ფიქრნი ვაპიანოდან სტარბაქსამდე, ანუ ღვინიდან ყავამდე.

შესავალი, ანუ ბლოგის მაინსპირერებელი საკუთარივე პოსტი:
მარტო კაცი სულაც არ არის ჭამაში ცოდო. ყოველ შემთხვევაში, მე სულ მიყვარდა მარტო ჭამა. და რომც არ მყვარებოდა, ბაქოში ჩამოსვლის მერე შევიყვარებდი, რათა არ მომეწყინა.
სპაგეტი ბოლონეზეზე მეფიქრება 3 დღეა. არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ ორგანიზმი მთხოვდა ამ გემოების კომბინაციას და რადგან ფარში და ხორცის მანქანა არ მქონდა, მოვიცალე და იტალიური სამზარეულოს გერმანულ ქსელს ვეწვიე ბაქოში.

რაღაცნაირი, ფილმური სიტუაციაა va piano-ში. არ ვიცი, განათებამ გამოიწვია, უფრო სწორად დაბნელებამ (მოსაღამოვებულა ამასობაში), საღამოსკენ ხალხის მატებამ და ამით გამოწვეულმა რაღაცნაირმა მყუდრო ფონურმა ხმებმა/ხმაურმა, რომელიც ასეთი ობიექტებისთვის არის დამახასიათებელი, მუსიკამ, რომელიც თითქოს რაღაც ვიდეოს გმირად გაგრძნობინებს თავს, თუ მაინც უბრალოდ იტალიურმა წითელმა ღვინომ... ან იქნებ, ყველაფერმა ერთად? ან იქნებ იმის ბრალია, როგორც იქნა სამუშაო კვირის ბოლო რომ დადგა, საქმე და საჩქარო არაფერი მაქვს და თავს უფლებას ვაძლევ, გარეთ ვივახშმო და ღვინო მოვწრუპო. ხვალ ერთად ერთი დღეა, როცა არ ვმუშაობ და პრინციპში, ადრე ადგომასაც არ ვაპირებ, შემიძლია გამოვიძინო. 

მართალია, რამოდენიმე დღის წინ (როცა სპაგეტი ბოლონეზეს რეცეპტებს ვათვალიერებდი) სადღაც წავიკითხე, პასტა დღის 2 საათამდე უნდა შეჭამოთ, თუ გინდათ, არ გასუქედეთო, მაგრამ არ მგონია, 6 საათამდე მოსწრებულმა ვახშამმა დიდად რამე დამიშავოს, მით უმეტეს, რომ დღეს, ფიტნეს კლუბში სულ რაღაც მესამედ მისვლისას, სასწორმა თითქმის 2 კილოთი ნაკლები მიჩვენა, ესეც იმ ფონზე, რომ წონაში დაკლება სულაც არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. თუმცა, არც ის ვიცი ზუსტად, ეს სასწორი საერთოდ სწორია, თუ არა და საწყისი წონა (რომელიც, პრინციპში მებევრა და მეუცნაურა), შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს. ასეა თუ ისე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ახალაღმოჩენილი კლუბის და ჩემი შემართების. ჩემი თავის მიკვირს, როგორ ვიღვიძებ დილით ასე ადრე, ხან მაღვიძარასაც კი ვასწრებ და აწ უკვე სიცივეში გასვლა და სამსახურამდე სავარჯიშოდ წასვლა არ მეზარება. ყველაფერს თავის დრო აქვს, როგორც ჩანს. განწყობის ამბავია. შარშან ამ დროს ვერც კი წარმომედგინა ზამთარში მსგავსი აქტივობა. ახლა - ძალიან მავსებს და მსიამოვნებს. 

