაქვს, არ გადმოვვარდე და რამე არ მოვიტეხო/გავიტეხო. თბილისში არაერთხელ გადმოვვარდნილვარ, ფეხები სულ ნატკენი მქონდა თავიდან, მაგრამ ამისთვის დიდად არ მიმიქცევია ყურადღება არც ერთხელ. 

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუსტად ვიცი, რის მერეც აღარ დავმჯარდვარ ველოსიპედზე: ავარიის შემდეგ. ირაციონალური შიშები დამიტოვა. რასაც დროა, მოვერიო. აღმოვაჩინო და დავძლიო.

აზერბაიჯანში, ფრანგულ კაფეში, ქართველის მიერ დაწერილი ქართული ბლოგი იტალიური სახელწოდებით და ინგლისური დაბოლოებით დასასრულს მიუახლოვდა. გადავინაცვლებ ქალაქში. სხვა ღია კაფეში. ან ბულვარში. 

პ.ს. ნეტავ, ვინმე თუ კითხულობს კიდევ ამ ბლოგს, ფბ-ზე დაშეარების გარეშე თუ შემოდის ჯერ კიდე ვინმე? 😏

easy like Sunday morning saturday afternoon 





Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..