კორონას ორი მხარე აქვს
მოგზაურობა რომ მომენატრა, ამაზე არც ვლაპარაკობ. თან სწორედ გუშინ ამომიგდო მემორიმ ფოტოები - შაბათ-კვირას კონცერტზე რომ გადავფრინდით თურქეთში, სულ რაღაც 2 ღამით. ლონგ უიქენდი იყო... წინა ცხოვრება მგონია, ასეთი რაღაცეები რომ მახსენდება.
კიდევ ის მომენატრა, თბილისში 2-2 კვირით დაბრუნებული, ლამის გუგლის კალენდარში რომ ვიწერდი, ვის როდის უნდა შევხვედროდი, ვინ როდის მენახა. როგორ ვცდილობდი, ამ ცოტა ხანში არავისთვის მომეკლო ყურადღება, ოჯახისთვისაც დამეთმო დრო და მეგობრებისთვისაც, დასვენებისთვისაც და გართობისთვისაც. და მინიმუმ ერთხელ მაინც მენახა ყველა. ზოგი, რა თქმა უნდა მეტჯერაც. მომენატრა, საუზმეზე ერთ მეგობარს რომ ვხვდებოდი, ლანჩზე - მეორეს, სადილზე - მესამეს, მერე სახლში ვვახშმობდი და გვიან კიდევ გავდიოდი და დანარჩენებს ვხვდებოდი.
ერთბაშად ამოტივტივდა თავში კადრები: კაფეები, ბარები, მაგიდები, ფანჯრები, ხმები, სიცილები, სახეები. ოდესმე ისევ იქნება ყველაფერი ძველებურად? თუ გარემოებებთან ერთად ჩვენც შევიცვლებით? ჩვენი უნარ-ჩვევებიც შეიცვლება? ჩვენი მოთხოვნილებებიც. და მოვერგებით ახალ რეალობას. ჩვენ შვილებს კი არც ეცოდინებათ, რომ სხვა რეალობა არსებობდა. ან მოვუყვებით ძილის წინ, როგორც ზღაპარს...
საინტერესოა, რამდენი ხანი გასტანს კიდევ გამოთქმა, თუ წინადადების დასაწყისი: "ეს ყველაფერი რომ მორჩება".
![]() |
Add caption |
კორონა რომ არა, ოჯახიდან ისევ საკმაოდ შორს ვიქნებოდი. მეგობრებისგანაც. მართალია, კორონამ დისტანცია გაზარდა, მაგრამ მაინც, აქვე რომ მეგულებიან, სხვაა.
კორონა რომ არა, ახლა ჩემ საქმეს ასე დამოუკიდებლად ვერ ვაკეთებდი. ხანდახან განსაკუთრებულად მძაფრად ვიაზრებ, რა მაგარია, არავისზე რომ ხარ დამოკიდებული და აკეთებ იმას, რაც გიყვარს და კარგად გამოგდის. თან "შენი თავი შენადვე გეყუდვნის". მართალია, ძალიან დატვირთული რეჟიმით, მაგრამ ამ სიტუაციაში ეს უკეთესიცაა.
მარტის ტალღა რაღაც სხვანაირი იყო. მარტის ჩაკეტვაც. ეტყობა, იმდენად წინააღმდეგობრიობის გრძნობა გამიჩნდა, მაშინ გავაქტიურდი ყველანაირად: ახალი ენის სწავლა დავიწყე, ველოსიპედით თითქმის ყოველ დღე დავდიოდი და ამისთვის დილით ადრე ადგომაც არ მეზარებოდა, ვვარჯიშობდი, ფეხით დავდიოდი ყოველ დღე, და მეგობრებს გარეთ, მაგრამ მაინც ვხვდებოდი.
ახლა რაღაც სხვაა. შეიძლება, წინ რომ ზამთარია, სხვანაირად მოქმედებს.
ეკონომიკურ ანალიზს, კრიზისს და უამრავ საშინელებას (რასაც, არ გეგონოთ, არ განვიცდი) არ ეძღვენება ეს პოსტი. უბრალოდ ჩემ ცხოვრებაზე გავლენა და ჩემი განწყობა ამ წამს მინდოდა გადმომეცა. ვნერვიულობ? მეშინია? ვერ ვიტყვი, რომ არა. უბრალოდ ვცდილობ, საქმეზე და პოზიტივზე ვკონცენტრირდე. განვაგრძო ცხოვრება და იმედი დავიტოვო, რომ ისევ დადებით ტალღაზე პოსტვას შევძლებ / განვაგრძობ.
Comments