არ გიფიქრიათ, რა მოხდება კალორიების წინასწარ დაწვა რომ შეიძლებოდეს? როგორც, მაგალითად სესხის წინსწრებით დაფარვა. თუნდაც ცოტაოდენი ჯარიმით. დაკვირვებული ვარ, იქნება ეს მარტო, თუ მეგობრებთან ერთად, ჯერ დავდივარ/თ ფეხით, ბევრს დავდივარ/თ, დავბოდიალობ/თ და მერე, ბოლოს და ბოლოს მივდივარ/თ სადმე და ვჯდები/ვსხდებით საჭმელად. ხოდა, რა მოხდებოდა, ის ფიზიკური აქტივობა მერე მიღებულ საკვებზე მოქმედებდეს? არ დაკვირვებიხართ ამ არც თუ სამართლიან კანონზომიერებას? ნუთუ მარტო ჩემ და ჩემი მეგობრების შემთხვევაში ხდება ასე?


ეს ფიქრები და შეგრძნებები იმდენად ჩქარა მოდის და ისეთი სისწრაფით ცვლის ერთმანეთს, ლეპტოპის ამოღებას და გახსნას ვერ ვასწრებ, ვფიქრობ, აზრი არ აქვს და პირდაპირ ტელეფონში, ნოუთებში ვწერ სწრაფად ამ ტექსტს. მერე გავალ, სადმე ყავაზე დავჯდები და იქ გადავიტან სხვა ფორმატში. 

ღვინო რაღაცნაირ გულის აჩუყებას იწვევს. დადებითი თვალსზარისით. თუმცა, გულის აჩუყება უარყოფითი ალბათ არც არასოდეს არის. მომეკიდა, როგორც ჩანს. 



დაახლოებით 30 წუთის შემდეგ:

ეს "სხვაგან" წინასწარ ვიცოდი, რაც იქნებოდა. უკვე წარმომედგინა, როგორ ვზივარ Starbucks-ში ფანჯარასთან, მაღალ გრძელ მაგიდასთან, ბარივით რომ არის, მაღალ სკამზე და სხვა უცხოელებივით წინ გაშლილი ლეპტოპით და ყურებში ყურსასმენებით ვქმნი ამ ჩანაწერს. ხელები მექავებოდა უკვე. 


სტარბაქსი, რა თქმა უნდა სავსე აღმოჩნდა. არც ერთი მაგიდა ცარიელი, მით უმეტეს ჩემი საყვარელი ადგილი. რა თქმა უნდა, სამიდან ორი სკამი უცხოელებს ეკავათ და გახსნილ ლეპტოპებს ჩასჩერებოდნენ. სხვაგან დაჯდომაზეც არ ვიტყოდი უარს, მაგრამ დასაჯდომი არსად იყო, თან რიგიც კი იდგა. გამოვედი უკან და გადავწყვიტე, არ დავნებებულიყავი. რა თქმა უნდა, შემეძლო, სხვაგანაც მეცადა ბედი, მაგრამ აქაურობას ზამთარში და სიცივეში სხვა განწყობა და ხიბლი აქვს. ზუსტად ამ დროს და ასე მიყვარს აქ ჯდომა და კლავიატურაზე კაკუნი. გვერდზე კი ყავა მიცივდება :)


ხოდა გავედი, ვიფიქრე, ცოტა მაინც დავწვავ მეთქი მიღებულ კალორიებს და ერთი პატარა წრე დავარტყი ე.წ. "ტარგოვაია"ს. მოვბრუნდი უკან და... ჰოი საოცრებავ! ამასობაში ადგილები გათავისუფლებულა, ჩემი საყვარელი ადგილიდან კი ნელა, მაგრამ საფუძვლიანად იკრავდა გუდა-ნაბადს უცხოელი მამრი თავისი ოჯახით. რიგი აღარ იდგა, მშვიდად ავარჩიე, რაც მინდოდა და ინგლისურად შევუკვეთე. დაკვირვებული ვარ, აქაური პერსონალი ან აზერბაიჯანულად, ან ინგლისურად გელაპარაკება. შევუკვეთე და ბარმენმა ბიჭმა მაშინვე გამიღიმა: are you from Georgia? ნამვილად ვერ ვიტყვი, იმდენად გავრცელებული ქართული სახელი მაქვს, მაშინვე ამით მიხვდა მეთქი. გავოცდი, გამეღიმა და კი მეთქი. ეგრევე მივხვდიო, მაშინვე გცნობთო. როგორ მეთქი და რა ვიცი, სახეზეო, ერთნაირები ხართო, ქერებიო :)))  ასეთი რამე ქართველებზე პირველად გავიგე, მაგრამ გამეღიმა და მესიამოვნა. მიყვარს ასეთი მარტივი დეტალები, განწყობას ქმნიან. სახელი, რა თქმა უნდა არა ცისი, არამედ სისი დაწერა, მაგრამ ამას შეჩვეული ვარ. მაშინვე ავსტრიის დედოფალ სისიდ წარმოვიდგენ ხოლმე თავს :D 


