როცა ორშაბათი იწყება სამშაბათს

ამონარიდი ჩათიდან, უშუალოდ წერის დაწყებამდე: 
- კაი გოგო ხარ
- ახლა ვეცდები, რამე დავწერო და უფრო კარგი გოგო ვიქნები :)
- მიდი. მინიმუ, 3 გვერდი, ისე არ წამოხვიდე მაქედან! 

ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც შენი სულ სჯერათ, ხანდახან იმაზე მეტად, ვიდრე შენ თვითონ საკუთარი თავის. სჯერათ, ანუ შენ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან და ამას როცა გამოხატავენ, ორმაგად გემატება ძალა. ასეთი მეგობრების ყოლა ბედნიერებაა. 

დღეს ვფიქრობდი დილით, მე რომ თბილისში ვყოფილიყავი და რომელიმე ახლო მეგობარი სხვა ქვეყანაში გადასახლებულიყო, რა რეაქცია მექნებოდა მეთქი. ხოდა მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ სახლში ვიქნებოდი, სხვებიც დამრჩებოდნენ, სხვა ბევრი მეგობარიც. დიდ ასაკში ეს მგონი უფრო რთულია. გგონიათ, არავინ წასულა? რამდენიმე მეგობარი უკანმოუხედავად არის გადასახლებული. და არ გეგონოთ, არ განვიცადე მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ადრეულ ასაკში მოხდა ეს. განვიცადე, ცხადია. ძალიან. მერე ბევრი მოვლენა მოხდა კიდევ ცხოვრებაში, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა თავისთავად არსებულ მოცემულობასავით არის ეს. და საბედნიეროდ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა ბევრად გაამარტივა დისტანციის არსებობა და ურთიერთობა. და რაც უფრო ჩართული ხარ, ან მინიმუმ საქმის კურსში მათი ცხოვრების, მით უფრო მცირდება ეს დისტანცია. არ უნდა დაიყვანო "რას შვები, რა ხდება შენსკენ ახალი"მდე :) თუმცა, არც ეს არის ადვილი. ამ ტემპში...  ასე რომ, მესმის იმათიც, ვინც ამას აქტიურად ვერ ახერხებს. მეც არ ვარ დიდი გამონაკლისი, მაგრამ ვცდილობ...ახალს და ორიგინალურს ცხადია, არაფერს ვამბობ. მაგრამ ზოგადად, ურთიერთობებს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება. თავისთავადი და უპირობო არაფერია ქვეყანაზე. ალბათ მშობლის და შვილის სიყვარულის გარდა, ასე მგონია. თუმცა, ამას რომ უნდა მოფრთხილება, ისე ბევრს არაფერს, ალბათ.

და მერე დავრწმუნდი, რომ არაფერი უცნაური არ არის იმასში, რომ ვენატრები მეგობრებს. რომ მართლა ვენატრები და რომ ეს ბუნებრივია. 

ლეპტოპი რომ გავხსენი, უფრო სწორად, სახლიდან სანამ გამოვიდოდი უკვე მაშინ, ვფიქრობდი, რომ დღეს რაღაც უნდა დამეწერა. რომ დროა, მოვკიდო ისევ ამას ხელი და განვაახლო. ყველაფერს მართლა თავის დრო აქვს. და განწყობა. ხოდა დადგა დრო. მაგრამ აშკარად სულ სხვა რაღაცაზე ვაპირებდი დაწერას. ახლა რომ ვფიქრდები, ზუსტად ვერც ვიტყვი - რაზე. სანამ წერას დავიწყებდი, მანამდე ერთი ძალიან საყვარელი პოსტი წავიკითხე, უფრო სწორად ბევრი ჩანაწერით გაკეთებული დიდი პოსტი, რომელშიც ჩემი ჩანაწერიც მოხვდა, comfort food-ზე. გაღიმებულმა ჩავიკითხე და ცოტა ავჩუყდი კიდეც. სხვების კარგი ნაწერის წაკითხვა ხშირად განმაწყობს ხოლმე წერისკენ (წაიკითხეთ, არ ინანებთ. იქნებ, თქვენი თავიც იპოვოთ, ან მინიმუმ თქვენი comfort food). ხოდა თითებმა თავისთავად წაიღეს ფიქრები სხვაგან. კაკუნებს კაკუნებს კლავიატურაზე, არ ვუფიქრდები, ისე იქმნება ნაწერი,. როგორ მიყვარს, ასე როცა მიდის :)

რაღაცნაირი დღეა. კარგი. მზიანი და თან დასვენების. არა და ორშაბათია. აქვე აღვიშნავ, რომ ორშაბათს კი არა, შაბათსაც ვმუშაობ და ეს კვირის ბოლო სასიამოვნო და საოცარ გამონაკლისს წარმოადგენს. შაბათი და ორშაბათი დასვენების დღეები იყო. დროშის დღე შაბათს დაემთხვა, ამიტომ მთავრობამ მოსახლეობას ორშაბათს დასვენების უფლება მისცა. ჩემ სამსახურში კი - ჰოი საოცრებავ - ორივე დღეს დაგვასვენეს. არ მჯეროდა :)

თავიდან ვფიქრობდი, როგორ გავიყვანო მეთქი.. არაფერი ორიგინალური და საინტერესო არ მქონდა მოფიქრებული. მაგრამ დასვენების დღეების გაყვანაზე მარტივი არაფერია, მგონი.  ხოდა, მოკლედ, გავიდა 2 დღე უცებ. 

