ყავა და... კულიჩი

 07:55

ასეთ დროს გარეთ კი არა, ძილიდანაც არ გამოვსულვარ რამდენი ხანია. რა სხვანაირია ასეთ დროს თბილისი. და ალბათ ნებისმიერი ქალაქი. თბილისის მერე პირველივე ბათუმი წარმოვიდგინე. როგორია ნეტა ბათუმის ქუჩები ასეთ დროს?

ჩვენთან ხომ ყველა და ყველაფერი გვიან იღვიძებს. იყო დრო, დილის 8 საათზე უკვე ანტრეში, ყავის რიგში, დიახ რიგში ვიდექი ხოლმე. თუნდაც რამდენიმე კაციანში. მე და 2-3 უცხოელი, ან იშვიათად - 1-2 ჩემნაირი ქართველი, რომელიც ამ დროს უკვე სამსახურში მიდიოდა. ასეთ დროს, ცხადია, სხვა არაფერი იყო ღია. ჩემი სამსახური კი - ძალიან შორს. თუ ცოტა ადრე მივიდოდი, ანტრეშივე ვასწრებდი საუზმეს. თუ არა - ცხელ-ცხელი ყავა და შოკოლადის პლიე თან მიმქონდა. კვირაში 3x ასეთმა საუზმემ ამაკრეფინა +3კილო, როგორც მახსოვს. და თუ მანამდე ყველაზე დაბალი წონის A4 ფურცლის ზომას მადარებდნენ სისქეში, მერე დაახლოებით მუყაოს საქაღალდის მასალის სისქემდე ავედი.

მგონია, წინა ცხოვრებაში იყო ეს ყველაფერი. ადრე, ასევე წინა ცხოვრებაში მიყვარდა ხანდახან კვირა დილის, ადრე დილის თბილისი. კვირას მით უმეტეს, კიდევ უფრო გვიან იღვიძებს ყველაფერი. და კიდევ უფრო ზანტად. კატებიც კი უფრო ზანტად იზმორებიან, ვიდრე სხვა დღეებში. კვირა დილის კატები.

ამ ბოლო წინადადებამ რაღაც მოთხრობის სათაური გამახსენა. ვფიქრობ, ვისი იყო? მეათე საათის ადამიანები ჰქვია ალბათ ქართულად, თუ არის საერთოდ ქართულად თარგმნილი. ნათარგმანები :D ალბათ ბუცატის? რაღაც მისი სტილია. ან კინგის. მოკლედ, ეს უბრალოდ ლირიულ-ასოციაციური გადახვევა. სიუჟეტი რეალურად ჩემ პოსტთან და განწყობასთან არ არის კავშირში.

დღეს კი. დღეს უცებ ძალიან მომინდა, ბოლომდე ფეხით წავსულიყავი. მანძილი არც ისე დიდი იყო და დაახლოებით 30 წუთზე მეტი მის დაფარვას არ სჭირდება. ჩემი ტემპით კი შეიძლება უფრო მალეც მივსულიყავი. მაგრამ რეალურად 20 წუთი მქონდა დათქმულ დრომდე და არ ღირდა გარისკვად. ამიტომ, მეტრო ვარჩიე. ასეთ დროდ მატარებელი თითქმის ცარიელი აღმოჩნდა. ისედაც არ არის ხოლმე ბევრი ხალხი ჩემ გაჩერებაზე.

საქმე N1 – done


09: 40

გადავინაცვლე საქმე N2-ზე. გზად პირბადე მოვიხსენი, სასწრაფოდ ახალი (2 ცალი) გავიკეთეძველი დავჭმუჭნე და გზის პირას, მოაჯირის იქით მდებარე ნაგვის ურნაში მოვისროლე. პირბადეები განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევიან, მოგეხსენებათ და რაც არ უნდა დაჭმუჭნო, მაინც არის ალბათობა, რომ სიმძიმე არ ეყოს და ვერ მოახვედრო სასურველ ადგილას. გავარტყი! 3 არა, მაგრამ 1.5 ქულიანი სროლა იქნებოდა. გვერდზე ჩავლილი ქალი აშკარად თვალს მადევნებდა. ალბათ ელოდა, რომ ძირს დავარდებოდა, იქ ვერ გადავძვრებოდი და უკმაყოფილო მზერას მტყორცნიდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და გულდაწყვეტილმა ჩამიარა. არა და რას ვერჩი, შეიძლება არც არაფერი უფიქრია. უბრალოდ ტაში არ გამიგია და არც აღფრთოვანება არ გამოუხატავს. ყოველთვიურ ხარჯებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი პირბადეებს უჭირავს...

ხანდახან ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს და ჯანდაბას, ხანდახან ასეთ ამინდსაც. მთავარია, ქარი არ იყოს. მართალია მზედამოკიდებული ვარ, რაც არა ერთხელ აღმინიშნავს და არანორმალური სიმძაფრით იტენება ჩემი ბატარია თუ აკუმულატორი მზეში, მაგრამ ხანდახან შეიძლება სხვებსაც გაუგო. აქედან რომ წავალ, კულიჩს ვიყიდი, ყავას მოუხდება და ყავის შესვენებაზე გემრიელად მივირთმევ - ესეც ცხელი ყავის და თბილი კულიჩის ხიბლი ზამთრის ცივ დილას - ვიფიქრე და შევედი დანიშნულების ადგილას.

საქმე N2 – done

კულიჩზე შევიარე. არ ჰქონდათ. 1 საათში გვექნებაო. 1 საათში უკვე შუა მუშაობაში ვიქნები.

 

1 საათსა და 40 წუთში

კარგი ცხელი ყავა უკულიჩოდაც კარგია 💓



 

 


Comments

Popular posts from this blog

14 დღე ევროპის გარშემო. კარი პირველი

ყავის მარცვლები შენ დაშლილ თმაში

ხოშ-გელდი, ძმაო! მე ვარ მდიდარი..