ამასობაში თბილისში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სამეგობრო წრე ერთ-ერთ მეგობართან ჩაიზე შეკრებილა და როგორც დამპირდნენ, დამირეკეს და პირდაპირ ეთერში ჩამრთეს. მერე ასეთივე ჩართვა სახინკლეში დიდი ოჯახური გასვლით შეკრებილმა ოჯახმა განახორციელა. ჩემ პატარა ძმისშვილს ჩემ დანახვაზე რეფლექსი ჩამოუყალიბდა: იქ ყოფნისას ხშირად ვასმენინებდი სიმღერას მულტფილმიდან "თოვლის გუნდა": ცისარტყელები, ათასფერები... ხოდა ახლა, თუ ისე დამირეკეს, რომ თომაც იქვეა, ვუმღერი ამას და მომენტალურად იწყებს ცეკვას და ხელის ქნევას. ახლაც, როგორც კი დამინახა, მიუხედავად იმისა, რომ სტარბაქსში ამღერებას არ ვაპირებდი და მხოლოდ ველაპარაკე, მომენტალურად დაიწყო ცეკვის მოძრაობები :D ვამბობ, იავნანას ეფექტი ექნება მეთქი. უკან ჩასული თუ ვეღარ მიცნო, ვუმღერებ და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოექანება და ჩამეხუტება :)))
რამდენჯერ მიფიქრია, რომ არსებობდეს პაატარა, სულ პატარა სარკმელი, რომელიც თუნდაც 2 კვირაში ერთხელ გაიხსნებოდა ხოლმე და სადმე ასეთ ადგილას ცოტა ხნით მოხვედრის შანსს მომცემდა. 


ფილმი იყო, ხომ, ასეთი სახელწოდებით? "სარკმელი პარიზში". რამდენჯერ გვიხმარია ეს გამოთქმა მეგობრებს სხვადასხვა ქალაქებთან მიმართებაში, მაგრამ ფილმი თვითონ არასოდეს მინახავს და აზრზეც კი არ ვარ, რას და ვის ეხება. იქნებ დროა, ვნახო?
(დავძებნე. რუსული ყოფილა. გადავიფიქრე. არა და როგორ ჟღერდა... თუ კარგია, მირჩიეთ და ვნახავ..) 


როგორ დავასრულო ახლა ეს ბლოგი? არ გეგონოთ, სენტიმენტალური განწყობა მქონდეს. კარგად ვარ. ხანდახან ვფიქრობ, ზედმეტად კარგადაც კი. ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ ვრეალიზდები და ძალიან მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩემი თავი ჩემადვე რომ მეყუდვნის. მესამე - ჩემ თავთან მარტო დარჩენის და მარტო ყოფნის არასოდეს მეშინოდა, პირიქით, საჭიროდ მიმაჩნია ხანდახან. გარდა ამისა, როგორც წინა ბლოგშიც აღვნიშნე, თანემდროვე საკომუნიკაცო საშუალებები არ მაძლევს გადაკარგულობის და დისტანციის მძაფრად აღქმის საშუალებას. და კიდევ სხვა მრავალ დეტალს ახლა ისიც დაემატა, რომ ზუსტად ისეთი ფიტნეს ცენტრი აღმოვაჩინე აუზით, როგორსაც ვეძებდი. და მიხარია, რომ სპორტი ისევ მაბედნიერებს.
დანარჩენზე - შემდეგ ბლოგში.




პ.ს. ეს კექსი მაინც ზედმეტი იყო 😐 ჯობს, ცოტა ბულვარზე გავნავარდდე 😁









Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..