დღე მესამე. წინა ღამიდან დავიწყებ. რატომღაც გადავწყვიტე, ჩემ უზარმაზარ და გემრიელ საწოლში კი არ დამეძინა, არამედ ტახტზე, სადაც მანამდე ფეხმორთხმული ვიჯექი და თან ვმუშაობდი და თან, ცალი თვალით ნაცნობ ფილმს ვუყურებდი (ან იქნებ ვუსმენდი უბრალოდ). ხოდა მხოლოდ ორთოპედიული ბალიში (ამას ვერ ველევი. ან უბალიშოდ, ან - ამ ბალიშით) გამოვიტანე და პოზა შევიცვალე.  რაღაც ეტაპზე ტელევიზორის ხმა ჩამესმა ძილში. თვალის გაუხელლლად გამოვრთე და განვაგრძე ძილი  როგორც ჩანს, საკმაოდ კომფორტულ ტახტზე. 

დილით ახალ დალაგებულ და დაწკრიალებულ სახლში გაღვიძება სიამოვნებაა (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის). ეს ჩემი სასწაული დამლაგებლის დამსახურებაა. ჩვეულებრივი ქარიშხალი ქალია, კატრინაა, ან რიტა :)) ამაზე არ შევჩერდები. მოკლედ, სქელმა ფარდებმა საშუალება მომცა, 11 საათამდე მძინებოდა და მზე ბოლომდე არ შემოეშვა ოთახში.. თან დასვენების დღეს მანქანაც იმდენი არ დადის და ხმაურიც არ შემოდიოდა დიდად, მით უმეტეს ამ ოთახში. ხოდა გავიზმორე, კარგ ხასიათზე წამოვდექი, გვიანი და გემრიელი საუზმე მოვიმზადე, მერე ლეპტოპი მოვიკიდე რუკზაკით და გავუდექი გზას. გადავწყვიტე, ჩვეული ტრაექტორია დამერღვია და შორს წავსულიყავი ყავის დასალევად. კერძოდ კი, შედარებით შორს არსებულ ანტრეში. 

გადაწყვეტილებამ გააამართლა. გადავეყარე კარგ გოგოებს - ქართველ ნაცნობებს :))  და მივიღე გადასარევი რჩევები ფიტნესთან დაკავშირებით. კარგ ფიტნესთან (ადამიანურ ფასად), რასაც ამაოდ ვეძებ აქ ჩამოსვლის დღიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, გაამართლებს. მთავარია, ტერიტორიულად ძალიან შორი არ მომეჩვენოს და ისე, აღწერით, ის არის, რაც მჭირდება! აქედან გავალ, წავალ, ვნახავ, სავარაუდოდ - დავრეგისტრირდები და შედეგებზე მერე ვისაუბრებ.

ერთი ამოსუნთქვა მორჩა. ამ ეტაპზე, მგონი, საკმარისია, შემიძლია გავჩერდე. დღეს კიდევ რა მელოდება გარდა ახალი ფიტნეს კლუბის დალაშქვრისა? თუ არ ვიზარმაცე - ცოტა მუშაობა, გემრიელი სადილის გაკეთება (რაც, ბოლო დროს, თითქმის ყოველთვის მეხალისება) და საღამოს - თუ ქარი არ ამოვარდა - jogging ბულვარზე 1-2 უცხოელ მეგობართან ერთად, რასაც, როგორც წესი, მოჰყვება სადმე ჭიქა ღვინო, ან ლუდი (მხოლოდ მათ შემთვევაში, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია დღემდე).

ამასობაში მომშივდა. ვხურავ ლეპტოპს, და გავდივარ ჯერ კიდევ მზიან ბაქოში.

პ.ს. კიდევ ერთი რაღაც მინდოდა მეთქვა ზემოთ, როცა ურთიერთობებზე ვწერდი. არსებობს ასევე კიდევ ერთი ტიპის ურთერთობა - დრო რომ საერთოდ არაფერს აკლებს. რამდენი ხნითაც არ უნდა გაწყვიტოთ, ან უბრალოდ ვერ შეძლოთ აქტიური კონტაქტი, ეს არაფერზე მოქმედებს. შეხვედრა ისეთივეა, თითქოს გუშინ ნახეთ ერთმანეთი, თითქოს იმ ადგილიდან იწყებთ, სადაც დამთავრდა წინა ჯერზე. მიყვარს ასეთი ურთიერთობებიც.


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..