ვისკი, ველო და street spirit

ისევ რაღაც ფილმს ვუყურებ. დისტანციას იცავენ 1,5 მეტრს. სხვა მიზეზით: კისტური ფიბროზი აქვთ და გადადების თავიდან აცილების მიზნით, ამაზე მეტად მიახლოება აკრძალული აქვთ. არა და ერთმანეთი უყვარდება ორ ახალზაგზრდას. უფრო სწორად - თინეიჯერები არიან. და იციან, რომ ადრე თუ გვიან, და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, აღარაფერი უშველით და წავლენ. ჯერ ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ მგონია, ცოტა მაინც დაიკიდებენ რაღაც ეტაპზე.

რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რამე უნდა დავიკიდოთ, რადგან მაინც ყველას ერთი ბოლო გვაქვს მეთქი. პირიქით, საკმაოდ ვფრთხილობ. და არა მარტო (უფრო სწორად, უფრო მეტად არა) ჩემი თავისთვის. სხვა რამე მინდოდა, მეთქვა:

რაღაცეები არ უნდა გადავდოთ ალბათ ცხოვრებაში. სულ იმაზე მეფიქრება, რა გავაკეთე და მოვასწარი კორონამდე. კორონას წელთ აღრიცხვამდე. კ.წ.აღ.მდე. ასე თუ ისე ბევრი მოგზაურობა რომ მოვასწარი, ეგ მიხარია. არ უნდა ელოდო უკეთეს შემთხვევას, რომელიც არ იცი, როდის დადგება. არ შეინახო ის, რაც მოგწონს და რისი გამოყენებაც გინდა. მოგწონს - ჩაიცვი სახლში. გარეთ როდის გახვალ, არ იცი. ნამცხვარი გინდა - შეჭამე. ხვალ შეიძლება ვერ ჭამო. აი ეს ვისკი, ძალიან კარგი ვისკი, საინტერესოა, ვისთვის უნდა შემენახა? ან რომელი შემთხვევისთვის? ძალიან მოუხდებოდა ამ საღამოს და ამ განწყობას. ხოდა გამოვიღე და გავხსენი. ახალ წელს? - სხვა დროს სხვა ვისკი იქნება :) 


ველოსიპედს საბურავები აქვს დასაბერი რამდენი ხანია. რას ველოდი, საინტერესოა. უკეთეს ამინდს, გაზაფხულს, ზაფხულს, კორონას დამთავრებას, მეტ დროს? წამოვიყვანე და ამოვათრიე სახლში. დგას ახლა საყვარლად შემოსასვლელში და თვალს უხარია. ხვალ დავაბერინებ ბორბლებს. 



თუმცა, აი ის სანათები, ველოზე დასამაგრებელი, რამდენი წელია, კარადაში მიდევს? როგორც ჩანს, აზრი ჰქონდა შენახვას. მეგობრებმა ჩამომიტანეს მილანიდან, ძალიან მიზანმიმართულად. ეს ტრამვაი-მაგნიტიც. მილანიდან, სადაც ვერ წავედი კონცერტზე, რომელზე მოხვედრაზეც მთელი შეგნებული ცხოვრება ვოცნებოდბი მანამდე. სადღაც radiohead-ის კონცერტის ბილეთების ფოტოც მაქვს შენახული. უბრალოდ ახლა უკვე ღიმილით ვუყურებ, როცა მემორი მიგდებს. 



რაც შეეხება სანათებს, ახლა გამომადგა და გამახსენა ის ვერ შემდგარი მოგზაურობა და ვერ მოსმენილი სიმღერები კონცერტზე, რომელსაც ვერ დავესწარი ავარიის გამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დაუსრულებლად არაფერი უნდა გადადო, იმიტომ რომ, არ იცი, ხვალ რა ხდება. ამიტომ ეცადე, შეირგო ყველაფერი, რაც დღეს გაქვს. განსაკუთრებით, ადამიანები შეირგო. არ გადადო დადებითი მუხტის გაცემა და მიღება. 

იმედია, კოელიოსებრი ქარდივით არ გამოვიდა ახლა ეს ყველაფერი, გაპაპსავებულ-გადაღეჭილი მარტივი ჭეშმარიტებები :) მაგრამ ფაქტია, ასეა. 

ხო, იმ შემთხვევაზე და სასწაულად გადარჩენაზე დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო. ვერ მივედი ჯერ მაქამდე. მაგასაც თავის დრო აქვს და დავწერ. 

საერთოდ, ბაქოს (ქრონიკების) მერე ამდენი არ მიწერია და არ მიპოსტია მგონი. მივხვდი, რომ სოციალიზაციის ნაკლებობა ისე მოქმედებს, ვცდილობ, რაღაცაში ავინაზღაურო, სადღაც ალტენრატიულად დავიხარჯო და სოც. ქსელი და ბლოგი აღმოჩნდა ეს პლატფორმა.  

და კიდევ, ქალაქის და ჩემი ტემპი აშკარად უკუპროპორციულია. ლოკდაუნის დაწყებასთან ერთად დაუძლეველი სურვილი მიჩნდება მეტი მოძრაობის. მარტი-აპრილის ტალღის მერე ახლა მგონი პირველად გამოვიყვანე ველოსიპედი და ისევ მომინდა ეს აქტივობა. 

ცოტა არეულად ვწერ. ვცდილობ, გადმოვცე განწყობა. იმედია, გადმოვეცი.

უკეთესი დრო და კიდევ უფრო უკეთესი შემთხვევები კი, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება :)

p.s. მგონი, ახლა ჩუმად რომ გავიდე გარეთ, სადმე, ჯიქიას ბოლოს ასეთ სცენას მოვკრავ თვალს. ასევე ჩუმად



Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..